THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



საათის ისრები

ლელა ცუცქირიძე

მშვენიერი ქალაქის მშვენიერი შენობის მშვენიერ კოშკურაზე, ამ ქალაქის ერთადერთი, ფრიად პატივცემული საათი ცხოვრობდა.
ფრიად პატივცემულ საათს ფრიად პატივცემული სამუშაოც ჰქონდა: ქალაქის მაცხოვრებლები მის გარეშე არც იღვიძებდნენ, არც სამსახურსი მიდიოდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, არც იძინებდნენ.
მზე ამოაჭყეტდა თუ არა, ფრიად პატივცემული საათი ხმამაღლა ჩამორეკდა და უნდა გენახათ, რა ფუსფუსი იწყებოდა ქალაქში: მეეზოვეები ფაცხა-უცხით ჰგვიდნენ ქუჩებს და ხანდახან სიჩქარისგან პირდაპირ ქალაქის მერს აყრიდნენ ნაგავს, რომელიც სამსახურში თავპირისმტვრევით გარბოდა და გზადაგზა ინასკვავდა ჰალსტუხს; მასწავლებლები რვეულების შრიალით შერბოდნენ სკოლებში; მოსწავლეებს მშობლები მისდევდნენ უკან ბუტერბროდებით. ტაქსის მძღოლებს სიჩქარისგან ტაქსები გარაჟებში რჩებოდათ და უკან უწევდათ დაბრუნება; გამყიდვლები რიხინით აღებდნენ რკინის დარაბებს...
ასე გრძელდებოდა ყოვედღე.
ფრიად პატივცემულ საათს ძალიან პრანჭია ისრები ჰქონდა: დიდი ისარი და პატარა ისარი.
ისრები ხან მზის სხივებს ეპრანჭებოდნენ, ხან მთვარის სხივებს, ხან ქონგურზე შემომჯდარ ბეღურას, ხან გაზეთისქუდიან მღებავ ბიჭს, რომელიც თვეში ერთხელ ყველაზე მშვენიერ შენობას ვარდისფრად ღებავდა და ამიტომ თვითონაც სულ ვარდისფერი იყო.
დიდ ისარს ეგონა, ყველას მე მოვწონვარო და პატარა ისარს ამრეზით უყურებდა. პატარა ისარს პირიქით ეგონა და დიდ ისარს ისიც ამრეზით უყურებდა.
ერთ მშვენიერ დღეს მშვენიერ ქალაქში კუდმაკრატელა მერცხლებმა გაზაფხული შემოაბრძანეს, მერე ჟივილით მოედვნენ ქუჩებს და ფანჯრებისა და აივნების კუთხეებში ბუდეების კეთება დაიწყეს.
ერთმა თამამმა მერცხალმა კი, ფრიად პატივცემული საათის გვერდით დაიწყო ბუდის კეთება.
ისრები სიხარულისგან გადაირივნენ. დიდმა ისარმა ამრეზით გადახედა პატარა ისარს და ჩაიბურტყუნა:
- ახლა რაღას იტყვი, შე დალეულო, ნახე, მერცხალს ისე მოვეწონე, რომ ბუდეს ჩემს გვერდით იკეთებს.
- ხი-ხი-ხი, როგორ გამაცინე, აბა, ვის რად უნდა შენისთანა გაბღენძილი. აი, ნახავ, მერცხალი ბუდეს როგორც კი გააკეთებს, ჩაიზე დამპატიჟებს, - ჩაიქირქილა პატარა ისარმა.
დიდი ისარი სიბრაზისაგან უფრო გადიდდა, ადგა და პატარა ისარს თავში წამოარტყა.
არც პატარა ისარმა დააკლო, ახტა და დიდ ისარს თმები მოწიწკნა.
ატყდა ერთი ამბავი. ფრიად პატივცემული საათი ეცადა, ისრები დაეწყნარებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ხან პატარა ისარი გარბოდა წინ და დიდი ისარი თავპირისმტვრევით მისდევდა უკან, ხან პირიქით.
არ იკითხავთ, ქალაქში რა ამბავი დატირლდა?
ქალაქის მაცხოვრებლებს დღე და ღამე აერიათ: ქალაქის მერი სამსახურში შესვლისთანავე უკან გამორბოდა; მასწავლებლები გაკვეთილების ახსნას ვეღარ ასწრებდნენ, ზარი ირეკებოდა; მშობლებს შუაღამისას მიჰყავდათ მძინარე შვილები სკოლაში; დილის გაზეთები საღამოს გამოდიოდა, საღამოს გაზეთები დილით...
ფრიად პატივცემული საათს ძალიან რცხვენოდა, მაგრამ ვერაფერს აწყობდა. ისრები ისევ თავპირისმტვრევით მისდევდნენ ერთმანეთს.
ამასობაში მერცხალმა ბუდე გაიკეთა და ისრების გულის გასახეთქად, ბუდეში თავისნაირი კუდმაკრატელა მერცხალი მიიყვანა.
ჰოდა, ერთ დღესაც ისრებმა ბუდიდან ამოფრენილი ორი მერცხალი რომ დაინახეს, მაშინღა მიხვდნენ, რომ სულ ტყუილუბრალოდ აწიწკნეს ერთმანეთს თმები. მერცხალს არც დიდი ისარი მოსწონდა და არც პატარა ისარი. მას თავისნაირი კუდმაკრატელა მერცხალი უყვარდა!
ის დღე იყო და ის დღე.
ისრები კი იპრანჭებოდნენ, მაგრამ ერთმანეთს გასატყეპად აღარ დასდევდნენ. ჩვეულებრივად მიტიკტიკებდნენ, მშვენიერი ქალაქიც ჩევეულებრივად იღვიძებდა და ფრიად პატივცემული საათიც კამყოფილი იყო.