THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



გაზაფხულია

თამაზ ბიბილური

გაზაფხულია ყველაფრის დასაბამი. გაზაფხულზე იღვიძებს ბუნება, იწყება სი-ცოცხლე. გაზაფხულს მოჰყვება მზიანი დღეები და სითბო. ასე უნდა ვთქვათ, ასეა ოდითგანვე ნათქვამი, თორემ თვითონ გაზაფხული მოჰყვება მზეს, მზიდან მოდის სითბოც და ალერსიც. «მზე დედაა ჩვენიო», ხალხური ლექსი ამბობს. ჩვენ, ყველანი, მზის შვილები ვართ, მზის სითბო გვათბობს, გვკვებავს და გვზრდის. მზე განაგებს მონაცვლეობას დროისას და თანაც მუდამ ზუსტად და შეუმცდარად.
აი, წელსაც დიდი ზამთარი იყო, დიდი ყინვები და სიცივეები გამოვიარეთ, და ჰა, თებერვალი მიიწურა, ზამთრის უკანასკნელი თვე, და გაზაფხულს ველით. საცაა მოვა, მოვა უჩინრად («თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო», — ამბობს ხალხუ-რი ლექსი). იქნებ უკვე მოსულა კიდეც და ჩვენ, ქალაქის მკვიდრნი, ჯერ ვერაფერს ვგრძნობთ, ჯერ ვერაფერს მივმხვდარვართ. იქნებ სოფლელები უკვე მიხვდნენ კი არა, კარგადაც ხედავენ გაზაფხულს... არა, ჯერ ქალაქამდე, ეტყობა, არ მოუღწევია... მაშინ ისღა დაგვრჩენია, რომ ჩვენ წავიდეთ გაზაფხულის შესახვედრად. ის ხომ გზაშია, მოდის და ჩვენც ისე შევხვდეთ, როგორც მის მობრძანებას ეკადრება. შევხვდეთ სადმე ქალაქიდან შორს, ტყეში, ჭალაში ან მინდორში.
გაზაფხულის მოახლოებას ზოგი როგორ ხატავს, ზოგი როგორ. უმეტესობა გა-ზაფხულის მახარობლად ენძელებს და ყოჩივარდებს მიიჩნევს. თხელ თოვლზე, ოდ-ნავ, ცისფერი რომ დასდებია (ხალხი ლილო-ჭრილოს ეძახის), ალაგ-ალაგ რომ უკვე გამქრალა და მიწიდან თავწამოყოფილი ბალახი მწვანედ ხასხასებს, ალაგ კი თეთრად შერჩენია, ხო, სწორედ ამ თეთრად თუ მოცისფროდ შემორჩენილ სიფრიფანა თოვლში, თავს ამოჰყოფენ ცისფერი, ყელმოღერებული ყვავილები, რომლებსაც ენძელა ჰქვიათ, ჩვეულებრივად კი გაზაფხულის მახარობლებს ვეძახით.
ზოგი გაზაფხულის მახარობლად შოშიების მოფრენას მიიჩნევს. აბა გავიხსე-ნოთ ლექსი:
«რად მოფრენილხარ, შოშიავ,
შენ ასე ადრიანადა,
რა ვქნა, ვერ ვძლებდი უთქვენოდ,
ვიყავი დარდიანადა».
ამას თქვენოდენა ყმაწვილებს ეუბნება ადრიან გაზაფხულზე თბილი ქვეყნიდან მობრძანებული შოშია. თბილ ქვეყანაში რად წავიდა? ზამთარს გაერიდა. ზოგი ფრთოსანი ზომ ზამთარს სხვა ქვეყანაში ატარებს, შემოდგომაზე გაფრინდება სხვებ-თან ერთად და გაზაფხულზე ისევ ჩამობრძანდება. მაგრამ ამაზე ცოტა მერე ვთქვათ, გაზაფხული რომ მართლა დადგება და თბილ ქვეყნებში წასული ფრინველებიც მარ-თლა ჩამობრძანდებიან. ჯერ გაზაფხული არ დამდგარა, ჯერ ბუნება და ჩვენც (ჩვენც ხომ ბუნების შვილები გვქვია) მხოლოდ გაზაფხულის მოლოდინში ვართ.