THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



სანამ გაზაფხული დადგებოდეს

გივი ჩიღვინაძე

ერთ მშვენიერ ტყეში ნიბლიების ოჯახმა თითქმის ცხრა თვე გაატარა. ერთმა წყვილმა თორმეტი ბარტყი გაზარდა, დააფრთიანა და გაწვრთნა. ნიბლიები ზაფხულობით მაღალმთიან ტყეებში ცხოვრობენ, არც ზამთრობით მიფრინავენ თბილ ქვეყნებში, მხოლოდ ბარისაკენ გადაინაცვლებენ ხოლმე და გაზაფხულდება თუ არა, ისევ მთებში ბრუნდებიან. ჩვენი ნიბლიებიც მოემზადნენ ბარში გადასაფრენად, მაგრამ ამ დროს საშინელი ქარი ამოვარდა, რომელმაც დედა ნიბლია ხის ტოტს მიანარცხა. საწყალმა ჩიტმა ფრთა იტკინა და ბარისაკენ გაფრენა ვეღარ შეძლო. მთელმა ოჯახმა გადადო გამგზავრება, მაგრამ რადგან ამინდი ძალზე შეიცვალა, მეტი მოცდა აღარ შეიძლებოდა. მამა ნიბლიამ და შვილებმა ბევრი უტრიალეს ფრთანატკენს, მაგრამ ვერაფრით მოარჩინეს. რა უნდა ექნათ? მამა ნიბლია დიდხანს ელაპარაკა დედა ნიბლიას: შენ აქ დარჩი, მე შვილებს ჩავაცილებ ბარში, ჩვენს ადგილებს ვაჩვენებ და უკან დავბრუნდები, თუ კარგად იქნები და თოვლიც არ მოვიდა მანამდე, მაშინ ორივენი ბარისაკენ წავიდეთ, ხოლო თუ თოვლი იქნება, აქ დავრჩეთ, ზამთარს როგორმე გავატარებთ, მგზავრობაც აღარ დაგვჭირდება და გაზაფხულზე აქ ჩვენს მშობლიურ ადგილებში გავაგრძელებთ ძველებურად ცხოვრებასო.
აიყვანეს ფრთანატკენი დედა ნიბლია და თავიანთ ბუდეში ჩასვეს. იქვე საკვებად შეგროვილი მცენარეთა მარცვლები დაუწყვეს, სიყვარულით დაემშვიდობნენ და ბარისაკენ გაემართნენ.
გავიდა რამდენიმე დღე. დედა ნიბლია ბუდეში იჯდა, ნატკენ ფრთაზე პატარა ფოთოლი დაეფარებინა და გზას გასცქეროდა, მამა ნიბლია როდის გამოჩნდებაო. ხანდახან შეჭამდა დატოვებულ მცირე საკენკს და ისევ ფიქრებს მიეცემოდა. დრო გადიოდა, მისი მდგომარეობა კი ძალიან ნელა უმჯობესდებოდა, ფრენა ისევ უჭირდა, მამა ნიბლია კი არ ჩანდა. ამინდიც ძალიან შეიცვალა, აცივდა, ხშირად ქარი უბერავდა და ერთ ღამესაც ნისლით დაბურულ ტყეში თოვლის ფიფქებმა დაიწყო ცვენა. შუაღამისას უკვე ხვავრიელად თოვდა. ბუდეს ფოთლებგაცვენილი ტოტები ვეღარ ფარავდნენ და თოვლით ივსებოდა. დედა ნიბლიას სიცივით აკანკალებდა და თუ რაიმეს არ იღონებდა, გაყინვას ვერ გადაურჩებოდა. აქედან სადმე მყუდრო ადგილას უნდა გადასულიყო, მაგრამ როგორ? - ამ ღამეში გზას სად გაიგნებდა, ფრთანატკენს როგორ ეფრინა, ანდა თავისი ოჯახის წევრების მიერ დატოვებული საკვები როგორ გადაეტანა სხვა ადგილას? და ყველაზე მთავარი - მამა ნიბლია რომ დაბრუნდებოდა, როგორ იპოვიდა მას, იგი ხომ უმალ ბუდესთან მოფრინდებოდა? ფიქრობდა, თუ რატომ უნდა დაგვიანებოდა მამა ნიბლიას. იგი უმიზეზოდ აქამდე ბარში არ გაჩერდებოდა. დედა ნიბლია იმდენად თავის თავზე არ წუხდა, რამდენადაც მამა ნიბლიაზე, - თუ ამ ზამთარს შეეწირებოდა, მაშინ მამა ნიბლიაც განწირული იყო - მწუხარებით დაიღუპებოდა. ბუდეში გაჩერება კი მეტ ხანს აღარ შეიძლებოდა. ამიტომ თავს ძალა დაატანა, თოვლიანი ფრთები დაიფერთხა და აფრენა სცადა. ახლომდებარე წიფელზე პატარა ფუღურო ჰქონდა შენიშნული, იქნებ დროებით იქ შეეფარებინა თავი. გათოშილი ფრთები აამოძრავა, თოვლით განათებულ ტყეში როგორღაც გზა გაიგნო, წიფლის ხეზე აფრინდა და მის ტოტებს შორის მყუდრო ადგილს მიაგნო. ის პატარა ფუღუროც იქვე იყო. დედა ნიბლია შიგ შეიყუჟა. ფუღუროში თოვლი არ იყო და არც ისე ძლიერ ციოდა, როგორც გარეთ. ამ მოძრაობის დროს კიდევაც გათბა და დაღლილს მყუდრო ფუღუროში ცოტა ხანს ჩაეძინა კიდეც. გათენებამდე გამოეღვიძა, ტყე თოვლით გადათეთრებულიყო და თანაც ისევ გამალებით თოვდა. დედა ნიბლია ისევ მწუხარებამ შეიპყრო - რატომ არ დაბრუნდა მამა ნიბლია აქამდე, ან ასეთ ამინდში როგორ დაბრუნდებოდა? ვაითუ რაიმე შეემთხვა გზაზე. ახლა ფრთა იმდენად აღარ სტკიოდა, თოვაში ტყეც ჩამყუდროებულიყო და ფუღუროში აღარც სიცივე იგრძნობოდა, მაგრამ მარტოობა ტანჯავდა. თუკი მამა ნიბლია არ დაბრუნდებოდა, სანამ შიმშილი და სიცივე მოკლავდა, მანამდე დარდით გაუსკდებოდა გული. მართალია, ირგვლივ მშობლიური ტყე იყო, მაგრამ მარტოობისაგან გამოწვეულ სევდას ვერაფერი უქარწყლებდა.
გათენდა. თეთრი სამოსი ჩაეცვა ტყეს. თოვლის ფიფქები ისევ მოდიოდნენ ციდან. ზამთარი დადგა, მამა ნიბლია კი ისევ არ ჩანდა. მთელი დღე გარეთ იყურებოდა დედა ნიბლია, რამდენჯერმე გამოფრინდა ფუღუროდან და დაიჭიკჭიკა, იქნებ ნაცნობი ხმა გამომეხმაუროს, იქნებ დაბრუნდა მამა ნიბლია და ბუდეში რომ აღარ დავხვდი, სხვაგან მეძებსო. მაგრამ მის ჭიკჭიკს არავინ გამოპასუხებია, მხოლოდ თოვლის ფიფქების ხმაური ისმოდა ირგვლივ. დედა ნიბლიამ ძალა მოიკრიბა და ბუდისაკენ გადაფრინდა. ბუდე მთლიანად თოვლს დაეფარა. შეეცადა, შვილებისა და მამა ნიბლიას მიერ დატოვებული მარცვლები მოეძებნა, იქნებ ხანდახან შეეჭამა, ძალა შეენარჩუნებინა, რომ კიდევ მეტ ხანს შეძლებოდა ლოდინი. ვეღარაფერი ნახა, ყველაფერი თოვლს დაეფარა. ამ თოვლის გადაყრის თავი კი მას არ ჰქონდა. ისევ თავის პატარა ფუღუროსაკენ გაფრინდა. მის შესასვლელთან, სწორად გამოზრდილ დიდ ტოტზე, მშრალ ხავსებში რამდენიმე წიწიბო აღმოაჩინა. ეს დიდი მონაპოვარი იყო. ნისკარტით ფრთხილად, სათითაოდ აიღო წიფლის ნაყოფები და ფუღუროში შეიტანა. სულ შვიდი ცალი იყო, ამით ერთი კვირა შეინახავდა თავს. თუმცა რა აზრი ჰქონდა მისთვის სიცოცხლეს, თუკი მისი ცხოვრების თანამგზავრი არ დაბრუნდებოდა? მაგრამ ხომ უნდა დალოდებოდა. ფუღუროდან გამოვიდა, ნისკარტით მშრალი ხავსი მოწიწკნა და შიგნით შეიტანა. ასე გაიმეორა რამდენჯერმე, საკმაო ხავსი დაიგო დაბლა, ცოტა კედელზე მიაფინა, მერე კი შემოსასვლელი ამოგმანა, ნაკლები სიცივე რომ შემოსულიყო გარედან. წიფლის ნაყოფები ერთ კუთხეში დააწყო, ერთი გაფცქვნა კიდეც და მხოლოდ ნახევარი ლებანი გადაყლაპა.
თოვაში ჩამოღამდა. ფუღუროს შეფარებულს თითქმის არ სძინებია. იჯდა და ფიქრობდა შვილებზე, მამა ნიბლიაზე. რა ბედნიერი იყო მათთან ერთად, რა ლამაზი ზაფხულები გაუტარებია ამ ხეებს შორის, ბედნიერებით სავსეს რამდენჯერ უმღერია ამომავალი მზისათვის, თავისი პატარა ბარტყებისათვის, ზაფხულის მშვიდი საღამოებისათვის. ახლა კი დარდით ჰქონდა გული სავსე. ნელა ილეოდა ზამთრის გრძელი ღამე. ცოტა ხანს ჩათვლიმა ფიქრებით დაღლილს, მაგრამ როცა განთიადის მოახლოება იგრძნო, მაშინვე გაახილა თვალი.
ისევ თოვლიანი დღე გათენდა. გარეთ გამოფრინდა. ფრთა ისევ სტკიოდა, მაგრამ ფრენა უფრო მეტ ხანს შეძლო. ბევრი ეძახა, ეძება მამა ნიბლია, მაგრამ იგი არსად ჩანდა. ჩხიკვმა დაიჩხავლა სადღაც ახლოს, მაგრამ დედა ნიბლიამ ხმა არ გასცა, არ უნდოდა, ვინმე თავისი დარდით შეეწუხებინა. შემდეგ ორი ბეღურა მოფრინდა. მის დანახვაზე ძალიან გაკვირდნენ და შეეკითხნენ:
- ნიბლია, შენ აქ რა გინდა ამ თოვაში, ნუთუ ბარისაკენ არ გაფრენილხარ?
- არა, არ გავფრენილვარ, - უპასუხა დედა ნიბლიამ, - ფრთა ვიტკინე და ვეღარ წავედი.
- მერე მარტო როგორ დარჩი, შე საბრალო? - შეიცოდეს ბეღურებმა.
- აბა, რა მექნა? მამა ნიბლია შვილებს გაჰყვა, ისინი ხომ პირველად მიდიოდნენ ბარში? უნდა ჩაეყვანა, დაებინავებინა და დაბრუნებულიყო, მაგრამ ჯერ არა ჩანს, ვაითუ რაიმე შეემთხვა გზაში.
- ნუ გეშინია, ნიბლია, ნუ გეშინია, აუცილებლად დაბრუნდება, აბა, ასე მარტო ხომ არ დაგტოვებს? იგი ძალიან მარჯვე და გონიერი ნიბლიაა, ყველა გაჭირვებას გადმოლახავს და დაბრუნდება, - ანუგეშეს დედა ნიბლია ბეღურებმა.
- გმადლობთ, მეზობლებო, გმადლობთ, მაგრამ აქამდე რატომ არა ჩანს, ან ამ თოვასა და სიცივეში როგორ იმგზავრებს? დარდით გავთავდი! - თქვა დედა ნიბლიამ და ცრემლები გადმოსცვივდა.
- ნუ გეშინია, ნუ გეშინია, - ისევ დაამშვიდეს ბეღურებმა. დედა ბეღურა ახლოს მიფრინდა, გვერდით მიუჯდა და ჰკითხა:
- ხომ არაფერი გჭირდება, საჭმელი თუ გაქვს ან სადა ცხოვრობ?
- აი, პატარა ფუღუროს შევაფარე თავი ამ წიფლის ხეზე.
დედა ბეღურამ ფუღუროს გახედა, შემდეგ დაემშვიდობნენ ნიბლიას და გაფრინდნენ.
დედა ნიბლიამ კიდევ იფრინა, ეძახა მამა ნიბლიას, მერე დარდმორეული ფუღუროსთან მიფრინდა და იქვე ტოტზე ჩამოჯდა. წყურვილი იგრძნო, თოვლი აკენკა, ნისკარტში გაადნო და რამდენიმე წვეთი ჩაყლაპა. ღამდებოდა. ისევ ხვავრიელად თოვდა. ის იყო ფუღუროში შესვლა დააპირა, რომ ბეღურების ძახილი შემოესმა. გამოეპასუხა. ბეღურები მოფრინდნენ, მათ დედა შაშვი მოჰყვა, მანაც გამოჰკითხა ყველაფერი ნიბლიას. თან მოსაკითხი წამოეღოთ - ბალახის მარცვლები, რამდენიმო წიწიბო, ასკილის, ძახველის, კუნელისა და შქერის მწიფე მარცვლები მოიტანეს. მერე მშრალი ხავსები, ბალახები და ბუმბულის ნარჩენები მოზიდეს, ფუღუროში შეიტანეს და დედა ნიბლიას თბილი ბუდე მოუწყვეს. შაშვმა შესთავაზა, თუ გინდა, წამოდი, ღამე ჩემს ბუდეში გაათიეო, მაგრამ ნიბლიამ თავის ფუღუროში დარჩენა ამჯობინა, - ჩვენს ბუდესთან ახლოს მინდა ვიყო, მამა ნიბლია რომ მოფრინდეს, მის ხმას გავიგონებო. მეზობლებმა ისევ დააიმედეს მარტოდდარჩენილი, მშვიდობის ღამე უსურვეს და წავიდნენ. ნიბლია თავის ფუღუროში შეიყუჟა, ცოტა წაიხემსა და დაღამდა კიდეც. ღამე არ შესცივნია, მაგრამ ცუდად ეძინა, დარდი არ აძინებდა, გათენება ეჩქარებოდა, გარეთ რამდენჯერმე გამოყო თავი - ისევ ბნელოდა და ფიფქების შრიალი ისმოდა. შებრუნდა ფუღუროში და ფიქრებს მიეცა. ისევ მოაგონდა წარსულის ამბები. თავის ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ლაღ შრომაში გატარებული დღეები, ინატრა, დაბრუნებოდა მამა ნიბლია და კიდევ განმეორებულიყო მრავალი ლამაზი ზაფხული, კიდევ დაეზარდათ შვილები... მეტს იშრომებდა, მეტს და უფრო ლამაზ სიმღერას უძღვნიდა ცასა და მიწას, ოღონდ ეს ნატვრა ახდენოდა.
როგორც იყო გათენდა. ისევ თოვდა. დედა ნიბლია გარეთ გამოფრინდა, გახედა თეთრად დათოვლილ ტყეს. ”ამხელა თოვლში რომელი ფრინველიმოაღწევს ბარიდან აქამდე, ნუთუ აღარ უნდა მქონდეს იმედი? რამოდენა თოვლი სცოდნია ჩვენს ტყეებში“... დიდხანს იჯდა მდუმარედ ერთ ტოტზე. ტყეც დუმდა მშვიდ თოვაში, დედა ნიბლია გარინდებულიყო და... უცებ იმ მხრიდან, სადაც მათი ბუდე იყო, ნაცნობი ხმა მოესმა. ეს მამა ნიბლიას ხმა იყო! მაშინვე გაეპასუხა და იქითკენ გაფრინდა. მალე დაინახეს ერთმანეთი. მამა ნიბლია მიეჭრა, შესჭიკჭიკა, ფრთები გაშალა და შემოხვია, მერე ნისკარტები მიადეს ერთმანეთს, ერთ ტოტზე დასხდნენ პირისპირ და ერთმანეთს თვალებში ჩახედეს.
- როგორ ხარ, როგორ? - ნისკარტს უსვამდა, სველ ფრთებს ადებდა და ეალერსებოდა მამა ნიბლია.
- შენ როგორ ხარ, ასე რატომ დაგაგვიანდა? - სიხარულის ცრემლები მოსდიოდა დედა ნიბლიას.
საოცრად გახარებულები იყვნენ ორივენი.
- მე ბუდეში გეძებდი, შენ კი სად ყოფილხარ, თუმცა იქ როგორღა გაჩერდებოდი? - ამბობდა მამა ნიბლია.
- ბუდეს დაათოვა და სხვა ადგილი მოვძებნე.
- ფრთა როგორა გაქვს?
- ფრთას არა უშავს, შვილები როგორ დააბინავე?.. შენ როგორა ხარ?
- გეტყობა, ფრთა უკეთა გაქვს. შვილების დარდი კი ნუ გექნება, კარგად არიან. ბარში შედარებით თბილი ამინდია, იქ თოვლი არ არის, საკვებიც საკმარისია, ყველანი კარგად დავტოვე, ოღონდ მგზავრობა გამიჭირდა და იმიტომ დავიგვიანე.
- ძალიან სველი ხარ, არ გაცივდე, წამოდი, ახალ ბუდეს გაჩვენებ! - უთხრა გახარებულმა დედა ნიბლიამ.
მამა ნიბლიამ ყურადღებით დაათვალიერა ფუღუროში მოწყობილი ბუდე, შეაქო დედა ნიბლია, - ეს რა კარგი ბინა გაგიკეთებიაო.
- მარტო მე არ გამიკეთებია, ბეღურები და შაშვიც მომეხმარნენ ამ ბინის მოწყობაში, - აღნიშნა დედა ნიბლიამ მეზობლების ამაგი.
საღამო ხანს გამოფრინდნენ ფუღუროდან. ტყეში ისევ თოვდა. მამა ნიბლიას დაესვენა, გამთბარიყო. ჩინებულ გუნებაზე იყვნენ ორივენი, ფუღუროსთან დიდი ტოტის ქვეშ ჩამოსხდნენ და გალობა დაიწყეს.
მთის მონასტრიდან მოხუცი ბერი მოდიოდა სოფლისაკენ, ნელა მოჰკვალავდა ტყეში გამავალ თოვლიან ბილიკს. ნიბლიების გალობა რომ გაიგონა, შედგა, პირჯვარი გადაიწერა:
- დიდება შენდა, ღმერთო! ამ დროს ნიბლიებს რა უნდათ მთაში, ან ამ თოვაში რა სიმღერა აუტყდათ?
დიდხანს უსმინა ამ საოცარ გალობას გაკვირვებულმა მოხუცმა და მერე ისევ პირჯვრის წერით განაგრძო გზა.
გალობა სხვა ფრინველებმაც გაიგონეს და ნიბლიებისკენ წამოვიდნენ, რათა ერთმანეთის ნახვა მიელოცათ.
ჯერ ჩვენთვის უკვე ნაცნობი ბეღურები მოფრინდნენ. მათ შაშვი მოჰყვა, აჭახჭახებული და გახარებული, შემდეგ მესკიები, სხვა შაშვები და ჩხიკვები გამოჩნდნენ. ყველას გაეგო ნიბლიების ამბავი და ახლა გულწრფელად ულოცავდნენ ერთმანეთის ნახვას, სიხარულით ფრთებს აქნევდნენ, გაუთავებლად ჟრურტულებდნენ, ჭიკჭიკებდნენ, ჭახჭახებდნენ და ჩხაოდნენ.
- დიდი ლხინი უნდა გადავიხადოთ, მეზობლებო! - ამბობდა ქოჩორა ჩხიკვი, - ყველა უნდა შეიკრიბოს. ჯერ კი ნიბლიებს საუკეთესო ბუდე მოვუწყოთ, რომ დიდ ზამთარში არ შესცივდეთ. საკვებითაც უნდა მოვამარაგოთ, ყველას ახსოვს მაგათგან გაწეული სიკეთე, - შარშან შაშვის ორი ბარტყი გადაარჩინეს. არ შეშინდეთ, ნიბლიებო, - მიმართავდა მათ ჩხიკვი, - ზამთარს რა სჯობია თუ საკვები გაქვს და ბინაც თბილადა გაქვს მოწყობილი? ჩვენ კი თქვენი გალობა გაგვიხალისებს თოვლიან დღეებს. ასეა, საქმე ბევრი გვაქვს, მეზობლებო, ზამთარი კი ძალიან დიდი იქნება და ერთმანეთის თანადგომით უნდა გადავიტანოთ!..