THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



დათვი და ტურაფოცხვერი

ოტია იოსელიანი

ერთმა ბურდღუნა დათვმა ვეება ცაცხვის ფეხებქვეშ საიმედო, სრული ბუნაგი მოაწყო, საზამთროდ ყველაფერი მოიმარაგა, პირველი სუსხისთანავე დაწვა და ჩათვლიმა.
სად იყო და სად არა, წივილ-კივილა ტურა მოწანწალდა და ჩაცუცქდა.
-რა უშნო და უგულო ცხოველი ხარ! - უახირდა მთვლემარე დათვს. დათვმა
ცალი თვალი ძლივს გაახილა, ხედავს, ერთი გაქუცული, ჩალისფერი ტურაა.
-აქ რა დაკარგე და რას ეძებ? - ამოიბურდღუნა და გვერდი იცვალა.
-ყველაფერი დავკარგე, ღამის გასათევიც კი არ გამაჩნია.
-მერე, მე რა დაგაკარგვინე, ან დაგინგრიე?! ჩემი უგულობა რა შუაშია!
-წამოწოლილხარ მხარ-თეძოზე, გძინავს და არ კითხულობ, ვინმეს უჭირს თუ ულხინს.
-ძალიანაც ვწუხვარ მაგრამ რა გიყო, შენც მოგეწყო სორო და გეცხოვრა, როგორც სხვა ტურები ცხოვრობენ.
-ჯერ ერთი მე უბრალო ტურა არა ვარ, ტურა-ფოცხვერი ვარ. დაყრუვლი, დღე და რამ ჩემი წივილ-კივილი არ გესმოდა?
-მესმოდა და მიკვირდა, მაგრამ ახლაც მიდი იკივლე და იწივლე!
-ამოდენა მთასავით ცხოველი როგორ ჭიანჭველასავით მელაპარაკები - “მიბრძანდი ახლაც და სინჯე, იხტუნე-ითამაშე” - ო! ატირდა და აჟღივლდა ტურაფოცხვერი.
-კი მაგრამ, რა გიყო, რა გისაშველო.
-მაგოდენა ბუნაგი გაქვს, ჩემი ღამის გასათევი გაგიჭირდა?!
-მერე, აქ რომ იწივლო და იკივლო მე სადღა წავიდე?
-რომ გიყვარდე ჩემი წივილ-კივილი გალობად მოგესმება.
-რომ მიყვარდე?!
-ჰო, სიყვარული რომ იცოდე!
-სიყვარული იმას ნიშნავს, წივილ-კივილი გალობა გეგონოს, ბოროტი კეთილად და შავი თეთრად გეჩვენებოდეს?
-ჰო, ჰო, ჰო! ამას ქვია სიყვარული. მაგრამ შენ ამისა რა გაგეგება, დათვი ხარ!
-წადი აქედან, მაგნაირი არც სიყვარული მინდა და არც სიძულვილი. სად მოძვრები მოშორდი აქაურობას! - წაჰკრა თათი გადაბრუნდა დათვი და დაიძინა.