THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



”არგონავტებიდან” ”შრეკამდე”

რუსუდან კიკნაძე

ბავშვი ჩვენი მომავალია. ბავშვის გონება კი ნოყიერი ნიადაგია იმ თესლის გასაღვივებლად, რომელსაც მასში ჩადებს მშობელი, სკოლა, გარემო. ბავშვი ნებსით თუ უნებლიეთ ხდება იმ გარემოს ტყვე, რომელსაც მას უქმნიან უფროსები. ბავშვის ცხოვრებაში ღრმად შეჭრილი ვიზუალური კულტურა თანდათანობით დევნის წიგნს და აზარმაცებს, ადუნებს ბავშვის ფანტაზიას. ვერ უარვყოფთ, რომ ბავშვის მიდრეკილება მულტიპლიკაციური ფილმებისადმი იმდენად დიდია, წიგნი ძნელად თუ უწევს კონკურენციას. ამიტომ მულტფილმი ნამდვილად იმსახურებს სერიოზულ ფსიქოლოგიურ-პედაგოგიურ ანალიზს, როგორც სპეციფიური მოვლენა. ზღაპრები – ბავშვების ოცნების სამყაროა, ის სამყარო, რომლის არსებობისაც ბავშვს სჯერა. ამ სამყაროში თოჯინები ჩვეულებრივი სულიერი არსებები არიან, რომლებიც აგრძელებენ თავის თოჯინურ ცხოვრებას, როცა მათი პატარა პატრონი იძინებს. მულტფილმმა ეს ოცნება რეალობად აქცია – მასში ნახატები გაცოცხლდნენ და თოჯინები ამოძრავდნენ. ანიმაცია, როგორც ხელოვნების დარგი, ბავშვის ღრმა ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებას ჩასწვდა და ფანტასტიურ სამყაროში შეუძღვა პატარებს. კარგ მულტფილს დადებითი ემოცია ახლავს. მაგრამ იმ ვიზუალურ პროდუქციას, რომლითაც დღეს გადავსებულია ჩვენი სატელევიზო ბაზარი და რომელსაც ბავშვი ჭარბად იღებს ყოველდღე, უარყოფითი გავლენის გარდა არაფერი მოაქვს. ბევრი ანიმაციური ფილმი სავსეა აგრესიით, მასში ჭარბდაა ვიზუალური ეფექტები. მართალია ხალხურ ზღაპრებში არის სისასტიკის ელემენტები, მაგრამ წაკითხული იმდენად არ მოქმედებს ბავშვის გონებაზე, როგორც ნანახი. როდესაც ბავშვი კითხულობს, ან უკითხავენ, ის თავის ფანტაზიას ამუშავეს და წინ მოდის წარმოსახვა, ბავშვი გონებაში ასურათხატებს მოსმენილს, ხოლო მულტფილმი მას მზამზარეულ, დასურათებულ ამბავს აწვდის.

საბავშვო კინო

დღეს პატარა მაყურებელს სანახაობის თვალსაზრისით არჩევანი თითქმის არ აქვს და უმრავლესობა Mმთელი დღის განმავლობაში ტელევიზორს უყურებს. სოციოლოგიაში არის ტერმინი “ცისფერთვალა ურჩხული”, რომელშიც ტელევიზორი იგულისხმება. ანუ ეგრეთ წოდებული ყუთი, ხან ურჩხულად, ხან კი - ჯადოსნურ ზარდახშად გადაიქცევა ხოლმე. ბავშვი და მოზარდი ძირითადად ვერ განსაზღვრავს მისთვის მისაღებს. ის პასიურია და რასაც ეკრანი სთავაზობს, ყველაფერს ისრუტავს. ბავშვებში ნებისმიერი ინფორმაცია ღრმად ილექება და კაცმა არ იცის, რა დროს, რა სახით იჩენს თავს.
ქართული კინოს კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება. აქედან გამომდინარე, საბავშვო კინო და ანიმაცია ფაქტობრივად არ არსებობს. საბავშვო კინემატოგრაფს თავისი სპეციფიკა აქვს, განვითარების, საკუთარი მიმართულებები და ამოცანები, იგი მოზარდზე ისეთი სულიერი ზემოქმედების ძალას ფლობს, რომ აღმზრდელობით პროცესში მას ვერაფერი შეცლის. ვერც დიდაქტიკა, ვერც განათლება და ვერც შემეცნებითი თამაშობები.
საბავშვო კინო, რომელსაც ესთეტიკური კულტურის ფორმირების ამოცანა აკისრია, და სოციოლოგიური კვლევების ერთ ერთი საუკეთესო მასალაა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკვე დიდი ხანია, აღარ არსებობს. კომპიუტერის, ინტერნეტის, ტელევიზიისა და ვიდეოთამაშების ეპოქაში, გლობალური ინფორმაციის სამყაროში, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ბავშვის ინტერესები და სურვილები. საბავშვო კინომ მიზანს რომ მიაღწიოს, პირველ ყოვლისა აუდიტორიის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. სურათის იდეური თუ მხატვრული დონე იმ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს, რომელსაც მის წინაშე ცხოვრება, დრო აყენებს.
ქართული კინოს (ისე როგორც მსოფლიო კინოს), ისტორიაში რეჟისორთა ნაწილმა შემოქმედება საბავშვო თემაზე შექმნილი ფილმებით დაიწყეს. რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის პირველი ნამუშევარი იყო “მაგდანას ლურჯა”. მერაბ კოკოჩაშვილის “არდადეგები”. კ. პიპინაშვილის - “ქაჯანა” და ა.შ. მაგრამ შემოქმედება ამ მიმართულებით მათ აღარ გაუგრძელებიათ. საბავშვო კინემატოგრაფი საქართველოში ძირითადად შემოქმედების შესაძლებლობის ცდა და შემოქმედთა “ყმაწვილობის” გამოხატულება იყო. რეჟისორები სწრაფად “იზრდებოდნენ”. ასე რომ, ქართულ კინოში საბავშვო კინოიდეებით შეპყრობილი შემოქმედი არ ყოფილა. ცხადია, ნახატი და თოჯინური ფილმების ავტორები არ იგულისხმება.
საბავშვო კინოს ჟანრობრივი დიაპაზონი მრავალფეროვანია. იქნება ეს სათავგადასავლო ისტორიულ-ფანტასტიკურ თუ ცხოვრებისეულ მასალაზე გადაღებული ნაწარმოები, მთავარია, მასში იყოს ისეთი პრობლემა, რომლითაც ავტორი ბავშვებთან დიალოგს წარმართავს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში კინოთეატრების რაოდენობა თანდათან იზრდება, მათ პროგრამაში საბავშვო ფილმებს უცხოურსაც კი არსად უჩვენებენ.
ბავშვის ცნობიერების ჩამოყალიბება ზღაპრით იწყება. მხატვრული სახეებით მათი გემოვნება და აზროვნება ვითარდება. კინემატოგრაფისტებში ყველაფერთან ერთად არც ქართული ზღაპრის ეკრანიზაციით დაინტერესება შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ ადრე ბავშვებს ზღაპრებს უყვებოდნენ და უკითხავდნენ. თითოეული ბავშვი თავისებურად აღიქვამდა ამა თუ იმ პერსონაჟს და გარემოს. ახლა თხრობა ანიმაციამ შეცვალა და ბავშვის ფანტაზიის უნარი მკვეთრად შეიზღუდა. გავიხსენოთ უოლტ დისნეის ზღაპრები - “ფიფქია და შვიდი ჯუჯა”, “დამბო”, “კონკია” და ა.შ. მათი ტექსტის დიდი დოზის ვიზუალიზაცია, ყველაფრის დაკონკრეტება პატარა მაყურებელში ფანტაზიის და წარმოსახვის და შემოქმედებითი უნარების დაკნინება-გამარტივებას იწვევს. ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის გარკვეულ ეტაპზე მაინც აუცილებელია ზღაპრის მოყოლა, რადგან სწორედ ასეთ დროს არის შესაძლებელი ბავშვმა თავისებურად აღიქვას პერსონაჟები. რადგან შემოქმედებითი და აქტიური იყოს, რომ მასზე გარედან მიღებულმა ინფორმაციამ ნაკლებად იმოქმედოს და მთელი ცხოვრება მართულ ადამიანად არ ჩამოყალიბდეს.
კინოთეატრებში ძალიან ხშირად ქართულად გახმოვანებულ ანიმაციურ ფილმებს უჩვენებენ (“რობოტები”, “კაპიტანი ნემო”, “მადაგასკარი”) მათში ავტორი დასცინის იმას, რასაც გვთავაზობს. ამგვარი დამოკიდებულება თანამედროვე ხელოვნებისთვის დამახასიათებელია და ამით შეიძლება მათი გამართლება, მაგრამ როდესაც საქმე პატარებს ეხება, იქ ირონია და ცინიზმი თუნდაც მცირე დოზით დაუშვებელია. ბავშვმა აუცილებლად უნდა დაინახოს მშვენიერი მზეთუნახავი, უფლისწული, ბრწყინვალე სასახლე, შეიგრძნოს მშვენიერება, უნდა დაიჯეროს, რომ არსებობს სიყვარული და ე”ვი არ უნდა შეეპაროს, რომ სიკეთე ბოროტებაზე აუცილებლად გაიმარჯვებს.
ბავშვის განვითარებაზე დამღუპველ ზემოქმედებას ახდენს ისეთი ანიმაციური სურათი, როგორიცაა “შრეკი”. პოპულარული ფილმ-ზღაპრის “ურჩხული და მზეთუნახავის” ირონიული გადამღერებით სრულიად უგემოვნო და სახიფათო სანახაობა მივიღეთ, რომელშიც სიყვარულმა ვერ შეძლო ურჩხულის მზეჭაბუკად გარდასახვა. პატარა ბავშვებისთვის ამგვარი სანახაობა სასტიკი ცინიზმია. გამოდის, რომ გაუფასურებულია სიყვარული, სიკეთე. მზეჭაბუკად გარდასახვა ბოროტებასთან გამარჯვება უნდა ყოფილიყო. მოხდა ისე, რომ ბოროტი ძალა იმარჯვებს და სიკეთე მარცხდება.
თანამედროვე ანიმაციურ ფილმებში ღირებულებების გადაფასებასთან ერთად მათი დაკნინებაც შეინიშნება. როგორც წესი, ზღაპარში მშვენიერი უფლისწული მზეთუნახავს უნდა მიეახლოს, მაგრამ როდესაც თუნდაც უფლისწულის კოსტიუმში გამოწყობილი თახვი ეახლება მზეთუნახავს, ეს უკვე მეტისმეტია.

ბავშვი და მულტიპლიკაცია

პირველი ქართული მულტფილმის “არგონავტების” გადაღებიდან თითქმის 70 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. თანამედროვე სატელევიზიო ტექნოლოგიებმა და საბავშვო ანიმაციური ფილმების ტექნიკურმა დონემ გასაოგნებელ საზღვრებს მიაღწია. არ შეცვლილა მხოლოდ ერთი - ბავშვის აღზრდის, მისი გონებრივი, ესთეტიკური განვითარებისა და გემოვნების ჩამოყალიბების საქმეში ანიმაციის როლი. სამწუხაროდ, ის მულტიპლიკაციური ფილმები, რომელზეც იზრდებიან ჩვენი შვილები, შორს არიან ამ მისიის შესრულებისაგან და ხშირად საწინააღმდეგო, შეიძლება ითქვას საბედისწერო შედეგებს იძლევიან, რადგან სისატიკითა და ძალადობით არიან გაჯერებული.
«საბავშვიო მულტიპლიკაციური ფილმი არა მარტო მასწავლებელია, არამედ გემოვნებითი აღმზრდელიცაა. ბავშვის ხელოვნებასთან შეხვედრა მულტიპლიკაციის საშუალებით ხდება და მთელი მისი ცხოვრების წარუშლელ შთაბეჭდილებად შეიძლება დარჩეს. ამიტომ, საბავშვო ფილმი უზადო გემოვნების ნიმუში უნდა იყოს” - ამბობდა ანიმაციური კინოს თავლსაჩინო ოსტატი ო. ხიტრუკი.
ძნელია არ დაეთანხმო, მაგრამ როცა უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ჩვენს გამდიდრებულ სატელევიზიო ბაზარზე «შემოყრილ» საბავშვო ტელეპროდუქციას გადავხედავთ, მივხვდებით, რომ (თუ ხიტრუკის შეხედულებას გავიზიარებთ, არადა, აუცილებლად გავიზიარებთ), სწორედ რომ დროულია განგაში.
“ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს” – ეს საბჭოური ლოზუნგი ყოველთვის აქტუალური იყო - ბავშვი ყველა დროში და ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ყველაზე დიდი საზრუნავია. ბავშვი - მომავალია. მომავალზე კი ყველა ზრუნავს – ვისაც როგორ შეუძლია და ვისაც როგორ მიაჩნია საჭიროდ. ზღაპრების ზემოქმედება ბავშვზე საბჭოთა პერიოდშიც მკაცრად კონტროლდებოდა. მხოლოდ მოტივაცია და მიზანი იყო სხვა – ბავშვების კომუნისტური იდეოლოგიით აღზრდა. 30-იან წლებშიც ახალგაზრდა საბჭოთა ქვეყნის განათლების სახალხო კომისარიატმა ზღაპრების გამოცემა და მათი პედაგოგიური მიზნებით გამოყენება აკრძალა. საბჭოთა განათლების მესვეურების აზრით, ისინი რყვნიდნენ ბავშვის გონებას. მაგალითად, რუსული ზღაპარი «ქარიყლაპიას ბრძანებით - ჩემი სურვილით» - ბავშვებს უშრომლად დოვლათის მიღების ჩვევას უყალიბებდა, ზღაპარი ოქროს მთებსა და ოქროს მდინარეების სიუხვის შესახებ - აღვიძებდა არაჯანსაღ ფანტაზიებს ზღვისიქეთა სახელმწიფოებზე. იკრძალებოდა ზღაპრები მშვენიერ დედოფლებზეც კი.
თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა ბავშვიც კი ბევრად უფრო ჯანსაღ ტელე-პროდუქციაზე იზრდებოდა, ვიდრე დღეს - ჩვენი შვილები. რამ გამოიწივია ასეთი ცვლილება – მორალური ღირებულებების გადაფასებამ, პროგრესმა, გლობალიზაციამ თუ ყველაფერმა ერთად?
თანამედროვე ბავშვები უფრო ვიზუალურ კულტურაზე იზრდებიან, ვიდრე ვერბალურზე. კინო და ტელევიზია ჩვილობიდან აჩვევს მათ პლასტიური ენის აღქმას, სადაც სიტყვა ყოველთვის არ თამაშობს წამყვან როლს. ახლა ბავშვები უყურებენ ტელევიზორს, რომელიც არის მათი აღმზრდელი და კარგს ვერაფერს სთავაზობს. აშშ-სა და კანადაში ჩატარებული კვლევების თანახმად, 9-10 წლის ბავშვი, რომელიც ტელევიზორს დღეში 2-4 საათი უყურებს, უკვე 8000 მკვლელობისა და ძალადობის 100 000 აქტის მოწმეა. 18 წლის ახალგაზრდას კი ნანახი აქვს 40 000 მკვლელობა და ძალადობის 200 000 აქტი. უკეთესი მდგომარეობა არც მულტინდუსტრიაშია – ერთი მულტფილმი საათში საშუალოდ ძალადობის 20 სცენას უჩვენებს.
1997 წელს იაპონიაში, მულტფილმ «პეკემონის» სეანსის შემდეგ რამდენიმე ასეული ბავშვი მოხვდა საავადმყოფოში ეპილეფსიის დიაგნოზით. მაშინ ფილმის ავტორებმა რამდენიმე ეპიზოდი, რომელთა «წყალობით» სავარუდოდ დაზარალდნენ ბავშები, ფილმიდან ამოჭრეს.
სპეციალისტების აზრით, ბავშვებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ტელევიზორის ეკრანებთან, სკოლაში ყურადღების დეფიციტის პრობლემა შეექმნებათ. მათი რჩევით, ორ წლამდე ასაკის ბავშვებს საერთოდ არ უნდა დართონ ტელევიზორის ყურების ნება.

გთავაზობთ ინტერვიუს ფსიქოლოგ მაია გედევანიშვილთან:
-ქალბატონო მაია, ცნობილია, რომ არაჯანსაღი ანიმაციური ფილმებისა და გნებავთ, კომპიუტერული თამაშების წყალობით დღევანდელი სტატისტიკა შემაშფოთებელია. ბავშვი პატარაობიდანვე აგრესიისა და ძალადობის გარემოში იზრდება. რა შედეგსაც მივიღებთ, ამას დიდი ფიქრი არ სჭირდება. საქართველოში თუ ექცევა ამ საკითხს ყურადღება, თუ დაინტერესებულა ვინმე ამით, რასაკვირველია, ფსიქოლოგების გარდა?

- საქართველოში საკითხის დასმის იქით საქმე წინ არ წასულა. სტატისტიკური მონაცემების ბაზაც კი არ არსებობს. მართალია, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა შეიმუშავა კანონპროექტი «მავნე ზემოქმედებისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ», მაგრამ მას დახვეწა ესაჭიროებოდა - ასეთი ყოვლისმომცველი კანონი, როგორც წესი, მოუქნელია. პატარა კანონები ყოველ მოცემულ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით უფრო მუშაობს. ჩატარდა წინასაპარლამენტო განხილვა, რომელზეც ითქვა, რომ ჩვენი საზოგადოება ჯერ არ არის მზად ასეთი კანონის მისაღებად. საუბარი იყო მთავრობის რომელიღაც სტრუქტურასთან კომისიის შექმნის შესახებ, მაგრამ ესეც გაჩერდა. რაც დასავლეთს შეეხება, იქ წარომუდენელი ბრძოლა მიმდინარეობს მოზარდებზე მავნე ზემოქმედების მქონე ტელეპროდუქციასთან. ამერიკამ, ასე თუ ისე, მოახერხა ამ საკითხის დარეგულირება.

-ალბათ იგივე შეიძლება ითქვას კომპიუტერულ თამაშებზეც?

-როცა ბავშვი ტელევიზორს უყურებს, ის პასიურია. ხოლო კომპიუტერული თამაშის დროს აქტიური. თვითონ მონაწილეობს ძალადობის აქტში - თვითონ «კლავს მტერს». არსებობს ვირტუალური რეალობა, სადაც ბავშვს შეუძლია არა მარტო უყუროს და მოახდინოს ხელებით მანიპულირება, არამედ გამოსცადოს მესამე განზომილება ამ სიმულირებულ რეალობაში, ე.წ. «იქ ყოფნის» განცდა ვირტუალური რეალობის თამაშებში, რომელთა შინაარსი აგრთევე ძირითადად ძალადობაზეა აგებული, უფრო მეტ ზეგავლებანს ახდენს აგრესიულობზე, ვიდრე ტელევიზიით ფილმის ყურება.
ერთია, როცა ბავშვი ერთჯერადად ნახავს ამა თუ იმ ფილმს, მაგრამ მეორე - როცა დიდი მოცულობით და სისტემატიურად უყურებს და ეს ცხოვრების წესის ნაწილი ხდება. თავისთავად ძალადობის შემცველი შინაარსის მქონე ნებისმიერი ჟანრის ფილმი მავნე ზემოქმედებას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე, ხოლო როცა მულტფილმის შეფუთვით მიეწოდება, ეს კიდევ უარესია.
დადებითი გმირი ხშირად სიკეთეს ემსახურება და ამისათვის ყველა საშუალებას იყენებს - შეუძლია მოკლას, გადაუმტვიროს ხერხემალი და შემდეგ თავის შეყვარუბულთან ან თუნდაც ძაღლთან ერთად წავიდეს მზის ამოსვლის სანახავად. გამოდის, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. აგრესია არის უმოკლესი და ყველაზე უმოკლესი გზა მიზნის მისაღწევად – ეს რჩება ბავშვის ცნობიერებაში. მულტფილმი ბავშვებისთვისაა შექმნილი და როცა მასში ჩადებულია ძალადობა (არ ვიცი, რა მოტივით ქმნიან სცენარისტები ასეთ სცენარს), უკვე არსებობს იმის საშიშროება, რომ ბავშვში იმატებს აგრესიულობის დონე.

-რა აზრის ხართ იმ საბავშვო პროდუქციაზე, რაც გადის საქართველოს ტელეარხებზე?

-ბოლო წლებში მდგომარეობა, რა თქმა უნდა გაუმჯობესდა. წინათ ხომ ძირითადად მეკობრული წესით მოპოვებული მულტიპლიკაციური ფილმები გადიოდა. ახლა, მე ვიცი, რომ მუშაობენ ფსიქოლოგები და ახდნენ ფილმების სელექციას ეთერში გასაშვებად. გარდა ამისა, ტელევიზიები გადაცემებს და ფილმებს ასაკობრივი შეზღუდვის ნიშნით უშვებენ ეთერში.
მახსოვს გადიოდა სერიალი «პაწაწინა ონავრები», რომლის ტექსტიც მე ვთარგმნე. არაჩვეულებრივი სერიალი იყო, აშკარად იგრძნობოდა, რომ სცენარზე ფსიქოლოგებმა იმუშავეს. ხოლო ის, რაც ხდება «ტომი და ჯერი»-ში, ძალიან ცუდი მესიჯია – ბავშვი ხედავს, რომ კატას აბრტყელებენ, ის კი წამოხტება და გარბის.

-თვითონ მულტიპლიკაციური ფილმების გმირებზე რა იტყვით?

-გმირი რაც შეიძლება, ნაკლებად ხელოვნური და რეალობისაგან ნაკლებად დაშორებული უნდა იყოს.
ბავშვზე წაკითხული უფრო ნაკლებად მოქმედებს, ვიდრე ნანახი. როცა უკითხავენ, ბავშვმა თავის ფანტაზია უნდა აამუშაოს, იქ კი პერსონაჟის გამზადებულ ხატს სთავაზობენ, რაც აფერხებს მისი წარმოსახვის ამუშავებას.
ამერიკაში ჩატარდა გრძელვადიანი კვლევა – 15-20 წელი გრძელდებოდა. ბევრი პარამეტრებით იკვლევდნენ ბავშვებს და აღმოჩნდა, რომ თუ ისინი 8-9 წლის ასაკში რეგულარულად და დიდი მოცულობით უყურებდნენ ძალადობის შემცველ პროდუქციას, უფრო დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ 18-19 წლის ასაკში თვითონ მიიღონ მონაწილეობა ძალადობის აქტებში. მისთვის მკვლელობა აღარ არის შოკისმომგვრელი.
ასეთი ფილმები არა მარტო ბავშვებზე, მოზრდილების ფსიქიკაზეც დამანგრევლად მოქმედებს – მატულობს აგრესია, ადამიანი ნაკლებად შემწყნარებელი ხდება სხვისი ტკივილის მიმართ და მას უჩნდება შეგრძნება, რომ ზოგადად სამყაროა ცუდი – ასეთ ცუდ მესიჯს იღებს ადამიანი. ზოგის ფსიქიკა კი მყიფეა და ვერ უძლებს. სწორედ ამიტომ გაჩნდა ახალი ტერმინი – ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.

ფსიქოლოგის რეკომენდაციები მშობლებისათვის:

* ნუ დადგამთ ტელევიზორს თქვენი სახლის ცენტრალურ წერტილში და ბავშვების საძინებელში.
* შეამცირეთ ტელევიზორის ყურება 1-2 საათით დღეში.
* არ ჩართოთ ტელევიზორი ჭამის დროს.
* ნუ გადააქცევთ ტელევიზორს, ვიდეომაგნიტოფონს ან სათამაშო კომპიუტერს თქვენი ბავშვის ძიძად. უჩვენეთ ბავშვებს მაგალითი და თავად შეამცირეთ ტელევიზორის ყურების ხანგრძლივობა.
* მიაქციეთ ყურადღება, რას უყურებენ თქვენი შვილები, ესაუბრეთ მათ პროგრამის შესახებ მისი მსვლელობის დროს და დაუსვით მას ასეთი ტიპის შეკითხვები:
-სად ხდება მოქმედება?
-ვინ არიან მთავარი გმირები? ისინი ყოველთვის ცუდები ან კარგები არიან?
-ხომ არ გაგონებენ ეს გმირები ვინმეს ნამდვილი ცხოვრებიდან?
-რა პრობლემაზეა გადაცემა(ფილმი)?
-როგორ გადაიჭრა ეს პრობლემა? ივარგებდა თუ არა ასეთი გადაწყვეტა ნამდვილ ცხოვრებაში?

თუ გადაცემა შეიცავს ძალადობას:
-როგორ ფიქრობ, რას გრძნობს მსხვერპლი?
-როგორ ფიქრობ, რა მოხდებოდა, ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში რომ ჩაედინათ იგივე?