THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



შემოდგომის სიმღერა

გივი ჩიღვინაძე

შემოდგომა მოვიდა ტყეში, მწვანე ხეები წითელ-ყვითელი ფოთლებით მოირთო და მოიქარგა. ხსივჩაღვრილ ტევრებში სუსტი ნიავი დანავარდობს და ნელი ფარფატით ცვივა დაბლა ხმობაშეპარული ფოთლები. ტყესაც თავისი ბარაქა გამოუჩენია - ისევ იშოვება ნაგვიანევი შინდი, მოცვი და მაყვალი, მრავლად ცვივიან დაბლა თხილი და რკო, წაბლი და წიწიბო, მწიფობას იწყებენ ზღმარტლი, ასკილი და კუნელი. იქით ჩამოცვენილ მწიფე პანტას დაუფარავს მდელო, აქეთ წითლად დახუნძლული მაჟალო იყურება ტყისპირიდან; მოგვიანებით, ზამთრისპირზე, შქერი, ძახველი და ცირცელიც დამწიფდებიან და მეტი რაღა უნდათ ტყის ბინადრებს? ხარობენ უხვი ბუნების შემხედვარენი. ჩიჩახვდაბერილი ფრინველები დაფრინავენ აფერადებული ხეების ტოტებზე, მრავალგვარი ხილით გამაძღარი ცხოველები ზანტად დააბიჯებენ ხმელი ფოთლებით დაფარულ ბილიკებზე, ხოლო ზოგიერთები დღევანდელით არ კმაყოფილდებიან, ზამთრისთვის აგროვებენ სარჩოს და ბეჯითად ინახავენ თავიანთ ბუნაგებსა და ბუდეებში.
ციყვები ცაცო და მაცო მთელი დღე შრომაში არიან ჩაბმულნი. წიფლიანში მაღალი ცაცხვის ფუღუროში აქვთ ბინა მოწყობილი და ეზიდებინ თხილსა და კაკალს, წაბლსა და წიწიბოს, რკოსა და სხვადასხვა კურკას. არც შვილებს აძლევენ მოსვენებას, თორმეტივე დასაქმებული ჰყავთ - აბა, შენ ეს კაკალი წამოიღეო, შენ იმ თხილის ქვეშ მიირბინე, ქარს კარგი თხილები ჩამოუყრია და თაგვებმა არ მოგვასწრონო, შენ კი ამ მუხის ტოტზე ახტი, ხომ ხედავ რამდენი ასხია? დაკრიფე, თანაც ტოტი დაარხიე, დაბლა შენი და-ძმები აკრეფენ და ბეღელში შეიტანენო. გამრჯე ციყვებს ერთი შვილი სწორედ ბეღლის წინა ჰყავთ დაყენებული - მოტანილი სარჩო ცალ-ცალკე დააწყვე, თხილი - თხილთან, რკო - რკოსთან, წაბლი - წაბლთან და ასე შემდეგო, თან თვალი კარარგად გეჭიროს, საიაიაიაინმე თაგვი ან ჩხიკვი არ შემოგეპაროს, ჩვენი ნაოფლარი არ გაიტაცონო.
ჰოდა, დახტიან ისინი ხეების ტოტებზე, ხან დაბლა დაცვენილ ფოთლებზე დაცუნცულებენ და თუ რაიმე საკბილო ნახეს, ყველაფერს შინისაკენ მიარბენინებენ.
ერთხელ მათ ასეთი ამბავი მიუტანეს: მზიან ფერდობზე რომ დიდი წაბლია, მისი ნაყოფი მთლიანად დაბლაა ჩამოცვენილი და პატრონი არავინ ჰყავსო. ადგნენ ყველანი გაემართნენ მის შესაგროვებლად და მარტო პატარა ფაცო დატოვეს შინ - დაარიგეს, არსად წახვიდე, ოჯახს თვალი არ მოაცილო, სარჩო-საბადებელი არავინ გაგვინიავოსო.
ხტუნვ-ხტუნვით გადაიარეს ციყვებმა ქედი და შეგულებულ წაბლთან გაჩნდნენ. ნახულმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: წაბლი ერთბაშად შემოსულიყო, მერე ქარს ტოტები შეერხია და მთლიანად ძირს ეყარა. დატრიალდა მთელი ოჯახი, შემოირბინა მაცომ წაბლისქვეშეთი, იმავე წაბლის ხეზე ფუღურო მონახა და გადაწყვიტა, - მეორე ბინა აქ უნდა გავიჩინოთ და ეს წაბლი აქვე შევინახოთო. თითქმის ორი დღე აგროვებდნენ წაბლს, - ცაცომ დაიჟინა, სანამ მთლიანად არ ავკრეფთ, შინ რა გვინდა, ოჯახს ფაცო მიხედავსო. ძალიან ბევრი წაბლი მოაგროვეს, ნაწილი იქვე დააბინავეს, ნაწილიც, რისი ტარებაც შეძლეს, შინ წამოიღეს.
შინისკენ მომავლებს ბეღურები შეხვდნენ და ცუდი ამბავი შეატყობინეს:
- სადა ხართ აქამდეო? ქურდები შეიპარნენ თქვენს ფუღუროში, ბევრი სარჩო წაიღეს, ფაცო მტირალი ზის და გელოდებათო.

დამწუხრდნენ ციყვები, ცაცომ წაბლები ძირს დაყარა და შინისაკენ ტირილით გაიქცა, დანარჩენებიც უკან მიჰყვნენ.
ფაცო ფუღუროს შესასვლელთან იჯდა, აღარ ტიროდა, მაგრამ მშობლები და და-ძმები რომ დაინახა, ისევ ცრემლები წასკდა. ცაცო მივიდა, შვილი გულში ჩაიკრა და დაამშვიდა. მალე ყველანი ბაცოს შემოეხვივნენ და გამოკითხვა დაუწყეს, ქურდები როგორ მოგეპარნენო. ამასობაში პატარა ციყვუნიები შიგნით შეცვივდნენ და აღმოაჩინეს, რომ რკოსა და კაკლის ნაწილი იყო მოპარული.
- ღამით ჩამეძინაო, - თქვა ფაცომ, - ალბათ, მაშინ შემომეპარა ქურდიო. პატარას ვერ დაენახა, ვინ შესულიყო მათ ბინაში და ამიტომ ციყვებმა ვერც ის გაარკვიეს, სად და ვისთან უნდა ეძებნათ დანაკარგი. საწყლებმა მთელი ტყე შემოიარეს - ვის არ ჰკითხეს? რომელ ფუღუროში არ შეიხედეს? მაგრამ მათი სარჩოს ამბავი არავინ იცოდა. დაღონდნენ ციყვები, ახალი საზრდოს შეგრვებასაც ვეღარ ახერხებდნენ, ძველის ძებნაში იყვნენ გართულნი. მეზობლები თანაგრძნობით უცქერდნენ დამწუხრებულებს, მაგრამ ვერაფრით ეხმარებოდნენ. ზოგიერთები კი იმასაც ამბობდნენ, სულსწრაფები არიან, იმ ღამეს რომ წაბლის საგროვებლად არ დარჩენილიყვნენ და პატარა ფაცო მარტო არ დაეტოვებინათ, ეს ამბავი ხომ არ დაემართებოდათო?
მაგრამ სიკეთეს რა დალევს ამ ქვეყანაზე? ტყეში ციყვების მეზობლად ერთი გამრჯე, ყველას მკურნალი და დამხმარე კოდალა ცხოვრობდა. მას დაენახა, როგორ ეზიდებოდნენ ღამით ეშმაკი ჩხიკვები ციყვების სარჩოს რომელიღაც ხისაკენ. თურმე ჩხიკვებიც ინახავენ ზამთრისათვის საზრდოს ხის ფუღუროებსა და ხავსებში, უმეტესად რკოსა და კაკალს, ზამთრის თოვლიან დღეებში ნაჭუჭს ამტვრევენ და გემრიელად შეექცევიან. ყოჩაღი კოდალა დასდევნებია კიდეც ჩხიკვებს, მაგრამ ვერ დასწევია. როცა გათენდა, მან ციყვებთან კი არ დააბეზღა ჩხიკვები, არამედ თვითონ ადგა და გაემართა მათი ბუდისაკენ. ჩხიკვებმა რიდით მიიღეს ტყის ღირსეული ექიმი.
- ვნახე წუხელ თქვენი ნამოქმედარი, - მკაცრად უთხრა კოდალამ ჩხიკვებს, - არ შეგრჩებათ ეგ რკო და კაკალი, სანამ მთელი ტყე გაიგებდეს თქვენს ავკაცობას და აყალ-მაყალი ატყდებოდეს, უნდა დაუბრუნოთ ციყვებს თავიანთი სარჩოო.
ჩხიკვებმა ჯერ შორს დაიჭირეს, მაგრამ ბოლოს აღიარეს დანაშაული და მოიბოდიშეს კიდეც კოდალასთან, - ძალიან ცუდად მოგვივიდა ეგ ამბავიო.
ჰოდა, რაღას იზამდნენ ეშმაკი ჩხიკვები? დაუბრუნეს ციყვებს მათი რკო და კაკალი - მართლა კი არ მოგვიპარავს, გაგეხუმრეთ, გაგაჯავრეთო. ისე, ცოტა მაინც დაგვიტოვეთ ამ ტყის მოსავალი, სულ თქვენ რომ ისაკუთრებთო.
- კარგი ოხრები ხართო, - უპასუხეს ციყვებმა, - ჩვენი სარჩო რომ არ მოიპაროთ, რამდენი ხილია ამ ტყეშიო?
დაბრუნდნენ დარცხვენილი ჩხიკვები შინ. ციყვებმა კი ისევ განაგრძეს სარჩოს შეგროვება - ხან წაბლს ეზიდებოდნენ მზიანი ფერდობიდან, ხან რკოსათვის დახტოდნენ მუხებზე, ხან თხილსა და წიწიბოს მიარბენინებდნენ შინისაკენ.
- დაისვენეთ, ციყვებო, რა მოხდა, შიმშილობა ხომ არ ჩამოვარდნილა, მთელი ტყის მოსავალი თქვენ უნდა აიღოთო? - ეძახდა აფერადებულ თრიმლის ხეზე შემომჯდარი შაშვი ციყვებს, - ცოტა ხანს მომისმინეთ, ახალი სიმღერა უნდა ვიმღერო, მარტო სარჩოზე ხომ არ უნდა იფიქროთ, გული და სმენა არა გაქვთ? ხომ გაგიგონიათ, არა მარტო პურითა ცხოვნდების კაციო...
- ნეტავი შენა, მარტო სიმღერაზე ფიქრობ, ჩვენც რომ დავდგეთ და ვიმღეროთ, მერე ზამთარში ვინ გამოგვკვებავს, შენსავით ბუჩქის ძირას ხომ არ დავიწყებთ მიწის ქექვასო? - პასუხობდა შაშვს დედა ციყვი ცაცო.
- ქალო, განა მაგ მოსავალს გეცილებით? ჩემს სარჩოს ყოველთვის დაუმადლებლად მაძლევს ეს ჩვენი დალოცვილი ტყე. ცოტა ხანს შვილები მაინც დააყენეთ, მომისმინონ, მარტო ჭამა უნდა ასწავლოთო?
- კარგი, კარგი, ყველანი მოგისმენთ, მაინც საღამო მოდის და ცოტა ხანს ხომ უნდა შევისვენოთ? - ასძახა შაშვს მამა ციყვმა მაცომ, მერე კი ცაცოს მიუბრუნდა, - შენც ცოტა ხანს ჩამოჯექი, შვილებიც დავასვენოთ, ეგერ ხომ ხედავ, რამდენი მსმენელი მოსულა ამ კეთილი მომღერლის მოსასმენად - ირემი, შველი, დათვი, კოდალა, ქედანი, ბეღურა და ოფოფი აქ არიან. ხედავ წიფლის ტოტზე ჩვენი გამჯავრებელი ჩხიკვებიც როგორ გაყუჩებულან? ჩვენც ავდგეთ და მოვუსმინოთ, ბუს, ტურასა და მელას ხომ არ უნდა შეგვადარონ? არ გაგიგია, ყველა მათ ლანძღვაშია - უსულგულონი არიანო?
- კარგი, კარგი მოვუსმინოთ, - თქვა ცაცომ, თან თავისთვის ჩაილაპარაკა, - მაგის მოსმენაღა მაკლდა ახლა, ათასი საქმე გვაქვს, ზამთარი კარზეა მომდგარიო...
ჩამოსხდნენ ციყვები ტოტებზე და შაშვმაც დაიწყო სიმღერა. ყველანი სულგანაბული უსმენდნენ. აფერადებული ტყეც გატრუნულიყო თითქოს და ჩამავალი მზის სხივებს აწონებდა ნიავში მოქანავე წითელ-ყვითელ ფოთლებს. მღეროდა შაშვი ბუნების მშვენიერებაზე, სიკეთესა და სიყვარულზე - კიდევ უფრო შევიყვაროთ ჩვენი მშობელი მხარეო, ყველას გვიყვარდეს და ნურაფერს დავუშავებთ ერთმანეთსო... საამური ჰანგები მალამოდ ედებოდა მსმენელთა გულებს, ყველა სიამესა და ბედნიერებას გრძნობდა და კეთილი თვალით უცქერდნენ ერთმანეთს... ბოლოს დაამთავრა შაშვმა სიმღერა და სხვა ხეზე გადაფრინდა. მზეც ჩაიწურა, მიდამოს ნელ-ნელა ბინდი დაეფინა. ტყის მკვიდრებმა მადლობა გადაუხადეს ბუნების მგოსანს და შინისაკენ გასწიეს - ზოგი ხმელ ფოთლებს მიაშრიალებდა ტყის ბილიკებზე, ზოგი ხეთა მყუდრო ტოტებში ეძებდა ღამის გასათევ ადგილს, ზოგიც ხმელ ბალახზე მიწვა და მიიძინა. ცაცომ და მაცომაც შეკრიბეს სიმღერით მოხიბლული შვილები, თავიანთ ფუღუროში შევიდნენ და ტკბილ ძილს მისცეს თავი.