THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



დიდყურა და მანჭია

ნინო ბრეგვაძე

აფრიკის კონტინენტზე, ჯუნგლებში, ცხოვრობდა ერთი კეთილი და გულუბრყვილო სპილო-დიდყურა. მას ჰყავდა ერთი სასაცილო მეგობარი, მაიმუნი-მანჭია. მათ ერთმანეთს საუკუნო მეგობრობა შეჰფიცეს. ყველას შურდა მათი მეგობრობის, მაგრამ ყველაზე მეტად კი - გველს. გველი ძალიან ბოროტი ცხოველი იყო. სულ თავის მუცელზე ფიქრობდა და არავის ინდობდა. ერთხელაც გადაწყვიტა მანჭიას შეჭმა, ამიტომაც მოინდომა დიდყურასა და მანჭიას ერთმანეთთან წაჩხუბება.
ერთ მშვენიერ დღესაც დიდყურა მდინარესთან ახლოს თავის მეგობარ მანჭიას უნდა შეხვედროდა. გზაზე გველი შემოხვდა:
- გამარჯობა, დიდყურავ, საით გაგიწევია? - ჰკითხა ეშმაკურად გველმა.
- მდინარეზე, ჩემს მეგობარ მანჭიას უნდა შევხვდე, - უპასუხა დიდყურამ.
- მართლა? - აღტაცებით წამოიძახა გველმა, მეც წამოვალ რა,
მწყურია და ...
- წამოდი! - შეაწყვეტინა კეთილმა დიდყურამ. გაუდგნენ გზას. მიუახლოვდნენ თუ არა მდინარეს, გაკვირვებულმა დიდყურამ წამოიძახა:
- ნეტავ სად არის მანჭია?
გველმა ამ გაუგებრობით ისარგებლა და უთხრა:
- დროა, გითხრა სიმართლე, ჩემო მეგობარო! მანჭიამ მითხრა, მე დიდყურასთან მეგობრობა აღარ მინდა. დიდი ყურები აქვს და მასთან სიარული მრცხვენიაო! - დაგესლა გველმა.
- მართლა? - ატირდა დიდყურა, - მართლა არ უნდა ჩემთან მეგობრობა? კარგი, როგორც უნდა, ისე მოიქცეს, თუ ჩემი ყურები არ მოსწონს... დიდყურამ ცრემლიანი თვალები მოიწმინდა.
გველმა გულში ჩაიცინა და გაიფიქრა: “ესეც ასე, დიდყურა ავატირე. ახლა მანჭიასაც მოვატყუებ და მორჩა, მანჭიასაც მალე შევჭამ”. დაღონებულმა დიდყურამ წასვლა დააპირა თუ არა, უეცრად შორიდან ვიღაცის ხმა გაიგო:
- დიდყურავ! დიდყურავ! მოიცადე! ეს მანჭია გაჰკიოდა. გველი შეცბა, ძალიან შეეშინდა. მანჭია მიუახლოვდა თავის მეგობარს. დიდყურამ უკან დაიხია.
- დიდყურავ! ჩემო მეგობარი, რა მოხდა? ჰკითხა გაკვირვებულმა მანჭიამ.
- კიდევ მეკითხები? იმის მერე, რაც ჩემზე გითქვამს, კიდევ მეგობარს მეძახი? - ჰკითხა გულმოსულმა დიდყურამ.
- რა? რა სისულელეა! მე არაფერი მითქვამს შენზე. შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ! – უთხრა მანჭიამ.
გველს მათი ლაპარაკი შორიდან ესმოდა, მიხვდა, რომ უნდა გაქცეულიყო, სანამ დრო იყო, თორემ... გაიფიქრა თუ არა, გაიძურწა.
- მართლა? ეს ტყუილია? ესე იგი, შენ ჩემი მეგობარი ხარ? – თქვა გახარებულმა დიდყურმ.
მანჭიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, შემდეგ კი ჩაეხუტა.
- მითხარი რა, ვინ გითხრა ეს? - დაიჟინა მანჭიამ.
დიდყურა დაფიქრდა, ხოლო შემდეგ უპასუხა:
- ამას მნიშვნელობა არა აქვს, უბრალოდ, იმაში ვარ დამნაშავე, რომ ჩემს ერთგულ მეგობარს არ ვენდე.
ამის შემდეგ ისინი მთელს ჯუნგლებში ყველაზე საუკეთესო მეგობრები გახდნენ.