THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ქეთევან გელაშვილი

იგავ-არაკები


კაჭკაჭი და თუთიყუში
 
ერთხელ ფრინველთა მეფემ - არწივმა ფრინველები შეკრიბა სათათბიროდ. რამდენიმე ფრინველი არ მოუხმია. მათ შორის თუთიყუში და კაჭკაჭი. ეს რომ გაიგეს თუთიყუშმა და კაჭკაჭმა, ძალიან განაწყენდნენ. გადაწყვიტეს, შეეკრიბათ დანარჩენი ფრინველებიც და არწივის წინააღმდეგ აემხედრებინათ. მივიდნენ ბულბულთან და უთხრეს:
- ბულბულო, მშვენიერო მგოსანო! განა სენ არ უნდა ამშვენებდე მეფის კრებას შენი მშვენიერი ხმით?
ბულბულმა არც კი მოუსმინა ბოლომდე:
- მე ჩემთვის ვგალობ. არც არაფერი მინდა მეტი. ამიტომ ვერ მოგისმენთ და მხარს ვერ აგიბამთ.
შემდეგ მივიდნენ კოდალასთან:
- კოდალავ! შენზე გამრჯე და საჭირო ფრინველი როგორ არ უნდა ეხმო არწივს სადარბაზოდ?
მაგრამ კოდალამაც გააწყვეტინა:
- მე საქმე მაქვს! ტყუილად ნუ მაცდენთ! თქვენ არც საქმის კეთება იცით და ლაპარაკითაც მხოლოდ სხვის ნათქვამს იმეორებთ, მოსმენით კი - არავის უსმენთ. ამიტომ თქვენი აყოლა მე არას მომცემს.
ჯერ საქმეა საქმე და
მერე სიტყვა საქმე.
თუ არც ერთს არ აკეთებ,
სჯობს რომ განზე გადგე!


უკმაყოფილო ტურა

ტურამ დაიწყო ჩივილი: რა უბედურ დღეზე ვარ გაჩენილი, ბედი არ მწყალობს! ეს გაიძვერა მელა ყოველთვის შოულობს საკბილოს; მგელი კი ჩემზე ძლიერია და ჩემზე სწრაფი. თუ რამე დავინახე, ის ყოველთვის მასწრებს. მე სულ შიმშილო მიწევს. მათი ნასუფრალი თუ შემხვდება ხანდახან.
უცებ ხიდან ჩიტი ჩამოვარდა. ფრთა ჰქონდა მოტეხილი და ვეღარ გაფრინდა. ტურა მიეპარა და შეჭამა.
შიმშილი რომ მოიკლა, ისევ წუწუნს მოჰყვა: ჩემი ბედისა რა ვთქვი, ეს ერთი ბეწო წიწკანა რას გამაძღობდა, შაშვი მაინც ყოფილიყო, კარგად დავნაყრდებოდი. ახლა ისევ უნდა ვიწანწალო, ეგებ რაიმე საკბილო ვიშოვოო.
მორალი: უკმაყოფილება ხასიათია და არა მძიმე ცხოვრების შედეგი.


ინერცია

ოთხში სინათლე ოდნავ ბჟუტავდა. სასიამოვნო მელოდია ჟღერდა. წყვილები საცეკვაოდ წამოიშალნენ. იქვე სარწეველა სავარძელი იდგა. ვიღაცა დაეჯახა. სავარძელი წყვილებთან ერთად აცეკვდა. ერთხანს ირწეოდა. მერე გაჩერდა... აი, კიდევ ვიღაც წამოედო. სავარძელი ისევ აცეკვდა... ბოლოს მუსიკა გაჩერდა...
მე არ მინდა ამ სავარძელივით ცხოვრება. ზოგი კი, ნეტავ ასე მაინც ცხოვრობდეს.


ჯიუტი ვირი

გლეხს ვირი წყლის დასალევად მიჰყავდა. გზაზე ვირი გაჯიუტდა: ფეხის გადადგმა აღარ უნდოდა.
- გამაადგი ფეხი, შე სასიკვდილე, რა ჭირი გეცა! ამ თოკივითა მაქვს ნერვები დაჭიმული, თუი გამიწყდა, მაშინ გაჩვენებ სეირს!
ვირი კი ფიქრობს:
- ნეტა ეს თოკი გაწყდებოდეს, ისე გავიქცეოდი, ვერც დამეწეოდა და ჯოხსაც ვერ მომაწვდენდა!
გლეხმა ფეხი წაკრა ქვას, თითქოს უნდა ჯავრი მასზე იყაროსო და თოკი ახალი ძალით დაქაჩა. თოკი არ გამწყდარა... მაგრამ გლეხმა თავი ვეღარ შეიკავა და წყალში გადავარდა. ვირი კი, რატომღაც ადგილზე დარჩა.
მორალი: რა აზრი აქვს სიჯიუტეს, თუკი მაინც ერთმანეთის გვერდით ვდგავართ!

ბებოს დარიგება

- შვილო, ხომ ხედავ ჩვენ ძროხებს, რამდენნი არიან! უფროსს სოფო ჰქვია. ბოსლიდან რომ გამოდიან, წინ ყოველთვის სოფო მოდის ხოლმე, მერე დაეწყობიან ასაკის მიხედვით., უმცროსი არასოდეს არ გადაასწრებს. ასევეა როცა ბოსელში შევრეკავ ხოლმე. აი, ეს ორი ხომ არის. ერთი უფრო მოხრილი და ტანად და რქებიც წამოზრდილი აქვს უკვე. მეორე კი ტანად უფრო პატარაა, რქებიც ჯერ არ ამოზრდია, მაგრამ ეს მეორეა უფროსი. ამიტომ ის პირველი ყოველთვის უთმობს, თუმცა კი ტანით მასზე დიდიც არის და სწრაფიც. ჩხუბი თუ მოუვიდათ, ასაკით პატარა ყოველთვის უკან იხევს.
ეს არის ამ ძროხების “კონვენცია”და “უფლებათა დაცვა~. უფროსებს ზრუნვა და ყურადღება ევალებათ, უმცროსებს კი - პატივისცემა და კრძალვა!