THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ღიღილო და გრუხუნა

მერი ბოლქვაძე
ცაზე ერთი დიდი ღრუბელი იჯდა. მალე მეორეც მოგორდა – პატარა; დიდ ღუბელს წინ დაუდგა, კარგად შეათვალიერა, მერე გარშემო შემოურბინა, ბოლოს ისევ წინ დაუდგა და ჰკითხა:
- რა გქვია?
დიდმა ღრუბელმა ამრეზით შეხედა, ლაპარაკის გუნებაზე არ ბრძანდებოდა და უგემურად წაიჯუჯღუნა:
- ღიღილო...
- ეგ ხომ ყვავილის სახელია?! - გაეცინა პატარა ღრუბელს, - აი, მე ნამდვილი ღრუბლის სახელი მქვია - გრუხუნა.
- “ნამდვილი ღრუბლის სახელი - გრუხუნა”, გამოაჯავრა ღიღილომ, _ ეგეც სახელია, რა?!...-_ ნეტავ, რას იბღვირები, აბა მზეს შეხედე, როგორ იცინის…...
- ეგ სულ იცინის, - წაიჯუჯღუნა ისევ ღიღილომ, - შენ კი თავი დამანებე... გირჩევნია.
გრუხუნამ თავი არ დაანება. ადგა, ახლა გვერდით მიუჯგა და ჰკითხა:
- ჰო, მართლა... სულ დამავიწყდა... საიდან ამიქროლდი?
- საიდანაც, _ ღიღილომ ზევიდან ზვიადად დახედა და იქით ჰკითხა: _ შენ თვითონ საიდან?...
გრუხუნამ არ დაუთმო:
- ჯერ შენ მიპასუხე, მე პირველმა გკითხე...
ღიღილოს გული გაუწყალდა ამდენი ლაპარაკით და... საშინლად იჭექა:
- ოკეანედან, მე_ოკეანედან; შენ კი, შე პატარა ფეთხუმო, შენ თვითონ საიდან ამოძვერი?
ღიღილომ რომ იჭექა, ადგა და გრუხუნამაც იჭექა:
- გუბიდან, გუბიდან...… იღონდ, კი არ ამოვძვერი, ამოვქროლდი…...
გრუხუნამ რომ თქვა, გუბიდან ამოვქროლდიო, ღიღილო საშინლად დაიმანჭა და ზიზღით წაიფრუტუნა:
- ფუჰ...
გრუხუნამ გაკვირვებისაგან თვალები ჭყიტა:
- რა “ფუჰ?”
- ფუჰ, აბა, რა?! გუბიდან ხარ ამომძვრალი, _ მიახალა უდიერად ღიღილომ. ამას კი აღარ ელოდა გრუხუნა, კოპები შეკრა მრისხანედ და კიდევ იჭექა:
- გუბიდან ვარ ამოქროლილი თუ ამომძვრალი, ხომ ხედავ, მეც ისეთივე ღრუმელი ვარ, როგორიც შენ?!..
ორივე წამოხტა, თვალი თვალში გაუყარეს ერთმანეთს, ლამის ცხვირი-ცხვიტზე მაიდგეს; ძალიან სასაცილოები იყვნენ, საჩხუბრად აქოჩრილ მამლებს ჰგავდნენ... ჰოდა... ის იყო, სცემოდნენ ერთმანეთს, რომ მზემ სხივი-ნემსი გამოსწია, გამოაქანა, ჯერ ერთს უჩხვლიტა გვერდში, მერე-მეორეს. ერთიც ჩეხტა, მეორეც, _ ძალიან ემწვავათ. მობრძანდით აქ! _ მიიხმო მზემ ღიღილო და გრუხუნა თავისთან, _ ახლავე პირი დამბანეთ! -- ერთი ლოყა ერთს მიუშვირა, მეორე_მეორეს. მზეს ძალიან უყვარს პირის ბანა; საერთოდ, ღრუბლებსაც ძალიან უყვართ, როცა მზეს პირს ჰბანენ; ჰოდა... ღიღილო და გრუხუნაც ხომ ღრუბლები იყვნენ; მზემ რომ მიიხმო, ხელად ჩაცხრნენ, ჩხუბს თავი ანებეს, დაფაცურდნენ: ბანეს და ბანეს მზე, მთლად თავპირზე გადაევლნენ და ძირს დაეშვნენ შხრიალ-შხრიალით, თქრიალ-თქრიალით...
- ხომ ხედავ “ფუჰ” არა ვარ. ასე რომ იყოს, მზე პირს ხომ არ დამაბანინებდა?! – მოასწრო თქმა გრუხუნამ ად გაადინა კიდეც ტყაპანი იკეანეში, _ პირდაპირ ცხვირით ჩაეშვა წყლის სიღრმეში, მერე ისევ ზევით ამოვიდა, ერთიორჯერ ამოტრიალდა და პატარა მხიარულ ტალღად იქცა.
ღიღილო?
ღიღილო კი იქვე, ოკეანის მახლობლად, პატარა თხრილში ჩათქარუნდა _ ახლა ეს იქცა გუბედ, გრუხუნა კი არა?! ელდა ეცა: - ვაიმე, ახლა გრუხუნამ რომ დამინახოს... არ მინდა, არ მინდა, - ძლივს ამოილუღლუღა, ძლივს, იმიტომ რომ ღრუბელი აღარ იყო, ძველებურად ეჭექა და ეგრგვინა; საშინლად დასევდიანდა, - ახლა მე ვარ “ფუჰ”, მე ვარ...
- ვინ გითხრა, “ფუჰ” ხარო? - ჩიტები მოფრინდნენ, გუბესთან დასკუპდნენ,ოქროს ნისკარტებით გუბის წყალი დალიეს, - ვინ გითხრა, “ფუჰ” ხარო, ჰა? - სვამდნენ წყალს ამ ოქროს ნისკარტებით, თან ეკითხებოდნენ...
არავისაც არ უთქვამს, თვითონ ეგონა.