THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



კაცი სოკო

გუგული ტოგონიძე

ჩვენგან ძალიან შორს, ერთ ჩვეულებრივ პროვინციულ ქალაქში ცხოვრობდა კაცი სოკო.
როგორ თუ სოკოო? - იტყვით. რას იზამ! ასე შეარქვეს იმ ქალაქის მცხოვრებლებმა.
თურმე ერთხელ მეზობელს უთქვამს: მაგ კაცს რომ ვხედავ, საბავშვო წიგნში დახატული სოკო მაგონდება, წვიმაში თავისი ქუდის ქვეშ ჭიამაია, პეპელა, ხოჭო და ლოკოკინა რომ შეიფარაო.
იმ უბანში, თუ სადმე მოწყენილი ბავშვი იყო, ყველანი სოკო კაცთან მიდიოდნენ. აბა, ამდენ ბავშვს რა ეზო-სახლი დაიტევდა.
ჰოდა, გამოეფინებოდნენ ქუჩაში, ერთად შეჯგუფდებოდნენ და ქალაქგარეთ მიეშურებოდნენ. წინ ქალაქური იერის ტანთხელი, კაფანდარა კაცი-სოკო მიუძღოდათ. უკან მამლაყინწასავით აფხორილი, კისერწაგრძელებული გოგო-ბიჭები მიჰყვებოდნენ.
მათ დანახვაზე, ვინც სახლში იყვნენ, ისინიც ტოვებდნენ გისოსებში ჩასმულ კარ-ფანჯრებს და გარეთ გამოდიოდნენ. ზოგჯერ იმდენი ხალხი გროვდებოდა, გზატკეცილზე მოძრაობა წყდებოდა. შოფრები ბავშვების დანახვაზე იღიმებოდნენ, თუმცა ბრაზიანები იმათშიც გამოერეოდნენ ხოლმე და ჯიჯღინებდნენ: - კაცო, ეს რა ამბავია, თავისუფლად ვერ გაგვივლიაო.
კაცი-სოკო მათ ბუზღუნს ყურადღებას არ აქცევდა. ბავშვების გუნდით გაივლიდა ქუჩებს, გავიდოდა ქალაქის განაპირა უბანში, მთის ბილიკს აუყვებოდა და ტაფობზე, აღაღანებულ მინდორში შეჩერდებოდა. იქ კი ბავშვებთან ერთად ბალახში ჩაჯდებოდა და ყვავილების ცქერითა და სურნელებით ტკბებოდნენ. მერე ბავშვებთან ერთად დასდევდა პეპლებს, ხელისგულზე ჭიამაიას დაისვამდა და ეფერებოდა. ხან ყვავილთან ჩაიჩოქებდა, დიდხანს, დიდხანს დასცქეროდა და, უღიმოდა. ხან მოშრიალე ხის წინ შედგებოდა და შეჰყურებდა. იდგა გარინდული, თითქოს რაღაცას იგონებსო.
საერთოდ სხვაგვარი კაცი იყო... ერთხელ დაინახა, ვიღაც მამაკაცი ბალახს თიბავდა და ზედ ყვავილებსაც აყოლებდა.
სოკო კაცმა თამაში მიატოვა, იმ მოთიბულ ყვავილებთან ჩაიჩოქა და ნაღვლიანად დააცქერდა. მერე ერთი ცისფერი, ბულულა ყვავილი აიღო ხელში, აბგიდან წიგნი ამოაცურა, გადაფურცლა და ის ყვავილი შიგ ჩადო. სოკო კაცი არასოდეს მოწყვეტდა ყვავილს, თუ ვინმე აჩუქებდა, ასე ინახავდა. მერე ზამთარში გადაშლიდა წიგნს და მოგონებები ცოცხლდებოდნენ: როდის, სად, ვინ აჩუქა. ოთახში თითქოს ბავშვებთან ერთად გაზაფხული შემოდიოდა, კაცს სახეზე ღიმილი ეფინებოდა, გულში სითბო დაუტრიალდებოდა და სიმხნევე ემატებოდა.
ადამიანები ძველ ტანსაცმელს სიხარულით იცვლიდნენ, ის კი ნაღვლიანად ეთხოვებოდა. ყოველი ნივთი აგონებდა გადასულ დღეებს. საგნები არასოდეს გიღალატებენო, - ეტყოდა ხოლმე ბავშვებს.
ჭიქაში ჩადებულ ყვავილზე, სხვები იტყოდნენ: ჭკნებაო. სოკო-კაცი კი ამბობდა: დაიღალაო. მიწას რომ მოსწყვიტეს, მოიწყინაო.
...მთიდან სოკო კაცი და ბავშვები შებინდებისას ბრუნდებოდნენ, თმაში ციცინათელებს ჩაისვამდნენ და ქალაქში ისე შემოდიოდნენ.
ბარში გალაღებულები ეშვებოდნენ. გზადაგზა რაზე არ საუბრობდნენ, ქვეყნის ამბებზე, ზეცისაზე...
- მთვარეზე ადამიანმა ფეხი დადგა, მაგრამ ჩემთვის მთვარე ისეთად დარჩა, როგორც ადრე იყო, _ ჩურჩულით იტყოდა ხოლმე სოკო კაცი.
- მაინც რანაირიო? - ჰკითხავდა რომელიმე ბავშვი.
სოკო კაცი ფიქრიანი თვალებით ახედავდა მნათობს და ბავშვსაც აახედებდა.
- შეხედეთ. ციყვები ახტებიან ზემოდან მთვარეს.
- აბა?! - შეაჭყეტდნენ თვალებს პატარებიც.
- აი, ის ღრუბელი განა ციყვს არა ჰგავს?
- ჰო, მართლა ჰგავს! - გაიხარებდნენ ბავშვებიც.
- ციყვებმაც საქანელა გააბეს...
- ბიჭოს, რამხედა ღრუბლის ვეფხვი გამოვარდა... ციყვები შეშინდნენ და გაქრნენ.
გზის პირას, მთის გულიდან წყარო მოლიკლიკებდა, მას რომ მიუახლოვდებოდნენ, სოკო კაცი აუცილებლად ჩაილაპარაკებდა:
- ეს, წყლის ფერიები ჩურჩულებენ.
- რას საუბრობენ, ნეტა? - ახლა სხვა ბავშვი დაინტერესდებოდა.
- რას და!.. - კაციც მოჰყვებოდა რაიმე გაგონილ, თუ მოგონილ ზღაპარს, ამბავს.
სოკო კაცს საქციელი ბავშვისა ჰქონდა, გაღიმებაც ბავშვივით იცოდა. იცინოდა, სწყინდა თუ მოსწონდა, მართლა იცინოდა, მართლა სწყინდა და მართლა მოსწონდა. რასაც ფიქრობდა, პირზეც ის ეკერა. პატარა რამე ახარებდა და პატარა რამე ანაღვლებდა. ანგარებით ვინმეს საამებლად არას იტყოდა.
სურდა, ადამიანები კარგები ყოფილიყვნენ. თუ ვინმეზე იტყოდი, როგორიც უნდა იყოს, ისეთი არააო, სახე ეღრუბლებოდა.
ოღონდ ესაა, გულჩახვეული რომ იყო, დიდები გაურბოდნენ. სოკო კაცს რაღაც გაუმხელელი სევდა უღრღნიდა გულს. ნაღველი რომ გულზე შემოაწვებოდა, ქალაქგარეთ მიდიოდა მინდორში და, რა თქმა უნდა, ბავშვებიც თან მიჰყავდა.
მშობლებმა ერთხელ სოკო კაცს პოლიციაშიც უჩივლეს...
რატომ? კაცი სოკო ექსკურსიაზე მიმავალ ბავშვებს გაჰყვა. ავტობუსით გაემგზავრნენ და დანიშნულ ადგილზე ყველაფერი დაათვალიერეს. ერთი ადგილიღა დარჩათ სანახავი, სადაც ძველთაძველი ძეგლი იდგა.
- იქით სანახავი მეტი არაფერია!.. - თქვა მძღოლმა და ავტობუსი შემოატრიალა.
შოფერი ცოტა ბრიყვი და უწიგნური იყო.
- რას შვრები, კაცო?! - წამოხტა სოკო კაცი, - იქ არის, რაც არის. თუ ძმა ხარ, იქამდე ათი წუთის სავალია. მიგვიყვანე, გვანახე.
- ე-ე, შენც ერთი, ქვებია, სხვა რა უნდა იყოს? - ხელი აიქნია მძღოლმა.
- ქვები კი არა, ამ ქვეყნის ისტორიაა, ამ ხალხის სალოცავებია. ყველაფერზე ხელის ჩაქნევა, ქილიკი არ შეიძლება, გესმის! - შეჰყვირა. მხრებში ჩააფრინდა შოფერს. გვერდზე გადასვა. საჭეს თვითონ მიუჯდა და ავტობუსი შემოატრიალა.
ბავშვები მოწონებისა და სიხარულის ნიშნად აყიჟინდნენ.
სოკო კაცი კი მეორე დღეს ექსკურსიაზე მომხდარი შფოთის გამო ახსნა-განმარტებისათვის პოლიციაში გამოიძახეს...
დროდადრო სხვებისათვის შეუმჩნეველი ყრმობისდროინდელი სევდა უღრღნიდა გულს. კაეშნის გასაფანტავად ისევ და ისევ ბავშვებისაკენ მიილტვოდა.
ერთ დღეს ბავშვები შეჰყარა... ხელში ყველას წერაქვი, ბარი დააკავებინა და ერთად დაადგნენ გზას. გასცდნენ ქალაქს, აუყვნენ ბილიკს და ტაფობზე ნერგებისათვის ორმოების თხრა დაიწყეს.
- აქ იასამნების ბუჩქებს ჩავაყოლებთ და იასამნის ქუჩას დავარქმევთ.
- აქ თეთრად მოყვავილე ჩიტავაშლას დავრგავთ.
- ალუბლისას... - გეგმავდნენ ქუჩებს ბავშვები. მერე და მერე მთის კალთებზეც თხრიდნენ, რგავდნენ... და უხაროდათ, ლამაზი ტყე რომ გაშენდებოდა.
უხაროდა სოკო კაცსაც, მაგრამ მისი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. ზოგზოგიერთ მოქალაქეს გულში პატივმოყვარეობის ჭია აუფუთფუთდა და გაიფიქრეს: "ცაცხვების ქუჩა", "იასამნის..." ლამაზად ჟღერს, მაგრამ ეს ტყე სოკო კაცის სახელი იქნება და არა ჩვენიო..." თან უკვირდათ, ეს ამდენი ბავშვები როგორ აიყოლია და ასე ხალისით როგორ აკეთებინებს საქმესო.
გადაწყვიტეს, ტყის გაშენება ჩავშალოთ, ბავშვებს სოკო კაცზე როგორმე გული ავუცრუოთ, რაიმე საბაბი მოვნახოთო.
საბაბის მოსანახავად სოკო კაცს თვალთვალი დაუწყეს, იქნებ რაიმე აუგი შევამჩნიოთ და მერე ბავშვებს გავაგებინოთო.
და აი, ერთხელ თვალი მოჰკრეს სოკო კაცს. ბავშვების გასაცინებლად ხუმრობით ულვაშებში თმის სავარცხელი ჩაემაგრებინა და თოხით ხელში არხეინად მუშაობდა. მის ხუმრობაზე ბავშვები გულიანად იცინოდნენ... სიცილ-სიცილში ხალისით თხრიდნენ ორმოებს და ნერგებს რგავდნენ.
- შეხედეთ!.. ულვაშებში სავარცხელი...
- ჭკუათმყოფელი განა ასე მოიქცევა?! - შეიცხადეს მოთვალთვალეებმა და, "შერეკილიაო", პირი შეჰკრეს, ქვეყანას გააგებინეს.
- ე,.. თურმე გიჟი ყოფილა?! - ალაპარაკდნენ სოკო კაცის უბნელები.
- მგონი მართლაც ეგრეა, - დაეჭვდნენ დედები და შვილებს შეუძახეს. - არ ჩამოსცილდებით მაგ გიჟს?!
სოკო კაცის ყურსაც მისწვდა ნათქვამი, შეცბუნებული გაუყვა შინისაკენ მიმავალ ქუჩას. სევდა უღრღნიდა გულს. უცებ ეკლესიასთან მჯდარი ბავშვიდაინახა. ხელგაწვდილი მოწყალებას ითხოვდა. უმწეოდ და საცოდავად იყურებოდა. გამვლელ-გამომვლელები მშვიდად, გულგრილად უვლიდნენ გვერდს. ზედაც არ უყურებდნენ. გულისშემძვრელი იყო ეს ამბავი. სოკო კაცს თითქოს მკერდზე მჯიღი ჰკრესო, შებანცალდა. "სხვისია!.. და გამვლელ-გამომვლელებს არ ედარდებათ!" - გაუელვა ფიქრმა. ერთი სული ჰქონდა, აღრიალებულიყო.. გულში დაძრული რისხვა ყელში ამოუვიდა და იყვირა:
- შეჩერდით! ბავშვი ხელს გიწვდით, შველას გთხოვთ და გულგრილად მიდიხართ?!
- რა აღრიალებს, გიჟია, ოხერი?! - ჩაიბუზღუნეს ქუჩაში გამვლელებმა.
ასეთმა პასუხმა კიდევ უფრო გააცეცხლა სოკო კაცი, ეკლესიის ეზოში შევარდა... სამრეკლოზე აიჭრა და განგაშის ზარი შემოჰკრა...
- ნაუ!.. ნაუ!.. რეკავდა ზარი..
გულგრილობის ჭიით გამოფიტული ქალაქი შეიშმუშნა...
- ეს ვინ ოხერია. გიჟია, ჩამოათრიეთ ძირს! - პირიდან ცოფს ჰყრიდა ეკლესიის ეზოში შემოვარდნილი პოლიცმაისტერი.
სოკო კაცი სამრეკლოდან ჩამოიყვანეს და გარეთ გააგდეს. მიიხედ-მოიხედა, ბავშვი ვეღარსად ნახა და თავჩაქინდრულმა გზა გააგრძელა. დანაღვლიანებულს საოცრად სურდა ვინმე ნაცნობთაგანი შეხვედროდა და ერთი თბილი სიტყვა ეთქვა.
შინ, ოთახის კარი შეაღო თუ არა, ფეხსაცმელები გაიძრო და ტანგაუხდელი მიწვა ტახტზე, ფიქრები მოეძალნენ... ფარდაგადაწეული ფანჯრისაკენ გახედა და სივრცეში დაიწყო ყურება. თითქოს იქ ხედავდა თავის ცხოვრების გარდასულ სურათებს...
თავისი ბავშვობა გაახსენდა, მშობლიური ქალაქი... აი, რიკულებიან ხის აივნებს ხედავს. დედის ტკბილზე ტკბილი ხმა ესმის.. აივანზე ნათესავები მიმოდიან, ნაცნობ-მეგობრები...
- ბატი-ბუტი!.. - ბატი-ბუტი! - თითქოს ესმის ეზოდან ბატი-ბუტის გამყიდველი კეთილი მოხუცის ხმა, ბავშვებისაგან ბატი-ბუტის საფასურად ბოთლებს რომ იღებდა და ქუჩებში ბაბუაწვერასავით უწყინარად დააბიჯებდა...
სოკო კაცი მდუმარედ შესცქეროდა ფანჯარას. უცებ მოგონებებისაგან გულში ტკივილი იგრძნო და ამოიგმინა.
- რას გამორბოდა მამაჩემი ამ უცხო ქვეყანაში?! უთვისტომოს აქ ვინ რას გამიგებს?!
ბავშვოიდსდროინდელი მოგონებები ამაღლებდა და ასევდიანებდა კიდეც. იმ ძველი მოგონებებით შეჰღიმოდა აქაურ სახლებსა და ადამიანებს. აქაურ მარიონეტების თეატრშიც იმიტომ უყვარდა სიარული, რომ იქ, თავის სამშობლოში, ბავშვობაში დედას დაჰყავდა... მზესავით მოელოდა იმ დღეს, როცა სპექტაკლის სანახავად უნდა წასულიყვნენ. გულისძგერით შეაღებდა მარიონეტების თეატრის მოვარაყებულ კარს...
და აქაც, სხვის მიწაზე... ღიმილიანი შეჰყურებდა სცენაზე მოსიარულე გრძელფეხება, დიდთვალება თოჯინებს. ჩუმად, ხანაც ბავშვივით ხმამაღლა იცინოდა. აგონდებოდა თავისი ბავშვობა... და მალულად იმშრალებდა ცრემლს. თეატრიდან გამოსულს რაღაცნაირი სინათლე მოჰყვებოდა თან. თითქოს ბავშვობისდროინდელ ქუჩებში მიაბიჯებდა... და ირგვლივ ყველაფერი სხვაგვარად ლამაზი ეჩვენებოდა. მაგრამ დარდი გულს უკაწრავდა, სიხარული ეკარგებოდა, სევდა უღრღნიდა გულს. უთვისტომოს გული ერთთავად ბავშვებისაკენ მიუწევდა. მოუყრიდა თავს უბნის გოგო-ბიჭებს და ერთად მიდიოდნენ...
დედები, ბებიები ჯოხით ხელში მოსდევდნენ ბავშვებს, მაგრამ უკან ვერ აბრუნებდნენ. პოლიციაშიც უჩივლეს სოკო კაცს, ჩვენი შვილები თავს ჭკუაზე დაჰყავსო.
- რა ჩემი ბრალია, ბავშვები თავად მოდიან ჩემთან. თუ შეგიძლიათ, თქვენი შვილები დააკავეთო, - ნაღვლიანად პასუხობდა სოკო კაცი.
ბავშვები კი ვერა და ვერ გააჩერეს. დედები, ბებიები სიბრაზისაგან ლამის ჭკუაზე შეიშალნენ.
...ერთ დღეს ქალაქის მცხოვრებლებმა შეამჩნიეს, რომ სოკო კაცი დიდხანს არ გამოჩენილა ქუჩაში.
გავიდა კარგა ხანი. ზოგ-ზოგებმა თითქოს მიივიწყეს კიდეც. და აი, ერთ დილით ქალაქში ჟრიამული ატყდა. მთელი ქალაქის ბავშვები გარეთ გამოსულიყვნენ და სოკო კაცს გარს შემოხვეოდნენ. სოკო კაცი სახეგანათებული რაღაცას უყვებოდა და ხელს მთისკენ იშვერდა. ასე მხიარული იგი მეზობლებს არასოდეს ენახათ.
- რა ხდებაო? - დაინტერესდნენ. მათში რამდენიმე ჭკვიანი კაცი გამოერია, სოკო კაცსა და ბავშვების გუნდს აედევნენ: მოდი, ერთი ვნახოთ, ასე ხალისით სად მიიჩქარიანო.
შორს წასვლა არ დასჭირვებიათ. ქალაქის ბოლოს მთაზე ავიდნენ. მთის დასაწყისში ვეებერთელა ჭოგრიტი იდგა. სოკო კაცს, რომელიღაც საქველმოქმედო საზოგადოებიდან წამოეღო ბავშვებისათვის . პატარები შიგ მორიგეობით იხედებოდნენ და მზეში ნაბან ქალაქს ათვალიერებდნენ. გაოცებით მისჩერებოდნენ მზის ამოსვლას, მზის ჩასვლას. ათასი კითხვის აღმძვრელი იყო მათთვის აღმოსავლეთიდან უზარმაზარი წითელი ბურთის ამოცურება და მთის იქით მისი გაუჩინარება.
ბავშვებს ადევნებულმა მშობლებმა ყველაზე დიდი საოცრება მთის ტაფობზე ნახეს: პატარა სადგურები და ძველებური ვაგონები...
მთის ტაფობზე მთელ სიგრძეზე ვერცხლისფერი რკინიგზის ლიანდაგი ბზინავდა. ზედ პატარა ორთქლმავალი მოჩუქჩუქებდა და პაწია, ღია ვაგონებს მოარბენინებდა.
საბავშვო მატარებელი სადგურს რომ მიუახლოვდა, ჰუ-ჰუ! ჰუ-ჰუ-უ! - შეჰკივლა. სვლა შეანელა. მემანქანემ ორთქლმავლის ფანჯრიდან თავი გადმოჰყო და სადგურის უფროსს - პატარა ბიჭუნას მისალმების ნიშნად ხელი აუწია.
- ოჰო, ერთი ამას უყურეთ, ეს ხომ სოკო კაცია?! - შესძახეს მშობლებმა.
მატარებელი ბაქანთან გაჩერდა. ვაგონიდან ჟივილ-ხივილით გადმოცვივდნენ ბავშვები, სოკო კაციც გადმოვიდა.
- დეპეშაა თქვენს სახელზე!.. - მიირბინა მასთან სადგურის მორიგემ, ცისფერთვალა გოგონამ.
სოკო კაცმა დეპეშა წამიკითხა:
გილოცავთ საბავშვო რკინიგზის გახსნას! თქვენი კეთილისმსურველი ქალაქის მერი.
სოკო კაცი წამით ფიქრს გაჰყვა: ...რამდენი ირბინა ნებართვისათვის..., რაც ბანკში ფული ჰქონდა, სულ ამ საქმეში დააბანდა... ტყუილად კი არ აშენებდა ამ მთაზე ბავშვებთან ერთად ტყეს... მერე კი ოთხი პატარა სადგური - ოთხი პატარა ჯიხური დადგა...
ჩამოჰკრავდნენ ზარს და პატარებით დახუნძლული ვაგონები რელსებზე გასრიალდებოდნენ. მატარებელი ტაფობის დასაწყისიდან მოდიოდა. გზადაგზა პაწია სადგურები იყო. სადგურებთან რამდენიმე წამს ჩერდებოდა. ერთ პატარა, ცისფერ ნისლში გახვეულ ხეობას გაივლიდა, მერე პატარა გორაკს შემოუვლიდა და მეორე ლიანდაგით უკან ბრუნდებოდა. ამ გზას დღეში რამდენჯერმე გადიოდა.
ო, როგორ უხაროდათ ბავშვებს მგზავრობანას თამაში. სიცილ-კისკისით მიდიოდნენ ერთი სადგურიდან მეორემდე.
მატარებელსა და სადგურებს მათი მოგონილი სახელები ერქვა და აბრაზე დიდი ასოებით ეწერა:
"რცხილნარი". "ცაცხვების ხეივანი". "წაბლის ხეობა". "ირმის რქა".
სწორედ ამვ დროს მორიგემ გამოაცხადა:
- მატარებელი... (მშობლებს სრულიად უცხო სიტყვა ჩაესმათ ყურში) რამდენიმე წამში სადგურიდან გავა. ბავშვებს ვთხოვთ, მინდორში თამაშს დროებით თავი გაანებონ და ვაგონებში ჩასხდნენ. ვიმეორებ, მატარებელი...
სოკო კაცი მორიგის შეძახილზე ფიქრებიდან გამოერკვა. თვალები აუციაგდა, დეპეშა დაკეცა, ჯიბეში ჩაიდო და შეტრიალდა.
- ჩქარა, ჩქარა, თორემ მატარებელზე დაგვაგვიანდება! - აჩქარებდნენ ერთმანეთს ბავშვები.
- მოდი ერთი, ჩვენც ჩავსხდეთ! - თქვეს მშობლებმა და ვაგონებში ავიდნენ.
მატარებელი რელსებზე გასრიალდა. გზის იქით და აქეთ მწვანედ ახასხასებული ხეები ჩამწკრივებულიყვნენ და ირგვლივ დამათრობელ სურნელს აფრქვევდნენ.
ვაგონში კონდუქტორმა გოგონამ ჩამოიარა:
- მზესუმზირა არავინ ჭამოთ... მოაჯირზე არავინ გადაეყუდოთ!..
- თქვენ ბილეთები გაქვთ?! - ჰკითხა მშობლებს.
- განა უნდა აგვეღო? - უპასუხეს.
- ჩვენთან უბილეთოდ მხოლოდ ბავშვები მგზავრობენ. სხვა დროს აუცილებლად აიღეთ, - უპასუხა გოგონამ და დაიძახა: - ვუახლოვდებით სადგურ "ირმის რქას". მცირე ხნით შევჩერდებით. ვისაც გსურთ, ბაქანზე გადადით და "ირმის რქის" ყვავილების ყურებით დატკბით.
მატარებელი შეჩერდა. მშობლებმა იასამნის ყვავილებში ჩაფლული, იასამნისფრად შეღებილი პაწია ჯიხური დაინახეს. შენობის წინ იასამნისფერ კაბაში გამოწყობილი მორიგე იდგა და მისალმების ნიშნად იამსამნისფერ ალამს აფრიალებდა.
- ჩუქუ...ჩუქუ"! - გააგრძელა გზა მატარებელმა. ბორბლების ხმაურში ხან ბავშვების სიცილი ისმოდა, ხან ორთქლმავლის შეკივლება, ხანაც ჩიტების ჭიკჭიკი.
- უჰ, რა კარგი ვქენით, რომ წამოვედით.
- ნამდვილი ბედნიერებაა...
- ნეტა სულ აქ გვამყოფა, - ამბობდნენ მოხიბლული მშობლები
...მატარებელი წაბლისფერ სადგურს - "წაბლის ხეობას" გასცდა, პატარა გორაკს შემოუარა და უკან გამობრუნებისას ნარინჯისფერ სადგურში შევიდნენ.
-"ცაცხვების ხეივანი..." - ამოიკითხა აბრაზე ერთმა მშობელმა და მერე სხვებს გადაულაპარაკა: - სადგურის სახელწოდების გვერდით რაღაც წარწერაა და ვერ ამოვიკითხე.
- ეგ ჩვენც შევამჩნიეთ, - უპასუხეს სხვებმაც, - მაგრამ წაკითხვა ვერ შევძელით.
- ბავშვებიც, სადგურის დასახელების დროს, რაღაც უცხო სიტყვევბს ხმარობენ.
- რა ენაზე წერია, ან რას ნიშნავს?! - დაინტერესდნენ მშობლები და ბაქანზე ფეხი დადგეს თუ არა, სოკო კაცს ჰკითხეს:
- გეთაყვათ, მატარებელს და სადგურებს ჩვენთვის უცხო ასოებით რა აწერია?..
სოკო კაცს სახეზე სევდის ჩრდილმა გადაჰკრა. ფიქრმა წაიღო... ჰო... დღემდე სულ სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობდა, ბავშვობისდროინდელი მოგონებები მოსვენებას არ აძლევდა, ფეხდაფეხ დაჰყვებოდა. უცხო ქვეყანაში და ხალხში თავს ობოლივით გრძნობდა და დღენიადაგ მოწყენილიც იმიტომ დაიარებოდა...
...მამამ ჩამოიყვანა აქ...ის რომ გარდაიცვალა, სოკო კაცის სახელზე ბანკში დიდძალი თანხა აღმოჩნდა... რომ გაიგო, მდიდარი ვყოფილვარო, ჯერ გაუხარდა. მერე ისევ არ მოასვენა სევდამ, გული იქ, შორეულ ქვეყანაში დარჩენილი თავისი ბავშვობისაკენ, თვისტომისაკენ, დედის საფლავისაკენ მიუწევდა.
ხშირად თითქოს ცხადლივ ხედავდა ქალაქის თავზე წამომდაგარ მთას, იმ ბილიკს, დედასთან ერთად ხელჩაკიდებული რომ მიუყვებოდა... მდინარეზე - მეტივეებს, მენავეებს. ქუჩაში გამოსული ტოლ-სწორების ჟივილ-ხივილიც ესმოდა, მეზობლების ერთმანეთთან ტკბილი საუბარიც.
ახსოვს, ბავშვებმა კაკანათი გამართეს... კეთილმა ხაბაზმა მახეში გაბმული ჩიტები გაათავისუფლა და ყვირილით მირეკ-მორეკა ბიჭები: რას ერჩით ამ საცოდავებსო.
ისიც ახსოვს, მეზობლის ეზოში ბალზე ქურდულად აცოცებული ბავშვები ბაღის პატრონმა ძირს რომ ჩამოიყვანა, თავად დაუკრიფა ხილი და ბლის კუნწულებით ხალათების უბეები აუვსო.
სოკო კაცს თავის ქვეყანაში ბევრჯერ უნდოდა წასვლა, მაგრამ ვერა და ვერ მოახერხა... სევდა კი თავს არ ანებებდა და გულ-ღვიძლს უფლეთდა...
ბოლოს მთელი თავისი ქოება ამ საბავშვო რკინიგზის მშენებლობას შეალია.
ჯერ ტყე გააშენა... მერე სადგურები. ამ პატარა სადგურებს აბრაზე ბავშვების შერქმეული სახელები: "რცხილნარი", "ირმის რქა..." რომ წააწერა, გვერდით თავის ენაზეც მიაწერა სახელები; ასევე მატარებელსაც - მთელ სიგრძეზე - და ბავშვებს მათი წაკითხვა ასწავლა.
ო, როგორ უხაროდა, გულაჩქარებული შესცქეროდა ხმაურით მომავალ მატარებელს.
ორთქლმავლის შეკივლებაში, ბავშვების ჟრიამულში, სადგურის მორიგის შეძახილში ყურს მშობლიური სიტყვები ხვდებოდა და კაცი შვებას გრძნობდა, სახე უბრწყინავდა, ასე ეგონა, ისევ იქ იყო, თავის ქვეყანაში. დედის ხელსჩაჭიდებული ბაქანზე იდგა და სადგურში ქშენით შემოსულ მატარებელს ხვდებოდა...
პასუხის მოლოდინში მშობლები გაშტერებით შეჰყურებდნენ სოკო კაცს, ნეტა ასე რამ ჩააფიქრაო?!
სოკო კაცმა, როგორც იქნა, ასწია თავი და ღელვით გაფიცხებულ ტუჩებს ძლივს ამოაცილა:
- მატარებელს ჩემი სამშობლოს სახელი აწერია ჩემს მამა-პაპათა ენაზე, სადგურებს კი - ჩემი ქვეყნის ქალაქების...
- მატარებელი "საჩხერე-თბილისი" რამდენიმე წუთში გავა სადგურიდან! გამოაცხადა სადგურის მორიგემ.
სოკო კაცმა ერთი კვნესასავით ამოიოხრა, ლოყაზე კურცხალი ჩამოუგორდა და ორთქლმავლის კიბეზე ავიდა.