THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ბავშვობის ექო

ნინო ჩხიკვიშვილი


(დოდო ხიმშიაშვილის შემოქმედება)


შეუძლებელია ვისაუბროთ ქართულ საბავშვო ლიტერატურაზე და არ ვახსენოთ დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორიას შემოქმედება _ ავტორის შორეული ბავშვობისა და სიყმაწვილის მკაფიო, ფერადოვანი ანარეკლი.
ეპოქა, რომელზედაც მწერალი გვესაუბრება, უკვე გარდასულია, მაგრამ იმდენად შთამბეჭდავია, რომ მისი ექო დღემდე გარკვევით ჩაგვესმის. წერს კიდეც ერთგან: `მე კი, როგორც თავისუფალ დროს ვიშოვი, ჩემს სანუკვარ ბავშვობაში გავრბივარო~ და მართლაც, როცა მის ნაწერებს კითხულობ, თან გდევს განცდა _ თითქოს მწერლის დიდი ხნის წინანდელ დღიურებს ფურცლავდე. ამდენად, მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელია მხატვრულ-დოკუმენტური პროზის ელემენტები (ისინი ეგრეთწოდებული მოთხრობითი თხზულებანი გახლავთ), რომლის კითხვა სახალისოცაა და სევდის მომგვრელიც. ვფიქრობ, სწორედ ამ ორი განცდის თანაარსებობა განსაზღვრავს დოდო ხიმშიაშვილის შემოქმედების არსს. მის მოთხრობებში ცოცხლდებიან რეალური პიროვნებები და რეალური ფაქტები, რომელიც მხატვრულ საბურველშია გახვევული. ამ საბურველის მიღმა იოლი ამოსაცნობია მწერლის წინაპრები და მშობლები, ქვეყნისთვის თავდადებული ძმა _ კოტე ხიმშიაშვილი.
კოტე ხიმშიაშვილის ფენომენზე ახლა აღარ გავაგრძელებ საუბარს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ იგი ერთ-ერთი შესანიშნავი პროზაიკოსი დადგებოდა (აკი ამასვე უწინასწარმეტყველებდა მიხეილ ჯავახიშვილი) რომ არა სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავგანწირვა... კოტეს სახება სულ თან სდევს მწერალს, მოთხრობიდან-მოთხრობაში, ამბიდან-ამბავში გადადის და არასდროს უჩინარდება.
ახლა ერთ-ერთი მოთხრობა `ფურისულას სურნელი~ და, პატარა დაიკოსა და მისი უფროსი, ჭკვიანი უფროსი ძმის დალოგი მახსენდება:
` _ ყველაფერი ლამაზია, ჩემო კარგო, როცა თოთხმეტი წლის ხარ, _ დამცინავად ამოიოხრა ჩემმა ძმამ.
ისევ ვიგრძენი ფურისულას სურნელი და გავინაბე.
_ იგრძენი? _ თითი სადღაც გავიშვირე.
_ რა? _ ისევ ირონიულად შემომხედა, ცისფერი ძარღვი დააჩნდა შუბლზე.
_ ფურისულას სურნელი, ფურისულას?..
კოტემ ხმამაღლა გაიცინა, ჩემი თავი მკლავში მოიქცია, მოხრილი საჩვენებელი თითით დამიწყო კაკუნი ქოჩორთან,
_ ვაიმე ეს რა სულელი მეოცნებე დაიკო მყავს! _ მერე ხელი შემიშვა
_ რა გეშველება შენ, თუ არ გამოფხიზლდი?
_ რისგან უნდა გამოვფხიზლდე?!
_ არაფრისგან... _ ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ მითხრა, ჯიბეებში ხელები ჩაიწყო, ტახტის კუთხეში ისე მიჯდა, ზურგით კედელს მიეყრდნო, ფეხი-ფეხზე გადაიდო. დაფიქრდა და ისევ თქვა ჩუმად: _ არა, არასოდეს არ გამოფხიზლდე... ასე ჯობს, რაც შეიძლება ბევრი იოცნებე...~
ეტყობა, ძმის დარიგება სამუდამოდ ჩაიბეჭდა გოგონას გულსა და გონებაში, რადგან უკვე დიდობაშიც გადმოყვა: საბავშვო მწერლის მოთხრობებში ოცნება, როგორც ერთ-ერთი გარდასახული პერსონაჟი, ყველგან იგულისხმება. ამ ოცნებას ერთგან ყინულის ბროლის ციგა ქვია, ზოგჯერ _ გადასახლებაში გაგზავნილი დედ-მამისა და მშობლიური თბილი კერის მონატრება. ხანაც ერთი დიდი ლამაზი სახლის აშენება, სადაც ერთად ჰარმონიულად იცხოვრებენ მარტოხელა მოხუცები და უპატრონო ბავშვები. (`ბასარა და ტარაბისო~). ზოგჯერ კი ის ლამაზი ლეგენდა, რომელიც ფერეიდანში გადასახლებულ სამშობლოში დაბრუნებაზე მეოცნებე ქართველს შეუთხზავს.
საერთოდ, მამას, დედას, ძმას, დიდედა-პაპებს, ბიძა-ბიცოლას, პედაგოგებს, მეგობრებს, შეყვარებულ გოგო-ბიჭებს, თუ უჩინო ალალმართალ, მშრომელ გლეხებს, უკლებლივ თითქმის ყველას, რომლებიც მწერლის სამყაროშო არსებობენ, ჩვენამდე გარდასული ეპოქის სუნთქვა მოაქვთ და... ამ აჩქარებულ, თანალმობისგან დაცლიც საუკუნეში, ლამის გვაიძულებენ გავიხედოთ წარსულისკენ, ვიგრძნოთ ქართული ფესვები, თურმე, არც ისე სუსტი, არც ისე უღონო, ასე ახლობელი და თანაც, საუკუნეთა მიღმა, მართლმადიდებლურ მენტალიტეტზე აღმოცენებული და აყვავებული.
გავიხსენოთ `მამის შეგონება~ და `დედის ლოცვა~ _ ეს ორი პაწია სურათი, ამ ტექსტის ავტორის მშობელთა ცხოვრების კრედოს რომ გვამცნობს, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ როგორ ზრდიდნენ ქართველნი შვილებს, რას ჩააგონებდნენ მამულიშვილნი თავიანთ ვაჟებსა და ქალებს. ეტყობა, ეს ერთგვარი კანონზომიერებაც იყო, რადგან სწორედ ასეთი მშობლებისა და ასეთი წინაპრების ჩამომავალთ შეეძლოთ მამულისთვის ისეთი თაგანწირვა, როგორც ეს კოტე ხიმშიაშვილმა შეძლო.
არადა, თითქოს ისეთ, განსაკუთრებულსა და გამორჩეულს არაფერს ეუბნება მამა პატარა ვაჟს, მაგრამ სწორედ ამ უბრალოებაშია ჩადებული ადამიანის სიცოცხლის ჭეშმარიტი არსი, მოყვასისა და ღვთის სიყვარული:
`_ ბიჭო, ჩემო პატარა ვაჟკაცო, _ ჩასჩურჩულა მამამ შვილს. მერე ისე ფრთხილად, თითქოს ვარდისფერი კანი არ დაუწვასო ეამბორა. _ ხედავ, როგორ გაგათბო მზემ, შეხედე, როგორ გინანავებს, ოქროსფერ სხივებზე გარწევს და, ყურს თუ მიუგდებ, ანგელოსები უკრავენ შენთვის ჩანგს. ღვთის ნაბოძებია ეს ყველაფერი, შვილო, შეიყვარე მზე და მისი სიკეთე, იწამე ღმერთი, ის მოგცემს ბარაქასა და სიცოცხლის წყაროს, გულში სითბოთი სავსე სულს ჩაგიღვრის, შენ თუ გინდა ბედნიერი იყო, მთელ ქვეყანას ამყოფინე იგი!
იცოდე, არასოდეს ჩაიდო ბოროტება გულში. თავისუფლება არ წაართვა არცერთ სულიერს დედამიწაზე. ცუდად არავინ გაიმეტო. არ გაამწარო სხვისი დედა, შვილი არ მოუკლა. არავის დაუკარგო სიკეთე და სიყვარული.~
ვგონებ, ამ შეგონებას ყავლი არ გასდის, დღესაც ყური უნდა დავუგდოთ, თუკი კვლავ გვინდა კარგ ადამიანად და ჩინებულ მამულიშვილად გავზარდოთ შვილები. მშობლებმაც უნდა გავითავისოთ ეს დარიგებანი. _ თუნდაც აი, ამიტომ უნდა წავიკითხოთ დოდო ხიმშიაშვილის წიგნები, რათა საკუთარ არსებაში ჩაბრუნებული მზერით აღმოვაჩინოთ ის, რასაც ასე მოვისაკლისებთ ჩვენს უჟმურ დროში...
მაღლა მწერლისეული გულწრფელობა და სილაღე ვახსენე და აქვე მინდა, დოდო ხიმშიაშვილის პერსონაჟთათვის დამახასიათებელი რამ შევნიშნო: მიუხედავად ასეთი ბავშვურობისა, ისინი თითქოს მალე ტოვებენ ბალღობის ხანას და იწყებენ სხვებზე ფიქრს, მათი გრძნობები, მიზნები, ოცნებებიც კი, მხოლოდ სხვებზე ზრუნვითაა ნასაზრდოები.
გავიხსენოთ თუნდაც, თემატიკით ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული, ორი მოთხრობა _ `ბროლოს ციგა~ და `ყოჩივარდები~. ამ მოთხრობის პერსონაჟები, პატარა ნათია და ავთო, სრულიად სხვადასხვა ვითარებაში ჰყავს ჩაყენებული მწერალს. მათი გადაწყვეტილება (ქმედება), მათი გულისკარნახიდან გამომდინარეობს და ამდენად, ლოგიკურობასაც ინარჩუნებს.
მწერლის პერსონაჟები, პატარებზე მზრუნველი უფროსები, გოგო-ბიჭები თუ ცხოველთა სამყაროს მკვიდრნი, ყველანი თითქმის, მხოლოდ სიკეთისთვის, ან მის გადასარჩენად იღვწიან.
საერთოდ, ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში (და მეტადრე საბავშვოში), ტრადიციად დაამკვიდრა ვაჟა-ფშაველამ ბუნებისა და ტყის შვილთა ადამიანის ენაზე ამეტყველება, მათი გასაჭირისა, თუ სიხარულის ჩვენამდე ისე მოტანა, რომ პატარას, როცა ის დიდი გაიზრდება, ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილება, ვერაფერმა გაუფერმკრთალოს.
სწორედ ამ კარგი ტრადიციის ერთ-ერთ გამგრძელებელად მოგვევლინა დოდო ხიმშიაშვილი თავისი რამდენიმე მოთხრობით.
გავიხსენოთ, თუნდაც, ექსპრესიულობით გამორჩეული _`ძუ მგლის თვალები~. მასში მოთხრობილი ამბავი საინტერესოა, როგორც ყმაწვილთათვის, ასევე მოზრდილი თაობის მკითხველისთვის.
დატყვევებული ძუ მგლისადმი ადამიანის დამოკიდებულებას, მხოლოდ ჰუმანურს ვერ დაარქმევ (რადგან, ვფიქრობ, ჰუმანიზმი შეიძლება ისწავლო), ეს უფრო თანდაყოლილი კეთილშობილება და ღვთის სიყვარულია, რომელიც ასე გამოარჩევს ამ მოთხრობის მთავარ პერსონაჟთ და მით უფრო მწერლის მამას.
ამ მოთხრობაში და სხვაგანაც, გავიხსენოთ თუნდაც `სეირა~, ავტორს ერთი ამოცანა აქვს, დამაჯერებლად აღწეროს ის ამბავი, რაც ერთი შეხედვით თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია!
ძუ მგელმა მადლიერება თუ გამოხატა ადამიანისადმი, ძაღლი ხომ უფრო ერთგულია?! სწორედ ამ ერთგულების შთამბეჭდავი ამბავი გადმოსცა ავტორმა მოთხრობაში. ამ ჯიშიანი მწევრის მონოლოგში კარგად იგრძნობა ის დამოკიდებულება, რაც ღირსეულ პატრონსა და გამორჩეულ პირუტყვს შორის არსებობს. ეს მოთხრობაც, ისევე როგორც `ძუ მგლის თვალები~, ექსპრესიულობითა და მართლაც შესაშური სილაღითაა შესრულებული, შესაბამისად, მოთხრობის შინაგანი რიტმი არსად იცვლება და ფინალამდე ისე მიყავს მწერალს მკითხველი, რომ არათუ პატარა, ზრდასრული ადამიანიც კი იოლად შორდება რეალობას.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ დოდო ხომშიაშვილის თითქმის ყველა ტექსტის ექსპოზიციური ნაწილი ყოველთვის სათავისოდ განაწყობს მკითხველს. ბავშვური უშუალობა, რომელიც ასე დამახასიათებელია მწერლისთვის, მკითხველსაც იოლად გადაედება. პატარა ენდობა მთხრობელს, მასთან ერთად უხარია, სწუხს და გაოცებასაც ვერ ფარავს.
გარდა ამისა, აქვე მინდა ყურადღება მივაქციო მწერლის ენასა და გამომსახველობით საშუალებებს: თხრობის მანერა უბრალოა, სადა. ავტორი საგანგებოდ არ ეძებს განსხვავებულ, ექსპერიმენტულ გზებს, არც თხრობის ორიგინალურ, თამამ სტილს ირჩევს, რადგან მისთვის მთავარია თვითონ ფაბულა. როცა ფაბულა საინტერესოა, სიუჟეტიც შესაბამისად ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ვითარდება.
მინდა კიდევ ერთი ულამაზესი ტექსტი გაგახსენოთ, `ჩვენი ბავშვობის ერთი დღე~, რომ დაურქმევია ავტორს და გითხრათ: ის ოჯახური იდილია, რასაც მწერალი გვთავაზობს, უდავოდ აღძრავს იმ ნოსტალგიას, რომელიც ასე დამახასითებელია ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის მკითხველისათვის. ეს ის სამყაროა, ეს ის ფერებია, რომელიც ასე ნელ-ნელა ფერმკრთალდება და... სამწუხაროდ, ქრება!
მაღლა შევნიშნე, რომ ავტორისთვის დამახასითებელია დოკუმენტური პროზის ელემენტები-მეთქი და ამის ნიმუშოდ მინდა გიორგი ლეონიძის პორტრეტისათვის კიდევ ერთი საინტერესო შტრიხი წარმოგიდგინოთ:
`კარი უზარმაზარმა, ჭრელთვალა კაცმა გაგვიღო. ნესტანის მამა იყო, ძია გოგლა, ხელის მაგივრად ხუმრობით ყველას საჩვენებელი თითი ჩამოგვართვა.
_ მობრძანდით, მობრძანდით! უუ, როგორ გაგზრდიათ თავები! ალბათ, ბევრი ცოდნა მიიღეთ, _ გაიცინა და თავის სამუშაო ოთახში შებრუნდა.~
აქვე დიდი ივანე ჯავახიშვილის მონატრებაც ჩნდება და მწერალი მართლაც მოხერხებულად, პატარისთვის გასაგებ ენაზე შეახსენებს, მეცნიერის ღვაწლსა და მისთვის დამახასითებელ კიდევ ერთ თვისებას:
`_ საქართველოს ერთი ძალიან ჭკვიანი, პატრიოტი, დიდი მეცნიერი ჰყავდა. სულ იმაზე ფიქრობ, საქართვლოს თავისი ისტორია არ დაკარგვოდა და ყველა ქართველს კარგად სცოდნოდა თავისი წინაპრების გმირული და სახელოვანი წარსული. ამიტომ ბევრი წიგნი დაწერა და `ქართველი ერის ისტორია~ დაარქვა.
საერთოდ, მთელი სიცოცხლე საქართველოს ისტორიის შესწავლას შესწირა. ეს კაცი ივანე ჯავახიშვილი იყო. კარგი ცოლ-შვილი ჰყავდა. ორი ვაჟი და ერთი ქალი. ქალს ნათელა ერქვა და ძალიან ახალგაზრდა, თქვენს ბაღში მასწავლებლად მუშაობდა (მიმართავს პატარა ყმაწვილს - ნ.ჩ.).
ერთხელ, ეს დიდი ხნის წინ მოხდა, ბაღი სადღესასწაულოდ ემზადებოდა. უნდოდათ ეროვნული ცეკვა დაედგათ, რაც მაშინ თითქმის აკრძალული იყო. საგონებელში ჩაცვივდნენ. ქალბატონმა ნათელამ მამას შესჩივლა გასაჭირი. ბატონ ივანეს ბევრი არ უფიქრია, აიღო სუფთა ქაღალდი და გოგო-ბიჭებისათვის ხევსურული ტანსაცმელი დახატა. იქვე ფარ-მხალი მიახატა. დაარიგა შვილი _ ბიჭუნებს ფარ-მხალი უნდა ეჭიროთ ხელშიო. საცეკვაო ილეთები ჩამოწერა, საცეკვაო მუსიკა უკარნახა და ასე შეიქმნა თქვენი `მხედრული~.
დიახ, ასეთი წინაპრები გვყოლია და ასეთი მეცნიერნი, რომელთათვის არ არსებობდა დიდი და პატარა სატკივარი, სადიდო თუ საყმაწვილო, ერთი შეხედვით პატარა პრობლემა, როცა საქმე თავისი ქვეყნის ბედსა და მომავალ თაობას ეხებოდა.
ასეა, ეს ყველაფერი არც ჩვენთვის, უფროსებისთვისაც, გახლავთ უინტერესო.
და ამ ეპიზოდსა თუ კიდევ სხვა მოგონებას, რომელიც დამუკიდებელი საქართველოს 1918-21 წლების იტორიას გვახსენებს, გარდა მხატვრული ღირებულებისა, კიდევ რაღაც სხვა, გამორჩეული მნიშვნელობა ენიჭება. ეს თითქოს ის განცდაა, რომელსაც ზუსტ სახელს ვერ დაარქმევ. განცდა, რაღაც ძალიან მშობლიურისა და თან ამავე დროს მოუხელთებლის. ეს, ალბათ, უფრო სტრიქონთაAმიღმა უნდა შეიგრძნო. შეიგრძნო, რადგან მწერალი არსად ცდილობს დამალოს გრძნობა... პირიქით, მისზე თამამად და გულახდილად გვიყვება და პატარებსაც ამავე სითამამეს აჩვევს. ოღონდ, ეს სითამამე სულაც არ არის ზღვარგადასული. იგი ზუსტად ავლებს ზღვარს სითამამესა და თავხედობას შორის და ასე წვრთნის თავის პატარა მკითხველთ. ამიტომაც, მწერლის ტონი არასოდეს გახლავთ გადაჭარბებულად დიდაქტიკური. საერთოდაც, შეიძლება ითქვას რომ, ავტორი შეგნებულად თავს იკავებს, გამომწვევი დიდაქტიკურ--დამრიგებლური ინტონაციისგან. და ესეც იმიტომ რომ სხვათა, მით უფო პატარათა, ღირსების დამცველი შემოქმედია.



* * *

დოდო ხიმშიაშვილი ერთგან წერს: სიჩუმე ადამიანივით იდგა ფანჯარასთანო. და ვინ იცის, იქნებ, სწორედ ეს სიჩუმე კარნახობს ამ ყოველივეს?!.
ამიტომ ამ პროცესზე დაბეჯითებით რაიმეს თქმა გამიჭირდება, მაგრამ ერთს მაინც დავძენ: შემოქმედება რაღაცით თითქოს ლოცვასაც კი მაგონებს და განა, არსებობს კიდევ ამ ქვეყნად სხვა რამ მათზე იდუმალი და ძვირფასი?..