THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ბატონი ბინის ცხვირი

მანანა ჯოხარიძე


ბატონ ბინს ძალიან გრძელი ცხვირი ჰქონდა. ისე გრძელი, რომ წვიმის დროს ქუდი ვერ იფარავდა და ცხვირის წვერი უსველდებოდა ხოლმე. ამის გამო ბავშვებმა სიმღერაც კი მოუგონეს:
წვიმა წვიმდა,
წვიმის წვეთებს
ცხვირის წვერზე დამაყრიდა.
მართალია, შეეძლო ქოლგა ეყიდა და წვიმაში იმით ევლო, მაგრამ რატომღაც ქოლგით სიარული არ უყვარდა, თანაც ყნოსვაში ხელს უშლიდა. დიახ, ბატონ ბინის ცხვირს ერთი უცნაური თვისება ჰქონდა: სად, ვის სახლში რა კერძი მზადდებოდა, შორ მანძილზეც კი გრძნობდა - სად წვნიანი იხარშებოდა, სად ღვეზელი ცხვებოდა, სად კიდევ ორცხობილას ხუხავდნენ. რესტორანში რომ შევიდოდა, კერძებს თვითონ ჩამოუთვლიდა ხოლმე: ესა და ეს კერძი რომ გაქვთ, მომიტანეთო. სუნამოს ხომ ნუღარ იკითხავთ - ვის რა სუნამო ესხა, მის ცხვირს არ გამოეპარებოდა.
უცნაურად გრძელი ცხვირის გამო ბატონ ბინს ყველა იცნობდა. ქუჩაში რომ გამოვიდოდა, იწყებოდა მისალმება: ჯერ მეკარე მიესალმებოდა, მერე გაზეთების გამყიდველი, მერე პოლიციელი... ახლომახლო მცხოვრებნი ხომ სალამს არ აცდიდნენ და უცხოებიც ისე არ ჩაუვლიდნენ, რომ არ შეეხედათ. განსაკუთრებით კი ბავშვები აბეზრებდნენ თავს; წარამარა ხან აქედან, ხან იქიდან გაისმოდა:
წვიმა წვიმდა,
წვიმის წვეთებს
ცხვირის წვერზე დამაყრიდა.
ბოლოს ისე შებეზრდა, ადგა და ქოლგა იყიდა - დიდი, შავი ქოლგა. და სწორედ იმ დღეს, როცა ქოლგა იყიდა, გაწვიმდა.
ბატონი ბინი შინ ბრუნდებოდა. დაეცა თუ არა წვიმის წვეთები, ქოლგა გაშალა და - ტკაც!.. - უცებ ჩამობნელდა, ირგვლივ ყველაფერი აირია, დატრიალდა... ბატონმა ბინმა უნებურად თვალები დახუჭა და...
გონს რომ მოვიდა, დაინახა ჟღალთმიანი, ეშხიანი ქალი, რომელიც დიდი მწვანე თვალებით შემოსცქეროდა. ქალს მოკლე ყვითელი კაბა ეცვა და ხელში პატარა ცხვირწაწვეტებული ჯოხი ეჭირა. ჯოხი უცნაურად ბრჭყვიალებდა, გარშემო კი ყველაფერი ნისლს დაეფარა.
- გამარჯობათ!.. - უხერხულად ამოილუღლუღა ბატონმა ბინმა, - ხომ ვერ მეტყოდით, სად ვიმყოფები?
- სად და ჯადოსნურ ქვეყანაში, - ღიმილით მიუგო ქალმა.
- ჯადოსნურ ქვეყანაში? - ბატონმა ბინმა დაბნეულმა მიმოიხედა, მაგრამ სქელი თეთრი ნისლის მეტი ვერაფერი დაინახა, - იცით, ამ წუთში ჩემს ქუჩაზე მოვდიოდი!
- უარესიც ხდება ხოლმე, ეგ სულ თქვენი ქოლგის ბრალია.
- ქოლგის?.. - ბატონმა ბინმა თავს ზემოთ გაშლილ ქოლგას ახედა, - ეს ხომ მაღაზიაში ვიყიდე?!
- მაღაზიაში რას არ ყიდიან?! ამას წინათ აქ აღმოჩნდა კაცი, რომელმაც მაღაზიაში მტვერსასრუტი იყიდა.
- მომიტევეთ, ქალბატონო, მაგრამ ვისთან მაქვს საუბრის პატივი?
- მე ჯადოქარი ვარ.
- როგორ, ნამდვილი ჯადოქარი?
- დიახ. რატომ გაიკვირვეთ?! თქვენი აზრით, მაინცდამაინც თმაგაწეწილი და ეშვებიანი დედაბერი უნდა ვიყო?
- არა, რას ბრძანებთ! მაგრამ წიგნებსა და კინოში სხვანაირ ჯადოქრებს აჩვენებენ ხოლმე, თქვენ კი ისეთი მომხიბვლელი ბრძანდებით!
- მე თანამედროვე ჯადოქარი ვარ, - ქალმა გადაიკისკისა, - აბა, მითხარით თქვენი სურვილი!
- რა სურვილი?
- განა არაფერი გინდათ შეგისრულოთ?
- რა ვიცი... მაგაზე არ მიფიქრია... თუმცა, მოიცა, როგორ არა, - ბატონი ბინი, ბოლოს და ბოლოს, გამოერკვა ბურანიდან, - თუ შეიძლება, ცხვირი დამიმოკლეთ; ისეთი ცხვირი მინდა მქონდეს, როგორიც სხვებსა აქვთ.
- იოლი საქმეა, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ ეგ გინდათ?
- დიახ, რა თქმა უნდა!
- კეთილი, რაკი ასეა, დაგიმოკლებთ, - ქალმა უცნაურად გაიღიმა, - მხოლოდ ვშიშობ, აქ მეორედ მოსვლა არ მოგიხდეთ.
ეს თქვა, თან ბრჭყვიალა ჯოხი აიქნია. აიქნია და... ბატონმა ბინმა იგრძნო, თვალებიდან ნაპერწკლები როგორ დასცვივდა. ისევ ყველაფერი აირია, ჩამობნელდა...
...როცა გონს მოვიდა, ის თავის ქუჩაზე იდგა, იმავე ადგილას, სადაც ქოლგა გაშალა. ქოლგაც ხელში ეკავა, მხოლოდ დაკეცილი.
"რა სისულელეა, რაღაც მომეჩვენა!" - გაიფიქრა და, ის იყო, გზა უნდა განეგრძო, რომ უნებურად ცხვირზე ხელი მოისვა. მოისვა და... სახტად დარჩა. გრძელი ცხვირი აღარ ჰქონდა. რომ დარწმუნებულიყო, იქვე მაღაზიის ვიტრინასთან მივიდა და ჩაიხედა... თავი ვეღარ იცნო. შუშიდან სხვა კაცი შემოჰყურებდა, ლამაზი, სწორი ცხვირით.
"ღმერთო, დიდებულო!.. მაშ ეს ყველაფერი მართლა მოხდა?!" - სიხარულით გაოგნებული ბატონი ბინი შინისაკენ გაეშურა. გზაზე არც ის შეუმჩნევია, რომ აღარავინ მისალმებია და არც ის, რომ მისთვის არავის შეუხედავს. ეგ კია, მეკარე რომ არ შეეშინებინა, პირზე ცხვირსახოცი აიფარა...
შინ წერილი დაუხვდა, დიდი, თეთრი კონვერტით, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. პირდაპირ სარკესთან მივიდა და დიდხანს, დიდხანს ათვალიერა საკუთარი თავი. მერე ტახტზე წამოწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და შეეცადა არეული ფიქრები დაელაგებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ამასობაში კიდეც ჩაეძინა.
მეორე დღიდან კი მის ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დატრიალდა. გარეთ გამოსული ბატონი ბინი ვერავინ იცნო: არც მეკარე მისალმებია, მხოლოდ გაოცებულმა გააყოლა თვალი; არც გაზეთების გამყიდველი და არც პოლიციელი. მიდიოდა ქუჩაში და ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ამქვეყნად ეულად დარჩენილიყო; ნაცნობები ვეღარ ამჩნევდნენ, უცნობები აღარ აკვირდებოდნენ და აღარც წკრიალა ხმით გაისმოდა: "წვიმა წვიმდა"...
ერთი სიტყვით, ბატონი ბინი აღარავის ახსოვდა.
ყველაზე უარესი კი სხვა რამ იყო: სახლიდან გამოსულმა სულ მალე შეამჩნია, რომ ვეღარც ნაირ-ნაირი კერძების ოხშივარს გრძნობდა და ვეღარც ჰაერში გაბნეულ სუნამოების სურნელს. შეჩერდა. ხელები პალტოს ჯიბეებში ჩაიწყო, თვალები დახუჭა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა... არაფერი გამოუვიდა. მან თავისი არაჩვეულებრივი ყნოსვა დაკარგა! დარდი შემოაწვა. გულის გადასაყოლებლად რესტორანში შევიდა, მაგრამ ნაცვლად იმისა, ძველებურად თვითონ ჩამოეთვალა, ესა და ეს მომიტანეთო, კერძების გრძელი სიის კითხვას შეუდგა. აქ გუნება საბოლოოდ წაუხდა. ადგა და დაღვრემილი შინ წავიდა.
კარი რომ გააღო, მაშინღა გაახსენდა წერილი დიდი, თეთრი კონვერტით. მაგიდასთან მივიდა, აჩქარებით გახსნა და წაიკითხა. წერილში ეწერა:
`პატივცემულო ბატონო ბინ. შევიტყვეთ თქვენი არაჩვეულებრივი ნიჭის შესახებ, ყნოსვით ამოიცნოთ ყველაფერი. ვფიქრობ, თქვენი გამორჩეული უნარი დიდად დაგვეხმარება სამძებრო საქმეში. თუ ჩვენი წინადადება მისაღებია, გთხოვთ, მობრძანდეთ პოლიციის მთავარ განყოფილებაში.
პატივისცემით~...
ეს უკვე მეტისმეტი იყო. ბატონი ბინი მთელი სიცოცხლე ასეთ საქმეზე ოცნებობდა. ახლა კი... ახლა რა უნდა ექნა?..
უეცრად რაღაც მოიფიქრა, ხელი ქოლგას დასტაცა და აღელვებული ქუჩაში გავარდა. რამდენიმე წუთში იმ ადგილას იყო, სადაც პირველად ქოლგა გაშალა. ახლაც ასე მოიქცა და - ტკაც!..
მის წინ ისევ ჟღალთმიანი მომხიბვლელი ქალი იდგა და უღიმოდა.
- გგამარჯობათ, ქქალბატონო! - ენის ბორძიკით დაიწყო ბატონმა ბინმა - იცით?..
- ვიცი, - სიტყვა აღარ დაამთავრებინა ქალმა, - ვიცოდი, რომ დაბრუნდებოდით.
- მართლა?
- აკი გაგაფრთხილეთ!
- მართალია, მაგრამ ამას როგორ წარმოვიდგენდი?!
- არაფერია, ეგ თქვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება. ახლა კი ინებეთ!... - ეს თქვა, თავისი ბრჭყვიალა ჯოხი აიქნია და...
როდესაც გონს მოეგო, ბატონი ბინი ისევ ქუჩაში იდგა, მხოლოდ უქოლგოდ და თავისი გრძელი ცხვირით...
გავიდა ხანი. ბატონმა ბინმა პოლიციის მთავარ განყოფილებაში მუშაობა დაიწყო და სამუშაო ისე მოეწონა, რომ საოცრად კმაყოფილი და ბედნიერი იყო. ახლა ის ისევ გრძნობდა ნაირ-ნაირი კერძების სურნელს, ისევ შეეძლო ყოველნაირი სუნამოს ამოცნობა, ქუჩაშიც ყველა ესალმებოდა და კვლავაც გაისმოდა მხიარული სიმღერა:
წვიმა წვიმდა,
წვიმის წვეთებს
ცხვირის წვერზე დამაყრიდა.