THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



გივი ჭიჭინაძე

ძია შიოს ჯარისკაცი

გივი ჭიჭინაძე _ მე იგი მახსოვს.

მახსოვს რუსთაველის სცენაზე, როგორც აქტიორი. მახსოვს ფილმებსა და ცხოვრებაში, ქუჩასა და ტრანსპორტში.
სიყმაწვილეში, მაშინდელი პიონერთა სასახლის ნორჩ შემოქმედთა სტუდიაში, ფაცია პაიჭაძის (დეიდა ფაციკოს, ასე მივმართავდით მას აღსაზრდელები) მოწაფეებთან სტუმრად მოსულს შემოვეხვეოდით ხოლმე გარშემო მართლაც თითისტოლა ყმაწვილები და ისიც ლექსებს გვიკითხავდა, დიდრონი კეთილი თვალებით, მორცხვად გვიღიმოდა, თითქოს ერიდებოდა, ჩვენზე დიდი რომ იყო.
მახსოვს, ერთხელ როგორ იცეკვა ვალსი პიონერთა სასახლის სცენაზე. მას შემდეგ აღარასდროს შემხვედრია.
მას შემდეგ სიყმაწვილის წლებს დავშორდი და თითქოს ბავშვური შთაბეჭდილებებიც გადამავიწყდა.
სულ ბოლოს კვლავ შევხვდი მის სტრიქონებს გაზეთ `ლიტერატურულ საქართველოში,~ სადაც მწუხარებით იუწყებოდნენ, პოეტი გივი ჭიჭინაძე გარდაიცვალაო. აქვე იყო დაბეჭდილი მისი უკანასკნელი ლექსიც. წავიკითხე. მეხსიერებაში ჩამრჩა:

...

ტირილით მოველ,
კივილით მოველ,
მცირე რამ მქონდა
გასახარელი...
მე ლექსის გარდა
ვერარა ვპოვე
და აღსასრულსაც
კეთილს არ ველი.
ჩემი ცხოვრების
დიდი ნაწილი
იყო საღამო და
უმზეო დღე...
მთელი ბავშვობა
და სიყმაწვილე
კოჭლი სტრიქონი
მყავდა მეოხად.
ისე უეცრად მოდგა
სიბერე,
დამიმორჩილა ძალით
თუ ნებით...
შუა ჭალაში
დავკეცე ფრთები
და მორიელის ნაკბენით
ვკვდები.
მაშინ ეს ლექსი წიგნაკში ჩავინიშნე და სულ სხვა თვალით შევხედე მის პოეზიას _ ჩვენს ბავშვობას.
ბავშვობასმეთქი, რომ ვამბობ, არ გეგონოთ რაიმეს ვაჭარბებდე. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული ზეპირად სწავლობენ ყმაწვილები მის სტრიქონებს და ასე, თაობიდან თაობას გადაეცემა:
მოკაშკაშე ცაო,
ზღვაო ლიცლიცაო,
დათოვლილო მთაო,
მთაო ქათქათაო,
ჯეჯილო და ტყეო,
სულ იშრიალეო.
საქართველოს მზეო,
სულ იგიზგიზეო!
ახლა, ამდენი წლის შემდეგ, ისევ ვშლი სიკეთით სავსე წიგნებს, ვკითხულობ მის ლექსებს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, გივი ჭიჭინაძე ნამდვილად სახალხო პოეტია. იმდენად თვითნაბადი შემოქმედია, რომ მართალი გახლავთ ყველა კრიტიკოსი, რომელიც შენიშნავს, `მისი საღებავები თუ ლექსიკა წილისეულად, გენეტიკურად არის დაკავშირებული თვითმყოფადი ქართული, ხალხური პოეზიის ძირებთანო.~ (ვასო ბაიაძე)
გავიხსენოთ მისი გამოცანები, ისინი ქართული ხალხური გამოცანებისა და ენის გასატეხების თარგზეა მოჭრილი. ბევრი მათგანი ალიტერაციის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, ენის გასატეხად ხომ გამოდგება და გამოდგება.
აბა გაიხსენეთ:
ჭინჭრებს შუა ჭივჭავები
ჭანჭურს ჭამენ ჭიანაჭამს,
ჭრიჭინები გაჭყეპილან,
ჭინჭილებით სვამენ მაჭარს.
ან კიდევ:
ზარი ზანზარებს უზარმაზარი,
ზარმაც ზაზუნებს დასცა თავზარი.
ასეთი მაგალითების მოხმობა, მრავლადაა შესაძლებელი. `მოხატულა კუნწულები~, როგორც პოეტს შეურქმევია მათთვის, ქართული ანბანის ყველა ასოს მიესადაგება. აგრეთვე ქართული ანბანის რიგზეა დალაგებული ის გამოცანები, ყმაწვილის ტვინსა და ყურს, ორივეს სასიკეთოდ რომ გახედნის.
აქვე, ამ ჩამონათვალში, არ შემიძლია არ დავასახელო გასათვლელები თამაშობებისთვის. დარწმუნებული ვარ, ბავშვობაში ბევრ ჩვენგანს ხშირად გაუმეორებია გივი ჭიჭინაძის ეს სტრიქონები:
ვაშლი,
მსხალი,
ატამი,
მელას
მიჰყავს
ქათამი
უკან
მისდევს მადევარი...
და ასე, ბოლომდე გამითვლია და რატომღაც მგონებია, რომ ეს სტრიქონები ხალხური იყო და არა საყვარელი პოეტისა.
ახლა ისევ ხალხური გათვლა გავიხსენოთ:
წითელი ვაშლი ვის უნდა,
შენ თუ მე,
შენ დაიხუჭე.
ან გავიხსენოთ ხალხური სიტყვიერების საუკეთესო ნიმუშები ციკლიდან _ ცოცხალი ტყუილი. გივი ჭიჭინაძესაც აქვს მართლაც საინტერესო, სახალისო ლექსების ციკლი `ტყუილი თუ მართალი?~
ჯორმა კვიცი გააჩინა
მეტისმეტად გამხდარი.
ტყუილი თუ მართალი?
საბუდარში კატა იჯდა
სახლს იკლებდა კაკანით
ტყუილი თუ მართალი?
ერთ დღეს ჭამა მამლაყინწამ
ერთი ტონა თავთავი
ტყუილი თუ მართალი?
ამგვარი მაგალითების მოხმობა კვლავაც შეიძლება. მაგრამ ამჯერად რამდენიმეს დავჯერდეთ და პოეტის შემოქმედების კიდევ ერთ ტენდენციაზე გავამახვილოთ ყურადღება: მისი შემოქმედება, იქნება ეს საბავშვო, თუ სადიდო, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გამახსოვრდება, ისე როგორც ეს ხალხური შემოქმედებისთვისაა დამახასიათებელი. ამიტომაცაა მისი ლექსები ფოლკლორული შედევრების მსგავსად, რომ ვრცელდება პატარებში. ალბათ ლექსი `ჭკვიანი ბაჭია~ ყველას ახსოვს, ან თუნდაც `სულელი ჭილყვავი~:
ყოველ დღე ეკითხებოდა
ჭილყვავს პატარა ჭილყვავი:
_ დედი, თეთრ კვერცხში რომ ვიჯექ,
იქაც ჭილყვავი ვიყავი?
ჭილყვავი იყავ, ჭილყვავი,
კარგი, დამღალე საშინლად.
_ დედი, ჭილყვავი ვიქნები,
რომ გავიზრდები მაშინაც?
დედამ იფიქრა: `ეს ბრიყვი
ბოლოს მომიღებს კითხვებით~ _
და ასე უთხრა: _ დაწყნარდი,
მაშინ ბულბული იქნები.
ეს ლექსი ვფიქრობ არა მხოლოდ საყმაწვილოა, კარგად თუ დავფიქრდებით, უფროსებსაც რაღაცაზე მიგვანიშნებს.
ციტატების მოხმობა ახლა შორს წაგვიყვანს და ამიტომაც მხოლოდ რამდენიმეს სახელწოდებას შეგახსენებთ: `ზღარბი~, `დათუნია დრუნჩა~, `საახალწლო~, `ვინ დახატავს ცხრათვალა მზეს~, `რა ქნა კუჭმა კუჭმაჭელამ~, `როგორ იქცა კვიცი ზებრად~, `ჭადრის ფოთლები~ და სხვა მრავალი, ყველას ვერც ჩამოვთვლი.
რაკი `ჭადრის ფოთლები~ ვახსენე მინდა ამ ლექსზე და `რა ქნა კუჭმა კუჭმაჭალაზე~ შევაჩერდე.
ჯერ `ჭადრის ფოთლებზე~ მოგახსენებთ: ერთ ტექსტოლოგიურ დაკვირვებაზე გავამახვილებ ყურადღებას. პოეტის სიცოცხლეში გამოცემულ ბეჭდურ კრებულებში ლექსი ასე სრულდება:
რა ეშველება ტანშიშველ ჭადარს!
ტირის ჭადარი, ბერი ჭადარი.
როგორ შეხვდება თოვლსა და ავდარს!
ტირის ჭადარი, ბერი ჭადარი...
როგორც ცნობილია, სნეულებული პოეტი სიცოცხლის ბოლოს, როცა შინიდან ვეღარ გამოდიოდა, თან ცხოვრებაც ისე გაჭირდა, რომ ახალი კრებულების დაფინანსება გამომცემლობებს უჭირდათ, მაშინ თვითონ ქმნიდა ახალ-ახალ ხელნაწერ კრებულებს. ხელთ ჩამივარდა, ერთ-ერთი, 1999 წლის აპრილით დათარიღებული, ხელნაწერი კრებული, სადაც `ჭადრის ფოთლების~ შეცვლილ, უფრო იმედიან ფინალს გვთავაზობს ავტორი:
ნუ დაღონდებით, ბავშვებო, გწამდეთ, _
უფლის შეწევნით, რაც უნდა მოხდეს,
ისევ გაიდგამს ჭადარი ფესვებს
და ამოიყრის ხასხასა ფოთლებს...
ჩემი აზრით, ლექსი ტროპული აზროვნების მხრივადაც გამორჩეულია. შინაგანი ინტონაცია, რიტმი და მუსიკალობა, რომელიც ამ ლექსს გააჩნია, გადამდებია, იოლად აიყოლიებს ყველა თაობის მკითხველს.
`ჭადრის ფოთლებთან~ ერთად მეორე ლექსი-იგავი `რა ქნა კუჭმა კუჭმაჭელამ~ გამოვყავი. დიდაქტიკური ლექსი გახლავთ. მოგეხსენებათ, ბავშვებს დიდაქტიკა არც თუ ძალიან უყვართ, მაგრამ პოეტი ფაქიზად, მსუბუქად, მუსიკალურობით აწყობს ლექსს და სათქმელს ისე სთავაზობს მკითხველს, რომ არ შეიძლება არათუ ყმაწვილები, არამედ უფროსებიც არ ჩააფიქროს. მაინც რა ქნა ასეთი ამ კუჭმა-კუჭმაჭელამ იკითხავთ ალბათ და პოეტი აგისხნით, რომ ადამიანის გული ისეთი კეთილია, ყველას ძმობას ეფიცება, მტერსა და მოყვარეს ერთმანეთთან არიგებს და ამ იგავშიც გულმა:

შეარიგა მელა ქათამს.
ცხვარი - მგელს და თაგვი - კატას
და შრიალა ფანჩატურში
წვეულება გაიმართა.
ჯერ ჩამოსხდნენ, ისაუბრეს,
მოჰყვნენ ძველ-ძველ არაკებსა,
თაგვმა სტვირი დააკვნესა.
ჭრელა ქათამს ტკბილი ხმა აქვს,
წვრილად იწყო წია-წია,
მგელმა ცხვარი ბაკიბუკა
საცეკვაოდ გაიწვია.

როგორც ვხედავთ, მტრებს შორის ნამდვილი იდილია ჩამოვარდა, მაგრამ... როცა მტაცებლებს კუჭმა შეახსენა თავი, ერთბაშად დაავიწყდათ ყველაფერი და შესაჭმელად დაეღირნენ: კატა საწყალ თაგვს, მელია _ ქათამს, მგელი _ ცხვარს, იმიტომ რომ თურმე ცხოვრებაც, სამწუხაროდ, ასეთია. ყმაწვილებმაც უნდა იცოდნენ ეს და მოზრდილებმაც, რათა თვითონვე მოახდინონ ბოროტსა და ღვთისთვის სათნო საქციელს შორის არჩევანი.
როცა გივი ჭიჭინაძის პოეზიაზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთი რამაა შესამჩნევი: მიუხედავად იმისა, მისი პოეზია საყმაწვილო გახლავთ და ბუნებრივია, მეტ-ნაკლებად მაჟორულ ტონალობაში უნდა ჟღერდეს, აქ ვერსად წააწყდებით ზეაწეულ, ყალბ პათეტიკას, რომელიც იმ დროისთვის იყო დამახასიათებელი, რომელ რომელ ეპოქაშიც იქმნებოდა ეს ლექსები. გივი ჭიჭინაძის პოეზიაში გაგიჭირდებათ ამოიკითხოთ კომუნისტური პარტიის, კომკავშირისა თუ პიონერული ცხოვრებისადმი მიძღვნილი ოდა.
ახლა ეპოქა ვახსენე და კიდევ ერთსაც შეგახსენებთ _ კომუნისტური ეპოქის მღვრიე, ულმობელმა ტალღამ ყმაწვილი პოეტის მხრებზეც გადაიარა. იქნებ ამიტომაც აღიქმება იმ საშინელი, გაუხარელი ბავშვობის ექოდ მთელი მისი პოეზია.
კიდევ ერთი ლექსი მინდა შეგახსენოთ: ეს ლექსი კრებულში `ქაღალდის ჩიტშია~ დაბეჭდილი და პოეტის გამზრდელ ბიძას _ გორდი მგალობლიშვილს ეძღვნება. როცა ამ ლექსს წაიკითხავთ, მაშინ იოლად მიხვდებით თუ ვინ დაუდო სათავე პოეტში ასეთ კეთილშობილებასა და დიდსულოვნების უცნაურ ხიბლს:



...

ჯვალოს პერანგი,
ხმელა პური,
გუბელა წყალი,
სხვა რა ებადა
კაცს, რომელსაც
ვთვლიდით წმინდანად...
ჩვენ თუმც გვეგონა
უბედური,
მან ყოველგვარი
ტანჯვა-წამება
რაინდულად გადაიტანა,
რადგან აუწყავ ოქროსავით
რომ გადასწონის
და აღარ აძლევს ქონდრისკაცებს
წამით გასაქანს,
მას ჰქონდა სულის უდნობელი,
ძლიერი რწმენა,
_ ეს უდიდესი განძი განძთაგან.

რაკი სადიდო პოეზია ვახსენე, კიდევ ერთი უსათაურო ლექსი მინდა გაგახსენოთ. ამ ლექსს, შეიძლება პოეტის ავტოპორტრეტიც ვუწოდო. ეს ლექსიც, ისევე როგორც მთელი მისი პოეზია, სიუჟეტურია. და საუბარია იმ კეთილშობილ თოვლის ბაბუაზე, რომელიც საახალწლო ზეიმზე მწუხარე სიყმაწვილის უცხო ქვეყნიდან ეწვევა ბავშვებს და საჩუქრად მოუტანს ფერადი სურვილებით, ნატვრით, ოცნებებით ჩამოხუნძლულ ჭრელ ნაძვის ხეს. ყველა პატარას ავგაროზივით ყელზე დაჰკიდებს მოციმციმე ლოლუად ქცეულ სიხარულის ცრემლებს, რადგან ახდენილი სურვილი, ნატვრა თუ ოცნება, ვეღარასოდეს გაუთვალოს ბოროტმა თითლიბაზმა.
ამ ლექსის წაკითხვისას, ვგონებ, რაღაც განსაკუთრებული ალღო და დაკვირვება არ სჭირდება მკითხველს, რომ ამ სტრიქონთა მიღმა, პოეტის მძიმე ბავშვობა წარმოიდგინოს და მიხვდეს: ახლა, ამ პატარებთან, თოვლის პაპად გადაცმული პოეტი მოსულა.
რაკი პოეტის სადიდო ლექსების კრებული `ქაღალდის ჩიტი~ ვახსენე, (როგორ ვიცით, ეს კრებული პოეტის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა, თუმცა მის სიცოცხლეშივე იყო გამზადებული დასასტამბად და თვითონვე შეადგინა იგი). მინდა ერთი ჩემეული დაკვირვება გაგიზიაროთ: ვფიქრობ, გივი ჭიჭინაძის ასეთი მძაფრი, ვიტყოდი დრამატული პოეზია განსაზღვრავს მის შესანიშნავ საბავშვო შემოქმედებას... და რაც ნიშანდობლივია, ეს გასაოცრად ლაღი ლექსები, გასაოცრად-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ მის სტრიქონებში, სადაც კი ავტორი მოჩანს (ბუნებრივია, ავტორი თითოეული სტრიქონის მიღმა დგას), არსად იგრძნობა ის სუსხი მთელი ბავშვობა თან რომ სდევდა.
გამოვტყდები და სწორედ ამ კუთხით საგანგებოდ ვიყავი დადარაჯებული, ვცდილობდი, რომელიმე ლექსში მაინც მეგრძნო პოეტის უნებური ეგოიზმი გაუხარელი ბავშვობის გამო, მაგრამ საბედნიეროდ, ვერსად წავაწყდი...
წეღან კრებული `ქაღალდის ყვავილი~ ვახსენეთ, ეს მეტაფორა და კიდევ `ქაღალდის ჩიტი~ სხვა ლექსებშიც მეორდება, ლეიტმოტივად გასდევს მთელს სადიდო და საბავშვო შემოქმედებას, რაც ერთგვარი სიმბოლო გახლავთ პოეტური თავისუფლებისა. თითქოს პოეტის ყველა კეთილი განზრახვა ამ ჩიტშია განივთებული, როგორც მეტრლინკის ლურჯ ფრინველში _ ყველაზე მიუწვდომელი ოცნება.
ქაღალდის ყვავილისა თუ ჩიტის სიმბოლომ ზღაპრები მომაგონა: ალბათ გახსოვთ ხშირად ამა თუ იმ ზღაპრის მთავარი პერსონაჟის სული ერთ პაწაწინა ჩიტშია ჩასახლებული და მას თუ მოკლავენ, მაშინ ზღაპრის პერსონაჟსაც იოლად გაანადგურებენ...
არ ვიცი გივი ჭიჭინაძის პოეზიის გაცნობისას ეს ასოციაცია რამდენად ზუსტია, მაგრამ რატომღაც მგონია, როცა პოეტი რამდენიმე ლექსს ქმნის ამ თემაზე და მერე ამავე სახელწოდების საბავშვო პოემას ისევ `ქაღალდის ჩიტს~ არქმევს, ეს უკვე საყურადღებოა და ერთ ტენდენციაზე მიგვანიშნებს: ის რაც ფურცელზე იწერება და რაც ქაღალდზე აღიბეჭდება, ისეთივე ეფემერულია, როგორც ქაღალდის ჩიტის ან თუნდაც ქაღალდის ყვავილის სიცოცხლე. თუმცა ის, რაც სხვათათვისაა ეფემერული, პოეტისთვის მით უფრო რეალურია და ხელშესახები. ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს, ჯერაც ამოუხსნელი საიდუმლოება განსაზღვრავს პოეზიის სიცოცხლის უნარიანობას?!
ერთ-ერთ ლექსში პოეტი ადამიანის სულს ასფალტზე ამოსულ ყვავილს ადარებს. ეს პოეტური სახე, რაღაცით ეხმიანება, აგრძელებს ქაღალდის ჩიტისა და ქაღალდის ყვავილის თემას. რაც მთავარია, პოეტს ხშირად უწევს იმ ზღვარზე დგომა, სადაც საკმარისია ერთი ზედმეტი სიტყვა, ერთი ზედმეტი მეტაფორა, გადაჭარბებული სენტიმენტალიზმი ან უადგილო ოპტიმიზმი და... მკითხველი დაკარგული გყავს, რადგან როგორც შემოქმედს, აღარ გენდობა.
ამ მხრივ მაინც მგონია, რომ გივი ჭიჭინაძეს წმინდა შემოქმედებით ალღოსთან ერთად, თავისი აქტიორული შესაძლებლობებიც უწყობს ხელს.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ იგი რუსთაველის თეატრის მსახიობიც იყო და ამდენად, მაყურებელთან, პუბლიკასთან, ურთიერთობის გრძნობა და ტაქტი ჰქონდა, რასაც მწერლობაშიც იყენებს. მაყურებელზე, (ამ შემთხვევაში მკითხველზე), არ `თამაშობს~. სხვათა შორის, ეს საკმაოდ დიდი ცდუნებაა, რის დაძლევასაც ნიჭთან და ნებისყოფასთან ერთად, პიროვნული სიმართლე და დიდი თავმდაბლობა სჭირდება. ეს თვისებები კი, ვინც კარგად იცნობდა გივი ჭიჭინაძეს, დამეთანხმება არ აკლდა.
რაკი პროფესიული გამოცდილება ვახსენე, აქვე ისიც უნდა დავძინო, რომ მას აქტიორული გამოცდილება დინამიკური, მართლაც რომ სცენიური საბავშვო პიესების შექმნაში დაეხმარა. მის კალამს ბევრი საყმაწვილო პიესა ეკუთვნის, რომელთა დასასრულიც, მიუხედავად სევდანარევი სიუჟეტისა, მაინც კეთილია. გავიხსენოთ `ჭრელი ბურთი~, `უღრანი ტყის სურათები~, `საახალწლო ზღაპარი~, `ჯადოსნური ნემსი~, იგივე, `ციცქნა იას ზღაპარი~ და კიდევ სხვებიც. განსაკუთრებით `ცრუმზისას~ გამოვყოფდი.
სამწუხაროდ, ვერსად მოვიძიე ამ პიესის დაბეჭდვის ისტორია, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ამ ვითომდა ბავშვურ, გამოგონილ სიუჟეტს მიღმა, პოეტის ისეთ თამამ გადაწყვეტილებას შეამჩნევთ, რომ უნებურად გაგიკვირდებათ, ნუთუ ეს ყველაფერი ცენზურამ სტრიქონთა მიღმა ვერ ამოიკითხაო?!
ეს პიესა-ზღაპარი ერთგვარი პოლიტიკური პამფლეტია. აქვე სიუჟეტურ ქარგასაც შეგახსენებთ: მოქმედება ასე იწყება, შებინდებისას მოლივლივე ტბაში მზე ნელ-ნელა ჩაესვენება, ხოლო მანამდე, ვიდრე სცენაზე ფარდა გაიხსნებოდეს, მოისმის ყვავების ჩხავილი. მოქმედება ვითარდება ერთ-ერთ ბაღჩა-ბოსტანში, მისი მკვიდრნი დარწმუნებულნი არიან, რომ მზე სამუდამოდ ჩაესვენა, გარდაიცვალა და ახლა მის შემცვლელს დაეძებენ. შეშინებული პამიდორი გოდებს, თუკი მართლაც დაიღუპა მზე, როგორღა უნდა ვიცოცხლოთო?!
მოკლედ, პილპილისა და ბოლოკის გარდა, უკლებლივ ყველა შეშინებულია და ახალ მხსნელს მოელიან.
ამ შემთხვევაში თუკი მოგვერიდება ისეთ თამამი შედარებისა, როგორიც მნათობის უფალთან შედარებაა, მაშინ ბავშვებისათვის უფრო გასაგები რომ გახდეს, მზე შევადაროთ სიმართლეს, ჭეშმარიტებას (ჭეშმარიტება კი, მოგეხსენებათ, თავად უფალია), მართალ სიტყვას, რომელსაც ასე გამძაფრებით ებრძოდნენ კომუნისტები. სწორედ მათი დიქტატურისას ჩაენაცვლა ჭეშმარიტ, ნამდვილ ღირებულებებს, ყალბი და გამოგონილი, ხელოვნურად შექმნილი, გამოგონილი პათეტიკით სავსე ღირებულებები. კომუნისტების ხანაში `ამოკიაფდნენ~ ცის ტატნობზე ცრუ მნათობები და ხელში რა შეგვრჩა, სიცრუე, შიში, ტერორი, სისხლი და ვაება.
პიესის სიუჟეტი ასეთია _ მზის ნაცვლად ბაღჩაში თავმოწონებით მდგარი მზესუმზირა მიისაკუთრებს პატივსა და დიდებას. თავის ნებაზე შეკრებს ქვეშევრდომთ, ცრუ მოჩვენებით წყალობას მოიღებს მათზე, ვინც ფეხქვეშ ეგება, რეალობას გავეშებული უტევს. მისმზესუმზირაში იოლად ამოიცნობთ იმ დიქრატორს _ `სახელმწიფოს საზღვრების~ გამაგრებას უბადრუკი ხერხებით რომ ცდილობს. მზესუმზირა თამამად აცხადებს:

ვინც ჩემს კანონს არ დაიცავს,
ამოძირკვეთ და გააქრეთ!

ასეთი და კიდევ მსგავს განცხადებათა ფონზე, მწერალი ასეთ რემარკას ურთავს: გაისმის საყვირებისა და დაფდაფების ხმა. ყველანი ერთხმად უმღერიან მზესუმზირას. ახლა სიმღერის ტექსტს მოვუსმინოთ:

ვინც ჩვენ ასე გაგვახარა,
მრავალჟამიერ!
გულზე დარდი გადაგვყარა,
მრავალჟამიერ!
ჩვენი ბაღჩის დედოფალსა, მრავალჟამიერ!
მზის გვირგვინი ადგას თავსა,
მრავალჟამიერ!
მრავალჟამიერ! _ ჟამიერ მრავალ!

ასე თუ ისე, ამ ბაღჩაში დატრიალებული ამბავი თავისი ცრუმზითა, მისი ქვეშევრდომებითა და ორი ოპოზიციონერით (პილპილითა და ბოლოკით), არც მეტი, არც ნაკლები, კარგად მოგვაგონებს იმ სახელმწიფოს, რომელ სახელმწიფოშიც გაილია ჩემი და ჩემი თანატოლების (და არა მხოლოდ მათი) ბავშვობა.
რაც შეეხება სხვა პიესებს: მართალია, მათში ასე გამოკვეთილად არ იგრძნობა ავტორის დისიდენტური განწყობა, მაგრამ მათი წაკითხვის შემდეგაც ჩნდება განცდა იმისა, რომ პოეტს ენატრება, უფრო ბედნიერ, სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრება. გავიხსენოთ თუნდაც `იისფერა~ ან `საახალწლო ზღაპარი~.
აშკარაა, პოეტს მწარე, ულმობელ სინამდვილეში უწევდა სიცოცხლე და სამწუხაროდ, ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკური წყობის შედეგი. გავიხსენოთ მისი ერთ-ერთი ლექსი, (რომელიც ყმაწვილთათვის არ არის გამიზნული), სადაც თავის ოპონენტებს ასე მიმართავს:
ხომ გამითეთრეთ სისხლი სრულიად,
ხომ ამომგლიჯეთ მკერდიდან გული.
ყოველგვარ ტანჯვას დასასრული აქვს
და აჰა, დადგა ეს დასასრულიც!
ეს სტრიქონები გარდაცვალებამდე თითქმის 10-12 წლით ადრეა შექმნილი, მაგრამ ავი წინათგრძნობით ნაკარნახევი, ისევე როგორც კიდევ ერთი უსათაურო ლექსი, სადაც ხავსიან ლოდზე ჩამომჯდარი, თავისკანტურით სივრცეს გამცქერალი ბერიკაცის პორტრეტს ხატავს. ეს ბერიკაცი თვითონ პოეტია. ახლა იმის მტკიცება გამიჭირდება, სიცოცხლის ბოლოს უფრო იმატა მუქმა ფერებმა მის პოეზიაში-მეთქი, მაგრამ რაკი მინორული განწყობა ვახსენეთ, მინდა კიდევ ერთი ლექსი შეგახსენოთ:
მე გამასვენებთ და
დაისვენებთ, მწამს, დაისვენებთ.



....

თქვენ გამიხსენებთ, მჯერა, ერთხელ
კვლავ გამიხსენებთ
და გული ოდნავ,
ოდნავ მაინც შეგეკუმშებათ.
ასეთი განწყობა მხოლოდ სიბერის მოახლოებას არ უნდა ნიშნავდეს. ეს მხიარული საყმაწვილო პოეტი, ღრმა განცდის შემოქმედია და როგორც ყველა მეოცნებე, ცოტათი ბავშვურად მიამიტი. აკი წერს კიდეც ლექსში `ნენა~:
და იმ სულელი დათუნას მსგავსად
ღიმილით დავალ ჭრელ სამყაროში.
როცა ამ სტრიქონებს წაიკითხავ, საიმისოდ ბევრი ფიქრი არ გჭირდება, დათუნია დრუნჩა რომAმოგაგონდეს. ის დათუნია, ქილა ერბო რომ ერგო და ყველას ვინც კი გზად შემოხვდა, ისე გაუნაწილა, რომ თავისთვის ერთი წვეთიც არ დარჩენია. ასე გასცა პოეტმა გივი ჭიჭინაძემაც საკუთარი სულიერი რესურსი, ძალა და კეთილშობილება და ამით გახდა ყმაწვილთათვის და არა მარტო მათთვის, სამაგალითო.
იმ კრებულში, რომელსაც `ქაღალდის ყვავილი~ ეწოდება, დაბეჭდილია ლექსი `ყვავილი თოვლქვეშ~, სადაც პოეტი აცხადებს:
და ჩემს ტკივილებს, ოცნებებს _ ლექსებს,
ერთხელ იქნება გამოვფენ მზეზე.
მზეზე გამოფენა, მზის სხივის ნახვა რაღაცა დაფარულის, საიდუმლოს გაცხადებას ნიშნავს და პოეტი თითქოს ნაზამთრალი, ყინვისგან დამზრალი ბავშვობის განცდათა გამოფენას ცდილობს, რათა მზის სხივებმა სულ სხვა ძალა მისცეს, სხვანაირად გაათბოს და ამით სიცოცხლეც გაუხანგრძლივოს სტრიქონებს.
დაბოლოს, ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილ სტრიქონებს გავიხსენებ, სადაც, თითქოს საკუთარი აღსასრულიც აქვს ნაწინასწარმეტყველები:
და გიგანტური ღამურას ფრთებით
ნოემბრის ღამე მიგაფრენს სადღაც...
ან კიდევ:
წადით, წადით, დამტოვეთ მარტო.
მინდა უთქვენოდ შევხვდე სიკვდილს _
ჩემს ნეტარ მიჯნურს.
დღეს პირველი და უკანასკნელი
პაემანი მაქვს დანიშნული.
... თუმცა არ მინდა ასეთ მიმქრალ განწყობაზე დავასრულო წერილი, რადგან ეს გივი ჭიჭინაძისთვის _ შესანიშნავი საყმაწვილო პოეტისთვის _ რაღაცით უჩვეულო იქნება. რადგან, მიუხედავად განსაცდელისა, ამდენი ტკივილისა, პოეტი მაინც განგების მადლიერი იყო და ნორჩი მკითხველისთვის არც წუწუნი უსწავლებია და არც სულმდაბლობა.
მაღლა ვახსენე, სიცოცხლის ბოლოს პატარ-პატარა ხელნაწერ წიგნაკებს თვითონ ქმნიდამეთქი და ახლა მინდა ერთ-ერთი, კერძოდ, მოზრდილთათვის შექმნილი კრებულის წინასიტყვაობა გაგაცნოთ, სადაც პოეტი თავის ყველაზე ერთგულ მკითხველებს - ბავშვებს - ასე მიმართავს:
`ჩემი თაობის უმრავლესობა პოეზიის მადლს იმ ძნელბედობის ჟამს ეზიარა, როცა ნახევრად მშიერ-ჩაუცმელი, შავოსანი დედები ლექსით გვიპურებდნენ სულს, იმედს გვიღვივებდნენ, რათა სასოწარკვეთილებს ოცნებისა და ღიმილის უნარი არ დაგვკარგვოდა... მერე ჩვენც ვწერდით ლექსებს, მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან დაბრუნებულნი, შინ ვმართავდით სპექტაკლებს, ქვაფენილზე და ფანჯრის დაორთქლილ მინებზე ვხატავდით მზესა და ყვავილებს, ბავშვური სიჯიუტით გვჯეროდა ხვალინდელი დღის...“
ეს კრებული `საბალღო ლექსით~ იხსნება. დავინტერესდი, მინდოდა ეს პატარა ლექსი პოეტის სხვა კრებულშიც მომეძია, მაგრამ ვერსად წავაწყდი. სავარაუდოდ, შესაძლებელია ეს ლექსი მის ბოლოდროინდელ შემოქმედებას მივაკუთვნოთ, სადაც ლოცვასავით გაისმის ნატვრა, სურვილი იმისა, რომ თავისი ქვეყნის კეთილდღეობა საქართველოში დაბადებულ მომავალ მამულიშვილს დაუკავშიროს:
ლექსი-სანთელი
მინათებს ბნელეთს...
და უმრწემესი,
წრფელი ქართველი
დღემდე მიმრთელებს
გულში ნატყვიარს.
ღმერთო, კეთილ ქმენ
ამოსათქმელი _
საქართველოსთვის
რაც მინატრია!

ხელნაწერი კრებული იმ ლექსით სრულდება, რომელიც მაღლა უკვე ვახსენე, თოვლის პაპა საახალწლო ზეიმზე ყველა პატარას ოცნებას

აუსრულებს. როგორც ვხედავთ, პოეტი თავის პაწაწინა, ხელნაწერ კრებულებშიც კვლავ და კვლავ პატარა მკითხველს ეხმიანება. მათზე ზრუნავს და მათი მომავალი ეფიქრება. ეს იმიტომ, რომ უპირველესად საყმაწვილო პოეტია. თანაც როგორი, დიდი შიო მღვიმელის, თვით ძია შიოს ჯარისკაცია!