THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



როგორ დავბრუნდეთ სამშობლოში?..


ნინო ჩხიკვიშვილი

ყმაწვილთათვის რომ წერო, კარგი მწერალი უნდა იყო, თან ძალიან კარგი, ნამდვილი ოსტატი. სხვანაირად არც არაფერი გამოგივა. სხვანაირად ყმაწვილების გულსა და სულს ვერ ჩაწვდები. პატარები არ გენდობიან და არც შეიყვარებენ შენს წიგნებს. ვინ და ვინ და ეს ძალიან კარგად იცოდა იაკობ გოგებაშვილმა და ის, რომ დიდი იაკობი პატარების გულთამპყრობელი იყო, მოდით ამაზე ნუ ვიკამათებთ. მაშ იმაზეც ნუ ვიკამათებთ, რომ ჩვენი დროის ერთ-ერთ გამორჩეული მწერალი თამაზ ბიბილური დიდ იაკობს კვალში მიჰყვება.
დიახ, ნუ გაგაოცებთ და ნურც გაგაღიზიანებთ ეს შეფასება. გახსოვთ იაკობ გოგებაშვილის “ბუნების კარი”? ვერ წარმომიდგენია ამ წიგნის მადლი დღემდე არ მოყვებოდეს ყველას, ვისაც ეს წიგნი წაუკითხავს. აი სწორედაც ამ წიგნის აშკარა მემკვიდრეა თამაზ ბიბილურის “წელიწადის დრონი”. თითქოს ეს წიგნიც იაკობ გოგებაშვილის სულის ანასხლეტია და განსაკუთრებით საყურადღებო და თვალსაჩინოა სადღეისოდ... რატომ სადღეისოდ?
იმიტომ რომ...
დავშორდით ბუნებას, მისი ენა დაგვავიწყდა და ისიც თითქოს გაგვიუცხოვდა.
იმიტომ რომ...
დაცარიელდა ქართული სოფლები.
იმიტომ რომ...
ჩვენთვის და, რაც უფრო სავალალოა, ჩვენი პატარებისთვის, ისე ჩაივლის წელიწადის ყოველი დრო, რომ ისინი ვერც გაზაფხულის ხიბლს გრძნობენ და ვერც შემოდგომის ბარაქით ტკბებიან.
კიდევ იმიტომ რომ...
როგორც ჩვენი დროის ერთი ძალიან დიდი, მადლმოსილი ბერი - მამა გიორგი (ბასილაძე) იტყვის: “ბევრი რამ დავკარგეთ ქართველებმა: სიყვარული, სითბო, მოწყალება, შენდობა, პატიება, სინანული, მარხვა, სიხარული, საღმრთო ხედვა. და თუ ეს ყველაფერი არ დავიბრუნეთ, როგორღა ვიქნებით ქართველები? არადა, ქართველობა აუცილებელია ქართველი კაცისთვის, რადგან ქართველობა ღმერთიდან გვაწერია!”
სწორედ ყველა ამ სატკივარზე, ბუნების საიდუმლოებებსა და მასთან მიახლების გზას გვიჩვენებს მწერალი. სიყვარულზე, სითბოსა და მოწყალებაზე, პატიებასა, სიხარულსა და საღმრთო ხედვაზე გვიყვება და სათქმელს ისეთი მხატვრულ ქარგაში აქცევს, შეუძლებელია არ მიჰყვე ყოველ სტრიქონს, არ დაუჯერო, არ უთანაგრძნო.
თან ამ ყველაფერთან ერთად, ერთი რამ გახლავთ აუცილებლად გასათვალისწინებელი, ასეთი წიგნი იმ ეპოქაშია შექმნილი, როცა უფლის შობასა და აღდგომაზე საუბარი აკრძალული იყო. ეს თემა მწერლობაში უბრალოდ ტაბუირებული გახლდათ.
მაშ როგორღა საუბრობს მწერალი ამ თემებზეო? - იკითხავს მკითხველი და მივუგებ - შეფარვით. ისე ოსტატურად რომ გაგიკვირდებათ. მერე კი აღტაცებასაც ვერ დაფარავთ, როცა დარწმუნდებით თუ როგორ იგრძნობა ყველგან, სტრიქონთა მიღმა, უფლის არსებობა, უზენაესის ძალა...
ნათქვამის დასტურად რამდენიმე ეპიზოდს შეგახსენებთ და გეტყვით: დარწმუნებული ვარ, საგანგებოდ, ამახვილებს ყურადღებას მისი პაპასა და დიდედას იმ საუბარზე, როცა ბებო პაპას შეჯიბრებია და უმტკიცებს, მე შენზე ადრე ვისწავლე წერა-კითხვა, რადგან მასწავლებლად მღვდლის ცოლი მყავდა და როცა შენ ჯერ კიდევ კითხვა არ იცოდი, მე "საღმრთო წერილი" ზეპირად მქონდა დასწავლულიო.
ამას ისე თითქოს სხვათა შორის ამბობს, მაგრამ იცის, ნათქვამი მიზანს რომ მიაღწევს. ასე აღძრავს ყმაწვილებში უფლისმიერი ჰარმონიის ამოხსნისაკენ ლტოლვას და მათ ახსენებს, რომ ამქვეყნად იყო უფალი, რომელიც ეწამა ჩვენთვის და შემდეგ აღსდგა. ავტორმა კარგად იცის ის ცნობის წადილი, რომელიც ყმაწვილის გონებაში ჩნდება, შემდეგ მის გულშიც ღვივდება, როგორც რწმენა და ლტოლვა უფლისკენ. მინდა ყურადღებით წაიკითხოთ შემდეგი ფრაზები:
“- ადამიანი ამქვეყნად დიდებული ჰარმონიის საძებნელად მოდის...
აგერ მთვარე თავისი გზით ისწრაფვის.
ვარსკვლავებიც თავისი გზით მიდიან და ერთმანეთს არ ეჯახებიან.
გაზაფხულის ამ დიდებულ ღამეს აუცილებლად მოჰყვება გათენება.
ეს არის სამყაროს ჰარმონია, რომელსაც ჩვენ შევიგრძნობთ და რომელიც ჩვენშია.”
და იქვე ვკითხულობთ:
“მთავრდებოდა დიდმარხვა, მიილეოდა უკანასკნელი დღეებიც და მთელი სოფელი აღდგომისათვის ემზადებოდა.
აღდგომა “ქრისტეს აღდგომის” დღესასწაულია.
ხომ გახსოვთ ჯვარზე გაკრული, რწმენისათვის წამებული ქრისტე?
შემდეგ კი - ქრისტეს აღდგომა?
სწორედ ამ დღის ზეიმია აღდგომის დღესასწაულიც.”
თითქმის ყველა ქრისტიანულ დღესასწაულს ახსენებს წიგნში და ამის ფონზე, არც ხალხური გადმოცემებისა და წეს-ჩვეულებების აღწერა ავიწყდება.
“ის სოფელი, სადაც ჩვენი წელიწადის “ოთხთავი” გათამაშდება, კახეთშია, საქართველოს ერთ ლამაზ და ღონიერ კუთხეშიო. კახეთს თავზე კავკასიონის მთები დასცქერიან. ქვემოთ ცისფრად გადაშლილი ალაზნის ველია, ზემოდან კი გადმომხობილა მთები. დევივით მთებიო, - იტყვიან ხოლმე.”
ნელ-ნელა თითქოსდა, შეპარვით, როგორც ძილის წინ ზღაპარს, ისე გიამბობს კახეთის ერთი სოფლის ცხოვრების მაგალითზე ჩვენს გარდასულ ყოფა-ცხოვრებას და ასე იხატება მთელი საქართველო.
ამ კონტექსტში ზღაპრის ხსენება ნუ შეგაშინებთ. განა ხალხურ ზღაპარში ყველაზე დიდი სიბრძნე და სიმართლე არ რის კოდირებული?! ჰოდა, მწერალიც სწორედ ზღაპრისეულ ინტონაციას მიმართავს, რათა მისმა ნათქვამმა, ყმაწვილების ყური დაატკბოს და ის რეალობა, რაზეც ესაუბრება, ზღაპრულ სამყაროსავით, იდუმალი და საოცნებოც გახადოს, რადგან სხვანაირად იცის მიზანს ვერ მიაღწევს - ყმაწვილებისკენ სავალ გზას ვერ გამოძებნის. ამ დროს მთხრობელი მათი თანატოლია და ამდენად, პატერებთან საერთო ენის გამონახვა არ უჭირს. კარგად იცის, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში დაუგდებენ ყურს ბალღები და თითქოს შესაფერისი დრო იხელთაო, ისეთ მაღალ სულიერებაზე წამოიწყებს საუბარს, წარსულისა და მომავლის სურათს ისე დაუხატავს, რომ შეუძლებელია, პატარა მკითხველს სადმე ფიქრის მდინარება გაუწყდეს, ან ყურადღება მოადუნოს. ასეთ მეთოდს ირჩევს მწერალი დიდაქტიკისთვის.
“თუ ჩვენ არ გიამბეთ ჩვენეულ სოფელზე, თქვენ კი ოდესმე თქვენეულზე არ მოუთხრეთ მომავალ თაობას, ხსოვნაში სიცარიელე დაისადგურებს. ხსოვნის სიცარიელისა კი გეშინოდეთ! ყველაფერში, რაც მომავალში უნდა შეიქმნას, გუშინდელი და დღევანდელი იგულისხმება, გუშინდელი და დღევანდელი საძირკვლის გარეშე მომავალი არ აშენდება.”
მართლაც საგულისხმო შეგონებაა, თან არც მეტი არც ნაკლები, საგანგებოდ, საჩვენოდ, სადღეისოდ დაწერილი. სადღეისოდ-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ რატომღაც დღეს მწერლობაში (წარმოიდგინეთ, საყმაწვილო შემოქმედებაშიც) ასეთი ტენდენციაა – აბა, ერთი, კარგად წაიკითხეთ ჩემი მხატვრული ტექსტები,Eაგერ მოვსულვარ მწერალი და ისეთი პრობლემები წამომიჭრია, სათქმელსაც იმგვარად ვამბობ, ამ ჩვენს ჩამორჩენილ ქართულ მწერლობას ჯერ სიზმრადაც არ მოლანდებიაო.
არადა, თამაზ ბიბილური საპირისპიროს ამტკიცებს. თხრობისას ისე ოსტატურად, ბუნებრივად შემოჰყავს დიდი ქართველი მწერლები რომ ხვდები, ეს საგანგებოდ ჩაუფიქრებია. ჯერ ერთი-ორი ფრაზით ახსენებს სადმე დავით გურამიშვილს, ილია ჭავჭავაძეს, იაკობ გოგებაშვილს, აკაკი წერეთელს, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონს და სხვებსაც, არც საქართველოზე შეყვარებულ არტურ ლაისტსაც ივიწყებს. ეგ კი არა, ერთგან, როცა ფერისცვალებას ახსენებს და აგვისტოს ღამეებზე საუბრობს, ისე ბუნებრივად შემოჰყავს ფოლკნერი თხრობაში, რომ არც გიკვირს და არც პოზად უთვლი, რადგან მხატვრულ ქსოვილში ბუნებრივად თავსდება. დიახ, ასეა. თითქმის ყველა იმ მწერალს ახსენებს, ვინ მართლაც ყურადღების ღირსია და მერე მათი თხზულებებიდან მოზრდილ ეპიზოდს ან ლექსს ისე ჩაურთავს თხრობაში, რომ მკითხველში იმ კონკრეტული მწერლის შემოქმედებისადმი ცხოველი ინტერესი აღძრას. ჯერაც თუ არ წაუკითხავს ის მოთხრობა, პოემა, ლექსი აუცილებლად მოიძებნოს მისი წიგნები. აბა, ამაზე დიდი საქმე რაღა გნებავთ - ყმაწვილის დაბრუნება ნამდვილ მწერლობასთან, რაც თავისთავად მშობლიური ფესვების ძებნასაც გულისხმობს.
მშობლიური ფესვები ვახსენე და მინდა აქვე ის ეპიზოდებიც გავიხსენო სადაც უკვე დავიწყებულ, მაგრამ თავის დროზე (ვფიქრობ დღესაც არანაკლებ) ქართული სოფლური ცხოვრებისთვის ასე ორგანულ და აუცილებელი საქმიანობებზე და მათ ოსტატებზე გვესაუბრება.
თუნდაც მჭედელსა და სამჭედლოზე მოთხრობილი ამბავი რად ღირს?
ან კიდევ როგორი შთამბეჭდავია და დასამახსოვრებელი მენახირისა, მეხრის, გუთნისდედასა და თუნდაც მეღორეზე მოთხრობილი ამბები. ესენი, როგორც ავტორი გვეუბნება, სოფელში ყველაზე ღარიბნი, უპოვარნი ყოფილან, მაგრამ “მაინც სოფლისთვის დიდად გამოსადეგნი.” - ესეც ხომ სოფლური იდილიის, იმ ჰარმონიის ნაწილია, ქალაქური ცხოვრებისთვის ასეთი უცხო და მიუღებელი რომ გამხდარა.
რა ხდება, რატომ ამახვილებს ყურადღებას მწერალი სოფლურ ცხოვრებაზე, რატომ გვიხატავს იქაურ იდილიას, როგორც მართლაც განუმეორებელს და რატომ სურს აღძრას ნოსტალგია?
იქნებ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გამოგვაფხიზლოს კაენური მოდგმის შვილები და მოგვაბრუნოს სიკეთისკენ?!
ეტყობა ამასაც გულისხმობდა ვახტანგ ჭელიძე, როცა წერდა: “ეს წიგნი მარტო შემეცნებითი არ არის, თუმცა იგი ბევრ რამეს გვაცნობს. ეს არის სიკეთისა და სიყვარულის წიგნიო.”
დიახ, სიყვარულის წიგნია “წელიწადის დრონი”, რადგან იმ სამყაროში, სადაც მწერლის პერსონაჟები ცხოვრობენ, სადაც ასეთი ჰარმონია სუფევს ადამიანს და ბუნებას შირის, შეუძლებელია მოყვასის სიყვარულმა არ დაჯაბნოს ბოროტება.
შეუძლებელია ყმაწვილს სამუდამოდ არ დაამახსოვრდეს საწყალი, ღარიბი პეტრესა და მისი ცოლის ნინუცასადმი დიდედასაგან გაწვდილი დახმარების ხელი.
ეგ კი არა, როგორც ავტორი იხსენებს, თურმე, მამა ახალი წლის შემობრძანებისას, ტყვიას ჩადებდა თოფის ლულაში და აუცილებლად გადავიდოდა პეტრესთან რომ მის აივნიდანაც დაექუხა თოფს ავისა და ბოროტის დასაფრთხობად...
სხვა რომ არა, ბებოსა და პაპას ურთიერთობის მაგალითზე შეიძლება დაინახონ (ისწავლონ) ჩვენმა პატარებმა ნამდვილი, წლებთან ერთად ნასათუთევი სიყვარულის მადლი და ეშხი. თუნდაც ის რად ღირს, ადრეულ გაზაფხულზე, ეშმაკურად გაღიმებული პაპა ვითომ ისე, სხვათა შორის, კალათიდან იის კონას რომ იღებს და ბებოს რომ აწვდის. ბებო კი სიხარულს თითქოს მალავს კიდეც და არც მალავს...
ან კიდევ სხვა სცენა გავიხსენოთ პაპასა და დიდედას შორის: ჯერ კიდევ შუა ზამთარში პაპა რატომღაც (თურმე მოახლოებული სიკვდილის ჯიბრზე) საკუთარი ვენახის ნახვას მოინდომებს და... მათი უსიტყვო, ერთმანეთზე ზრუნვით სავსე “ჭიდილს” იმგვარი სიფაქიზითა და შეუმცდარი მწერლური ალღოთი გადმოგვცემს მწერალი, რომ ბევრი კლასიკოსიც უყოყმანოდ მოაწერდა ხელს.
რაკი სიტყვამ მოიტანა, ბარემ ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ წიგნში ბევრი ისეთი ტექსტია ჩართული, რომელიც ცალკე, დამოუკიდებელ ნოველადაც აღიქმება. ამის დამადასტურებლად ახლა სახელდახელოდ გავიხსენებ, ალავერდისკენ დამწკრივებული ურმების მსვლელობას, მეცხვარეების მთაში გაცილების, შვლის ნუკრისა და ზამთარში ირმის ბარად ჩამოსვლის ამბავს, საახალწლო ჟრიამულს გარიდებულ დიდედასა და პაპას პორტრეტებს, ან პაპის სიკვდილს. და აქ ისე, თითქოს შემთხვევით, წამოსროლილ ჭირისუფლის სიტყვებს პირდაპირ გულისგულში რომ გაივლის. ეს თითქოს ექოა იმ მდუმარე “ჭიდილსა”, ამ რამდენიმე ხნის წინათ პაპასა და დიდედას შორის რომ გაიმართა და პაპამ რომ მაინც თავისი გაიტანა და მარტოდმარტო წავიდა ვენახის დასახედად.
მოტირალი ქალის ეს ფრაზები რომ “დაიჭირო”, მწერალს დიდი სულიერი სიფაქიზე გმართებს. ჰოდა, ამგვარი სიფაქიზითაა ეს ეპიზოდიც დაწერილი:
“და სწორედ მაშინ, როცა ოთხი ვაჟი კვლაც აწევს კუბოს და ნელ-ნელა სახლის კიბეზე ჩამოატარებს, ზეციდან ცვივა თოვლის თეთრი ფანტელები. პაპას უკანასკნელ გზაზე ყვავილებივით ეფინებიან თეთრი ფთილები. ეფინებიან მის გალურჯებულ ხელებს, გასანთლულ სახეს, თეთრ ულვაშებს და ამ სიჩუმეში, როცა მხოლოდ თოვლის ჩუმი შრიალი ისმის, დაირხევა ბებოს ცივი და მშვიდი ხმა:
- ეგე, უკანასკნელად მისდიხარ თოვლში, კაცო!”
აი, აქ როგორ იტყვიან, კომენტარი უადგილოა.
ალბათ ასევე ცალკე უნდა გავამახვილოთ ყმაწვილთა ყურადღება იმ ეპიზოდებზე, როცა მწერალი საყმაწვილო გასართობებსა და თამაშობების პარალელურად, ცალკე ვაჟებისათვის და ცალკე გოგონებისთვის განკუთვნილ საქმიანობაზე მოგვითხრობს და ამით პატარაობიდანვე აჩვევს ყმაწვილებს იმ აზრს, რომ ცხოვრება უშრომლად აზრს კარგავს. შრომის გარეშე დასვენებასა და გართობასაც არ გააჩნია თავისი შნო და ლაზათი. ამიტომაც მიჰყვებიან პატარა ბიჭუნები პაპას ტყეში ფიჩხის მოსატანად. ამიტომაც მარგლავენ და უვლიან ბოსტნებს უფროსებთან ერთად. გოგონები კი ხელსაქმეს სწავლობენ მატყლის ჩეჩვას და ქსოვას.
ტყე ვახსენე და ალბათ ისიც საგანგებოდ უნდა ითქვას, თუ როგორ ესაუბრება მწერალი პატარებს ტყეზე და მის დანიშნულებაზე. ტყე დიდი განძია. ეს თითქოს ყველამ ვიცით, მაგრამ ის სიყვარული და სიფაქიზე, რომლითაც თამაზ ბიბილური საუბრობს, ვიტყოდი, ნამდვილად ქრესტომათიულია. “ტყე დედამიწის მთელ სიცოცხლეს თითქოს ერთბაშად განასახიერებსო”. დასძენს და აქვე ჩამითვლის ყველა იმ სიკეთეს, რაც ტყეს მოაქვს ადამიანებისთვის... და აქ კვლავ უნებურად გაგონდება ჩვენი დროის სულიწმინდის მადლით განღმრთობილი ბერის მამა გაბრიელის (ურგებაძის) დარიგება მეორედ მოსვლის ჟამს ტყეებს შეეხიზნეთო!
მაშ ტყე გადაგვარჩენს და შეგვინახავს?!
თურმე როგორი დიდი განძის მფლობელნი ვყოფილვართ და არა გვცოდნია. ტყეს უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან ეს ისევ და ისევ საჩვენოდ, საკეთილდღეოდ მოგვიბრუნდეს.
“ტყე მარტო ჩვენი ცხოვრებისა კი არა, თვით სიცოცხლის ნაწილია და ბედნიერია ის, ვინც შეუმცდარად ისმენს ტყის ხმას. ვისთვისაც მეტყველია მისი დუმილი, ვისაც შეუძლია მასთან საუბრის გამართვაო.” ამბობს მწერალი და ცდილობს თავის მკითხველსაც ასწავლოს ტყის დუმილის “კითხვა”. ასწავლოს ის, რაც თვითონ კარგად იცის - გაუმხილოს ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრების ანბანი, ქართული გენის გადარჩენის საიდუმლო.
რაკი ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრება ვახსენე არ შეიძლება კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟი, სალამურების გამორჩეული ოსტატი და მასზე შესანიშნავად დამკვრელი მახარეც არ გავიხსენო. ეს ის ადამიანია, რომელსაც ჯიუტად სწამს, როცა სალამურზე ვუკრავ, მზე სწორედ მაშინ გამოდის ღრუბლებიდან, ფრთოსნებიც ჩუმდებიან და წყალნიც ინაბებიანო... და აქ კიდევ ერთი, კლასიკური პერსონაჟი წამოტივტივდება “ვეფხისტყაოსნიდან... ავთანდილი.
ბუნებასთან თანახმიერი ცხოვრების საიდუმლოს ფლობს მახარე. ეს ის საიდუმლოა, რომელიც ასე მიუღწეველია ჩვენთვის, დღევანდელი ქართველობისთვის და რომელიც თურმე ასეთი მარტივია და გენიალური თავისი სისადავით - აჰყვე ბუნების რიტმს და შეერწყა იმ ჰარმონიას, რომელსაც თვითონ უფალი გვთავაზობს. ამას ჩვენ, ბუნებასთან გაუცხოებულნი, ვერ ვასწავლით ყმაწვილებს, თუ “წელიწადის დრონის” ავტორს არ დავუგდებთ ყურს.
კიდევ ერთხელ ვნახოთ, რას წერს თხრობის დასასრულს:
“ნუ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ სოფლელი ბავშვი ყველაფრის მონაწილეა, რაც კი გარშემო ხდება. ასე იყო მაშინ და, ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს დღესაც”....
ახლა ამ ვრცელ ციტატას ბოლომდე ვერ დავიმოწმებ, მაგრამ ერთს კი ვიტყვი - თუ ამ მწერალს ვენდობით, მაშინ არ შეგვეშინდება არც გათითოკაცებისა და არც გლობალიზაციის მორევის.
თურმე წინაპართა ნაკვალევზე სიარული, საკუთარ ფესვებთანაც დააბრუნებს და მსოფლიო მოქალაქეებადაც აქცევს ჩვენს მომავალ თაობებს. ეს მართლაც ასეა...
და აქვე, ვფიქრობ საგანგებოდ, ეს იდილია რომ არ დაირღვეს, სწორედ ამიტომ მწერალი არსად ახსენებს, არც რადიოს, არც ტელევიზორს (კომპიუტერი მაშინ ისედაც არ იქნებოდა) და არც... ტელეფონს. მხოლოდ ერთადერთხელ დავლანდავთ სოფელში ჩასულ კინოს და ისიც არსენას სახე შემოგვანათებს უბრალო, სახელდახელოდ გადაჭიმული ეკრანიდან. წამიერად შემოგვანათებს და წამიერადვე გაქრება, რადგან ამ შემთხვევაში მწერლის ამოცანა სულ სხვა რამ გახლავთ. თუნდაც შემოდგომის მიწურულს ჭირნახულის ნატურმორტის ხატვა, ზამთრის პეიზაჟის გახსენება და ამ პეიზაჟის ფონზე, სოფლის მცხოვრებთა ადათ-წესების, ნამდვილ გლეხთა ყოფა-ცხოვრების აღწერა.
და იქ, სადაც მწერალი წისქვილსა და მეწისქვილეზე გვიამბობს, თითქოს თხრობის რიტმიც კი იცვლება და წისქვილის ხმას ბაძავს. მეტსაც გეტყვით, ახლად დაფქვილი სიმინდის სურნელსა გრძნობ და ამიტომაც ბოლომდე ენდობი მთხრობელს.
აქ, ამ მოთხრობაში ყველაფერი რეალურია და მაინც... იდეალური, რადგან მწერალს მოხელთებული აქვს ხალხური სიბრძნის საიდუმლოება.
შეუძლებელია იგივე განცდა ყმაწვილსაც არ გაუჩნდეს, რადგან ისინი რაღაც სხვა, განსაკუთრებული გრძნობით აღიქვამენ სიმართლეს და ამავე გრძნობითვე ემიჯნებიან სიცრუესა და სიყალბეს.
...მაგრამ რა უნდა ამ მოთხრობაში ყალბსა და ნაძალადევად გამოგონილს?!


* * *

მეგონა ასე დავასრულედები, თამაზ ბიბილურის “წელიწადის დრონზე”, წერას და უცებ ამავე თხზულებაში ორგანულად ჩართული მისეული “პურის მოთხრობა” მომაგონდა. ქართველმა მკითხველმა კარგად იცის, რომ “პურის მოთხრობა” ამავე სახელწოდების მხატვრულ-დოკუმენტური ტექსტი ნუგზარ შატაიძის კალამს ეკუთვნის, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ პირველი ბიძგი, ამ ტექსტის შესაქმნელად სწორედ თამაზ ბიბილურის მოთხრობიდან მომდინარეობს და ეს არ უნდა დაავიწყდეს იმ მკვლევართ, რომლებიც მომავალში ამ ორი მწერლის შემოქმედებას უფრო ახლოს გააცნობენ მკითხველთ.
ეს ისე მხოლოდ ცნობისათვის.
და ვიდრე წერილს დავასრულებდე, ერთ პაწაწინა ჩიტზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ეს ჩიტი საგანგებოდ ბოლოსთვის მოვიტოვე, იგი კომპოზიციურად კრავს და ამთლიანებს მთელ ტექსტს.
ეს პაწია არსება, ზაფხულიდან შემოდგომამდე, შემოდგომიდან ზამთრამდე რაღაც სიმბოლურად ასდევნებია თხრობის დინებას და როგორც ნამდვილ ზღაპარში, თითქოს ავტორის სულის ნაწილი გამხდარა. იმ სულისა რომელიც ახლა ალბათ უფალთან სუფევს...
ჩვენ, ჩვენ კი აქ დარჩენილებს გვაფხიზლებს და გვაიმედებს რომ ისევ მოვა გაზაფხული.
”ჩიტი გაზაფხულს ელოდება!
ეს პატარა ჩიტი გაზაფხულის მოსვლას გრძნობს, მსუბუქ რტოზე ირწევა, დროდადრო კვლავ დასტვენს და ზემოთ, ცისკენ იყურება.
ალბათ ციდან უნდა ჩამოვიდეს გაზაფხული.”
აქ სრულდება თხრობა. აქ სვამს წერტილს მწერალი. მეც აქ დავასრულებ წერილს.
არადა, ეს მხატვრული ტექსტი უფრო მეტის და უფრო ვრცლად მსჯელობის საშუალებას იძლევა, მაგრამ ახლა ამ პაწაწინა ჩიტით დავაბოლოვებ.
...რატომღაც მგონია, ეს ჩიტი იმ გაზაფხულს ელოდება, რომლის მოსვლასაც დიდი ხანია შევნატრით ქართველები.





P.S.

გადის დრო და...
ისევ მიეშურები კახეთის მშვენიერ სოფელში. იქ ყოფნისას სამოთხის იდილიას გრძნობ და გიხარია შინ რომ დაბრუნდი. შინ, შენს სამშობლოში - საქართველოში.