THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მარიამ წიკლაური

ვინ დარაჯობს სამყაროს მარადიულობას

ირმა მალაციძის ზღაპრების კრებული ”ქერამუჭას სკოლა”


საბავშვო ლიტერატურისა და წიგნის სამყაროში იმდენად მრავალფეროვანი პროდუქცია იწარმოება, ძნელია ყველაფერს თვალი მიადევნო და შეაფასო. მაგრამ თუკი 2005 წლის საყმაწვილო წიგნებს გაეცნობით და წაიკითხავთ კიდეც, უყურადღებოდ არ დაგრჩებათ ახალგაზრდა ავტორის, ირმა მალაციძის საბავშვო მოთხრობების კრებული “ქერამუჭას სკოლა”. ეს წიგნი ნამდვილი საბავშვო წიგნია. რას ვგულისხმობ? ყველაფერს ერთად - ლიტერატურულ მასალას, მხატვრობას, წიგნის ზომასა და ფორმას, მკითხველის ასაკობრივი ფაქტორის გათვალისწინებას. ამ უკანასკნელს განსაკუთრებით გამოვყოფ, რადგან ზოგადად “საბავშვო წიგნის” ცნება დღეს გაუგებრად პირობითი და სიმბოლური რამ გახდა. საბავშვოს არქმევენ წიგნებს, რომლებიც ჩვეულებრივი სადიდო წიგნებია და ამას ალბათ კომერციული თვალსაზრისით სჩადიან. თვალშისაცემია ის ფაქტიც, რომ საბავშვო წიგნების ზომა, ფორმატი, ყდა, სიმძიმე (მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ ლიტერატურული წიგნები, არამედ სახელმძღვანელოებიც) ერთადერთზე მიანიშნებს: რაც შეიძლება ძვირი ღირდეს, თვალშისაცემი და მომგებიანი იყოს იგი გამომცემლისთვის. პარადოქსია, რომ რაც უფრო მეტად გაიზარდა წიგნის ფორმატი, ფერადოვნება, სიკაშკაშე და სიპრიალე, მით მეტად დაშორდა მკითხველი წიგნს. ვიზუალურმა მხარემ თითქოს შთანთქა უმთავრესი - ტექსტი და სიტყვიერება, მისი მნიშვნელობა, მასთან ურთიერთობის სურვილი და სიამოვნება. ის კი არა და, იმდენად ძვირფასია პოლიგრაფიულად და ფასის მხრივ საბავშვო გამოცემები, მშობლები ხელსაც არ აკარებინებენ ბავშვებს, აქაო და ძვირფასი ძვირადღირებული ნივთი (და არა წიგნი!) არ გაფუჭდეს და დაზიანდესო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მაგრამ ეს პრობლემები სხვა წერილის თემაა. მით უფრო, რომ მწერალ ირმა მალაციძის “ქერამუჭას სკოლას” ამ მხრივ სასაყვედურო სრულიად არაფერი აქვს. პირიქით, იმის ნიმუშს წარმოადგენს, რა საქმე უნდა ჰქონდეს უმცროსი სასკოლო ასაკისათვის გათვალისწინებულ წიგნს. კრებულში (რედ. ნ. გიორგაძე) 13 მოთხრობაა გაერთიანებული. იგი ავტორის მეორე საბავშვო წიგნია. პირველი წიგნი - “სატკბილეთის ქვეყანა”, 2004 წელს გამოიცა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). აქვე ვიტყოდი, რომ ირმა მალაციძე მხოლოდ პატარებისათვის არ წერს. მისი პროზაული კრებული “ფატია” (გამომცემლობა “სიესტა”) ნომინირებული იყო ლიტერატურულ პრემიაზე “საბა” ნომინაციაში “წლის საუკეთესო პროზაული კრებული” 2004 წელს. სხვა ლიტერატურულ კონკურსების გვერდით, რომელშიც მწერალს მიუღია მონაწილეობა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ავტორისათვის 2003 წლის ლიტერატურული კონკურსი "ახალი სახელები ქართულ საბავშვო ლიტერატურაში", რომელიც ჟურნალმა "დილამ" გამართა ახალგაზრდა მწერლების გამოსავლენად, და 1 ადგილი პროზის ნომინაციაში სწორედ ირმა მალაციძის ზღაპარმა "ლოკოკინა, სახელად ქერამუჭამ" მოიპოვა. ასეთი წარმატებული მწერლური დებიუტით ბევრი როდია გათამამებული, და უნდა ვივარაუდოთ, რომ წინ ბევრი მწერლური გამარჯვება ელის მას.
თანამედროვეობის უდიდესი მწერლის, ო. ჭილაძის სიტყვებს მოვიტან: "მწერლობა ნებაყოფლობითი მსხვერპლშეწირვაა, და როცა ამ არეულ-დარეულ და მრავალჯერ ჩაწიხლულ ქვეყანაში ახალგაზრდა კაცი მწერლის ურთულეს პროფესიას ირჩევს, უპირველესად ჩემში მისადმი პატივისცემა და მხარდაჭერის სურვილი იბადება. იგი ხომ წმინდანის თავგანწირვით და მიჯნურის მოუთმენლობით იდგამს კისერზე მწერლის მძიმე უღელს, რითაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ პროფესიის აუცილებლობასა და მარადიულობას”. ამაზე უკეთ და ზუსტად ძნელია, ახალგაზრდა მწერალზე რაიმე თქვა. მით უფრო ადამიანზე, რომელმაც საბავშვო მწერლობის გზაც მოინიშნა. თუ ზოგადად მწერლობა მსხვერპლშეწირვაა, საბავშვო სფეროში მოღვაწე მწერლებზე ამის თქმა უფრო შესაფერია, რადგან სიტყვაკაზმული საბავშვო ლიტერატურის პერსპექტივა ამდენი საბავშვო “შოუ-წიგნის” ფონზე ნამდვილადაა თავგანწირვა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს (და ალბათ, სათანადოდ არც არასოდეს), საბავშვო მწერლობას გვერდით არ უდგას თავისი საკუთარი კრიტიკა. ისევ ო. ჭილაძის ნათქვამს მოვიშველიებ: “კრიტიკოსობა მწერლობის ქომაგობას ნიშნავს, და არა მწერლობის წინააღმდეგ გამართულ ლაშქრობას.” თუ ლიტერატურას საკუთარი, მისი ჭირ-ვარამის მოზიარე კრიტიკა არ გააჩნია, უბორბლებო ეტლივითაა - ან ვერასოდეს, ანდა საბედისწერო დაგვიანებით მიაღწევს მწერალი საბოლოო სადგურამდე - მკითხველის გულამდე. მწერლისა და კრიტიკოსის ძარღვებში ხომ ერთი და იგივე სისხლი დგას, და ერთის პიროვნულობა, პრინციპულობა, მეორის ნაყოფიერების საწინდარია”. რა უფლება გვაქვს, არ დავეთანხმოთ ამ აზრს. მხოლოდ იმას დავუმატებდი, რომ საბავშვო ლიტერატურის შეფასება არა ბავშვებისათვის, არამედ უფროსებისათვისაა აუცილებელი და საჭირო, მხოლოდ ერთი უბრალო მიზეზის გამო - იცოდნენ, რა და როდის მიაწოდონ თავიანთ შვილებს, შვილიშვილებს, მოსწავლეებს, და დაიცვან ისინი ცრუ, სულიერებისაგან გამოფიტული, კომერციული და მე ვიტყოდი, საშიში ტექსტებისაგან, აგრეთვე სხვა უამრავი საყურებელ-სათვალიერებელი გასართობებისაგან, რომლებიც ბავშვის ფსიქიკას, აზროვნებას და საერთოდ, სამყაროს ანგრევს, აუხეშებს და ცდილობს იმ უსახურობაში შეიწოვოს, რასაც მომავალი ნამდვილად არა აქვს...
მწერლის ზემოთხსენებულ წიგნში იმ სამყაროს აღმოაჩენთ, რომელიც საინტერესო და ახლობელია ბავშვებისათვის. პირველივე მოთხრობის პერსონაჟს, პატარა ლოკოკინას ერთი ცნობისმოყვარე გოგონა, მარი, სახელად ქერამუჭას დაარქმევს. მართალია, ქერამუჭას თავის პაწია სახლში არც აბაზანა აქვს და არც კაკაოს უდუღებს დედა დილაობით, თანაც ბევრი დაუპატიჟებელი სტუმრისგანაც უწევს სახლისა და თავის დაცვა, მაგრამ მაინც ბედნიერია, რადგან იცის, რომ პატარა და უმწეო არსებასაც შეუძლია ქვეყნად კეთილი და დიდებული საქმის კეთება. ჰოდა, ქერამუჭა როგორ შეძლებს თანამოძმეთათვის სკოლის გახსნას, ამას მოთხრობის წაკითხვისას გაიგებთ. მე კი ნათლად ვხედავ, ამ ნაწარმოების პატარა მკითხველები, რომლებიც ეზოში ან მინდორში ერთად თავმოყრილ ლოკოკინებს შეამჩნევენ, როგორ უცდომლად მიხვდებიან, რომ ისინი სკოლაში, თავის ბალახის მერხებზე სხედან, და თავადაც როგორი გაფაციცებით მოუსმენენ ჭრიჭინას, რომელიც ლოკოკინებს მუსიკის გაკვეთილებს უტარებს. ცხოველთა სამყარო, საერთოდ, ძალიან ახლობელია ბავშვებისათვის და მას მწერლები ყოველთვის მიმართავენ. მაგრამ განსხვავებით ტრადიციული ფაუნის წარმომადგენლებისგან, ი. მალაციძის პერსონაჟები ჩვენგან ძალიან შორს მცხოვრები ცხოველებიც არიან.
თუ ბედმა არ გაგიმართლათ და საქართველოსავით ლამაზი სამშობლოს მაგივრად თეთრი დათვის ბელივით ყინულოვან კუნძულზე გაგაჩინათ ღმერთმა, ეგეც არაფერია. თურმე ადამიანების მსგავსად დათვის ბელმაც შეიძლება ნახოს ფერადი სიზმარი, გაოცდეს ველ-მინდვრების სიმწვანითა და ყვავილების ფერადოვნებით, მაგრამ მშობლებისა და სამშობლოს მიტოვება არ იფიქროს და სხვის ლამაზ ქვეყანაში გაქცეს, არამედ მეგობარი თოლიას დახმარებით, რომელიც ფერად ფანქრებსა და ფლომასტერებს მოუტანს ბელს, ყინულოვანი ქვეყანა მოხატოს, გააფერადოს, გააჩახჩახოს და ყველა თანამოძმეს ამით სიხარული მიანიჭოს.
თუ თქვენ ძალიან დიდი ხნის წინათ არ გიცხოვრიათ, როცა ვთქვათ და, დინოზავრები ცხოვრობდნენ, რომ არა მწერლის ფანტაზია, ვერც კი შეიტყობდით ორი და-ძმის, ფიჭიკოსა და თაფლიას საოცარ თავგადასავალს. მათაც, როგორც საერთოდ ყმაწვილებს ჩვევიათ, სიახლეებისკენ სწრაფვა და და ტრადიციების რღვევა ახასიათებთ. გადაწყვიტეს და შეცვალეს კიდეც დინოზავრების ცხოვრების წესი, მაგრამ მშობლები, მამა ზავარი და დედა დიზიკო, უფროსი თაობისაგან განსხვავებით, მაინც ბავშვების მხარეზე დადგნენ და მტაცებლობაზე უარი თქვეს... ბალახ-ბულახის გემოც გაიგეს და შვილების გადაწყვეტილებებსაც პატივი სცეს. საერთოდ, მოზარდთა მიმართ თანაგანცდა, მათი უფლებების და შეხედულებების პატივისცემა უნდა იქცეს თანამედროვე საბავშვო ლიტერატურისათვის საინტერესო გასაშუქებელ თემად. მისასალმებელია, რომ მწერალმა ეს პრობლემა ასე ორიგინალურ სიუჟეტურ ქარგაში გაშალა და ქართული საბავშვო ლიტერატურის სამყაროსათვის სრულიად ახალი პერსონაჟები შემოიყვანა, თანაც შეძლო, საინტერესო ინფორმაციის ¿??? ფორმაში გადმოცემა და იმერიზმების გამოყენებით არა მხოლოდ იუმორით გაემდიდრებინა მოთხრობა, არამედ შეექმნა ძალზედ დასამახსოვრებელ და სახასიათო პერსონაჟთა გალერეა.
მშვენიერია მოთხრობა ზღვისვარსკვლავას შესახებაც. ზღვისვარსკვლავას ზღვის ფსკერის ნაცვლად ნამდვილ ვარსკვლავებთან უნდოდა ცხოვრება, მაღლა, ცაში. მზის სხივების დახმარებით კიდეც მოახერხა ეს, მაგრამ მიხვდა, რომ არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, შენიანებთან იცხოვრო, იქ, სადაც ბუნების ძალამ გაგაჩინა და დაგამკვიდრა. მწერალი ბავშვებს ძალიან სადად და უბრალოდ უყვება ცხოვრებისეულ რთულ პრობლემებზე, და ავტორის საქებად უნდა ითქვას, რომ ამას ძალიან კარგად ართმევს თავს. სამაგალითოდ თუნდაც “მოთხრობა გულჩვილ მგელუკაზე” გამოდგება. ამ მოთხრობაში გადმოცემულია დიდი შინაგანი ბრძოლა საკუთარი ნირისა და ბუნების წინააღმდეგ ამხედრებული სულისა, პატარა მგლის ლეკვის არაჩვეულებრივი შინაგანი სამყაროა დახატული. იგი ამბობს ასეთ სიტყვებს: “რა იქნებოდა, რომ ცხვარად ან კურდღლად დავბადებულიყავი. თავის დაცვა უფრო პატიოსანი საქციელია, ვიდრე ჩემზე სუსტ არსებებზე ნადირობაო”.
მგლისთვის დამახასიათებელი სრულიად განსხვავებული მენტალობა პატარა მკითხველში აღძრავს მოტივირებას თანაგრძნობისა და მწერალიც ახერხებს ისე განავითაროს (სრულიად ბუნებრივად!) სიუჟეტი, რომ მგელმაც თავისიანების ღირსების შეფასება მოახერხოს და ბედნიერებაც იპოვოს მზისქვეშეთში. საერთოდ, საკუთარ თავთან და საკუთარ ეთნოსთან ან ქვეყანასთან გაუცხოების პრობლემა, თავის მიზეზ-შედეგობრივობით, ვფიქრობ, თანამედროვე მწერლობისათვის დიდი საჯილდაო ქვაა, მაგრამ საბავშვო ლიტერატურაში ასეთი დიდი თემის შეჭიდება და გამოსავლის მოძებნა ასე “უბრალოდ” (ერთი შეხედვით) ნამდვილად მწერლის ნიჭიერებაზე მიგვანიშნებს.
ძნელია, რომელიმე მოთხრობას გვერდი ავუაროთ. ვთქვათ, რობოტების ცხოვრება და მათ შორისაც კეთილისა და ბოროტი რობოტების (ალიტერაციულად კარგად ჟღერს!) ურთიერთობაზეც მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, მკვეთრად იყოს სახელდებული და გამიჯნული ერთმანეთისგან სიკეთე და ბოროტება, ცუდი და კარგი, მტერი და ჩვენიანი. მაგრამ მწერალი ყოველთვის უნდა ცდილობდეს რაღაც ისეთი მოიმოქმედოს, რომ ბავშვის თვალწინ მოხდეს ბოროტის კეთილად გარდაქმნის საოცარი, მაგიური პროცესი. ამ შემთხვევაში კეთილის რწმენა პატარაში კიდევ უფრო მეტად მყარდება. განსხვავებით საყოველთაო აგრესიის, სიკვდილის, სისხლის და მსგავსის გამეტებისა, რომელიც ყოველი ფილმის, მულტფილმის, კომპიუტერული თამაშების თანამდევი მოვლენაა, აქ მწერალი ირჩევს ზუსტ და ზნეობრივ გზას, რომელიც ბოროტის გამოსწორებას, გაკეთილშობილებას გვიჩვენებს. რობოტების სამყარო, ერთის მხრივ, თანამედროვე ბავშვისთვის ძალზედ ახლობელი, ამ მეტამორფოზის მაგალითად მწერალს თითქოს განგებ აქვს შერჩეული, და ვფიქრობ, ძალიან ზუსტადაც.
მოთხრობა “გარიგება”, სადაც ბავშვებს და ცხოველებს ერთმანეთის ენა და საუბარი ესმით, არაჩვეულებრივ შთაბეჭდილებას ახდენს. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია ის მხიარული, სათამაშო განწყობა, რომელიც საბავშვო ნაწარმოებს ადვილად აღსაქმელს ხდის პატარებისათვის. ოსტატური დიალოგები, იუმორი, ნათელი სამყარო, სიუჟეტთა დინამიურობა - ამ წიგნში ყველაფერია იმისთვის, რომ კრებული შეფასდეს მშვენიერ შენაძენად საბავშვო ლიტერატურისათვის. მუსიკალური ბგერების ისტორია, სევდიასა და ფიქრიას დამეგობრების ამბავი, თავქუდმოგლეჯილი ბიჭის თავგადასავალი, საკონდიტროს დახლში მცხოვრები ორცხობილას, ფუნთუშასა და ღვეზელის ისტორია - ამ კრებულში ელოდება პატარა მკითხველებს...
უსამართლობა იქნებოდა ჩვენგან, ყურადღება არ მიგვექცია წიგნის მხატვრობისთვის და ორმაგად სასიამოვნოა, რომ ამ მშვენიერი გრაფიკის ავტორი, მაკა ლდოკონენი, მწერალიცაა. მისი ხელწერები, ესთეთიკა, ხედვა, ტექნიკა სრულ შესაბამისობაშია მწერლის სამყაროსთან, და პატარა მკითხველისათვის დამატებითი საშუალებაა წიგნთან ახლო ურთიერთობისა.
თუ ვინმე ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მოიძიებს ირმა მალაციძის საყმაწვილი წიგნს “ქერამუჭას სკოლა” და დაინტერესდება, მას არ მოეჩვენება გადაჭარბებულად ამ წერილის კეთილგანწყობილი ტონი.
საბავშვო ავტორისათვის სისხლხორცეულია, მუდმივად გვესაუბრებოდეს სიკეთის მარადიულობაზე, ჰუმანიზმზე, ადამიანის და ბუნების ჰარმონიულ ურთიერთობაზე, სამშობლოსა და მოყვასის ერთგულებაზე, მშვენიერებაზე, მეგობრობაზე. შადიდო მწერლებიც იგივეზე მოგვითხრობენ, მაგრამ მაინც არის მათ შორის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება: ის, რაშიც “დიდების” მწერალს ეჭვი შეაქვს, “პატარების” მწერალს უეჭველად სჯერა და სწამს მისი.
ისევ მწერალ ო. ჭილაძეს მოვიშველიებ: “მწერლობა ტრადიციული ხელოვნებაა და თავისი არსებობით უპირველესად იმაში გვარწმუნებს, კიდევ რომ შეიძლება გვჯეროდეს სასწაულის. ანუ ერთხელ კიდევ განვიკურნოთ და განვეწყოთ საცხოვრებლად ამ მარადიულ სამყაროში”. მწერლის ამ არაჩვეულებრივად მართალ სიტყვებს ჩემის მხრივ იმასღა დავამატებდი, რომ სამყაროს მარადიულობას ბავშვები დარაჯობენ... და ამ რწმენით გვსურს გაიზარდოს ყველა ბავშვი.

2006 წელი