THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ნინო ჩხიკვიშვილი

"შენ უკვდავებად სამშობლოსთვის სიკვდილსა თვლიდი. . ."

ოთარ ჩხეიძე


მართალია, ოთარ ჩხეიძე საყმაწვილო მწერალი არ გახლავთ, მაგრამ როცა გასული საუკუნის 70-80 წლების საბავშვო ლიტერატურულ პროცესებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, მისი “უკვდავების ზღაპარი”, ანტიკური ტრაგედიის სიმძაფრისა და მუხტის მქონე პიესა არ ვახსენოთ.

ნაწარმოები 80-იანი წლების მიწურულს დაიწერა, მაგრამ მისი გამოქვეყნება, მოგვიანებით, მხოლოდ საბჭოთა ცენზურის გაუქმების შემდეგ, 1998 წელს გამომცემლობა ”ლომისში” მოხერხდა. შემდეგ, ”ზღაპრის თეატრის” სცენაზეც დაიდგა და შესაბამისი გამოხმაურებაც ჰპოვა. ჟურნალ ”ომეგაში” (2002 წლის #4) მკვლევარმა ლია წერეთელმა საგანგებო სტატიაც უძღვნა - ”უკვდავების ზღაპარი” ზღაპრის თეატრში.”

ავტორი ამ სტატიაში ერთ საინტერესო მიგნებას გვთავაზობს როცა წერს - ოთარ ჩხეიძის “უკვდავების ზღაპარი”, მთელი მისი შემოქმედების მეტაფორად ისევე წარმოდგება, როგორც რომანი “ბორიაყი” XX საუკუნის “ქართლის ცხოვრების მატიანის” პირველ თავადო.

როგორც ცნობილია, “უკვდავების ზღაპრის”, ეგრეთწოდებულ, ხალხურ საწყისს, პირველწყაროს წარმოადგენს, ჩვენში კარგად ცნობილი ზღაპარი უკვდავების მაძიებელ ჭაბუკზე, რომელსაც ზოგიერთ ვარიანტში, ასეც ეწოდება - “მიწა თავისას მოითხოვს”.

“უკვდავების ზღაპრის” გარდა ლია წერეთელს, სხვა მკვლევარი რუსუდან ჩოლოყაშვილიც გამოეხმაურა წერილით “აქ რომ სუნთქავ ეგეც ღვაწლია”, სადაც აღნიშნა: “უკვდავების მაძიებელი ჭაბუკი მწერალმა აქცია რა ლიტერატურულ ქმნილებად, მას პატრიოტული აზრი შთაბერა. ხალხურ ნაწარმოებში, სიკვდილის გარდუვალობით შეძრწუნებული ჭაბუკი მიწას გაურბის ფიზიკური არსებობის შესანარჩუნებლად და ამგვარად უკვდავების მოსაპოვებლად. ლიტერატურულ ნაწარმოებში კი აქცენტი მშობლიური მიწის მიტოვებაზეა, რაც გულს უკლავს მწერალს.”¬ როგორც ვხედავთ, მწერლის მთავარი სათქმელიც ეს გახლავთ.

და ვიდრე პიესაზე საუბარს გავაგრძელებდე, მინდა, ჩვენი დროის გამორჩეულად დიდი ბერის, არქიმანდრიტ გაბრიელის (ურგებაძის) სიტყვები გავიხსენო: “საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და რაც საქართველოში ხდება, ეს განსაცდელი სასიკეთოდაა. არ მიატოვოთ საქართველო, არ განარისხოთ ღვთისმშობელი. ადამიანი სადაც დაიბადა, იქ გადმოდის მასზე კურთხევაო.”

მწერალიც ამასვე გვიქადაგებს, ამ საყმაწვილო პიესის მეშვეობით. თუმც ეს არ გახლავთ მხოლოდ უცნაური ან შემთხვევითი დამთხვევა. ამაში არის რაღაც დაფარული მისტიკური კანონზომიერება, რაც მარტივად ამოიხსნება, თუკი ოთარ ჩხეიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ყურადღებით შევისწავლით...

ამ კონტექსტში, ვფიქრობ, აკაკი ბაქრაძის იმ მოსაზრების გახსენებაც ღირს: “ორად ორი ძალა იცავდა ქართველი ხალხის ეროვნულ ღირსებას - ქრისტიანული რელიგია და მწერლობა. როცა რუსეთმა ქართული ეკლესია გააუქმა, ჩვენი ერის ქომაგის როლი მარტო მწერლობას დაევალაო. - “მწერლობის მოთვინიერებაში” რომ წერდა.”

ახლა კი ისევ “უკვდავების ზღაპრის” სიუჟეტურ ქარგას მინდა მივყვე და ვიდრე ნაწარმოების პერსონაჟებზე შევჩერდებით, შევთანხმდეთ ერთზე: ის რომ ნაწარმოები ზღაპრულ ქარგაზეა აგებული და ყმაწვილთათვისაა განკუთვნილი, ესაც მწერლისეული საგანგებო მინიშნებაა იმაზე რომ მხოლოდ, ნამდვილ, ჭეშმარიტ ფასეულობაზე აღზრდილ მომავალ თაობას ძალუძს, სამშობლოს ერთგულება და ქვეყნის გადარჩენაც. ეს ტრაგედია, ერთგვარი გადაძახილია მომავლის საქართველოსთან. გნებავთ, აღიქვით, როგორც გაფრთხილება, ან სულაც განგაშის ზარი.

წეღანაც ვთქვი და ისევ გავიმეორებ - მწერალი ალღოთი გრძნობს მომავლის ტკივილსა და საზრუნავს. და ეს გრძნობა გახლავთ უტყუარი. დაფარული მისტიკაც არისმეთქი მასში, ამას თუ რატომ ვამბობ, ახლავე აგიხსნით: მის შემოქმედებაში, კერძოდ, რომანში “არტისტული გადატრიალება”, არის ერთი ისეთი ეპიზოდი, რომელიც მწერალს, თურმე, არც კი ენახა, არადა, სიტყვასიტყვით ზუსტად ისე აღწერა, როგორც მოხდა:

“ტელევიზია ქვეყანას ამცნობს: პრეზიდენტი ჩამოგდებულიაო. ეს ჯერ კიდევ არაფერიო. პატრიკიევი კიდევ აცხადებს: ჩვენ კვლავ მტკიცე ნეიტრალიტეტს ვიცავთო. საქვეყნოდ აცხადებს, რაღა თქმა უნდა, ხოლო პრეზიდენტს ტელეფონით აფრთხილებს: დერეფანს დაგიტოვებენ გასასვლელადა. წახვალ, გაეცლები. თუ არადა, დაიწყება ოპერაცია – ალფაო. დაიმარხები ცოცხლადაო, - ამასა ნიშნავდა. ბრძანა აყრილიყვნენ. უკანასკნელადა ბრძანა, როგორც რო პრეზიდენტმა. ისევ რუქას ჩაჰყურებდაო. მზად იყო ყველაფერი. მოახსენებენ. დგება, რუქას რო არ აშორებს თვალსა, რო შეჰღიმის, სანთლის ალი რო დასთამაშებს გაფითრებულ სახეზედა. დგება. დგას. დგას. ფანქარს დაუშვებს მერე. დადებს. გაასწორებს.

... იქნება... ჩვენი... ჩვენი... ჩვენი იქნება...” გადის თვალი რო რჩება რუქისკენა. ფანქარი ტაო-კლარჯეთზე დევს.”

სწორედ ამ ფაქტის მომსწრე ერთ-ერთ პიროვნებას გაკვირვებია კიდეც - კი მაგრამ საიდან იცის ბატონმა ოთარმა ზუსტად ასე რომ მოხდა იქ ხომ არა ყოფილაო. ჰოდა, ყოველივე ამის შემდეგ, მოდი და რამენაირ მეცნიერულ კვლევა-ძიებასა თუ ლიტერატურული თეორიებსა და ჩარჩოებში მოაქციე დიდი მწერლის აზრები და ნათქვამი?!

ისე რაკი “არტისტული გადატრიალება” ვახსენე, მსჯელობის ლოგიკა მოითხოვს “თეთრ დათვზეც” მეთქვა რაღაც, თუნდაც ორიოდ სიტყვით ის რომ, როცა მწერალი უფლის მიერ მოცემულ ათ მცნებას შეახსენებს ქართველთ, იქვე სამშობლოს სიყვარულსაც დაამატებს და კიდევ ერთხელ გამოგვაფხიზლებს, ეს არის ერთგვარი გადაძახილი ილია ჭავჭავაძესთან... თუმცა ახლა ამგვარ მსჯელობას რომ შევყვე, აზრის დინება შორს წამიღებს. ამიტომაც ისევ საყმაწვილო პიესას დავუბრუნდები.

გზად ჭაბუკსა და მას ადევნებულ ქართულ სულს - ცანგალას, (ამ შემთხვევაში, ცანგალა, ხალხური სიმღერის მეტად პოპულარული ტიპაჟია გაცოცხლებული), გარდა ზღაპრული პერსონაჟებისა, გზად რეალური, ვუწოდოთ ასე, ცხოვრებისეული სიბრძნით, ავითა თუ კარგით, სავსე ადამიანები ხვდებიან. ეს ოდისეა, ვფიქრობ, მოიაზრება როგორც ადამიანისთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქართველისთვის, ქართული სულის გადარჩენისთვის დაწესებული სიძნელენი, რომელსაც მომავალი საზვერების მოლოდინში, ჭაბუკი და ცანგალა, როგორც გაფრთხილებას და თუ როგორც გამოცდას, ისე გადიან.

ნაწარმოების დასაწყისში ვეება ლოდზე მჯდარი მოხუცი, უშუალოდ ცხოვრების, ან იქნებ, ზღაპრისეული ბედისმწერლის თუ განმსაზღვრელის სიმბოლოა. იგივე მოხუცი, ან მისი მსგავსი შეხვდება უკანა გზაზე და ახლაღა მოაგონდება მისი ნათქვამი: შენი სამშობლო თვით სამოთხეს უნდა გერჩივნოს, ჯოჯოხეთადაც რო გიქციონ, არ განშორდეო.

გარდა ამ მოხუცისა, ცანგალა კვლავაც მოაცილებს მშობლიურ მიწაზე დაბრუნებულ ჭაბუკს და ჩააგონებს: დღევანდელი დღე მოითხოვს მსხვერპლსა ჩვენგანა.

აქაც შეუმცდარია მწერლის ალღო. სადღეისოა ეს შეგონებაც და თუ რომელ მსხვერპლზეა საუბარი, ამას დაკვირვებული მკითხველი იოლად ამოიცნობს სტრიქონთა მიღმა. ხოლო ყმაწვილის გონება ბოლომდე თუ ვერ გააცნობიერებს მწერლისეულ გაფრთხილებას, ინტუიტური წვდომით ხომ მაინც დაეთანმხება ავტორს... რომელსაც სწამს: ის, რაც ყმაწვილის სულს ცხოვლად დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის.

ახლა ისევ პიესის პერსონაჟებს დავუბრუნდეთ:

როგორც აღვნიშნეთ, მასში მრავლადაა ჯადოსნური ზღაპრისთვის დამახასიათებელი, აუცილებელი დეტალებიც და პერსონაჟებიც. თუმცა, ის სიმბოლურ-ალეგორიული დატვირთვა, რასაც თითოეული მათგანი ატარებს, არა მხოლოდ პატარებისთვის, უდავოდ, ცენზორთათვისაცაა გათვალისწინებული. მაგრამ პიესას დაბეჭდვა მაინც შეუძლებელი შეიქმნა იმ პერიოდში.

ლია წერეთელი თავის წერილში იგონებს: “ზღაპარი და ზღაპრის სამყარო ოთარ ჩხეიძის შემოქმედებაში ჩემი სადისერტაციო ნაშრომის ბოლო თავი იყო. როგორღაც გამიგრძელდა, თითქო კვალი დამებნა... მშველელი არავინ იყო - ვერ ვკითხულობთო შემომჩიოდნენ დიდი ცენზის ლიტერატორნი, უკვირდათ რომ ვკითხულობდი და კვლევასაც ვბედავდი... ისევ ოთარ ჩხეიძეს თუ მივაშურებდი:

- ზღაპარი... ჰო ზღაპარი!.. - ჩაფიქრდა ბატონი ოთარი, - ერთი ზღაპარი მაქვს, არ გამომიცია, ეგება გამოგადგეს!..”

თუმცა, მინდა აქვე განვუმარტო ყმაწვილებსა და იმ მკითხველებსაც, რომლებიც თავდაპირველად სწორედ ამ პიესის კითხვით გაეცნობიან ოთარ ჩხეიძის მრავალფეროვან ვირტუალურ სამყაროს, ნუ ჩათვლიან რომ ეს საინტერესო სიმბოლო-ალეგორიები მხოლოდ ცენზურისათვისაა განკუთვნილი. იცოდნენ რომ ეს მწერლისეული, კარგად ნაცადი და შესისხორცებული ხერხია, რომლის მეშვეობითაც ყოველთვის ამბობს მთავარ სათქმელს. ამ შემთხვევაშიც ასეა - მწერალი კომუნისტურ დიქტატურას ალეგორიულად ასე გადმოგვცემს. გავიხსენოთ თუნდაც ავტორის ერთ-ერთი რემარკა:





“არწივი

არწივი აშენებს კედელსა, უშველებელ კედელს აშენებს.

მშვიდობის მტრედის ვეება სურათიც გამოუკიდნია. კედელს ძვლებისგან აშენებს, გულმოდგინედ აშენებს. ალაგებს აწყობს, სადმე ნაჩვრეტიც რო არ დარჩეს, ისე ალაგებს. თან ზვერავს არწივი, არსაიდან არავინ რო არ შემოეპაროს, მაღლა ფრინველმა არ გადაუაროს, დაბლა ჭიანჭველამა, - და აი მაინც ჭაბუკი და ცანგალა წაადგებიან თავსა.”

ამ არწივის სამფლობელოში დასატოვებლად არ ემეტება ცანგალას ჩვენი ჭაბუკი. ნახეთ რას ეტყვის, ეს ხომ პირდაპირი მინიშნებაა ქართულ გენსა და ხასიათზე. ამ შემთხვევაში მწერალი ცანგალას პირით იმ ქართველთ ამხელს, რომლებმაც ქართველობა დათმეს და ამდენად, კომუნისტური იდეოლოგიის მსხვერპლად იქცნენ:

“მერე აქ რა გაგაძლებინებს?

ამაზე სცვლიდი შენს დახატულ ადგილმამულსა?

იქ ვაზის მოვლა დაგეზარა, აქ ზიდე ძვლები

და ააშენე, რაც არასდროს არ აშენდება.”

აქ, რა თქმა უნდა, კომუნიზმის მშენებლობა იგულისხმება. მართალია, პატარებმა, ეს ჯერ კიდევ არ იციან, მაგრამ, ჩვენ, უფროს თაობათა წარმომადგენლებმა ხომ კარგად ვიცით, რას უნდა გულისხმობდეს მწერალი, როცა ცანგალას ჭაბუკის გონზე მოსაყვანად ამ სიტყვებს ათქმევინებს:

“ჯერ დარჩი, ნახავ, ჭკუა როგორ გადაგიბრუნდეს,

მამას მარგილზე წამოაგებ და დედაშენსა

გაცრეცილ თავშლით ჩამოჰკიდებ კარის დირეზე.

და მერე იმ ძვლებს ჩამოზიდავ ამის კედლისთვის.”

შორს ნუღა წავალ და ამ სტრიქონების წაკითხვის შემდეგ გონებაში უნებურად ამოტივტივდება - მე მამას მოვკლავ, დავახრჩობ დედას, რევოლუციამ თუკი მიბრძანა! - რა თქმა უნდა, ასეთი და მსგავსი სტრიქონები ყმაწვილთათვის ნამდვილად არ არის განკუთვნილი, მაგრამ ეს ხომ ჩვენთვის, უფროსებისთვის ერთგვარი განგაშია. ვიღაცა იტყვის, ან სულაც გაიფიქრებს, რაღა დროს კომუნიზმი და მასთან მებრძოლი მწერლობააო, მაგრამ გადაგვარების ნაკლები საფრთხე (თუ მეტიც არა) არც ამ ეპოქას მოუტანია ქართველთათვის. ამ ახალ ეპოქაშიც, თან მოგვდევს მწერალი და გვაფრთხილებს:

“დავეწოწებით უგზო-უკვლოდ... კარგა ხანია,

გადაგვავიწყდა ჩვენი სიტყვის მადლი და გემო.”

განა, არ დამეთანხმება ყველა თუ ვიტყვი რომ ეს ნათქვამი ზუსტად ასახავს, ჩვენს რეალობას?! და სამწუხაროდ, ამ რეალობაში იზრდებიან და ყალიბდებიან (მაგრამ ყალიბდებიან კი?!) ჩვენი შვილები ქართველ მოქალაქეებად. სწორედ ამიტომაცაა ეს პიესა მათთვის, ქართველი პატარებისთვის განკუთვნილი და აუცილებელი საკითხავი.

ამ რამდენიმე წლის წინათ, პიესა ზღაპრის თეატრმა დადგა და საკმაოდ წარმატებითაც, მაგრამ ეს ყველაფერი დღეს უკვე ისტორიაა, ხოლო ამ სპექტაკლის ისტორიაში დარჩენას, მომავლის საქართველო, თანამედროვეთ არ მოგვიწონებს.

 

***
 

და ვიდრე წერილს დავასრულებდე, კიდევ ერთხელ მინდა დავძინო: ოთარ ჩხეიძის “უკვდავების ზღაპარი”, მართლაც კლასიკური ნიმუში გახლავთ ხალხური ზეპირსიტყვიერების, კერძოდ, ძალზედ ცნობილი და საყვარელი ზღაპრის, მხატვრულ ლიტერატურაში გადმოტანისა და დამკვიდრებისა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც, საერთოდ, ხელოვნებაში უმთავრესია ერთი რამ - რანგი მწერალისა. გააჩნია თუ ვინ მოინდომებს ამას, რამდენად მიანიჭებს ორიგინალურ ნაწარმოებს ხალხური ტონალობისგან განსხვავებით, კლასიკური მწერლობისთვის დამახასიათებელ ჟღერადობასა და იმ ფუნქციას, რაც საერთოდ დამახასიათებელია კლასიკური ლიტერატურისათვის.