THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ჩინებული მემკვიდრე

ნინო ჩხიკვიშვილი
 
(მარიამ წიკლაურის შემოქმედება)


სად მეჩქარება? სიტყვებთან და წიგნებთან. ხან კლასიკოსთა წიგნებთან მიმეჩქარება, ხანაც მეგობრების კრებულები მელოდებინ. მე კი ვაგვინებ და ამ დაგვიანებისთვის ხშირად ვბოდიშობ. ყველაზე ხშირად, საკუთარ თავს ვებოდიშები და ასე გადის ცხოვრების - უფლისგან ნაბოძები საჩუქარის - ყველაზე ძვირფასი წლები.
ამჯერადაც დავაგვიანე და ახლა იცით ვის? - მარიამ წიკლაურს ვებოდიშები. ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო! - ზუსტად ასე დამემართა. მისი კრებულები, საბავშვო თუ სადიდო, სულ ბოლოსკენ გადავდე და ამდენი ხნის დაგვიანებით გადმოვიღე წიგნის თაროდან... არადა, ეს რა კარგი შემოქმედი გვყოლია, როგორი ფაქიზი და დაკვირვებული. მისი სტრიქონები, უცნაურად ჰგავს პატრონს და ისეთ სულიერ სიმხნევეს განიჭებს, სხვა რომ არა, მხოლოდ ამისთვის ღირს მათი წაკითხვა. მშობლიურ ფესვებს გაგრძნობინებს და კიდევ ერთხელ შეგახსენებს, რომ მართლმადიდებელი ხარ და არა რაიმე სხვა რჯულის მიმდევარი. ტიციან ტაბიძე მაგონდება: ქართველები, ქრისტიანები ვიყავით ქრისტიანობამდე, სული უსხეულოდ ვერ წარმოგვედგინა და სხეული კიდევ უსულოდო! რომ წერს. ეს მოსაზრება, მართლმადიდებლური დოგმატიდან გამომდინარე, იქნებ რომ საკამათოა, მაგრამ არსებობს ამ ჰიპოთეზის სულ სხვა, “პოეტური დამტკიცება”, რომელიც მხოლოდ სტრიქონთა, მხოლოდ მეტაფორათა, მხოლოდ ლექსის მეშვეობით უნდა ახსნა და გააცნობიერო, მით უფრო, როცა საბავშვო ლიტერატურასთან გაქვს საქმე...
სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში, მარიამ წიკლაური საინტერესო მიგნებას გვთავაზობს და წერს: “საბავშვო ლიტერატურა საერო ლიტერატურის ყველაზე სარწმუნოებრივი დარგია, რადგან იგი დაუეჭვებელი რწმენის მატარებელია სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ბრძოლაში, სიკეთის უცილობელი გამარჯვებისაო.”
მე არ ვიცი, ვინ შემომედავება, ვინ მხარს დამიჭერს, მაგრამ მარიამ წიკლაურის ერთ-ერთი საშური დაკვირვება - “სანამ მარჯვენაში კალამს დავიჭერთ, ხელის მტევანი და თითები ერთ საოცარ მოძრაობას იმეორებენ. ეს პირჯვრის წერისათვის მზადებაა. პირველი თითი (ცერი) - რწმენა, მეორე თითი (საჩვენებელი) - იმედი და მესამე (შუათითი) - სიყვარული კალამს ჩაეჭიდებიან და ერთმანეთს ეკვრიან. ხოლო მეოთხე (არათითი) – შრომას და მეხუთე (ნეკი) - სწავლას რომ აღნიშნავს, მორჩილად მოიხრებიან და ხელის გულს ებჯინებიან. გამოდის, რომ თითები პირჯვრის წერის მოძრაობას იმეორებენ და ასე გამოჰყავთ სიტყვები კალმით ფურცელზე. ხომ არის სასწაული და დასტური იმისა, რომ უფალი მართლა სიტყვაა და შემოქმედება - სულის საქმეა.” - პატარებისთვის წერა-კითხვასთან ერთად რომ გვესწავლებინა, ალბათ, დიდ იაკობ გოგებაშვილსაც გაახარებდა.
პოეტი ქალის სამყარო სადაა, ამავე დროს ტკივილითა და ზრუნვით დაღლილი. მართალია, დროს არ ჩამორჩება, მაგრამ არ ეძებს რაღაც განსაკუთრებულ ვერსიფიკაციულ ხერხებსა და არც მაინცდამაინც ექსპერიმენტულ ცდებს (ლექს) ანიჭებს უპირატესობას, რითაც, როგორც შემოქმედი, ჩვენს ხალხურ მთქმელებს ემგვანება.
და მაშინ, როცა მარიამ წიკლაური თავის სიტყვას კლასიკურ ლიტერატურულ “ყალიბში ასხამს”, ისეთი განცდა გიჩნდება, რომ თითქოს სულ სხვა ეპოქასა და უსახელოდ წასულ ხალხურ მთქმელს კვლავ შეხვდი! - ასეთია იგი ზოგადად, როგორც მხატვრული ტექსტების ავტორი, მაგრამ აქვე, ცალკე, სრულიად დამოუკიდებელად აცოცხლებს საინტერესოსა და ვიტყოდი, ძალზედ ფერადოვან სამყაროს - საბავშვო პოეზიას. იგი აშკარა მემკვიდრეა და ჩინებული გამგრძელებლი იმ ტრადიციებისა, რასაც შიო მღვიმელის, მაყვალა მრევლიშვილისა და შემდეგ უკვე გივი ჭიჭინაძის სკოლა ჰქვია. ხოლო სკოლის ტრადიციების გათავისება და ამავე დროს, დამოუკიდებელი, გამორჩეული ინტონაციის შექმნა, ნიჭიერებასთან ერთად, უცილობლად გულისხმობს, იმის კარგად შესწავლას, რაზედაც მისი წინამორბედი გაჩერდა. ამითაცაა მარიამ წიკლაურის საყმაწვილო ტექსტები საბავშვო ლიტერატურის მკვლევართათვის გასათვალისწინებელი და საგულისხმო. სამსჯელოდ კი მისი პოეზია უხვ მასალას იძლევა. ჯერ მხოლოდ მისი “ნანინებისა” და “საალილოს” ციკლი რად ღირს, სააალილოს ციკლი, რომელიც ბავშვსაც და უფროსაც, ერთნაირად ააღელვებს და ჩააფიქრებს შობის უდიდეს საიდუმლოზე.
პოეტი ძალიან ფაქიზად, სადად გვახსენებს ქრისტესშობის მადლს დაცილებულ უფროსებს, თუ რა არის ამქვეყნად მთავარი და თან, ამავე დროს, ყმაწვილის ჯერაც გაურყვნელ გულსა და სულს, თითქოს ავსებს კიდეც უფლის წყალობითა და მადლით. ეს ყველაფერი, რაღაცით ლოცვას ჰგავს, რადგან ეს ტრიქონები მკითხველში ბადებენ სულიერი სიმშვიდისა და უფალთან სიახლოვის განცდას, რაც ასე დამახასიათებელია სასულიერო პოეზიისთვის.
ხოლო, რაც შეეხება ნანებს, ისინი თითქოს დედისგულს ამოყოლოლი ლოცვაა და ის თავშესაფარია, სადაც პატარა გულარხეინად მოიკალათებს. ამ ციკლში გაერთიანებული ლექსები, ხალხური (და უკვე კლასიკად ქცეული აკაკი წერეთლის ნანას) ერთგვარი ალუზიააცაა.
გავიხსენოთ ზოგიერთი ხალხური ნანინა და იმ ტექსტისა და მარიამ წიკლაურის ნანინის შეეპირისპირების მაგალითზე ვნახოთ, თუ როგორ ახერხებს ავტორი წარსულის გამოცდილებისა და თანამედროვეეობის ჰარმონულ შერწყმას.
არსებობს ასეთი ხალხური ნანინა - “მანანოები მოდიან”:
იავ ნანა, ვარდო ნანა,
აიავნანინაო,
დაიძინე, გენაცვალე,
იავნანინაო,
მთვარე შეშინებულაო,
იავნანინო,
მანანოები მოდიან,
იავნანინაო
ძილი მოაქვთ გუდითაო,
იავნანინაო,
ამ ჩემს ყმაწვილს მივუტან
იავნანინაო,
თვალებს გაუვსებ ძილითა,
იავნანინაო.
ახლა მარიამ წიკლაურის ნანინას ციკლიდან გავეცნოთ ერთ-ერთს, ვთქვათ, აი, ამას:
მოსულან მანანოები
ია-ვარდების შლითაო,
სასთუმლის თავთან დამდგარან,
გიმღერენ ტკბილი ხმითაო.
დამძიმებიათ ხელები
ცხრაპირი ძილის ძღვნითაო,
დილაადრიან წავლიან
თავისი სახლის გზითაო.
ბაგეზე გცხებენ მზისცვარსაო,
თვალებზე - ფერად სიზმარსო.
- მანანოებო, მითხარით,
რასა ღუღუნებს ამდენსო?
- დედიკოს სიყვარულისთვის
- მადლობას სწირავს გამჩენსო.
ამ ორი ნანინას შედარებისას, ვფიქრობ, მკითხველს მაინცდამაინც, დიდი ფიქრი არა სჭირდება იმის სათქმელად, რომ მოცემული ლექსები ერთმანეთს ძალიან ენათესავებიან სტილური სისადავით, ხოლო განსხვავდებიან - ლექსიკითა და აგრეთვე, ხალხურთან შედარებით, უფრო მრავალფეროვანი ტროპული აზროვნებით.
ნათქვამის საილუსტრაციოდ, მარიამ წიკლაურის ნანების ციკლიდან მსგავსი მაგალითების მოხმობა კიდევაა შესაძლებელი, თუმცა ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ მაგალითს დავჯერდები და რაკი ხალხური სიტყვიერების ნიმუშები ვახსენე, მინდა, ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვან მოვლენაზე გავამახვილო ყურადღება - ახლა ძალიან მოდური გახდა იმაზე საუბარი, რომ საბავშვო ლიტერატურაში ამა თუ იმ ავტორს პირველად შემოჰყავს თავის მხატვრულ ტექსტებში ხალხურ ზეპირსიტყვიერებასა და მითოლოგიაში არსებული პერსონაჟები, იქნებიან ესენი დევები, მათთან მებრძოლი ღვთისშვილები. ქაჯები თუ ჭინკები. არადა, სხვანი პირველობისთვის სულ ტყუილად ფაცი-ფუცობენ, ამ მხრივ, მარიამ წიკლაური თანამედროვე საბავშვო ლიტერატურაში მართლაც რომ პირველია.
ამ რამდენიმე წლის წინათ, “მწერლის გაზეთში” (2006 წლის #5) დაიბეჭდა მარიამ წიკლაურის საბავშვო კრებულის - “ბრანდი-ბრუნდისადმი” მიძღვნილი სტატია, სადაც რეცენზენტი, ასევე საბავშვო მწერალი, გივი ჩიღვინაძე, ამასვე ადასტურებდა: “ავტორი თითქოს ფშავ-ხევსურეთის ანდრეზებიდან გვესაუბრება, მის მთებსა და ხევებს ზღაპრულ სამოსელში ახვევს და ისევ ასახლებს დევებითა და მათთან მებრძოლი კოპალათი და იახსარით.”
ამ საბავშვო ლექსების პერსონაჟები მართლაც არიან გამორჩეულნი, ხალხური ზეპირსიტყვიერებიდან წამოსულნი და მათი პატარებთან “დაახლოება” მწერალს საინტერესოდ მოუფიქრებია: ისინი თანამედროვე საბურველში არიან გახვეულნი, რათა გათანამედროვებულნი, თამაშ-თამაშით იოლად დაამახსოვრებენ თავს ქართველ ყმაწვილთ. მაგალითად, წარმართული სამყაროს ნადირთღვთაებანი - ოჩოპინტრე და ოჩი დალი (და-ძმა).
როგორც გადმოცემით ვიცით, მათ რიგ-რიგობით ევალებოდათ ნადირთა მოვლა-პატრონობა, მონადირეთაგან დაცვა. და თურმე, როცა და - ოჩი დალი წყემსავდა, უფრო ფხიზლად დარაჯობდა ნადირთ და მონადირეთათვის ის წელი უიღბლო იყო. ხოლო მისი ძმა ოჩოპინტრე, ზარმაცი გახლდათ და ამ მხრივ მონადირეთაც ხელ-ფეხი ეხსნებოდათ. ეს ყოველივე მარიამ წიკლაურს მარტივად და გასაგებად აქვს ახსნილი ლექსის “ოჩოპინტრე და ოჩოდალის” მეშვეობით. ეს ღვთაებანი არა შორეულ ლეგენდებსა და ზღაპრულ ტყეებსა თუ გამოქვებულებში, არამედ, თითქოს აქვე, სულ ახლოს, სოფლის განაპირა ტყეებში ჩამოსულიან და პატარების გვერდით ცხოვრობენ და ყოველდღიურ ყოფაშიც იჭრებიან:
ოჩოპინტრეს და ოჩოდალს,
ნადირთ ჯოგების მწყემსებს,
არც გრიპი ემართებოდათ,
არც უკეთებდნენ ნემსებს.
- არც ზღაპრებს არ უყვებოდნენ?
- არ დადიოდნენ ცირკში?
- გეყოთ, დახუჭეთ თვალი და
თავადვე ჰკითხეთ ძილში.
მართლაც ორიგინალური და კარგად მოფიქრებული ფინალია. ოჩოპინტრესა და ოჩოდალის გვერდით, პატარების თვალწინ ცოცხლდებიან ზღაპრული დევები და მათთან მებრძოლი იახსარიც და კოპალაც და ეს სამყაროც ერთდროულად ზღაპრულიც არის, ირეალური და ამავე დროს, ხელშესახებიც. სწორედაც რომ ისეთი, როგორადაც პატარების გულსა და გონებაში გარდაიქმნება საყმაწვილო წიგნებში ამიკითხული ამბები და პერსონაჟები.
სანიმუშოდ რამდენიმე ლექსის ჩამოთვლაც იკმარებდა: “მზევ-მზისა” “ოქრო გვრიტას კვერცხი”, “ბაჭიჭაური”, “ცელქი დევები”, “დევის ბიჭი მაწონსა ჭამს”, “მითხარი, დევო თადია” და კიდევ ბევრი სხვა ლექსი, მთელი ციკლია ამ თემაზე შექმნილი. ეს პატარა დევუკები, მაწონს და ფაფას მიირთმევენ. სკოლაში დადიან, ლექსებს წერენ, ვიოლინოზე უკრავენ, როკ-ენ-როლსა და რეპს ცეკვავენ, თქვენ წარმოიდგინეთ, კომპიუტერისა და ინგლისურის სწავლასაც კი აპირებენ. აი, ასეა გაშინაურებულია და გათანამედროვებული ეს ზღაპრული სამყარო მარიამ წიკლაურის საყმაწვილო ლექსებში. და ასეთი ორიგინალური გაწყვეტა, ვფიქრობ ამ ტექსტები ავტორის კიდევ ერთი საინტერესო მიგნებაა.
რაკი გათანამედროვებული და გაშინაურებული ზღაპრული სამყარო ვახსენე, აქვე უნდა ისიც უნდა დავძინო, რომ ეს ტენდენცია მის ახალ ლექსებშიც იგრძნობა, განსაკუთრებით ყოფით, დიდაქტიკურ სტრიქონებში, ისე, სხვათა შორის, თითქოს სიტყვამ მოიტანაო, სილაღითა და უშუალობით “არიგებს” ავტორი პატარებს. ცდილობს მათი თანატოლი გახდეს, მათთან ერთად დაძლიოს შიში და განცდა, შეიმეცნოს სამყარო და ის საგნები და მოვლენები, რაც მათ თვალწინ ხდება. გავიხსენოთ მისი ლექსი “ყველა შიშის ჯინაზე”, ან კიდევ “დარისა და ავდრისა”, “შუქნიშანი”, “ქარ-წვიმაში”, “თვითონ მიხვდი”, “სუპერმარკეტი” და კიდევ სხვა.
ამდენადაა მისი ლექსები პატარა მკითხველებისთვის სანტერესოა და სახალისო. ამ პოეტურ სამყაროში შეხვდებით ცოცხს - მტვერსასრუტის პაპასა და ბაბო ფოცხის შვილიშვილს. დიასახლის ჩხიკვს, რომელსაც ლობიოზე მიუწვევია მეგობრები და შემდეგ, საღამოს, მარტო დარჩენილს, მესიჯიც გაუგზავნია მონატრებული დაქალისთვის. ამ მეოჯახე ჩხიკვის სიახლოვეს სახლობს მოლაღური თალიკოცა და ავად გამხდარი ბაბუ ბუ, კალია კოლია და მრეცხავი კუ. საერთოდ, აღსანიშნავია, რომ ბევრი ახალი და სახასიათო პერსონაჟი შემატა მარიამ წიკლაურმა ქართულ საბავშვო პოეზიას. ლექსების ფერადოვანი სამყარო მაქსიმალურად დაუახლოვა ზღაპრულ სამყაროს და გაამდიდრა სიუჟეტური ქარგით. ყველა ნაწარმოები მსუბუქი და მუსიკალური ფრაზის ფაქტურითაა შესრულებული და ბავშვებისათვის იოლი დასაძლევია. საქართველოში ხომ ბავშვები ლამის ლექსებით იწყებენ მეტყველებას.
კიდევ ერთ ტენდენციაზე მინდა გესაუბროთ:Mმარიამ წიკლაურის ლექსებში ცალკე, საგანგებოდ, გამორჩეულად შექმნილ პატრიოტულ ლექსებს ვერ ნახავთ. სამშობლოს განცდა სტრიქონთა შორისაა გაბნეული და უფლის დიდება და სიყვარულიც ისე ძალადაუტანებლად იკითხება, რომ პატარა ამას მარტივად, თავისთავად, ყოველგვარი დაძალების გარეშე, ლექსების კითხვისას გრძნობს და იმახსოვრებს. მაგალითად გავიხსენოთ, ლექსი “გათენება”, სადაც პოეტი ამბობს:
რწმენა - ძლევაა იჭვის.
ცას მაიაპყარი თვალები
როცა ძალიან გიჭირს.
ან კიდევ ლექსი “დედული და მამული”:
ლოცვისა და შრომის დროს,
საქართველო გახსოვდეს,
ღმერთი არ გაპატიებს
დავიწყებას აროდეს.
ვემსახუროთ სამშობლოს
ღვთის და ერის ნებითო.
კარგი შვილის გამზრდელი
ცხონდეს დედა ქებითო.
მარიამ წიკლაურის საბავშვო კებულებში: “დედის ნამღერი ლექსი” - 1997წ., “წიკო-მიკო” - 2000წ., “ბრანდი-ბრუნდი” - 2005 წ., “საალილო” - 2006წ. გვხვდება წყება ლექსებისა, სადაც ავტორი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ესა თუ ის კონკრეტული ტექსტი დაწერილია, ვთქვათ იულონ ტუვიმის, სპაიკ მილიგანის, ვლადიმერ პრიხოტკოსა და სხვა საბავშვო ავტორთა მიხედვით. ამ ლექსებში მართალია, შენარჩუნებულია ავტორისეული იდეა, მაგრამ ეს ყველაფერი ისეა გაქართულებული, რომ იქნებ, გაერისკა კიდეც ავტორს და არ მიენიშნებია, წყარო თუ საიდან მოდის ეს ლექსი, მაგრამ პოეტი ასე არ იქცევა და შემოქმედისთვის დამახასათიათებელი ეს დეტალიც, ვფიქრობ, მწერალი ქალის პიროვნულ კეთილშობილებაზე მიგვითითებს და თან, ამავე დროს, ყმაწვილებსაც სიმართალის თქმის ერთგვარ მისაბაძ მაგალითს აძლევს.
ამ ეგრეთწოდებულ გაქართულებულ ლექსებს შორის მინდა განსაკუთრებით გამოვყო, ორი მათგანი. “შეცდომა” და “წიკო-მიკო”. ლექსისთვის “შეცდომა”, ავტორს ასე მიუწერია: ანუ როგორ შემეცოდა ფოსტალიონი, რომელიც სპაიკ მილიგანის ამავე სახელწოდების ლექსში უმადურმა ლომმა ჩაყლაპაო. როგორც ირკვევა, სპაიკ მილიგანს, ინგლისელ მწერალს, რომლის ლექსები პირველად სწორედ მარიამ წიკლაურმა უთარგმნა ქართველ ბავშვებს, ლექსის სიუჟეტი, ფოსტალიონის გადაყლაპვით დაუსრულებია, მაგრამ ქართველ ავტორს, გადაუწყვეტია რომ პატარები გაწბილებული არ დატოვოს, ამ ამბავს საინტერესო და იმედიანი დასასრულიც მოუძებნოს. მარიმ წიკლაურის ვერსიით, ლომი, ნადირთა მეფე, თავის შეცდომას მიხვდება და მართლაც მეფურ გადაწყვეტილებას მიიღებს: ჩაყლაპულ ფოსტალონს უკანვე ამოასლოკინებს:
შეიძრა მიწა, ზეცას მისწვდა ქვა-ღორღის მტვერი,
თავი რომ აღარ შეგაწყინოთ და არ ვთქვა ბევრი,
ამოაყოლა სლოკინს კაცი ლომმა მუცლიდან,
იონასავით რომ იჯდა და ბედს რომ უცდიდა.
ასეთი იმედიანი ფინალი ვფიქრობ, დამახასითებელია ქართული მენტალიტეტისთვის, ჩვენი საყმაწვილო ლიტერატურისთვის, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი მარიამ წიკლაურიც გახლავთ. მარიამ წიკლაური, რომლის საყმაწვილო ტექსტები თითქოს დროს აერთიანებს - წარსულს და აწმყოს, რათა მომავალმა ქართველმა ყმაწვილებმა შეძლონ და კარგად გააცნობიერონ თუ ვინ იყვნენ, რანი არიან და მომავალში, საით, ვისგან გაკვალულ გზაზე, უნდა იარონ. ისე კი გასაკვირია, რომ ამ ავტორის მართლაც ორიგინალური შემოქმედება, რომელიც შესულია სხვადასხვა სახელმძღვანელოებში და აგერ ათი წელია, ინტენსიურად იბეჭდება ყველა გამომავალ საყმაწვილო პერიოდიკაში, არასოდეს გამოცემულა არცერთი გამომცემლობის ინიციატივით (გარდა “საალილოოსი”, რომელიც ჟურნალ “დილის” ერთ-ერთ ნომერს, საშობაო საჩუქრად, ამოსაჭრელი წიგნის სახით ერთვოდა). და ამ მხრივ, მგონი, როგორც იტყვიან, ყინული დაიძრა - ახლახან გამომცემლობა “პეგასი”დაინტერესდა ამ ავტორის საბავშვო ლიტერატურით და მკითხველს ეუწყა კიდეც გაზეთ “ქართული უნივერსიტეტის” ფურცლებიდან, რომ სხვა ახალ პროექტებთან ერთად სთავაზობს მარიამ წიკლაურის საბავშვო ლექსებსაც. იმედს ვიტოვებ, რომ სხვა გამომცემლობებიც მიბაძავენ “პეგასს”, რადგან გამომცემელნი თუ მენდობიან, მათ შემიძლია ვუთხრა, რომ ამ ავტორს ბევრი ისეთი საინტერესო პოეტური (და არა მხოლოდ პოეტური) ციკლი აქვს, რომელიც მართლაც დაიმშვენებს საინტერესოდ ილუსტრირებულ ცალკე კრებულებად გამოცემას. ეს საქმე კი საშურია, როგორც გამომცემელთათვის (რადგან იგი დარწმუნებული ვარ, ფინანსურადაც მომგებიანი გამოდგება), ასევე პატარა მკითხველთათვის, რომლებიც კვლავ მოელიან ახალ, მხიარულ და საინტერესო კრებულებს საყვარელი ავტორისაგან.



რას იზამ, ცხოვრება ისეა აწყობილი, რომ ყოველთვის სადღაც გეჩქარება. ყველას ეჩქარება, მეც მეჩქარება, მეჩქარება და სამწუხაროდ, ხშირად ვაგვიანებ კიდეც.