THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ელიან...

დოდო ხიმშიაშვილი

”როგორ გესახებათ საკუთარი ცხოვრების მომავალი?!.” - შეეკითხა ანრი მორუა ახალგაზრდას.
”შეიძლება წერა დავიწყო. - უპასუხა ახალგაზრდამ.
''ან “შეიძლება'' მოიშორეთ, ან უარი თქვით გადაწყვეტილებაზე. თუ თქვენი მოწოდება ნამდვილად მწერლობაა, რაც უნდა მოხდეს, მწერალი მაინც გახდებით''. - აი, ასეთი პასუხი გასცა ანრი მორუამ მერყევ ახალგაზრდას. რატომ? იმიტომ, რომ მორუამ კარგად იცოდა, მწერლობა ბედისწერაა! არც მე მიმაჩნია კიდევ სხვა საქმიანობა, გარდა მწერლობისა, ბედისწერად, განსაკუთრებით ეს საბავშვო მწერლობას ეხება. აი, სწორედ ამ “ბედისწერის” წინაშე დგას საკმაოდ რთული და დიდი პრობლემა. - ეს სრულყოფილი მოქალაქის აღზრდა გახლავთ. თუმც, მუდამ ძნელი იყო იმის მიგნება, საიდან უნდა დავიწყოთ ეს საქმე... მით უმეტეს, საქართველოში, იმიტომ რომ სწორედ ჩვენში, ვინც თავად ქმნის ლიტერატურას ან ლიტერატორია, საბავშვო მწერლობას გულგრილად... მაპატიეთ, თითქმის აგდებით გადმოსცქერის.
ქართველისათვის შვილი, მისი აღზრდა, მოვლა - საკულტო ცერემონიალს მაგონებს. გამიგონია, წინათ, ყრმა შინ რომ შევიდოდა, ოჯახის უხუცესი ფეხზე წამოდგებოდა. როგორ გგონიათ, მხოლოდ ზრდილობისათვის? არა, ბატონებო, იმ პატივცემულმა გონიერმა მოხუცმა კარგად იცოდა, სწორედ ის ნინველი იყო მომავალი და საბრძოლო რიგების ავანგარდში მისი შემცვლელი.
გურიაში გასაოცარ ამბავს წავაწყდი. მეზობელმა წიგნი მთხოვა. “რომელი?''- შევეკითხე. “სულერთია, ბატონო, ბაღანა შეგვეძინა და ჭიპი გვინდა წიგნზე მივაჭრათ, იქნება სწავლული გამოვიდესო!..”
თვითონ წერა-კითხვის უცოდინარი იყო ეს კაცი, ერთი წიგნიც კი არ გააჩნდა დუნიაზე - ასე ამიხსნა თავისი თხოვნა იმ მშვენიერმა გლეხკაცმა და სირბილით გადავიდა თავის ეზოში. აი, როგორ სწყუროდა ქართველ კაცს, ყველა მისიანს “წიგნი ესწავლა”.
ჩვენი ბრწყინვალე ფოლკლორი?!. (ნუ დაგვავიწყდება, საყმაწვილო ზეპირსიტყვიერება ცალკე აქვს ჩვენს ერს ნათქვამ-ნამღერი). შვილის კაცად გაზრდისთვის იქმნებოდა იგი. დედის ნაღიღინები “ნანა” სულს უამებდა ატირებულ ჩვილს. ბალღობაში, თუ სულს გიამებენ, შენც ასევე პასუხობ მშობელს, თუ ქრისტიანი ხარ!
ზღაპარი, იავნანა, ლეგენდა თუ მშვენიერი ლექსი საუკუნიდან საუკუნეში გადაეცემოდა თაობებს და ასე იზრდებოდა დიდებული, გონიერი ქართველი ერი.
ჭირ-ვარამმა, სასოწარკვეთამ, მტრის უღელქვეშ წლობით ცხოვრებამ, საკუთარი მიწა-წყლიდან აყრამ, დედის მკერდიდან მოგლეჯამ, ათასმა უბედურებამ ვერა და ვერ შეანელა ნიჭიერი ქართველის სულის დუღილი. ცეცხლის პირას, ყანაში, ტყე-ღრეში ნადირობისას მღეროდა და ყვებოდა სასწაულებს. ყველაფერი ეს ყრმის სულსა და გულს სალბუნად ედებოდა, ილექებოდა, უწმენდდა მოზარდს გონებას, ზრდიდა კეთილშობილს, გულკეთილს, გულშემატკივარს, გულუხვს, უშიშარს, ერთგულ მამულიშვილს.
დღევანდელი საბავშვო ლიტერატურა განა შთამომავალი არ არის იმ ცის ქვეშ, ცეცხლისპირას ნათქვამ-ნამღერისა? განა 102 წლის “დილა” შვილთაშვილი არ არის საყმაწვილო ლიტერატურის საუნჯისა? გალაქტიონის ბრძანებისა არ იყოს - “და არის ქვეყნები სხვა, რომელთაც არა აქვთ ზღვა, ანუ მდინარე”... დიახ, არის ქვეყნები სხვა, რომელთაც არ გააჩნიათ 102 წლის საბავშვო ჟურნალი “დილა”, 115 წლის “ჯეჯილი”, 85 წლის საბავშვო გაზეთი “ნერგი”, 70 წლის საბავშვო გამომცემლობა “ნაკადული”.
რა ვქნათ, არ ვიამაყოთ? ვერ უნდა ჩავწვდეთ, რომ ეს არაა გასართობად მოგონილი? ეს ადამიანის კეთილი სულის სამჭედლოა, სადაც ყოველი სიტყვა ისე იკვრება, როგორც ცეცხლში ორლესულა. მაგრამ საინტერესოა, ვინ ფუსფუსებს იმ სამჭედლოში... ხომ არ ჩაგვეხედა მათ სულიერ ლაბორატორიაში... ვაი, თუ ძუძუმწოვართათვის საწამლავს ამზადებენ და არა სულის საამოს “რასმეს”? ან იქნებ მართლა ისეთი ნექტარი მოჟონავს, რომელიც ცხოველად კი არა, სრულყოფილ, იქნებ ზეადამიანადაც გამოზრდის ჩვენს ყმაწვილ თაობას.
ხმა გავარდა - ახალგაზრდობა წიგნს აღარ ეკარებაო! კომპიუტერს მისჩერებიაო. ბატონებო, ადამიანმა დედამიწას უამრავჯერ შემოუფრინა, კოსმოსში აიჭრა, ნანინანატრ მთვარეზე დაჯდა! ვითომ ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწა უნდა დავივიწყოთ?.. სწორედ ამ დროს დედამიწაზეც ხდებოდა სასწაულები - მეცნიერებაში, მედიცინაში, მუსიკაში, ლიტერატურაში - აღარ არის ეს ყველაფერი საჭირო?!.
აი, ყოველივე ამით რომ არ დახუნძლულიყო მეცნიერება, წიგნიერება საჭირო რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ადამიანი მხოლოდ მგელივით თუ შეაჩერდებოდა და მწარედ შეჰყმუვლებდა სწორედ იმ ნანინანატრ მთვარეს...
წიგნს დიდი გულისყური სჭირდება, თორემ კაცობრიობის სულიერება დაავადდება ცუდი სენით, გაეყინება გონება, ნიჭიერება კი არა, უგუნურება დაეპატრონება ქვეყანას.
საბავშვო ლიტერატურა არასდროს ყოფილა ზედმეტი.
რა ვქნათ? როგორ მოვაბრუნოთ ახალგაზრდობა კი არა, “ძველგაზრდობა” იმ რწმენისკენ, რომ საბავშვო ლიტერატურა საჭიროა, რომ ის ისეთივე სიყვარულით და ზრუნვით იქმნება, როგორც ყრმას ზრდიან.
ნიჭიერ საბავშვო მწერლობას რა სჭირს ისეთი საქართველოში, მათხოვრის როლში რომ იაროს, როდესაც სრულიად ამაყად შეიძლება მიაბიჯებდეს “დიდი” მწერლობის გვერდით. იცით, რატომ ჩავსვი ეს სიტყვა ბრჭყალებში? მავანსა და მავანს იგი წამგებიან მწერლობად მიაჩნდა ათეული წლების განმავლობაში. შეიძლება ის, რაც მომავალი თაობის სულიერ, გონებრივ აღზრდას ემსახურება, იყოს წამგებიანი?!
მე-19 საუკუნის ყველა გენიოსი ბედნიერად თვლიდა თავს, თუ საყმაწვილო ნაწარმოებს შექმნიდა. თურმე საკმაოდ ძნელია, წერო ბავშვებისათვის, მე კი არა, ვაჟა ბრძანებდა ამას და ამიტომაცაა “შვლის ნუკრის ნაამბობი” ღმერთით შთაგონებული.
ვინ ხარ შენ, თუ “შვლის ნუკრის ნაამბობზე” არ გიზლუქუნია... “იავნანამ რა ჰქმნას” შენთვის ძილი არ დაუფრთხია, თვალდაჭყეტილი არ შეგებებიხარ ალიონს და ძლიერად არ ჩაჰკვრიხარ დედის მკერდს...
დღევანდელ საბავშვო ლიტერატურას, საბედნიეროდ, ნაწარმოების შექმნაში გასაჭირი არ უდგას. გასაჭირი წიგნის გამოცემაა, გამომცემლობის შენარჩუნებაა, ჟურნალისა და გაზეთის გადარჩენაა, მკითველის გაზიარებაა...
თანამედროვე საბავშვო მწერლობას ბევრი ნიჭიერი ადამიანი ქმნის. ეს ის ხალხია, ვინც სრულიად უანგაროდ ზრუნავს ქართველი ადამიანის სულიერი სიწმინდისათვის, ფიზიკური სიმღერისათვის, რაც აგრერიგად სჭირდება, მადლობა ღმერთს, უკვე თავისუფალ საქართველოს.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, სულ მალევე, ბატონი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის საიმედო სიტყვა გაისმა - “ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესი განათლებაა”!
განათლებისკენ გზა ლიტერატურაზე და წიგნზე გადის!
იმედი დიდი განძია.
ვინც რუდუნებით ემსახურება სამშობლოს, მის სწავლა-განათლებას, ახალგაზრდობის აღზრდას, დიდი იმედი ჩაესახათ, და როგორც სხვა შესრულებულ დაპირებას, ამასაც მოთმინებით ელიან.



2006 წელი