THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ზღაპრები ყმაწვილთათვის და არა მხოლოდ მათთვის...

ნინო ჩხიკვიშვილი
გურამ პეტრიაშვილი

გურამ პეტრიაშვილი ქართულ საბავშვო მწერლობაში ის მეზღაპრეა, რომელიც სრულიად ორიგინალური შემოქმედებით დამკვიდრდა. აგერ უკვე მერამდენე თაობაა, გამორჩეული ინტერესითა და ხალისით ეცნობა მის ზღაპრებს.

მწერალი ხალხური თუ კლასიკური მწერლობისთვის უკვე კარგად ნაცად, გაკვალულ გზას თავს ანებებს და ცდილობს ქართულ ლიტერატურაში შემოიტანოს უფრო ევროპული მწერლობისთვის დამახასიათებელი სტილი. ალბათ ამიტომაც მისი შემოქმედების გაცნობისას აუცილებლად მოგვაგონდება ისეთი ცნობილი საბავშვო მწერლები როგორებიც არიან, თუნდაც, ანდერსენი ან ჯანი როდარი.

ახლა ხელთ მაქვს მისი რამდენიმე კრებული - «პატარა ქალაქის ზღაპრები», (1975); «მთვარით განათებული ჩიტის ზღაპრები» (1982) და მისი პატარა, დავარქვათ ასე, საბავშვო დედექტივი «ელი, ბრუნო, სპილო, რარუ და სხვები» (1984);

შევეცდები ამ კრებულთა მიმოხილვასა და აქვე შევნიშნავ კიდეც: ეს ზღაპრები მხოლოდ ყმაწვილთათვის დაწერილი არ გახლავთ. ისინი, ვფიქრობ არანაკლებ საინტერესო და საგულისხმოა ჩვენთვის, უფროსთათვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც, სამწუხაროდ, ვბერდებით, რადგან აღარ ვოცნებობთ. გახსოვთ, რას წერს ერთგან რეზო ინანიშვილი: აღარვოცნებობთ, ჩვენი გონება მხოლოდ ჩვენ მიერ გამოვლილი დღეების შეფასებით არის დაკავებული, იწყება ნამდვილი სიბერეო!

ასე რომ, ყველა ის მკითხველი, რომელიც კეთილ მეზღაპრეს - გურამ პეტრიაშვილს დაუჯერებს, მისი თხზულებების შინაგან რიტმს აჰყვება და გაითავისებს, შეინარჩუნებს ოცნებას, კვლავ დაიბრუნებს გულწრეფელობას, იმ უშუალობას, რომელიც მხოლოდ ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი, ამით კი უფლისკენ მიმავალ გზას გაიკაფავს - ალბათ, ეს გახლავთ ის საიდუმლო, რომელიც ჩადებულია საერთოდ, ზღაპარში, საყმაწვილო ლიტერატურაში და მით უფრო ქართულში, რადგან დარწმუნებული ვარ, ყოველ ნამდვილ ქართველ მწერალში გენეტიკურად კოდირებულია ღვთის რწმენა.

ოცნება თუ სინამდვილე, სულიერება თუ მატერიალიზმი, ხელოვნება თუ პრაგმატიზმი?! სწორედ ეს პრობლემაა დასმული «დიდ ხეზე მცხოვრები კაცუნების ამბავში».

«ცხოვრებაში ასეა, კაცს სილამაზე, რომ აღარ ატკბობს და მის მშვენებას ვეღარ გრძნობს, მსჯელობას იწყებს,» - შენიშნავს ავტორი და ბევრი ისეთი მოვლენის ახსნას ცდილობს, რაზეც ხშირად ჩაფიქრდება ბავშვი, რაც მხოლოდ მისთვისაა გასაგები და მისაღები.

«წვიმის მოყვარული კაცის ამბავში», ქოლგების წარმოშობაა მოყოლილი და ისიცაა ნათქვამი, რომ სწორედ ყვავილები იყვნენ ამ ქვეყნად პირველი ქოლგები. ამ უცნაურ ქალაქშივე აღმოცენდება ცისფერი ყვავილი (და აქვე ასოციაციის ნაკადით მოგვაგონდება ნივალისისა თუ მეტერლინკის ლურჯი და ცისფერი), სიმბოლო ოცნებისა, იმ ოცნებისა, მაღლა რომ ვახსენეთ.

ცისფერი ყვავილი, იისფერი ღრუბლები, ჩრდილფერა კაცი - ფერთა გამას, ყოველ ფერს, ერთი წაკითხვით თითქმის უმნიშვნელო დეტალსაც კი, თავისი დატვირთვა გააჩნია გურამ პეტრიაშვილის ზღაპრებში. აქ არაფერია ზედმეტი, ან გადაჭარბებული. ამ შემთხვევაში თითქმის მათემატიკური ალღოთია გათვლილი, სად დასვას წერტილი და სად დაასრულოს ზღაპარი. რიტმული პროზისთვის დამახასიათებელ ხმოვანებასაც ხშირად წავაწყდებით და ხანდახან თუკი ამას ფრაზის გამართვა მოითხოვს, თანამედროვე ქართულისთვის აუცილებელი სინტაქსური წყობაც დარღვეულია, მაგრამ რიტმულ პროზაში ეს მაინცდამაინც დიდი შეცდომა არ გახლავთ და ის წესი, რომ ქართულ ზმნას ბოლოში უყვარს ყოფნა, ავტორს სულაც არ ბოჭავს. ამ მხრივადაც სანიტერესო ავტორია გურამ პეტრიაშვილი.

და კიდევ, ის სქემა და ის პირობითი ნახაზი, რაზეც აგებს მწერალი თავის ტექსტს, სულაც არ არის თვალში საცემი და გამაღიზიანებული, არც პატარა მკითხველისთვის და არც იმ კირკიტა უფროსებისთვის, რომლებიც უნებურად მუდამ ეძებენ ნაწარმოებებში მათი შექმნისთვის აუცილებელ სქემასა თუ მონახაზს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოებაც რომ ამ ზღაპრებში ვერ ნახავთ ისეთ თემებს, რომლებიც უფროსს, მოწიფულ ადამიანებს არ აწუხებდეს, უფრო მეტიც, ხშირად ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს ყველაფერი არა უმცროსკლასელთათვის, არამედ ჩვენთვისაა დაწერილი და მხოლოდ კონსპირაციის მიზნით უცვლის მწერალი ადრესატს. ამ ტიპის ზღაპრები ბევრი აქვს გურამ პეტრიაშვილს. გავიხსენოთ თუნდაც ერთ-ერთი მათგანი - «ამბავი ნაღვლიანი კლოუნისა». ვნახოთ როგორ იწყებს თხრობას:

«ერთხელ პატარა ქალაქს მეტად უცნაური სენი შეეყარა:

ქალაქის მცხოვრებთ ჩემოდნები შეუყვარდათ ძალიან...

სულ ჩემოდნებს დასტრიალებდნენ მათი ფიქრები.

ბინიდან გასვლისას ჩემოდნით ხელში დიდ სარკესთან მივიდოდნენ და ჩაიხედავდნენ. მიტრიალდებოდნენ, მოტრიალდებოდნენ... არ გეგონოთ, თავის სახეს აცქერდებოდნენ, არა, ამოწმებდნენ, ჩემოდანი ხომ ლამაზად გამოიყურებაო. მერე ასწევდნენ თავს და ამაყად გადიოდნენ ქუჩაში».

ჩემოდნის სიმბოლოში ბევრი რამ შეიძლება მოვიაზროთ, მკითხველთა ნაწილისთვის და მათ შორის, ალბათ, თვითონ ავტორისთვის, მძიმე ჩემოდანი გადაჭარბებული სიმდიდრის სინონიმია, (ზოგთათვის ცოდვათა სიჭარბის მამხილებელი( ან სულაც ამქვეყნიური საზრუნავით დაგროვილი დარდისა და ვარამის დამტევი.

ასეთ ქვეყანაში მხოლოდ ერთი კაცია გამორჩეული, ჩემოდნის გარეშე დადის, პალტოს საყელო ამოუწევია, ხელები ჯიბეებში ჩაუწყვია და ნაღვლიანად მიუყვება ქუჩას - ასეთი კაცი უფროსი თაობის მკითხველისთვის თუ ნამდვილად პოეტია, თურმე ნუ იტყვით, პატარებისთვის, კლოუნი, პიეროს მემკვიდრე ყოფილა, საყვარელი და ახლობელი ადამიანი. აი, თურმე რით გასხვავდებიან პატარები უფროსებისგან: ოცნება, რომელიც პატარებისთვის ასეთი იოლია, უფროსებისთვის დიდი ხნის გადავიწყებული რამ გახლავთ და ეს გამხდარა მიზეზი ჩვენი უსიხარულო ცხოვრებისა.

გავიხსენოთ თუნდაც სხვა ზღაპრიდან პეპელა, რომელსაც ცალი ფრთა მანეთიანისა აქვს და მის დაჭერას ძალიან ბევრი ლამობს, რადგან თავისი ფულადი დანაზოგი კიდევ ერთი მანეთით გაზარდონ და კიდევ სხვა ასეთი ბევრი პეპელა ჩაიგდონ ხელში. ამ ზღაპრის მეშვეობით, ისეთი ადამიანები არიან მხილებულნი, რომელთაც ძალიან ძლიერი, ავი ვნება სტანჯავთ, ვნება იმისა, რომ მავანთა თვალში მეოცნებეს სახელი დაირქვან, სინამდვილეში კი მხოლოდ სიმდიდრის მოხვეჭაზე ზრუნავენ. არადა, ისიც ხომ რეალობაა, რომ მატერიალური უზრუნველყოფის ფასად, ოცნებები არასდროს «დამიწდებიან».

საერთოდ, გურამ პეტრიაშვილის ზღაპრებში კიდევ ერთ ტენდენციაზე შეიძლება საუბარი: მის ტექსტებში ტრადიციული, ხალხური თუ კლასიკური ზღაპრებისგან განსხვავებით - დევებს, ჯადოქრებს, ზღაპრულ გზაჯვარედინებს, ღმერთქალებს, ქაჯებსა თუ ალქაჯებს, ვერსად წავაწყდებით. მათ ნაცვლად მწერალი სულ სხვა რეალობას გვთავაზობს, ისეთს, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობასთანაა დაკავშირებული, რაც ერთი შეხედვით, თითქოს ზღაპრის თემა და განსჯის საგანი არ უნდა გახდეს, მაგრამ ხდება კი... და როგორ, რანაირად ახერხებს ამას მეზღაპრე?

წეღან პეპლები, ცისარტყელები, იისფერი ღრუბლები, ცისფერი ნათება, ქოლგებად გადაქცეული ყვავილები ვახსენეთ, ამჯერად ამ ჩამონათვალს პაწია ჩიტუნებიც უნდა დავუმატოთ. მათ შორის ერთი უცნაური ბეღურა, რომელიც მერე ულამაზეს ჩიტად იქცევა.

საერთოდ, ეს ჩვეულებრივი პეპლები, ჩიტუნები, ღრუბლები, პაწაწინა ბეჰემოტი, თუ მფრინავი ვეშაპი, მეზღაპრის სამყაროში ჯადოსნურ ძალას იძენს. პრაგმატული თვალით დანახულ ანომალიურ მოვლენებში მწერალს კანონზომიერების დანახვა სურს და ხანდახან ისეთ რამესაც აღმოაჩენს, რომ პირდაპირ შეგშურდება ან გაგიკვირდება, ეს ყველაფერი ხომ ჩემს თვალწინ ხდებოდა და რატომ მე ვერ შევამჩნიეო?!

ამის საილუსტრაციოდ კიდევ ერთი ზღაპარი მინდა შეგახსენოთ. ეს ზღაპარი იმ კრებულშია დასტამბული «მთავრით განათებული ჩიტის ზღაპრები» რომ ეწოდება, ეს არის ერთი მუსიკოსის აღზევებისა და შემდგომ მისი დაცემის ამბავი. ზღაპარი სიუჟეტურად ისეა აწყობილი, რომ ვერცერთ დეტალს ვერ ამოიღებ და ვერც ჩაამატებ. თხრობა ისეთი შინაგანი რიტმით ვითარდება და ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს მართლაც კლასიკური მუსიკის რომელიმე ნიმუშს ისმენ. ვფიქრობ რომ ეს ფაქტორი გასათავლისწინებელია ამ ზღაპრის კითხვისას და კიდევ ერთი გარემოებაც – გურამ პეტრიაშვილის ზღაპრის პსიქოტიპები, ჩვენს შორის მოსიარულენი და მაინც... არაორდინალური ადამიანები არიან. ისეთები, რომლებიც საკუთარ იდეას სიცოცხლის ფასადაც კი ეწირებიან და ამით ემიჯნებიან საზოგადოების დანარჩენ წევრებს. რადგან გარშემო მყოფნი, როგორც წესი, ისეთ გულგრილობას იჩენენ მათდამი, რომ მათი ფიზიკური არსებობა ასეთ ატმოსფეროში თითქმის წარმოუდგენელია.

კვლავ იმ უცნაურ მუსიკოს მინდა მივუბრუნდეთ. მწერალს სურს, რომ ბავშვები ისეთ ფაქიზ საკითხზე ჩააფიქროს, როგორიცაა მშობლიური ფესვები და გარემო. ამ შემთხვევაში მშობლიურ ფესვებად თუ ნიადაგად, იგულისხმება ის პიანინო, რომელზედაც დედამისიც უკრავდა და რომლის კლავიშებზეც დაფრინდებოდნენ ხოლმე პეპლები. მუსიკოსკმა საკუთარი პიანინო, თავისი პატარა მყუდრო საკონცერტო გარემო პომპეზურ ატმოსფეროსა და ძვირფას ინსტრუმენტზე გადაცვალა და ამიტომაც დაისაჯა: დაკარგა ინდივიდუალურობა, უფრო მეტიც, მან, როგორც გამორჩეულმა და ცნობილმა პიანისტმა კარიერა დაასრულა, თუმცა კი ამ ფიასკოთი მის ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეტაპი – დაბრუნება საკუთარ ფესვებთან. ამ შემთხვევაში კვლავ ასოციაციური ნაკადით უნებურად გაგონდება რაფიელ ერისთავის ცნობილი ლექსი: არ გავცვლი მე ჩემს ქვეყანას, სხვა ქვეყნის სამოთხეზედაო.

აქვე სიყვარულის თემატიკაზეც მინდა შევჩერდე. ყვავილის სიყვარულის სინონიმად მოხმობა ბუნებრივია, რაღაც განსაკუთრებულ მიგნებად არ შეიძლება ჩაეთვალოს მწერალს, მაგრამ აქ საინტერესოა ერთი გარემოება, თუ როგორი სიყვარულის მქადაგებელია მეზღაპრე? ჩვეულებრივი დამიწებული გრძნობისა, თუ იმ სიყვარულისა, რომელიც შეიძლება ლეგენდადაც კი შეიძლება იქცეს?! რა თქმა უნდა, მაღალი იდეალების მქონე სიყვარულის მომხრეა. გავიხსენოთ ზღაპარი «ყვავილი». ამ მოთხრობის მთავარი პერსონაჟი ის უცნაური კაცია, რომელიც არარსებულ უცხო ყვავილს ეძებს. ეტყობა ნამდვილი სიყვარული მართლაც ჰგავს რაღაცით მთის უცხო, ალისფერ ყვავილს, იმ ყვავილს, რომლის არსებობა შენ თუ არ გამოიგონე და შენვე თუ არ იწამე, ვერ გაიხარებს. ამ ზღაპარში ორი საწყისი: ქალური და მამაკაცური ებრძვის ერთამანეთს და იმარჯვებს მამაკაცური. ანუ ამ შემთხვევაში მამაკაცია ამ იდეალის – იმ დიდი სიყვარულის მატარებელი, რომლისთვისაც მსხვერპლშეწირვა ნამდვილად ღირს. თუ არ მოხდა მსხვერპლშეწირვა, მაშინ სიყვარული გაქრება. ასეთია ავტორისეული ჩანაფიქრი. ეს მისია, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ მამაკაცს ეკისრება. შეგახსენებთ ერთ ეპიზოდს ქალისა და მამაკაცის დიალოგიდან:

«- სულ მალე მოგიტან ყვავილს... – ჩაილაპარაკა და წასვლა დააპირა.

ქალმა ვეღარ მოითმინა, ხელი ჩასჭიდა, შემოაბრუნა და მიახალა გამწარებულმა:

- არ არსებობს ეგ შენი ყვავილი, არა! რა უნდა ყვავილს ამ თოვლსა და ყინვაში.

- მაშ არაა ყვავილი? – ჰკითხა უცებ გაფითრებულმა კაცმა.

არ არის და არცა ყოფილა, შენ გეჩვენება მხოლოდ! – უპასუხა ქალმა, ხელი უშვა და სწრაფად გაშორდა.»

ამ ყველაფერზე გურამ პეტრიაშვილი ძალიან ფაქიზად, ტაქტის გრძნობით ესაუბრება ყმაწვილებს და ამითაც საუკეთესო მაგალითს აძლევს ბევრ მის კოლეგას, განსაკუთრებით კი თანამედროვეთ, ახალგაზრდა მწერლებს.

და რაკი მწერლისეული ტაქტი ვახსენე, მინდა ყურადღება ერთ მწერლისეულ ხერხზე შევაჩერო თქვენი ყურადღება – იმისთვის რომ მკითხველთან უშუალო ურთიერთობა შეინარჩუნოს, ხშირად ინციატივას მას გადასცემს და თანაავტორად იხდის. თითქოს დაწყებულ სათქმელს ბოლომდე არ ამბობს და ამით მკითხველის ჩათრევას ცდილობს შემოქმედებით პროცესში: გავიხსენო ერთი ასეთი მაგალითი: (ზღაპარი – «კაცი და ქალი») «თუ როგორ უცქერდნენ ქალიშვილს მოხუცები და რას გრძნობდნენ, ამის გადმოცემას მე ვერ შევეცდები, უნდა მაპატიოთ, რადგან ძალზედ ძნელია...» მერწმუნეთ, ეს გამოწვევა განსაკუთრებულ გამოძახილს პოვებს პატარა მკითხველებში და ალბათ ისინიც მთელი მონდომებით შეეცდებინ, «წაეშველონ» მეზღაპრეს.

სხვათა შორის, არც ირონია და სარკაზმია უცხო გურამ პეტრიაშვილის საბავშვო პროზისთვის. გავიხსენოთ ზღაპარი «მღებავი და გაუცინარი კაცი». ვნახოთ როგორ ახასიათებს გაუცინარ კაცს: «იმიტომ არ იცინოდა, რომ თავის თავს ბრძენად თვლიდა და ფიქრობდა, ბრძენი ადამიანი მუდამ სერიოზული უნდა იყოსო.

საკვირველი ის იყო, რომ ქალაქის მცხოვრებნიც ბრძენად მიიჩნევდნენ ამ კაცს, თუმცა ერთი სიტყვაც არ გაეგოთ მისგან. ეტყობა ბევრი ფიქრობს, ვინც სერიოზული სახით დადის, ის აუცილებლად ჭკვიანიაო.»

კიდევ ერთ მაგალითს მოვიხმობ:

«ამ ქალაქში ერთი დიდად ეშმაკი კაცი ცხოვრობდა. ეს კაცი პოეტი იყო. მისი ეშმაკობა ის იყო, რომ ლექსებს ყოველთვის იმაზე წერდა, რაზეც იმ წუთზე იყო მითქმა-მოთქმა.

ეტყობა ყველას უხარია, როცა გარითმულს წაიკითხავს, რაზეც ყოველდღეE თვითონაც საუბრობს ნაცნობებთან, ამიტომაც იმ პოეტის ლექსებს ყველა დიდი ინტერესით კითხულობდა.»

გარდა ამ პოეტისა და ფილოსოფოსისა, ვაი მეცნიერნი და მწიგნობარნიც ჰყავს ირონიითა და სარკაზმით «შემკობილი», ამ პერსონაჟს მცოდნე ჰქვია, რომელიც მხოლოდ წიგნების სამყაროში ცხოვრობს და მისი ცოდნა ცოტა არ იყოს კომიკურად გამოიყურება, მაშინ, როცა ცხოვრებისეული სიბრძნის ახსნას სთხოვს ჩვენი მეზღაპრე, მას ყოველი მოვლენისა და უფაქიზესი ნიუანსების ახსნა მხოლოდ წიგნებიდან ამოკითხული მზა რეცეპტით თუ წარმოუდგენია. არადა, არსებობს კიდევ სხვა რამ გრძნობადი, სულიერი სამყარო, სადაც ბევრი რამ მხოლოდ ინტუიტიური წვდომით თუ აიხსნება, ალბათ, ამიტომაც სტოვებს ავტორი ამ მწიგნობარს თავისი წიგნების ზღვაში ჩაფლულს და მხოლოდ შემოქმედის ალღოთი ცდილობს ჩაწვდეს მწიგნობრისათვის აუხსნელსა და გაუგებარ მოვლენას;

«მცოდნე აღარსად ჩანდა, მხოლოდ წიგნების ვეება გროვა იდგა ოთახში.

- არ შეგეშინდეთ, ახლავე გიშველით, - დავუძახე და წიგნების გადმოლაგებას შევუდექი.

- ნუ შეწუხდებით, მე თვითონ. . . - მოისმა მკაცრი ხმა და მივხვდი: მცოდნეს სიამოვნებდა წიგნები გროვად რომ ეყარა ზედ. ალბათ წარმოიდგინა, ცოდნის ოკეანეში ვარ ჩაყურყუმალევებულიო.»

ასეთი და მსგავსი მაგალითების მოხმობა ამ ტექსტებიდან მრავლადაა შესაძლებელი, რაც იმის საფუძველს იძლევა რომ დაბეჯითებით გავიმეოროთ ის, რაც წეღან ვახსენეთ - გურამ პეტრიაშვილის ზღაპრები მხოლოდ ყმაწვილთათვის რომ იყოს განკუთვნილი, იქნებ ასეთ დეტალებს ვერც კი წავწყდომოდით, მაგრამ მათში ბევრი რამ საჩვენოდ, დიდებისთვის არის განკუთვნილი და კიდევ რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - ცენზურის თვალის ასახვევად.

ჩვენს საუბრებსა და წერილებში უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ, როგორ, რანაირად ცდილობს და ახერხებს საბავშვო მწერლობა როგორ გავიდეს ფონს, მაშინ როცა მწვავე სოციალურ-პოლიტიკურ თემატიკას ირჩევენ.

ასეთ ნაწარმოებთა ნუსხაში დავასახელეთ კიდეც რამდენიმე საბავშვო მწერლის რამდენიმე ცნობილი ნაწარმოები, მაგალითად, გივი ჭიჭინაძის «ცრუ მზისა», ოტია იოსელიანის «მზის ზღაპარი», არჩილ სულაკაურის «სალამურას თავგადასავალი», თუ «ცისფერი ირემი», გუგული ტოგონიძის რამდენიმე პოპულარული ზღაპარი და სხვები და სხვები. და თუ ამ თემაზე განვაგრძობთ საუბარს შეიძლება დავასახელოთ საბავშვო დედექტივი «ელი, ბრუნო, სპილო რარუ და სხვები.

ეს თხზულება ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია იმისა თუ როგორ შეიძლება მოახერხოს მწერალმა, ის რომ ბავშვებისთვის საკითხავი, უფროსებისთვისაც იმგვარად საინტერესო გამოდგეს, რომ გენდოს და წიგნი ბოლო გვერდამდე ჩაიკითხოს.

აქაც, ამ შემთხვევაშიც, ყველა პერსონაჟი განსაკუთრებული მისიითაა შერჩეული, ნაწარმოების ფინალში სიკეთე ბოროტებაზე იმარჯვებს. უარყოფითი პერსონაჟებიც კი საბოლოოდ ისწავლიან ჭკუას და ბევრიც სასიკეთოდ გამოსწორდება. ამდენად, ნაწარმოების ყველა პერსონაჟი, კეთილიცა და ბოროტიც, ჩვენი საზოგადოების წარმომადგენელია. საინტერესოა, კიდევ ერთი კანონზომიერება - კეთილ პერსონაჟებს რიცხობრივად, ბოროტი, უარყოფითი პერსონაჟები სჭარბობს, ისევე როგორც რეალობაში, მაგრამ ზღაპრის მთავარი პრინციპიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ბოლოსდაბოლოს, სიკეთე იმარჯვებს და საბოლოოდ ამარცხებს ბოროტს. თუმცა კი ბოროტების დათმობა არც ისე იოლა, მით უფრო მაშინ, როცა ამ საზოგადოების უმეტესობა ასეთი მორალით ცხოვრობს: «დღეს ეს იმღერე, ხვალ ის იმღერე, ამყოლს აჰყევი, დამყოლს დაჰყევიო.» ნაწარმოების ერთ-ერთი პერსონაჟი, ზოოპარკის დირექტორი – ბიკენტია. ხედავთ, სახელსაც როგორ არჩევს მწერალი და ამაშიც ერთგვარ ირონიასა და სარკაზმს დებს, ასე რომ, ამ სახელიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, იგი ერთი პატარა, კეთილი, მაგრამ უსუსური, მშიშარა ფუნქციონერია. ამქვეყნიური კეთილდღეობის დათმობაც ენანება, მაგრამ ამავე დროს კეთილ მეგობრადაც მოაქვს თავი. თუმცა კი, ვფიქრობ, ასეთი გაურკვეველი პოზიციის გამო, ასეთ პიროვნებებთან ურთიერთობისას გარკვეული სიფრთხილე მაინც გვმართებს.

გავიხსენოთ მისი და პატარა ელის დიალოგი:

«-მართალს გეტყვი, მარტო ის კი არ მადარდებს, რომ ზოოპარკს ცუდი დირექტორი ეყოლება, არ მინდა, რომ მე დავკარგო დირექტორობა.

- დირექტორობა გიყვართ? - გაუკვირდა ელის ასეთი გულახდილობა. - რატომ?

- იმიტომ რომ ჭამა მიყვარს ძალიან.

- ჭამა?

- ჰო, თანაც ნაირ-ნაირის, ჩემს ცხოველებს საუკეთესოდ ვკვებავ. ყველა საჭმელს, ვიდრე იმათ მისცემენ, მე ვსინჯავ. ამიტომ მინდა დირექტორობა.» ასეთია მისი აღსარება და ამიტომაც საზოგადოების ასეთი წევრები, ვგონებ უფრო საშიშნი არიან, ვიდრე, გამოკვეთილად ბოროტი ადამიანები.

ამ ტექსტის კითხვისას იოლად მოხვდებით მწერლისეულ ჩანაფიქრს - ყველა ის ადამიანი, რომელიც სიკეთეს იცავს, ან ხელოვანია, ან კიდევ ხელოვნებაზე შეყვარებული მეოცნებე, ჩვენი მეზღაპრეც თავისი საუკეთესო პერსონაჟებითურთ, სწორედ ამ ხელოვანთა და სიკეთის დამცველ ადამიანთა გვერდითაა. (ეს პერსონაჟები ყველაზე უბრალო, უჩინარი ადამიანებიც კი - იქნება ეს ზოოპარკის დარაჯი თუ სატვირთო მანქანის მძღოლი). ამ ადამიანებს ერთი იდეა აერთიანებთ, გადაარჩინოს სპილო, რომლის მესაიდუმლეც ოინას ექვსი წლის გოგონა ელია.

აქაც, ამ საბავშვო დედექტივში, მწერლის ენა ლაკონურია და ძუნწი. რიტმული პროზისთვის დამახასიათებელი სტილური თავისებურებებით გამორჩეული.

გარდა ამისა, მწერალს ხშირად ახასიათებს მოულოდნელი ლირიკული ჩართვები, რომელიც მკითხველს სამშვინველს უფაქიზებს, და ვის და ვის, ეს დღეს ჩვენს პატარა მკითხველს აუცილებლად სჭირდება, ჩვენზე, უფროსი თაობის მკითხველზე, რომ არაფერი ვთქვათ.

დიახ, ასეა, ქართული საბავშვო მწერლობა ბალღობიდანვე წვრთნიდა ყმაწვილთა სულებს, რათა ისინი სიმართილის მქაგდაგებელნი და თავისუფლების მოყვარენი გაზრდილიყვნენ.

ასე იყო ოდითგანვე და იმედია, ასევე გაგრძელდება მომავალშიც, მთავარია, ჩვენი პატარა მკითხველები კვლავ მივახედოთ წიგნისკენ, რათა დიდობაში ცხოვრებისეულ სინამდვილესა და სირთულეებს მომზადებულნი შეხვდნენ.