THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ქართველი საბავშვო მწერლები ასტრიდ ლინდგრენის სამშობლოში

  საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის წარმომადგენლები, საბავშვო მწერლები ირმა მალაციძე და მარიამ წიკლაური, აგრეთვე ქართველი საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორების ჯგუფი შვედეთის მწერალთა კავშირის მიწვევით იმყოფებოდნენ სტოკჰოლმში, სადაც გაიმართა არაერთი საინტერესო შეხვედრა.

 შვედეთის დედაქალაქში მიწვევას წინ უძღოდა საბავშვო ლიტერატურის სემინარი, რომელიც თბილისში გასული წლის ოქტომბერში გაიმართა და რომელიც შვედეთის ინსტიტუტისა და მწერალთა კავშირის საბავშვო სექციის მიერ იყო ორგანიზებული. სემინარის ორგანიზებაში შვედურ მხარეს საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი ეხმარებოდა და ეს ღონისძიება სწორედ “ქართული საბავშო წიგნის დღეს - 27 ოქტომბერს” გაიმართა, რომელიც ფონდის მიერ იქნა დაწესებული 4 წლის წინ.


სემინარის მეორე ნაწილს წარმოადგენდა ქართველი და შვედი საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორების ერთობლივი ვორკ-შოპი, რომელიც საქართველოში, ბათუმში ჩატარდა და მაისში შვედეთში გაგრძელდა. ვორკ-შოპის ფარგლებში მწერლებმა და ილუსტრატორებმა ერთობლივი საბავშვო წიგნები შექმნეს.

ფონდის წარმომადგენლებს არაერთი საინეტერსო შეხვედრა ჰქონდათ შვედ კოლეგებთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა შვედეთის საბავშვო წიგნის ინსტიტუტში, ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრიზის საოგრანიზაციო კომიტეტში (ALMA), საბავშვო საგანმანათლებლო ტელე-რადიო კომპანიაში, შეხვედრა მოეწყო ასევე `მწერალთა ცენტრის” აღმოსავლეთ ფილიალის ოფისშიც, სადაც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ჰელენა ემბერგმა უმასპინძლა ქართველ მწერლებს.

ფონდი წარმომადგენლები შეხვდნენ და ესაუბრნენ პერნილა გესენს, საბავშვო მწერალსა და პრიზ “შლანგბელლა-ს” (“შურდული”) თავმჯდომარეს. “შლანგბელლა” შვედეთის მწერალთა კავშირის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის სექციის მიერ დაწესებული პრიზია დებიუტანტებისთვის.


ირმა მალაციძე (ფონდის წარმომადგენელი): “ყველაზე შთამბეჭდავი “იუნიბაკენში” სტუმრობა იყო, სადაც მარკეტინგის მენეჯერთან მარია რეუტერშკოლტთან და სცენოგრაფ ტურ სვაესტს შევხვდით. “იუნიბაკენი” ყველა ბავშვის ოცნებაა და გული მწყდება, რომ ქართველ ბავშვებს მისი ნახვის შესაძლებლობა არ აქვთ. ეს არის ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრების მიხედვით შექმნილი მინიატურული ზღაპრული სამყარო, სადაც ზღაპრის თანამონაწილე ხდები და პერსონაჟების ცხოვრებით ცხოვრობ იმ მოკლე დროის მანძილზე. გასაოცარი რამაა. ბავშვებისთვის საგანგებოდ შექმნილი ზღაპრული სამყარო აღჭურვილია თეატრითა და წიგნის მაღაზიით, კაფეთი, სადაც პეპის მაჭკატებს და კარლსონის გუფთასაც შემოგთავაზებენ. შვედეთი ალბათ ყველა საბავშვო მწერლისათვის საოცნებო ქვეყანაა. მხოლოდ ასტრიდ ლინდგრენის სახელიც საკმარისია, რომ ამ სიტყვების სისწორეში ეჭვი არ შეგვეპაროს”.

მარიამ წიკლაური (ფონდის წარმომადგენელი): `შვედეთში წიგნზე და ბავშვებზე ძალიან ბევრი ადამიანი და დაწესებულება ზრუნავს. სახელმწიფო უწყებები და სამინისტროები თუ კერძო გამომცემლები და ორგანიზაციები ერთნაირად ვალდებულად თვლიან თავს მოზარდების წინაშე. საქართველოში ბევრი რამ გვაქვს ამ მხრივ მოსაგვარებელი. შვედური ვიზიტის დროს მიღებული გამოცდილება, ალბათ აუცილებლად გამოიღებს რაიმე შედეგს. ჩვენი ფონდი აგერ უკვე, მეხუთე წელია საკუთარი ძალებით ცდილობს ქართველი ავტორების გარშემო დაგროვილი პრობლემებზე ყურადღებიც მიქცევას. 22 აპრილს ჩატარებულმა აქციამ “გამოუცემელი წიგნების გამოფენამ” შვედი მწერლებშიც დაინტერესება გამოიწვია და შეიძლება იქაც ჩაატარონ მსგავსი გამოფენა. ორივე ქვეყნის მწერლებს ბევრი რამ აღმოგვაჩნდა ერთმანეთისთვის გასაზიარებელი”.

ქართველმა საბავშვო მწერლებმა დაათვალიერეს სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე კულტურის სახლში გახსნილი “ოთახი ბავშვებისთვის”, სადაც მშობლებს ახლად ფეხადგმული ბავშვებიც კი დაჰყავთ. აქ თითოეული თარო, თითოეული წიგნი ისეა განლაგებული, რომ ბავშვი მას ეპყრობა, როგორც სათამაშოს. ურთიერთობს წიგნთან და იმთავითვე იყვარებს წიგნს.

ქართველმა მწერლებმა საბავშვო მწერალთა საგაზაფხულო წვეულებაშიც მიიღეს მონაწილეობა, რომელიც აქ ყოველწლიურად იმართება. წვეულებაზე ქართული მხარე შვედ მწერლებს მათმა მასპინძლებმა, მარი ოსკარსონმა და ჰელენა ბერგენდალმა წარუდგინეს.