THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ნანა ლომჯარია

სკივრში ნაპოვნი ძველთაძველი ზღაპარი



ძალიან დიდი ხნის წინ, უხსოვარ დროს, გვერდიგვერდ,სამი პატარა სამეფო მოთავსებულიყო. როგორც ყველას, ამ სამეფოებსაც ალბათ მეფეები ჰყავდა და როგორც ყველა მეფეს შეშვენის, ალბათ სახელებიც ჰქონდათ. ჩვენ რომ სამეფო მოგვეწონებოდა, მარცხენა მხარეს მდებარეობდა და მის მეფეს მარგია ერქვა. ჩვენ რომ სამეფო არ მოგვეწონებოდა, მარჯვენა მხარე ეჭირა, რომელსაც მეფე ხარბია მართავდა.
შუაში მდებარე სამეფოს ასავალ-დასავალი არავინ იცოდა. არც მეფე და არც მსახურები თვალით არავის ენახა და საერთოდ ჰყავდა თუ არა ამ სამეფოს მმართველი, ვერავის გაეგო. ერთადერთი რასაც ხედავდნენ ის იყო, რომ ღამ-ღამობით, სასახლიდან საოცარი შუქი გამოსჭვიოდა და გათენებამდე სასახლე მზესავით ანათებდა. და კიდევ, თვეში ერთხელ უზარმაზარი ფრინველი მოფრინდებოდა ხოლმე, სასახლეს რამოდენიმეჯერ გარს შემოუფრენდა და გაუჩინარდებოდა.
ხალხმა სამეფოებს სახელებიც შესაფერისი შეარქვა: მარგიას სამეფო, შუქიას სამეფო და ხარბიას სამეფო.
მეფე მარგია, ძალიან კეთილი კაცი ბრძანდებოდა, ერთი ვაჟი ჰყავდა და ყველანაირად ცდილობდა, უფლისწულიც კეთილშობილ მეფედ გაეზარდა.
ერთხელ მეფე მარგიას გლეხი ეახლა.
- მეფეო, მცირე ზომის მიწა ან მომყიდე ან იჯარით მომეციო.
- რატომ უნდა მოგყიდო, ან იჯარით რატომ უნდა მოგცე, ბევრი ფული გაქვსო? - ჰკითხა მეფემ. - მოიზომე რამდენიც გინდა და მოიხმარე როგორც გინდაო.
- ასე არ შეიძლებაო - უპასუხა გლეხმა.
- ვითომ რატომაო?
- ასე არავინ აკეთებსო.
- მერე მე განა “არავინ” ვარ? მე ხომ მარგია ვარო. - უპასუხა მეფემ და გლეხიც გაისტუმრა.
ცოტა ხანში მეორე გლეხი ესტუმრა, შემდეგ მესამე და მეოთხე. ყველას ჩამოურიგა მეფემ მიწები და რაც მთავარია, თვითონაც ძალიან კმაყოფილი დარჩა. სასახლეღა შემორჩა მეფე მარგიას და დედოფლის საყვარელი ბაღი, სადაც ულამაზესი ყვავილები ყვაოდა.
- მამა, სამეფო აღარ არსებობს, მიწები აღარ გვაქვს და ყმები არ გვყავს. რა უნდა ვჭამოთ, ან რა უნდა ვსვათ? - ჰკითხა ერთხელაც უფლისწულმა.
- ჩვენი სამყოფი საჭმელიც გვაქვს და სასმელიც. შენ მაგაზე არ იდარდო. - უპასუხა მეფემ.
ცოტა ხანში სასახლეს პირველი გლეხი ეწვია.
- მეფეო, - მიმართა მან. - შენს მიწაზე ხორბალი მოვიყვანე. მოსავალი ავიღე, დავფქვი, პური და ნაზუქი გამოვაცხვე. ნაწილი სახლში დავიტოვე, ნაწილი შენ მოგართვი.
- რატომ წუხდებოდი? ეგ მიწა ახლა შენია.
- არა მეფეო, სიკეთეს სიკეთით უნდა გადახდა. - უპასუხა გლეხმა და წავიდა. მალე მეორე გლეხი მოვიდა, შემდეგ მესამე და მეოთხე. ზოგს ძროხა მოუშენებია, ზოგს ქათამი და ღორი. ზოგს კიდევ ყურძენი მოუწევია და ღვინო დაუწურავს.
- დღე არ გავიდოდა თითო გლეხი მაინც არ მოსულიყო ძღვენით. მარგია ძღვენს იღებდა, ნახევარს იტოვებდა, მეორე ნახევარს კი მსახურს ატანდა შუქიას სამეფოს სასახლეში.
-კიბეზე ადი და კართან დააწყვე. მე მგონი სახლში მოხუცები ცხოვრობენ, აბა რატომაა, გარეთ გამოსული რომ არავინ გვინახავს? ღმერთი არ გაგიწყრეს, არ დააკაკუნო. შეიძლება მოერიდოთ და სანოვაგე უკან გამოგატანონ. ხომ ხედავ ღამე როგორ გვინათებენ კარ-მიდამოს, ეს ნამდვილად მადლობის ნიშანია.
ყოველ დღე დაჰქონდა მსახურს ძღვენი შუქიას სამეფოში და წინა დღით მიტანილი ადგილზე აღარ ხვდებოდა.
- ღმერთმა შეარგოთ - იტყოდა ხოლმე ნასიამოვნები მარგია.
- მამა, დღეს მე წავიღებ ძღვენს მეზობელ სასახლეში, თან დავათვალიერებ იქაურ სამეფოს. ეგებ ცოტა წავინადირო კიდეც. -მიმართა მეფეს უფლისწულმა.
- კარგი შვილო წადი, ოღონდ ფრთხილად იყავი. ხომ იცი, მაგ სამეფოზე ხარბიას უჭირავს თვალი და რაიმე შარს არ გადაგყაროს.
- ხარბიას გამოზრდილ ლეკვებს ვეღარ მოვერევი? - გაეღიმა უფლისწულს. მეფემ ამაყად შეათვალიერა თავისი ვაჟი, რომელიც საოცარი სილამაზითა და ვაჟკაცობით გამოირჩეოდა.
ამ საუბრის შემდეგ სანოვაგე, შუქიას სამეფოში უფლისწულს დაჰქონდა და რაც დრო გადიოდა რატომღაც, სულ უფრო ხალისით ასრულებდა ამ მოვალეობას.
მარგიასაგან განსხვავებით, მეფე ხარბია ძალიან ბოროტი და ხარბი ადამიანი იყო. ოქრო-ვერცხლი უყვარდა. ყველაფერს ყიდდა, რაც კი ეყიდებოდა. მხოლოდ ოქროს ფულს იღებდა. წესიერ საჭმელს არ ჭამდა და ლამაზ ნივთებს არ იძენდა. ოქროს აგროვებდა. ცალკე ოთახი ჰქონდა. ჩაიკეტებოდა ხოლმე ოქროს ოთახში და საათობით ათვალიერებდა თითოეულ ოქროს ფულს, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.
ხარბიასთანაც მოვიდნენ გლეხები. “მიწა მოგვყიდეო”. “ მოგყიდით ათას ოქროს თუ მომცემთო”. “ათასი ოქრო სადა გვაქვსო”. ივაჭრეს, ივაჭრეს და ბოლოს ას-ას ოქროზე შეთანხმდნენ. თვითონ მეფემ მოუზომა გლეხებს პატარ-პატარა ნაკვეთი და კმაყოფილი დაბრუნდა სასახლეში. ფული ოქროს ოთახში დააბინავა, შემდეგ სასახლიდან გადაიხედა და ნახა, ერთი გოჯი მიწაც აღარ შერჩენოდა, დედოფლის ბაღის გარდა, სადაც მხოლოდ ეკალ-ბარდებიღა ხარობდა. “ არა უშავს, ოქრო ხომ მაქვს. რასაც მინდა იმას ვიყიდი”.-ფიქრობდა მეფე ხარბია, მაგრამ არაფერს არ ყიდულობდა, ოქრო ერჩია ყველაფერს. ერთი ვაჟი ჰყავდა, რომელიც მთელი დღე დადიოდა და “მშია, მშიას” გაჰყვიროდა. ალბათ მართლაც შიოდა, რადგან სახლში ერთი ნაჭერი პურიც კი არ მოიპოვებოდა. დედოფალი გამხდარი, უფერული ქალი იყო და შიმშილისაგან თვალები ხარბიას ოქროსავით უპრიალებდა.
- წადი კაცო, რამე საჭმელი იშოვნე, თორემ საცაა დავიხოცებით. ხომ ხედავ, მარგიასა და შუქიას სამეფოდან სულ შემწვარ-მოხრაკულების სუნი გვიღიტინებს ცხვირში.
- სად გინახავს დედაკაცო, მეფე საჭმლის საშოვნელად დადიოდეს? - გაბრაზდა ხარბია.
- მაშინ შენი უსაქმური შვილი გაგზავნე. მარგიას ბიჭი თუ დადის ყოველ დღე შუქიას სამეფოში, ვითომ ჩვენსას არ ეკადრება?
- მარგიას შვილი? რად დადის შუქიას სამეფოში, რა უნდა?
- სანოვაგე დააქვს იქაურებისათვის. მოხუცები არიანო და ეცოდებათ.
- აჰ, ეცოდებათ არა? ისინი ეცოდებათ და ჩვენ არ ვეცოდებით? შიმშილით სული გვძვრება. - სულ გაწიწმატდა ხარბია. - მე თქვენ გიჩვენებთ სეირს. - ჩაილაპარაკა ბოლოს და თვალები ბოროტად მოწკურა.
მეორე დღესვე დაუდარაჯდა ხარბია უფლისწულს. დიდი ხნის ლოდინი არ დასჭირვებია. მარგიას შვილი სასახლეს მიუახლოვდა, ორივე ხელში დიდი კალათა ეჭირა. კალათები ძირს დააწყო, კარზე სამჯერ დააკაკუნა და თვალები დახუჭა. კარი გაიღო. უეცრად შენობიდან ისეთმა შუქმა გამოანათა, რომ იქვე მდგარ ადამიანს ალბათ დააბრმავებდა. უყურებდა პირღია მეფე, რაც მის თვალწინ ხდებოდა და თვალებს არ უჯერებდა.
- თვალი არ გაახილო ჩემო სიყვარულო, ჩვენი დრო უკვე ახლოვდება, მალე სულ ერთად ვიქნებით. - მიმართა ბიჭს სინათლის სხივმა უნაზესი ხმით, სახეზე მოეფერა, კალათები აიღო და სასახლეში, კარს მიღმა მიიმალა. უფლისწული ცოტა ხანს იდგა, იღიმოდა, შემდეგ შემობრუნდა და ღიღინ-ღიღინით გაუდგა უკანა გზას.
ხარბიამ იფიქრა, ასე სასწაულად მხოლოდ ოქრო თუ გაანათებსო და გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, სასახლეში შეეღწია და ძვირფასეულობა ხელში ჩაეგდო.
მალევე ჩაუსაფრდა მეფე ხარბია, თავისნაირ ხარბ და წუწკ შვილთან ერთად, მარგიას ვაჟს.
მალე უფლისწულიც გამოჩნდა, როგორც წინა დღეს, ორივე ხელში კალათა ეჭირა. მან ღიღინით ჩაუარა მეფეს და სასახლისაკენ გაემართა. ხარბიას ბიჭი წამოხტა, ხელჯოხი, რომელი წინდაწინ ჰქონდა მომზადებული, მთელი ძალით ჩასცხო თავში მოღიღინე ვაჟს და ისევ დაიმალა. უფლისწულმა გონება დაჰკარგა და მოცელილივით დაეცა. ხარბია და მისი შვილი კალათებს დაეძგერნენ, ჩქარ-ჩქარა ყლაპავდნენ საჭმელს და თან გულიანად იცინოდნენ. მათ ხომ გემრიელი საჭმელი, წლების მანძილზე არც გაესინჯათ. კარგად რომ დანაყრდნენ, ცარიელი კალათები აიღეს და სასახლისაკენ გასწიეს. კარზე სამჯერ დააკაკუნეს. კარი გაიღო, სასახლიდან კი ისეთმა მძლავრმა შუქმა გამოანათა, რომ მამა-შვილს იქვე დააკარგვინა თვალის სინათლე.
- ვაიმე, ვაიმე, გვიშველეთ - ყვიროდნენ ხარბია და მისი ვაჟი და აქეთ-იქით აწყდებოდნენ. გზას ვერ იკვლევდნენ. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ იმავე წუთს, მოფრინდა უზარმაზარი არწივივით ჩიტი და თავის მძლავრ Fფრთებს, მამა-შვილს აქეთ-იქიდან უტყლაშუნებდა. ამასობაში უფლისწულიც გონს მოვიდა, სასწრაფოდ სასახლისაკენ გამოეშურა, კიბეზე აირბინა და სასახლის კარი თვითონ გააღო.
- თვალები დახუჭე, თვალები. - გაისმა ნაზი ხმა.
- არა ძვირფასო, აქამდე სულ სიზმრებში გხედავდი, ცხადში, მხოლოდ შენს ხმაში ვიყავი შეყვარებული. ახლა მირჩევნია, ერთხელ დაგინახო და მერე თუნდაც სამუდამოდ ფერფლად გადავიქცე. - სასახლიდან თვალისმომჭრელმა სხივმა გამოანათა, რომელიც თანდათან ძალას კარგავდა და საბოლოოდ უფლისწულის თვალწინ, საოცარი სილამაზის ქალიშვილი გამოიკვეთა. გოგონამ უფლისწულთან მიირბინა და გულში ჩაეკრო.
ამ დროს, ჩიტი-არწივი მიწაზე დაეშვა და უეცრად მკაცრი შესახედაობის მამაკაცად გადაიქცა, რომელსაც მეფის სამოსი ეცვა და თავზე გვირგვინი ედგა.
- შვილო, ჩემო ერთადერთო სიხარულო, ყველაფერი დამთავრდა, ამ ყმაწვილის სიყვარულმა დააკარგვინა ჯადოს ძალა. იმდენად ძლიერია ეს სიყვარული, რომ ჩვენი სამეფოს უდიდესმა ჯადოქრებმაც კი, ფარხმალი დაყარეს და იქიდან გლოცავენ. ასეთი რამ, მათ ჯერ არასოდეს გაუკეთებიათ. - ალაპარაკდა მეფე-არწივი. შემდეგ უფლისწულს ხელში, თავისი ქალიშვილის ხელი ჩაუდო და მიმართა.
- ამიერიდან, ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს შენ გაბარებ. თვალის ჩინივით გაუფრთხილდი. იმათ არ დაემსგავსო, - ჩაიცინა მამაკაცმა და ხარბიასა და მის ვაჟს გახედა, რომლებიც მიწაზე დამსხდარიყვნენ და საცოდავად ზლუქუნებდნენ.
- მამა, აუხილე მაგ უბედურებს თვალები. ეგენი მე კი არა, ოქრომ დააბრმავა. - სთხოვა გოგონამ მეფეს.
- კარგი, კარგი იყოს შენებურად. კეთილშობილებით ზუსტად ჩემი ძმადნაფიცის, მეფე მარგიას ოჯახს შეეფერები, რაც მე ძალიან მახარებს.
- ძმადნაფიცის? - გაკვირვებით იკითხა მარგიას ვაჟმა.
- დიახ, ჩემო ძვირფასებო. მე და მარგია, დაბადებიდან ერთად ვიზრდებოდით. მარგიას მშობლები გვზრდიდნენ. ყველას ობოლი ვეგონე. არც მე მახსოვდა მშობლები. მერე გავიგე ვინც ვიყავი, შემთხვევით მოვკარი ყური მეფე მარგიასა და დედოფლის საუბარს. მამაჩემს ჩემი თავი გასაზრდელად მარგიასათვის ჩაუბარებია, როგორც დედამიწაზე ყველაზე კეთილშობილი ადამიანისათვის, რათა სისასტიკე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია გამეფებული, ჩემს ბუნებაში ცოტა შერბილებულიყო. მაგრამ, მან არ გაითვალისწინა ის, რომ მე ნახევრად ადამიანად ჩამოვყალიბდი.
- თქვენ ფასკუნჯი ხართ? - ჰკითხა უფლისწულმა.
- არა, ფასკუნჯები ჩვენი წინაპრები არიან, მათგან განსხვავებით, ჩვენ ადამიანის სახესაც ვიღებთ და ჩიტისასაც. რაც მიწის ზემოთ სულიერი არსებაა, ყველა ჩვენ გვემორჩილება. მე კი მამაჩემის მემკვიდრე, მეფეთ-მეფე ვარ. ბედნიერი ბავშვობა გვქონდა მე და მარგიას. ერთ დღესაც მოფრინდა უზარმაზარი არწივივით ჩიტი, ამიტაცა და მთებისაკენ გამაქანა. აღმოჩნდა, რომ ეს მძლავრი, არწივივით ჩიტი მამაჩემი იყო, მეფეთ-მეფე. მას შემდეგ ვიზრდებოდი მთებში, უზარმაზარ სასახლეში, მაგრამ გული სულ მიწისაკენ მომიწევდა და ხშირადაც ვსტუმრობდი მარგიას.
ერთ-ერთი ჩემი მიწაზე ყოფნის დროს, თავდავიწყებით შემიყვარდა ქალიშვილი, სახელად აზალია. მამაჩემმა ქორწინების ნება არ მოგვცა, ამიტომ მე აზალიასთან დავრჩი მიწაზე. ეს ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. მთების გახსენება აღარ მინდოდა და იქეთ არც გამიხედავს. ცოტა ხანში გვეყოლა გოგონა და დედამისის სამახსოვროდ აზალია დავარქვი, ვინაიდან ჩემი სიყვარული იმავე დღეს გარდაიცვალა და ჩემი გულიც თან წაიყოლა. ჩემი უბედურება აქ არ დამთავრებულა. გოგონა, პატარა აზალია დაბადებისთანავე მოაჯადოვეს, მამაჩემის ქვეყნის ჯადოქრებმა და სინათლის კაშკაშა სხივად აქციეს. მე ჩემს ქალიშვილს ამ სასახლეში დავუდე ბინა, თვითონ კი გავფრინდი მამაჩემის ქვეყანაში შურის საძიებლად. სამწუხაროდ მამაჩემი გარდაცვლილი დამხვდა, ჯადოქრები კი დამემუქრენ, ან მეფის ტახტზე დაჯდები და ქვეყანას როგორც შეეფერება ისე მართავ, ან შენს ქალიშვილს ვეღარასოდეს იხილავო. მე სხვა გამოსავალი არ მქონდა და მეფობას დავთანხმდი. სამაგიეროდ ყოველ დღე მოვფრინდებოდი ხოლმე ჩემი გოგონას სანახავად, შენ რომ გნახე ჩემი ქალიშვილის სახლთან, ჯერ შემეშინდა, შემდეგ კი მივხვდი, ჯადოს ძალა მალე დაეკარგებოდა, იმდენად დიდი იყო შენი სიყვარული ჩემი ქალიშვილის მიმართ., თანაც მარგიას ვაჟს მე ყველანაირად ვენდობოდი. - დაამთავრა თხრობა აზალიას მამამ.
მეფეთ-მეფე ხარბიას მიუბრუნდა. - თვალებს აგიხელთ და აქედან რაც შეიძლება შორს გაგისტუმრებთ.- მან ხელი სტაცა მამა-შვილს და ცხრა მთას იქით რომ კიდევ ცხრა მთაა, იმის იქით მოისროლა. შემდეგ მათი სასახლე, როგორც კენჭი ისე აიტაცა და თან მიაყოლა. - მოსწყინდებათ თავისი ოქროს გარეშე, - ჩაიცინა მან და ახალგაზრდებს მიუბრუნდა. - წადით, მარგია გელოდებათ, მე გავაფრთხილე და ძალიან გახარებულია.
- შენ არ წამოხვალ მამა? - ნაღვლიანად ჰკითხა აზალიამ.
- არა შვილებო, ჩემი ადგილი აქ არ არის, ჩემი ადგილი მთებშია. იქ ხანდახან დედაშენსაც ვესაუბრები ხოლმე. თუ რამე დაგჭირდეთ, ამ სასახლესთან მოდით, სამჯერ დააკაკუნეთ და კარს მე გაგიღებთ. ყველა თქვენს დაძახებაზე უმალ აქ გავჩნდები. - წარმოსთქვა მეფემ, კვლავ უზარმაზარ არწივად გადაიქცა, ფრთა ფრთას შემოჰკრა და გაუჩინარდა.
აზალია და უფლისწული ხელჩაკიდებულნი იდგნენ, ცოტა ხანს ცას გასცქეროდნენ, შემდეგ მიბრუნდნენ და მდუმარედ გაუყვნენ გზას მარგიას სასახლისაკენ. სახე ორივეს სევდანარევი, მაგრამ ბედნიერი ღიმილით გაცისკროვნებოდა.
იქაც ლხინი, აქაც ლხინი
ყველგან პური და ნაზუქი.
ღიმილი და სიყვარული,
ჩვენც გვაჩუქე სიხარული.
სიხარბე და დარდი
ცხრა მთას იქით წადი.