THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



თეა თოფურია

თავხედი ბეღურები
შემეჩვივნენ ბეღურები
მეთორმეტე სართულზე.
ჯერ ნამცხვარი ამიკენკეს,
მერე მთელი საუზმე.


ყიველ დილას მოდიან და
ნადიმობას მართავენ,
მალე ალბათ უკითხავად
ტელევიზორს ჩართავენ.


კნუტი
მოიყვანეს სახლში კნუტი
ჭრელია და ფხაჭნია.
ძაღლმა დიდი ხის ჩრდილში
გარიდება არჩია.


რძეს ასმევენ, დაკატებაც
დაუპირეს თითქოსდა...
აქირავებს თაგვი სოროს,
ორნახევარ ნიგოზად.


სიზმარა
კარგავს ზუკა ყველაფერს
წიგნია თუ რვეული,
ის სურათიც დაკარგა
ურმით როა მეურმე.


ახლაც გაიღვიძა და
დაეკარგა სიზმარი,
გამალებით იხსენებს,
დე, რა ვნახე მითხარი.


- იქნებ, სკოლა გესიზმრა?
- არა, სკოლა არ იყო.
- იქნებ, იყო აქლემი?
- არც აქლემი არ იყო.


- იქნებ, ნახე გოგონა,
ბაღიდან რომ მოგწონდა?
იქნებ, თოვლის ბაბუას
საჩუქარი მოჰქონდა?


იქნებ, ნახე ფინჯანი,
მაკრატელი,
კრენდელი,
ბეჰემოთი,
ონკანი,
ყვავილები,
კედელი...


- არა, თითქოს შევჭამე
ოთხი კილო ნაყინი,
დიდმა დახლ-მაცივარმა
მასეირნა მარხილით.


- ოთხი კილო ნაყინი?
ასი გრამიც გეყოფა!
იქნებ, წიგნი იყო და
შენ ნაყინი გეგონა?...
...


სიზმარს თურმე იმ დილით
გემრიელად ეცინა,
- სულ არ დავსიზმრებივარ,
მე თვითონაც მეძინა.


ტურისტი
აერია პინგვინს გზები,
მოდის საქართველოში,
ანტარქტიდის ყინული
წამოიღო თერმოსით.


- თერმოსით რას გეყოფა,
თბილისში ხომ იწვიან?
- ნუ იდარდებთ, ჩემოდანშიც
ლოლუები მიწყვია.


არნახული დღეობა
ეს რამხელა რაღაცაა?!
დაბადების დღეზე,
ბიჭს აჩუქეს დინოზავრი,
მიბმულია ხეზე.


ქათამს კვერცხი დაუდვია,
ვერ კაკანებს შიშით,
ეზოს ავი ნაგაზი
შემალულა ზვინში.


ზვინი ნახა დინოზავრმა
ცოხნა მშვიდი იერით,
ძაღლი დარჩა ჰაერში,
ძროხა დარჩა მშიერი.


ზვინის შემდეგ წავიდა,
რომ მოძებნოს ჭვიშტარი,
თან უკან გაითრია
ბაწარი და ჭიშკარი.


ტირის იუბილარი,
სიმწრისაგან აბოდებს:
გაგონილა, საჩუქარი
ეზო-ეზო დარბოდეს?!


ავადმყოფი ყარყატი
ყარყატების ოჯახში
არ იციან რაღა ქნან,
დღე და ღამე დაობენ,
დარდისაგან გადახმნენ,


ერთი ბარტყი ავად ჰყავთ,
ჭიაყელამ აწყინა,
ბუდის ერთ მეოთხედში
სულ წამლები აწყვია.


მალე თუ არ გაასწრეს
დაიწყება წვიმები,
მაგრამ ამ ავადმყოფით
გაფრინდები ჩინეთში?!


დედა ამბობს, ნისკარტი
ჩავჭიდოთ და ვატაროთ,
მამა ამბობს, ბეღურებს
დავუტოვოთ მარტამდე.


"ბავშვი როგორ დავტოვო,
მე რა ვიცი, რას იზამს,
ამისთანა სადარდელს
ჩიტის გული აიტანს?!"


იდავეს და შემდეგ კი
დაშოშმინდნენ მცირედით,
თვითმფრინავით მიდიან,
უყიდიათ ბილეთი.


ჩიტის მტერი
საფთხობელებს ამზადებს
ჩხირკედელა პატარა,
ძონძი რომ შეეკერა,
ზოგს პიჯაკიც გახადა.


თუ სადმე ჭინჭი იყო
ერთიც არ გადაურჩა,
ფარდასაც კი შებედა,
მაგრამ ბებო გაურჩდა.


- საფრთხობელა რად გინდა,
ვის დაფრთხობას აპირებ?
- მინდა, ჩიტებს შეეშინდეთ,
სამუდამოდ გაფრინდნენ.


- ქალაქელ ბიჭს ჩიტისგან
რა ჭირი გაქვს ნანახი,
ყანა შეგიჭამეს თუ
დაგიკენკეს ვენახი?!


იცინიან დიდები,
გაცინებისთანავე,
ესეც არ დაგვიჭრასო,
ტანისამოსს მალავენ.


რისი ყანა, საფთხობელა
სახურავისთვისაა,
ანტენაზე წეროებს
ბუდე აქვთ და ისაა...


რაც ბუდე გაიკეთეს
მულტფილმები ქრებიან,
ყველა არხის ეკრანზე
მხოლოდ წეროებია.


მურია
ფარას ცხვარი გაერია,
შავი არის სრულიად,
შავი არის ყვავივით,
ეძახიან მურიას.


შავი რომ დაიბადა,
ეცოდებათ მწყემსებს,
თვითონ ბედნიერია,


არ დაგიდევთ წესებს,
ღამღამობით იპარება,
მოირბინა ველი.
იმისთანა შავია,
რას შეამჩნევს მგელი?!


დამალობანა
ერთი, ორი, სამი, ოთხი,
ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა...
სჯობს დროზე დაიმალოს,
ვინც ჯერ არ დამალულა.


ვინ – მაგიდის ქვევით და
ვინ – ბებიის კაბის ქვეშ.
დამალვა შენ მერე ნახე,
ქუჩაში თუ გაუშვეს.


შენ აგერ ხარ, შენ – ეგერ,
დაგინახე, გამოდი!
უკვე ყველა შეიკრიბა,
მარტო ერთი არ მოდის.


ყველა ეძებს აქა–იქ,
ყვირილით და ძაღლებით.
დამხუჭველმაც ბოლომდე
გაახილა თვალები.


მხოლოდ გვიან საღამოს
დაკარგული გამოჩნდა.
,,სად იყავი, ამდენ ხანს?“
,,კიბის ძირში, თაროსთან.


აბა, ვინ რა იცოდა,
რომ თაროს და კიბეებს.
თურმე ბებო კანფეტების
სამალავად იყენებს.


ჯადოსნური საშაქრე
თეთრი, თეთრი საშაქრე
თეთრი, თეთრი შაქრისთვის,
ორ კოვზს თვითონ ჩაგიყრის,
თუკი ჩაი დაისხი.


ბავშვებს შაქრიჭამიებს
თუ დალანდავს, არ მოვა.
რომ იყიდეს, მაშინვე
დედამ მოაჯადოვა.


არწივების სადილი
დედა, მამა, ბებია
და კიდევ ტელევიზორო,
რაღაც მინდა, ვერ ვიგებ
იქნებ, თქვენ გამისწოროთ.


ბეღურებს რომ ვკვებავთ და
ვუფრთხილდებით ძალიან,
არწივებს არ შიათ თუ
საჭმელად არ სცალიათ?


არწივები არ ჭამენ
ნამცეცებს და ნამუსრევს,
კუდღელს ჭამენ, ნაცრისფერს,
მდელოზე თუ წაუსწრეს.