THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ირმა მალაციძე

მოიტაცეს ჭუკი ცაცა
ინდაურის ჭუკი ცაცა,
გზაზე მიდის აცა-ბაცა,
უცებ სოფლად ხმა გავარდა:
- ცაცა მელამ მოიტაცა!


გაეკიდა მელას ყველა -
ტატო, ლუკა, სანდრო, გელა,
მურამ ყველას გადაუსწო
მაყვლის ბუჩქი გადათელა.


გარბის მურა, მიდევს ცაცას:
- მელაკუდავ, შენ დამაცა!
ბოლოს, მელა დაიღალა
და მურიკომ პირი სტაცა.


ასე იხსნა ტყვეობიდან
ინდაურის ჭუკი ცაცა,
ახლა მელას ჯერი დადგა -
მილასლასებს აცა-ბაცა!



თინეიჯერი ბატი
მოდას აჰყვა ბატის ჭუკი,
შეიღება წითლად კუდი,
ფეხებს ტატუ უმშვენებს
და მეგობრებს უჩვენებს.


გაიხვრიტა ნისკარტი,
გაიყარა ჭიკარტი,
თუმცა ვეღარ ყიყინებს...
კიდევ რას აიხირებს?


"წიგნის ნაცლად - ჩატი!" -
მოსთქვამს დედა ბატი.
ვერ გაიგო ჭუკმა,
გულს ასე რით უკლავს.


თინეიჯერ ბატს,
რად უკრძალავს ჩატს...
დღეს ვის უკვირს ტატუ,
კუდი რად ღირს მარტო?


ვერ რიგდება დედა-შვილი
რა აზრი აქვს წუწუნ-ჩივილს!


ცუგრიების ენა


ინტერნეტში შევიდა,
ჩვენებური მურია,
ყველა საიტს ესტუმრა,
თათი სად არ ურია.


იქ ბუდაპეშტს ესტუმრა,
იქ ტოკიოს თუ დელის,
ბოლოს ჩათში გაიცნო
მშვენიერი პუდელი.


გამარჯობა, ჰაი-ჰამ!
ალღო მომდევს მაძებრის,
მსოფლიოში ყველაზე
მშვენიერი ბრძანდებით.


ჰაი! – ამბობს პუდელიც,
თან უგზავნის სმაილებს,
აბა, ქართულ საუბარს,
რანაირად გაიგებს?

დაავიწყდა მურიას,
უპირველეს ყოვლისო,
შეესწავლა საერთო,
ენა ძაღლთაშორისო.


დათვი და ხელადა
ერთხელ დათუნამ იპოვნა
ტყის პირას თიხის ხელადა,
მოიყუდა და დაცალა
მგელი ეჩვენა მელადა.


ციყვი ეგონა ურჩხული,
კურდღელთან თამაშს ეცადა,
ფიჭვი ეჩვენა კუნელად,
ცოტაც და გადათელავდა.


მერე ხის ძირში გაგორდა:
- ნეტავ რადა ვარ ასეო!
რატომ და თურმე ხელადა
ღვინით ყოფილა სავსეო.


მხეცუნების ბაღი


ტყეში დედა დათვმა
გახსნა ბაგა-ბაღი,
აღმზრდელია მელა,
მზარეული – ტახი.


ძიძა გახლავთ ტურა,
ბოკვრებს კვებავს ფაფით,
ვინც ბოლომდე არ ჭამს,
მათ აშინებს აფთრით.


ძლიერ მოსწონთ ბაღი
პაწაწინა მხეცებს,
ბოკვრებს, შვლებს და ბელებს,
დედა აღარ ეძებს.


მზარეული ტახი
წვნიანს ასხამს ჩამჩით,
დაბაჯბაჯებს ბელი,
თავზე თეთრი ჩაჩით.


თამაშობენ ერთად
მგლის ლეკვი და შველი,
ციცქნა მელაკუდა
ციყვს ჭამაში შველის.


- აღარ ვიცი, რა ვქნა, -
ჩივის მზარეული, -
ლეკვებს ხორცი უყვართ,
კურდღელს - ბოსტნეული.


დათვის ბელებს - თაფლი,
ციყუნიებს - თხილი,
ბაჭიამ კი წვნიანს
არ დაადო პირი!


გულს იბრუნებს ტახი
"ვალიდოლის" აბით.
ახლა სადილს ხარშავს
ოცდაათი ქვაბით.