THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



შოთა ხოდაშნელი

ვის შვილს რა ჰქვია
ბამბის ქულები ხართო, -
ყვავმა შვილებს ახარა.
შაშვის შვილი ბარტყია,
ყვავისა კი - ... ბახალა!


თუ შეეჭიდე, ნიადაგ
დიდი ჯახირი მოგელის,
ლომის და ვეფხვის ლეკვებსა
ორთავეს ჰქვია - ... ბოკვერი.


ფარას მუდამ წინ მიუძღვის
ეგრე სწრაფი, ეგრე მალი
გრეხილ რქებით, მძიმე ბეწვით,
ვაცი…ანუ... ერკმალი.


თან დასდევენ ყოველგან,
აქ არის თუ იქ არის,
ცხვარსა - კრავი - ბატკანი,
თხას კი თავის... თიკანი.


ლამაზები, ჭრელები,
ვით ქართული ზღაპრები.
ხოხობ-კაკაბ-როჭოთა,
შურთხისა და გნოლების
ბარტყებს ჰქვიათ... ლაპრები.


მარჯვე ბავშვი იქნები,
თუკი უცებ იტყვი:
დიდი სპილოს ნაშიერს -
შვილს რა ჰქვია - ... სპლიყვი.


აბა, გამოიცანი,
ჩემო ოთარ, ოთია:
თხის შვილს ჰქვია თიკანი,
ხოლო ჯიხვის - ... ფოთრია.


ქორს სიმაღლე ზეცისა
არ აშინებს სრულებით,
ქორი ბარტყებს რა ჰქვიათ,
რა ჰქვიათ და... ქულები.

ბოტები

ნინოს ბოტები უყიდეს
თეთრი კრიალა, პრიალა,
უთხრეს — ტალახში ჩაიცვი,
ასეთ სიცხეში კი არა.
გოგოს თვალებზე მოადგა
ცრემლები დიდრონ-დიდრონი:
თქვენ — ეგ ბოტები ჩამაცვით,
ტალახს თვითონვე ვიპოვნი.


მშობლის საწუხარი
ჩემი ბიჭი ბაკური
ზამთარი თუ ზაფხული,
თმის წვერიდან — ფრჩხილამდე,
დადის ამოლაფული.
ბუღი დგება სიცხის თუ
მიწას წვიმა აპურებს,
გუბეს ყველგან მონახავს,
მივა, ჩააჭყაპუნებს...
დღეს ჩავაცვი ახლები,
ნეტავ შინ ყოფილიყო.
ისე ამოიგანგლა,
ვერ ვიცანი, ვინ იყო.


რატომ?
თამაშობდნენ ეზოში
პატარები ხალისით.
— ხე რად დარგო მამიკომ,
თამუნია, არ იცი?
— ჩვენ ვიცითო, — ბავშვები
ჟრიამულით წამოხტნენ:
— იმიტომ რომ ჩიტები,
რიგრიგობით ჩამოსხდნენ.




იშრიალონ ნერგებმა
— დაცოტავდა ნიგოზი
— ბებომ მოისაკლისა.
პაპამ ჩამოიტანა
ათი ნერგი კაკლისა.
საურმე გზა დავკვალეთ...
ჩავამწკრივეთ გზის პირად,
რიგრიგობით ბიჭები
წყალსაც ვუსხამთ ხშირ-ხშირად.
გვიხარია, გვალაღებს
უფროსების შექება,
გაიხარონ, აყვავდნენ.
იშრიალონ ნერგებმა...

თანდილა
მე არ ვიყო პაპას ბიჭი,
მე არ ვიყო თანდილა
თუ არ წავყვე მიხო პაპას
გაღმა ტყეში ხვალ დილას,


წნელებს მოვჭრით თხილიანში,
ქოხში ღამეს გავათევთ.
ჩამოვალთ და ერთად დავწნავთ
გოდრებსა და კალათებს.