THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მაკა მიქელაძე

თხუპნიები
იკამ, ნენემ, მარი-მურიმ,
მოითხვარეს ცხვირი მურით,
ალხოს, მალხოს, ჩიტმა გნახოს,
ჩამომსხდარან ბუხრის ახლოს.
სხედან მორთხმით, ფორთხვენ ოთხით,
ბუხრის მწმენდთა სადარები,
ხალიჩას და კედლებს შვენის
ფეხისგულთა ნაკვალევი.
იატაკზე დაუხატავთ:
მზე,მთვარე და ვარსკვლავები.
მალე მოვლენ უფროსები,
ნახეთ გულის გახარება!
იკას,ნენეს, მარი-მურის
გაუმართავთ ტაშ-ფანდური.
ხორუმი და განდაგანა,
თამაშობენ ზანგობანას.
იკა,ნენე,მარი-მური,
თქვენს მაგივრად მეწვის ყური.


რა ვაკეთოთ?
რა ხანია ვუცქერ გვანცას,
გვანცა ძერწავს აცა-ბაცა,
-ეს რა არის?-ვკითხე როცა,
გვანცამ ძლიერ გაიოცა:
-რა არის და ცუდი ვაშლი,
-ეს რა არის?
-ცუდი ბავშვი,
ცუდი ხარი, ცუდი ცხვარი,
ცუდი,მრუდი მაცივარი,
ცუდი, დაღრეცილი კვახი,
ცუდი,დაბრეცილი სახლი,
ცუდი ტუმბოს ცუდი უჯრა,
დეიდები აჯღა-ბუჯღა,
ცუდი კაცის ცუდი გუდა,
ბიძიები აბდა-უბდა,
ცუდი სპილო, ცუდი თაგვი,
-გვანცა, რამე ძერწე კარგი!
აღარ გვინდა დაჯღანული,
აღარ გვინდა აცა-ბაცა,
გვანცამ უფრო გაიოცა,
-აბა, რა ვაკეთოთ?!
გვანცა?!