THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



გივი ჩიღვინაძე

შველი და კურდღელი
ათოვს მინდორს, ათოვს ფერდობს,
ხეთა ტოტებს თოვლი შვენის.
- მაგ ბუჩქებში რას აკეთებ? -
ეკითხება კურდღელს შველი, -


ჩემთან წამო, რამეს გაჭმევ,
ახლობელი ხომ ხარ ჩემი?
- მეშინია ჩემო კარგო,
ციყვს უნახავს გუშინ მგლები.


ამ ბუჩქებში თბილადა ვარ,
თანაც იმ მგლებს ვემალები.
- დაივიწყე ეგ ამბავი,
მგლების ბედი არ შეგშურდეს,


სანადიროდ წასულან და
შეიძლება ვერც დაბრუნდნენ,
ჰოდა, ნუღარ გეშინია, -
დაამშვიდებს შველი კურდღელს.


კოდალა ციყვებთან
ათოვს წაბლს და ათოვს მუხას,
ტყე ფიფქებით დაბინდულა.
ციყვი თავის პატარებით
ფუღუროში შეყუჟულა.


შეფრენილა ხეზე ჩიტი
ხეკაკუნა, გრძელნისკარტა,
კოდალაა, ხომ იცანით?
უკაკუნებს, ხის კანს ფანტავს.


ამ ხმაურზე გამოვიდა,
ტყეს მოავლო ციყვმა თვალი.
- ხეკაკუნავ, გამარჯობა,
დაანებე ამ ხეს თავი,


მერე სხვა დროს მოიძიე
ეგ მატლები და ჭიები,
ნუ ხმაურობ, ეს-ესაა,
დავაძინე პაწიები.


მოდი, ჩვენთან შემობრძანდი,
არ ჩაგივლის ეგ დრო ფუჭად,
გაგათბობ და სადილადაც
რკოს მოგართმევ თხელნაჭუჭას...


ზის კოდალა ფუღუროში,
რკოს არჩევს და ციყვებს ართობს,
გარეთ თეთრი ზამთარია,
მდუმარე ტყეს მშვიდად ათოვს.


სტვენიები და ჩხიკვი


ათოვს რცხილას, ათოვს წიფელს,
მწიფე ძახველს ღელის პირას
სტვენიები მისევიან,
გადადიან მასზე ყირას,
ჟღურტულებენ: - რა მწარეა,
თუმც არ იცის ამან წყენა,
მოდი, ვინმე დავპატიჟოთ,
გავუმწაროთ მასაც ენა. -
მიიხედეს, მოიხედეს
და სტუმარიც ნახეს, - ბედად
დათოვლილი წიფლის ტოტზე
აფხორილი ჩხიკვი თვლემდა.
დაუძახეს: - მეზობელო,
გვესტუმრე და რამე გვითხარ,
ამ ძახველზეც დაგვეწვიე,
არ მოგაცდენთ, ალბათ, დიდხანს. -
ჩამოფრინდა ჩხიკვი დაბლა,
თუმც სტვენიებს ავად უცქერს,
მერე ძახველს გადახედა -
მოუვიდა თვალში უცებ.
დაკენკა და მოჰყვა ჩხავილს,
მისი გემო როცა ნახა:
 რა მწარეა, მომატყუეთ?
სად წამიხვალთ, აბა, ახლა! -
სტვენიებმა მიაძახეს:
- არ გაქვს ჭკუა, კარგად გატყობთ,
თვალით რასაც მოიწონებ,
- ყველაფერი არ დაგატკბობს!..
ჩხიკვი გაწყრა, ფრთა გაშალა,
გაღმა მხარეს გადაფრინდა,
მხიარული სტვენიები
დაუბრუნდნენ თავის ბინას.
მწიფე ძახველს უმშვიდესი
ფანტელები დაეფინა.