THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ინტერვიუ ელდინო საღარაძესთან

ელდინო საღარაძე გახლავთ პედაგოგი, რომელიც ბავშვობიდან მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ ქიმიკოსი გახდა. ნიჭმა გზა მაინც მოძებნა და იგი პედაგოგთა მხატვრულ კითხვაში დახელოვნების კონკურსის დროს, ცნობილმა საბავშვო პოეტმა ცირა ქიტიაშვილმა (რომელიც კონკურსს მართავდა), `აღმოაჩინა~. საესტრადო სასწავლებლის დამთავრებამდე ფილარმონიის სოლისტი იყო და გურამ საღარაძესა და ზინაიდა კვერენჩხილაძესთან ერთად საღამოებში იღებდა მონაწილეობას.





- ქალბატონო ელდინო, თქვენ მხატვრული კითხვის ოსტატი ბრძანდებით. როგორ დაუკავშირეთ თქვენი საქმიანობა ბავშვებს?
- როგორც საესტრადო სასწავლებელში მოსვლა, ისე ბავშვებთან, მოსწავლეთა სასახლეში მოღვაწეობა ქალბატონ ცირა ქიტიაშვილის დამსახურებაა. სკოლას რომ ვამთავრებდი, მართლა დავიჯერე ჩემი უზარმაზარი შესაძლებლობებისა და ვამბობდი, მასწავლებელი რა არის, მე ვინმე უფრო დიდი უნდა გამოვიდე-თქო. ახლა კი ვიტყვი, რომ არ არსებობს უფრო დიდი, ვიდრე მასწავლებელი. მადლობელი ვარ ცირა ქიტიაშვილის, რომელმაც როცა გაიგო თეატრში სტაჟიორად ვაპირებდი წასვლას, მაშინვე ჩამჭიდა ხელი და სასახლეში დირექტორთან შემიყვანა. ჯგუფში შესვლა არ მინდოდა. ვნატრობდი, მოსწავლეები არ დამხვედროდნენ, ან კარი ყოფილიყო დაკეტილი. ვეძებდი მიზეზებს, რომ წამოვსულიყავი, მაგრამ მიზეზები არ იყო. პასუხისმგებლობისა და კეთილსინდისიერების გამო შევრჩი. ახლა ვფიქრობ - არჩევანს რომ ვაკეთებდე, მასწავლებლობას ავირჩევდი, სცენას კი დავთმობდი.
- როგორ ათავსებთ სპექტაკლებს ერთი მსახიობის თეატრში და მასწავლებლობას?
- რა თქმა უნდა, რთულია. გაკვეთილები დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ დღეს, როცა ვხედავ, რა ხდება, როგორ იკარგება ქართული სიტყვა, აზრი, ცნობიერება, ყოველგვარი ქრისტიანული ღირებულებები... ამისთვის დავდგით `ცამეტი ასურელი მამა~, რომელიც ქვეყანას უფრო სჭირდება. თუმცა თეატრშიც ამგვარი სპექტაკლები მაქვს. ამოსავალი ყოველთვის არის ის, რაც დღეს ხალხს სჭირდება, დღევანდელი მაყურებლის დამოკიდებულება თეატრის მიმართ.
- დაახლოებით 1976 წლიდან ბავშვებს ასწავლით. როგორი თაობაა დღეს, რამდენად განსხვავებულნი არიან წინა თაობისაგან?
- უკვე მივეჩვიე, რომ ჯერ ჩემს თავში ვეძიო ცვლილებები და ამ ცვლილებებით მოტანილი უსიამოვნებები. ჩემი რჩევაა, თუ გინდათ პროფესიას ძალიან ღრმად ჩასწვდეთ, მასწავლებლობა დაიწყეთ. იმის ძიებისას, თუ როგორ აუხსნა, როგორ გადასცე, იძულებული ხარ ბოლომდე ჩააღწიო. ამ დროს სრულყოფა ხდება, ანუ მარტო მათ კი არ ასწავლი, ისინიც გეხმარებიან. ადრე, როცა მასწავლებლობა დავიწყე, კომუნისტები უკვე აღარ იყვნენ სისხლისმსმელი ბოლშევიკები, მაგრამ იდეოლოგია მაინც არსებობდა.
- ისეთ სასწავლებელში, როგორიც `სასახლეა~, იდეოლოგიასთან ბრძოლა თუ არა, პროტესტი ყოველთვის იყო ხოლმე.
- ღმერთო ჩემო, ვინ გალაპარაკებდა ამდენს ეროვნულობაზე ან ქრისტიანობაზე. როცა სახარების მოძიება დამჭირდა, ბავშვებისთვის რომ წამეკითხა, ვერ ვიშოვე. დღეს არც ერთი ჩემი მოწაფე არ მიდის ჩემგან ისე, რომ სახარებისეული ჭეშმარიტება არ გაიაზროს. დიდი დრო დასჭირდა ამას, რადგან ჯერ მე უნდა მესწავლა, რომ ბავშვებისთვის გადამეცა. მხატვრული კითხვა მარტო სიტყვების ლამაზად წარმოთქმა ხომ არ არის?! თუ აზრი არ იცი და სცენიდან მიზანმიმართულად ის სათქმელი არ თქვი, უაზრობა იქნება. აქამდე სულ უაზრობას ვაკეთებდით. ანუ ნამდვილ მარგალიტებამდე, ფსკერამდე ჩვენ არ ჩაგვიყვინთავს, რომ ყველაზე ლამაზი მარგალიტები ამოგვეზიდა. ახლა ქმედება უკუქმედებას ბადებს. სკოლაში ასე არ ფიქრობენ. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ გამორჩეული ვართ. იქ სხვა პრობლემები აქვთ.
- როგორ ხდება `სასახლეში~ მოსწავლეთა მიღება?
- კონკურსები აღარ არის. ჯგუფების შევსებისას მიღება სრულდება. ჩვენ -რ ვზრდით მსახიობებს _ ჩვენ მოაზროვნე ადამიანებს ვზრდით და რამდენადაც თეატრალური სახელოსნოა, ვცდილობთ, რომ კარგი მაყურებელები, კულტურული ადამიანები დადგნენ. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და კარგი მაყურებელი კი არა, კარგი ქართველებიც მინდა, რომ გავზარდოთ.
- რომელ მწერალს დაასახელებთ, რომელიც ბავშვისთვის ყველაზე მეტ საზრდოს გაწვდით?
- ბავშვმა თითო ლექსიდან თითო ჭეშმარიტება თუ არ ამოზიდა და გამდიდრდა, ისე ლექსს აზრი არ აქვს, ჩემი ვალია, ღირებული მოვაწონო. ავტორები ხშირად რითმების თამაშს და ლამაზი ლექსების თხზვას მიჰყვებიან. არადა ჩემთვის აზრია მთავარი. მიყვარს ცირა ქიტიაშვილი. იმიტომ კი არა, რომ ის ჩემი მსახიობური გზის დასაწყისში დამეხმარა. მის პოეზიას ვერ განვადიდებდი, როგორც დღეს. ცირა ქიტიაშვილი სახარებისეული ავტორია. მისი თითო ლექსიდან ბავშვი თითო სათნოებას სწავლობს.
- თუ საიდუმლო არ არის, რა მეთოდები გაქვთ, როგორ აიძულებთ ბავშვებს, გააკეთონ, რაც თქვენ გსურთ?
- ძალიან მეხმარება ის, რომ თეატრალური სახელოსნოა და არა მარტო მენტალობაზე ვმუშაობთ. რამდენადაც ეს ყველაფერი დაკავშირებულია სცენასათან, თვითგამოხატვასთან, ყველაფერი მარტივია. აი, ბავშვმა თავის სათქმელი თქვა ისე, რომ აღტაცება დაიმსახურა. მორჩა, ის ისე გახალისდება, რომ კიდევ უნდა შექება და ამიტომ სახლში მეცადინეობას იწყებს. ძალიან მეხმარებიან ავტორიტეტებიც, მაგრამ თუ ტაში დაიმსახურეს, მორჩა. უნდა ნახოთ, რა ბედნიერები არიან.
- ბავშვებთან მუშაობისას რა როლს თამაშობს ლიტერატურა?- დღეს ბავშვი წიგნით ნაკლებად არის დაინტერესებული. ახლა რომ ბავშვები შემოჰყავთ, ხშირად ამბობენ _ მორცხვია და იქნებ დაეხმაროთო. ხომ წარმოგიდგენიათ, რამოდენა დილემის წინაშე ვართ, ჯერ მეტყველება უნდა გავასწორო, სიმორცხვე უნდა დავაძლევინო, სიტყვა უნდა შევაყვარო და მერე იწყება ლექსი, აზრი, წიგნი.
ლიტერატურა პირველწყაროა. თუ ბავშვი სასახლეში პატარა მოიყვანეს, ძალიან კარგია, რადგან მასთან მუშაობას საბავშვო და სახასიათო ლექსით ვიწყებ. მისი ხასიათიც კარგად გამოვლინდება. მეათე კლასში თუ მოვიდა, აქ უკვე ძალიან ბევრია გამოტოვებული და მხოლოდ მენტალობაზე ვმუშაობ. ის კი, რითაც უნდა გახსნილიყო, გამოტოვებულია.
- ქართული ლიტერატურა უფრო გეხმარებათ თუ უცხოური?
- ძირითადად ქართულს ვურჩევ. კარგი საბავშვო პოეზია და გენიალური ტექსტები გვაქვს. ისევ ცირა ქიტიაშვილს მოვიშველიებ:
`ზოგიერთს ასე ჰგონია,
ბიჭობა მარტო ღონეა,
მაგარი რკინის კუნთები
მარჯვედ ნატყორცნი ბურთები~...
ეს რომ ჯგუფში გაიშლება, თუ როგორ გესმით ბიჭობა, კაცობა, მამაკაცობა, ეს არის მთელი სკოლა. აი, კიდევ სულ ერთი ბეწო ლექსი _ ნეტავტყეში ციყვი როგორ ხვდება ახალ წელს:
`კაკალი აქვს, წაბლი აქვს,
თხილი ორი პეშვი
ბინა _ თბილი ფუღურო,
სადმე ბებერ ხეში,
სტუმრად ვისა პატიჟობს _
არვის თავის დღეში~.
გაკვეთილზე შემაქვს სიძუნწის ცნება და ნეტავ განახათ, ბავშვებს როგორ მოსწონთ. აი, ეს არის აღზრდის საშუალება. როცა ლექსი ლექსად რჩება და იმ ლექსიდან შენ ვერაფერს შეირგებ, ასეთი პოეზია ჩემთვის მისაღები არ არის.
- მუშაობის მეთოდს ვინ ადგენს?
- სწავლას იმ პროგრამით გავდივართ, რაც თეატრალურშია. სასახლეში 1979 წელს მოვედი. ყოველი სექტემბრის დასაწყისში მგონია, რომ სწორედ ახლა ვარ მზად. მწყინს, რომ გამოცდილება შრომითი ნაწილია. ტექნიკა გასაგებია, არსებობს, მაგრამ მეთოდი მასწავლებელმა თავად უნდა შეიმუშაოს.
- მუშაობაში გიშლით თუ არა ხელს გარემო, ყოველდღიურობა?
-ძალიან გვიშლის. მიმდინარეობს ძველი ფასეულობების რღვევა და ახალი შემოდის.
- ახალგაზრდა ავტორებზე რას იტყვით?
-არ ვიცნობ. იქნებ დაწერილია და ჩემამდე არ მოსულა. ძველებიდან კი ილია, ვაჟა, აკაკი... ვაჟას სიტყვებით რომ ვთქვა _ კლანჭი არ გამოედება მათ ნააზრევს. თუ ჩვენ ბავშვებს ღირებულებები არ ჩავუნერგეთ, აქედან გადავუხვიეთ, საქმე წახდება.



ესაუბრა რუსუდან კიკნაძე