THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



"სახალხო ბანკის" წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია

“სახალხო ბანკი” დეკემბრში აქტიურად ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას. წინასაახალწლო აქციის ფარგლებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ცხინვალის რეგიონსა და ზემო აფხაზეთში დახმარება გაეწია სოციალურად ყველაზე მძიმე პირობებში მცხოვრებ ოჯახებს, პენსიონერებსა და ბავშვებს. 3 დეკემბერს, “სახალხო ბანკის” სპონსორობითა და ასოციაცია “ბავშვთა ჰარმონიული განვითარების სახლის” ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო საღამო.
აქციაში “ბავშვთა ჰარმონიული განვითარების სახლთან” არსებული ინტეგრირებული მუსიკალური სტუდიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადისა და კინოს ვარსკვლავებმა. კონცერტის პარალელურად გაიმართა აუქციონი, რომელზეც ინვალიდ ბავშვთა და მათი მშობლების ხელნაკეთი სხვადასხვა სახის აქსესუარები გაიყიდა. საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა მთლიანად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლს გადაერიცხა.
დახმარება გაეწია ასევე მარტყოფის მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლს. მათ საჩუქრად გადაეცათ თეთრეული, გამათბობელი ღუმელები, მტვერსასრუტები, მუსიკალური ცენტრი, სურსათ-სანოვაგე და საახალწლო ტკბილეული. ამასთან ერთად გამოიყო თანხა ბავშვთა სახლის სარემონტო სამუშაოებისათვის. ბანკმა საახალწლო სურვილი აუსრულა ასევე წავკისის უპოვართა თავშესაფრის ბავშვთა სახლს. ბავშვების თხოვნით “სახალხო ბანკმა” მათ საჩუქრად გადასცა ფორდის მარკის მიკრო ავტობუსი, საახალწლო ნაძვის ხე, სურსათ-სანოვაგე და ტკბილეული.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის დახმარება “სახალხო ბანკმა” შარშანაც აღმოუჩინა მარტყოფის ბავშვთა სახლს. შესაბამისად იქ მცხოვრები ბავშვები ბანკის ხელმძღვანელობის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
“სახალხო ბანკი” ასევე ბიზნეს სექტორის პირველი წარმომადგენელი აღმოჩნდა, რომელმაც შიდსის ცენტრის დახმარების სურვილი გამოთქვა. შესაბამისად შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბანკმა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს სამედიცინო აპარატურა გადასცა.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში 21 დეკემბერს, “სახალხო ბანკმა” კახეთში, კერძოდ გურჯაანში ორ სართულიანი სახლი შეუძინა ბეგაშვილების ექვს შვილიან ოჯახს, რომელთა სოციალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ბინის გარდა ბეგაშვილების ოჯახს ბანკმა გადასცა სურსათი, ტკბილეული და თეთრეული. ხოლო გურიაში მუკბანიანების 14 შვილიან ოჯახს ბანკმა საჩუქრად გადასცა ფერმა, ტანსაცმელი და ტკბილეული.
უნდა აღინიშნოს რომ “სახალხო ბანკი” პირველი ქართული ბანკია რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო კონფლიქტურ რეგიონებში, კერძოდ ცხინვალის რეგიონსა და ზემო აფხაზეთში. აღნიშნულ რეგიონებში საბანკო მომსახურებასთან ერთად “სახალხო ბანკმა” წინასაახალწლოდ ფართომასშტაბიანი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა.
22 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში “სახალხო ბანკმა” განათლების სამინისტრომ და “საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდმა” საბავშვო ლიტერატურის ალმანახის პრეზენტაცია გამართა. რის შემდეგაც “სახალხო ბანკმა” და “საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდმა” მოაწყო ერთობლივი საქველმოქმედო აქცია ცხინვალის რეგიონის სკოლების ბიბლიოთეკების შექმნის მიზნით. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი – გაიღონ საბავშვო წიგნები და და შეუვსონ საბიბლიოთეკო ფონდები ბავშვებს, რომელთაც ეს დახმარება ესაჭიროებათ.