THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



თითქოს დედასაქართველო გველაპარაკებოდა...

"საქართველოს რესპუბლიკა "
3 მარტი, 2009 წელი







თამარ შაიშმელაშვილი



ცნობილი საბავშვო პოეტის მაყვალა მრევლიშვილის 100 წლის იუბილე გაზაფხულისპირს კაფე "ლიტერატურულში" აღინიშნა. ამ საქმეს მოთავეობდა საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი "ლიბო" (ხელმძღვანელი ირმა მალაციძე) და მწერლის ქალიშვილი, მხატვარ-კერამიკოსი ნინო (ალდე) კაკაბაძე. მწერლის მეგობრებმა, მხატვრებმა, მუსიკოსებმა, ახალგაზრდა შემოქმედებითი თაობის წარმომადგენლებმა გაიხსენეს არაჩვეულებრივი მწერალი და პიროვნება მაყვალა მრევლიშვილი, რომელიც დაიბადა ძველი სტილით 1909 წლის 14 თებერვალს და გარდაიცვალა 1992 წლის 4 სექტემბერს.
საღამო გახსნა პოეტმა მარიამ წიკლაურმა. მან რუსთაველის პრემიის ლაურეატ მწერალს ქართული საყმაწვილო ლიტერატურის ნამდვილი კლასიკოსი, გამორჩეული პიროვნული თვისებებით შემკული უწოდა, ვინც მთელი ცხოვრება განგების მიერ დაკისრებული მძიმე ჯვრის მიუხედავად, რუდუნებით ემსახურა სიტყვიერებასა და ქართულ ფოლკლორს, და როგორც ორიგინალური, ასევე ნათარგმნი ნაწარმოებები ამ მარგალიტებით გაამდიდრა.
მწერლის მეგობარმა, ცნობილმა საბავშვო პოეტმა, ქალბატონმა ქეთევან ჭილაშვილმა მას უწოდა წმიდა ნინოს მოციქული მცხეთიდან - სამშობლო კუთხიდან: "წმიდა ნინოს მაყვლის ბუჩქების მადლით მოსილი, ფეხადგმული სიწმინდე იყო".
მწერალმა და მთარგმნელმა, ბატონმა გურამ გოგიაშვილმა აღნიშნა, რომ იმხელა ქალი ბევრი არ არის საქართველოში, ისეთი დაღლილი ხმა ჰქონდა, გეგონებოდა საქართველო გველაპარაკებოდა. ამ ხმას არ შეიძლებოდა, არ მოენუსხეო.
გურამ გოგიაშვილმა მას ქართული ენის დიდი დიასახლისი უწოდა, რომ მისი პოეზია ტრადიციულიცაა და მოდერნისტულიც, ბავშვს რომ მოვუსმენ, ვატყობ, მაყვალას პოეზიაზე გაზრდილია თუ არაო.
სიტყვით გამოვიდნენ: დოდო ხიმშიაშვილი, ნინო ბეზარაშვილი, ემზარ კვიტაიშვილი, ლამარა კიკილაშვილი, ცირა ქიტიაშვილი, ელდინო საღარაძე, ნუგეშა მაყაშვილი...
საღამოს ესწრებოდა ჟურნალ "ჯეჯილის" რედაქცია. მათ გაიხსენეს არაჩვეულებრივად სადა, უბრალოებითა და თავმდაბლობით გამორჩეული პოეტი, რომელიც წლების განმავლობაში მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში და ივანე ჯავახიშვილთან ერთად შოთა რუსთაველის იუბილეს ამზადებდა, მუშაობდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პედაგოგად, 20 წელი ჟურნალ "დილის" რედაქტორის მოადგილე იყო, 10 წელი თარგმნიდა ფრანგულიდან შარლ დე კოსტერის "ლეგენდას ულენშპიგელზე", "ნაკადულმა" გამოსცა მის მიერ თარგმნილი ფრანგული საბავშვო პოეზიის ნიმუშები. წლეულს, მაყვალა მრევლიშვილის პირველი საბავშვო წიგნის გამოცემიდან 70 წელი შესრულდა.
ვახტანგ კოტეტიშვილის სტუდენტი ფოლკლორს უნივერსიტეტში დაეუფლა, ხშირად დადიოდა ექსპედიციებში და წერდა ხალხური ფოლკლორის ნიმუშებს. მან უნიკალური სალექსო ფორმებით გაამდიდრა საყმაწვილო პოეზია, რომლის ანალოგი დღესაც არ მოგვეპოვება. რა გასაკვირია, მუსიკალური ჰარმონიით გამორჩეული ლექსის სტრიქონები, თბილისის ქალთა გიმნაზიაში ხომ სიმღერა-გალობას თავად ზაქარია ფალიაშვილი ასწავლიდა.
სიტყვით გამოსულები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ მაყვალა მრევლიშვილის ლექსების მუსიკალურობამ და სიმსუბუქემ თითქოს დროს გაუსწრო. მაშინ, როდესაც საგამომცემლო საქმეში მოძალებულია ყველა კლასიკური ტექსტის ადაპტირება, მაყვალა მრევლიშვილის ლექსებში ერთ ზედმეტ სიტყვას ვერ იპოვი, რომ მისი შემცირება და გათანამედროვება მოგინდეს.
მარიამ წიკლაურმა შეკრებილთ ახალი ინიციატივის შესახებ ამცნო - ყოველწლიურად, მაყვალა მრევლიშვილის დაბადების დღეს აღინიშნოს დღესასწაული "მრევლობა", რომელიც თავს მოუყრის საბავშვო ლიტერატურის მსახურ ყველა ადამიანს, იქნება ეს მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი, დრამატურგი, მუსიკოსი, ჟურნალისტი, პედაგოგი თუ ბიბლიოთეკარი. მათი ღვაწლი აღინიშნება ახლად დაარსებული სიმბოლური მედლით "კიკლი-კიკლი". მისი პირველი ლაურეატები ამ საღამოს გამოვიდნენ კიდეც: მწერლები - მანანა ჯოხარიძე, თამრი ფხაკაძე, მაკა მიქელაძე, ვასილ გულეური, კომპოზიტორი ნანა გველესიანი, ჟურნალისტი ეკა ტალახაძე, დრამატურგი მიხო მოსულიშვილი, ლიტერატურათმცოდნე ნინო ჩხიკვიშვილი, მსახიობი ელდინო საღარაძე.
მაყვალა მრევლიშვილისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს ანზორ აბულაშვილმა და ცირა ქიტიაშვილმა. პოეტის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შეასრულა პატარა მომღერალმა მარიამ ჯოლაგავამ (კონცერტმეისტერი რუსუდან გიორგიძე-ჭიჭინაძისა ).
პოეტმა ტარიელ ხავთასმა იმ საღამოს ერთი ინიციატივის შესახებ განაცხადა - დროა, მცხეთასა და თბილისში მაყვალა მრევლიშვილის სახელობის ქუჩა გვქონდესო.
საღამოს ესწრებოდა მაყვალა მრევლიშვილის შვილთაშვილი, პატარა ალდე იაშვილი. შეკრებილთ საჩუქრად გადაეცათ იზა ორჯონიკიძის რედაქტორობით შედგენილი და ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის გამოცემული "მაყვალა მრევლიშვილის უბის წიგნაკი".
მე კი ეს წერილი მინდა ქეთევან ჭილაშვილის მოგონებით დავასრულო: იგი არ ისწრაფვოდა ფუფუნებისკენ, როცა ეკითხებოდნენ, ქოხი აერჩია თუ სასახლე, ყოველთვის ქოხს ანიჭებდა უპირატესობას. სულიერებას ემსახურებოდა და უბრალოებაში დანახულ სილამაზეს ელტვოდა. მაყვალას ქურაზე ყოველთვის დუღდა ლობიოს ქვაბი, სიამოვნებდა დუღილის ხმა - აბა, ყური მიუგდე, როგორ გებუტბუტება და გელაპარაკებაო... გვეტყოდა ხოლმე...
ბედნიერია, რომ იგი მშობლიური ქართლის განადგურებას და დაჯიჯგვნას ვერ მოესწრო, საქართველოც მანამ იცოცხლებს, სანამ ასეთი უფალთან წილნაყარი სიტყვის დუღილი იარსებებს.







გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა"