THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ინტერვიუ ცირა ქიტიაშვილთან

- ქალბატონო ცირა, თქვენ შემოქმედებით ძალებს მთლიანად ბავშვებს ახმართ. ასეთი შემოქმედთა რიცხვი მცირეა. ამას თავისი მიზეზი უნდა ჰქონდეს...
- გაგეხუმრებით, მე მწერლობაში პედიატრი ვარ და არა მოზრდილთა ექიმი. ამის მიზეზი ალბათ ჩემს ბიოგრაფიაშია. დედა პედაგოგი მყავდა. 37 წლის რეპრესიების გამო სკოლაში აღარ უმუშავია. ის ხშირად გვასწავლიდა ლექსებს. 7-8 წლის ასაკში შიო მღვიმელის მთელი კრებული ვიცოდი ზეპირად და არა მარტო სანათესაოში, საბავშვო ბაღსა და სკოლაშიც ცნობილ დეკლამატორად მთვლიდნენ. ალბათ ესაა მიზეზი ჩემი საბავშვო ლექსის სიყვარულის ჩანერგვის. ბავშვს, რომელსაც ავტორის ნააზრევს გააგებინებ (თუ ეს ლექსი ღირსია არდავიწყებისა) მის გონებაში სასარგებლო აზრები რჩება. მე ხშირად ვიმეორებ ნაწყვეტს დ.უზნაძის განწყობის თეორიიდან ‘ჩვენ იმიტომ კი არ გვასწავლიდნენ ლექსს, რომ ეს ლექსი სამუდამოდ დაგვემახსოვრებინა, არამედ იმიტომ, რომ ამ ლექსის სწავლას აღმზრდელობითი მნიშვნელობა ჰქონდა, მას ჩვენში გარკვეული განწყობის შექმნისათვის უნდა შეეწყო ხელი, რომელიც ჩვენი პიროვნების ერთ შემადგენელ ნაწილად უნდა ქცეულიყო. ასე რომ საბავშვო ლიტერატურაში მოღვაწეობა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, მით უმეტეს რომ მე როგორც მსახიობი 14 წელი მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვმოღვაწეობდი. ალბათ ამანაც შემიწყო ხელი, გამეგო ბავშვის ბუნება. მივმვხდარიყავი რაზე იცინიან და რაზე ტირიან ისინი.
-ალბათ გასახსენებელი ბევრი გაქვთ... ვის გაიხსენებდით უფროსი თაობიდან?
- მაყვალა მრევლიშვილს, მზრუნველს და მოყვარულს საბავშვო ლიტერატურისა, იოსებ ნონეშვილს, ანა ღვინიაშვილს, არჩილ სულაკაურს და რასაკვირველია, რეზო ინანიშვილს.
ზევით შიო მღვიმელი ვახსენე. ქართულ საბავშვო ლიტერატურაში მან უდიდესი კვალი დატოვა. მისი ბევრი ლექსი დღესაც სიცოცხლისუნარიანად მოქმედებს დღევანდელ ბავშვზე. ავსა და კარგს, კეთილსა და ბოროტს, ოსტატურად არჩევინებს პატარას... აცოდებს უძლურს და აყვარებს კეთილს. მე მგონია, საბავშვო ლიტერატურაში ეს დღესაც მთავარია.
- ვინ მოახდინა თავისი ნაწარმოებებით თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ბავშვობაში და ვინ დარჩა შეუცვლელ ავტორად დღემდე?
- გულის მომკვლელი იყო მეორე კლასში ოჰანეს თუმანიანის "გიქორი", ეკატერინე გაბაშვილის "თინას ლეკური", ვაჟას "შვლის ნუკრის ნაამბობი". ხოლო სახალისო წიგნებიდან "ტომ სოიერის თავგადასავალი".
- წლების განმავლობაში თანამშრომლობდით სკოლებთან, პედაგოგებთან. რა მნიშვნელობას ანიჭებთ ასეთ შეხვედრებს?
- მხოლოდ სკოლებთან მე პირადად არ ვთანამშრომლობდი. ვსტუმრობდი ხშირად, როცა მიწვევდნენ, რასაკვირველია. თუმცა, უნდა გითხრათ, კურიოზული შემთხვევაც მქონია. პედაგოგი მეორე კლასს `ვეფხისტყაოსნიდან~ აკითხებდა ნაწყვეტებს და მე ვყავდი მოწვეული. ბოლოს აზრი მკითხა. რატომ არ მიეცით ის ნაწყვეტი - ორნი კაცნი მიდიოდნენ სადაურნი სადმე გზასა, უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა და ა.შ. მეორე კლასელები ამას უკეთესად გაიგებდნენ მეთქი.
მართალი გითხრათ, ახლაც მიწვევენ სკოლაშიც, ბიბლიოთეკასა და მოსწავლეთა სასახლეში, სადაც ჩემს ნაწარმოებებს კითხულობენ და მღერიან ან წარმოადგენენ. მიხარია, როდესაც პედაგოგს კარგადა აქვს გაგებული ამ შეხვედრის აღმზრდელობითი მნიშვნელობა.
- თქვენს საბავშვო ლექსებზე ბევრი კარგი სიმღერაა შექმნილი. ზოგიერთ მათგანს ''უფროსი'' შემსრულებლებიც და მამაკაცთა ცნობილი ანსამბლები და გუნდებიც მღერიან. რას ეტყოდით მკითხველს თქვენი და კომპოზიტორების თანამშრომლობაზე?
- მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ლექსებზე უამრავი სიმღერაა შექმნილი, შეიძლება ითქვას შემოქმედებითი ურთიერთობები კომპოზიტორებთან თითქმის არ მქონია. ყოველთვის სასიამოვნოდ გაკვირვებული ვრჩებოდი, როცა რადიოდან და ტელევიზიიდან ამღერდებოდა ჩემი ლექსები. მხოლოდ ამის შემდეგ მიკავშირებოდნენ ან ვუკავშირდებოდი ავტორებს და `ვთანამშრომლობდით~. ერთადერთი ფაქტი ჩემი და კომპოზიტორის შემოქმედებითი ურთიერთობის მოხდა სამსახურში, საესტრადო სასწავლებელში, შემთხვევით და ისიც გიორგი ცაბაძესთან. ახლადგარდაცვლილი იყო მორის ფოცხიშვილი (ის და ბატონი გოგი ყოველთვის ერთად მუშაობდნენ სიმღერებზე) და გოგი ცაბაძე უკვე დაწერილი მარშისათვის ეძებდა ლექსს, რომელიც ჩაჯდებოდა რიტმსა და მარცვალთა რაოდენობაში, მაგრამ ვერ იპოვა. თანამშრომლებმა ''გამცეს'' - ცირა საბავშვო პოეტია და იქნებ დაგეხმაროთო. ბატონმა გიორგიმ ამიხსნა, რა უნდოდა, თითების კაკუნით მარცვალთა რაოდენობაც დამითვალა, მითხრა - აბა, შენ იციო და ოთახიდან გავიდა. დაბრუნებულმა დახედა უკვე გამზადებულ ლექსს და გაოცება ვერ დამალა, - ზუსტად ისე მომეხერხებინა, როგორც მას სჭირდებოდა. ახლა ჩვენ სულ ერთად უნდა ვიმუშაოთო - თქვა და... ერთ კვირაში საქართველოს გოგი ცაბაძე გარდაეცვალა. ასე ნაღვლიანად დამრთავდა ჩემი ერთადერთი შემოქმედებითი ურთიერთობა კომპოზიტორთან.
- როცა წერთ, წინასწარ თუ ''აგვარებთ'' საბავშვო მწერლობისათვის ასე აუცილებელი ასაკობრივი ზღვრების პრობლემას? თუ ეს ყველაფერი ნიჭისა და ინტუიციის წყალობით გვარდება? რას ურჩევდით ახალბედა პოეტებს?
- თუ მომავალი საბავშვო მწერალი ურყევ ღირებულებად ასაკობივ ზღვრებს დაისახავს და თავის ნაწარმოებებს ზემოთხსენებულ ჩარჩოების მიხედვით ააგებს, დაკარგავს თავისუფლებას და სიწრფელეს, რაც ბავშვებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა დანარჩენი. წერეთ ლექსები, იყავით მართალნი და ასაკობრივ ჩარჩოებში ამ ლექსების ჩასმაზე რედაქტორებმა და პედაგოგებმა იზრუნონ. ეს მათი საქმეა და არა პოეტის.
- ქალბატონო ცირა, სამწუხაროდ ახალი თაობა წიგნთან გაუცხოებულია. ალბათ ეს პრობლემა თქვენც გაწუხებთ. რა გგონიათ, ამის მიზეზი და რას ურჩევთ მშობლებსა და პედაგოგებს?
- ჩემი აზრით, პრობლემა წინა თაობაში უფროა, ვინემ ახალში. თქვენთვის კარგად ნაცნობმა კატაკლიზმებმა 80-90-იან წლებში რომ დაატყდა ჩვენს ქავეყანას ტავს, ნებით თუ უნებლიედ დააშორა ადამიანი წიგნს. ამისი მას აღარც დრო ჰქონდა და არარც სურვილი.ზემოთხსენებულს დაემატა სოციალური სიდუხჭირე და რასაკვრველია ესეც მნიშვნელოვნად აისახა მკითხველის წიგნთან მიმართებაში. ალბათ დაასკვნიდით, რომ მშობლის გაუცხოება ლიტერატურასთან შვილებსაც "გადაედოთ".
საუბრობენ კომპიუტერის ნეგატიურ როლზე და წიგნის მისით ჩანაცვლებაზე. ეს პრობლემა მართლაც დგას. ჩემი აზრით, პედაგოგმა აღსაზრდელს თავიდანვე უნდა აუხსნას სხვაობა ამ ორ ფენომენს შორის, განუსაზღვროს მათი როლი, ადგილი და საჭიროება, შემდეგ კი შესაბამისად, ბავშვი აღარ დგება არჩევანის წინაშე: წიგნი თუ კომპიუტერი, ორივე მათგანს თავ-თავის ადგილას მიუჩენს და "გამოიყენებს".
- საქართველოში დღეს ძალზე მწვავედ დგას მწერლის საავტორო უფლებათა დაუცველობის საკითხი. მათი შექმნილი პროდუქციით სხვები უფრო სარგებლობენ, ვიდრე თავად ავტორები. თქვენ თუ შეგხებიათ ეს პრობლემა?
- ეს პრობლემა ისევე შემხებია, როგორც ყველა უფლებააყრილ ავტორს საქართველოში. ალბათ სათქმელს მიმიხვდით.
- ვინ რა უნდა აკეთოს უკეთესი მომავლისათვის?
- ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა - სკოლამ და მშობელმა განათლება მისცეს და აღზარდოს, მწერალმა საჭირო, დროის მოპასუხე ნაწარმოებები წეროს, ფონდმა კი გააკეთოს მაქსიმალური შესაძლებლობებისა, რომ მომავალ საქართველოში ბავშვთა დასახმარებლად არანაირი ფონდის შექმნა აღარ იყოს საჭირო.