THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ახალი ავტორები

ქეთი დიდებულიძე

ჟურნალი "წიგნის სამყარო'', 2009წელი

რა შეიძლება უფრო კეთილი, წრფელი და მშვენიერი იყოს ამქვეყნად, ვიდრე ყრმობის წლებია, ფერადოვან ზმანებებად და სევდანარევ ღიმილად რომ თან დაგვყვება რუტინითა და სამყაროს სიშლეგით დაღლილ ადამიანებს. რა შეედრება იმ არაჩვეულებრივ განცდას, ჩვენი ბავშვობისდროინდელი, ზოგჯერ შელახული წიგნები რომ გვჩუქნიან... მავანი აღა გეურქასავით ხელს ჩაიქნევს, “ეჰა, მოგცლიათო”, ვინძლო ბანალურ სენტიმენტალობაშიც ჩამოგვართვან, მაგრამ სენტიმენტალიზმი იქით იყოს და ბავშვებისათვის უშურველად, ენთუზიაზმით მოღვაწეთ სახარბიელო ჟამი ნამდვილად არ უდგათ. მით უფრო, როცა საქმე საბავშვო მწერლებს ეხებათ.
ჰო, ეს წინა ნომერშიც ვთქვით, ახლაც ვიტყვით და მანამდე გამოვიტანთ ქვეყნიერების სააშკარაოზე, ვიდრე მართლა რამე არ გვეშველება და ვიდრე ჰოლივუდის რეჟისორებსა თუ ტოლკიენებს ვანდობთ საკუთარი პირმშოების გემოვნებასა და სულიერებას. ისე, სჯობს კათედრაზე ქადაგად დგომას თავი ვანებო და იმ ადამიანებს დავუბრუნდე, ვისაც ამ საქმისათვის, ხმამაღლა ნათქვამად ნუ მიიღებთ და, თავიც გაუწირავს.
ჟურნალის წინა ნომერში არაჩვეულებრივი ავტორის, მაკა მიქელაძისაგან შევიტყვეთ, რომ მშვენიერი ქალბატონები, მარიამ წიკლაური და ირმა მალაციძე “საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდ “ლიბოს” უშუალო მესვეურნი არიან და ბევრ კარგ რამესაც “სჩადიან” ყველაზე ცნობისმოწადინე მკითხველისათვის. ჩვენც არც ვაციეთ, არც ვაცხელეთ და მარიამ წიკლაურს ვეწვიეთ იმად, რომ არაჩვეულებრივი ქართველი ავტორები უფრო ახლოდან გვეჩვენებინა და გაგვეცნო საზოგადოებისათვის და მათი ჭირ-ვარამიც გაგვენდო მკითხველისათვის.
“რამდენი კიბე უნდა გადააბა ერთმანეთზე, რომ ცას მისწვდე და ვარსკვლავები დაკრიფო? ბევრი, ძალიან ბევრი... ალბათ იმდენი, რამდენი ყვავილიც ხარობს, რამდენი ჩიტიც სტვენს, რამდენი წყაროც მოჩუხჩუხებს და რამდენი ბავშვიც ცხოვრობს ქვეყნად”- ამბობს მარიამ წიკლაური თავის უცნაურსახელწოდებიან ლექსთა წიგნში “ბრანდი-ბრუნდი” და თავის ლექსებს იმ წრფელ ადამიანებს უძღვნის, ვინც ამ უთვალავი კიბის ერთმანეთზე გადაბმა მოიწადინა და მართალია, ცის დასალიერამდე შორი, ჯერ კიდევ ძალიან შორი გზაა, მაგრამ ის მაინც ცდილობს ამ კიბეზე ასვლას, რომ საყვარელ ადამიანებს ზეცის უბიდან მოწყვეტილი ვარსკვლავები ჩამოუტანოს...
“ბრანდი-ბრუნდი” უამრავი პერსონაჟითაა დასახლებული. აქ დევებიც არიან, ოღონდ ეს ჩვენს ზღაპრებში დახატული გულბოროტი, ცხრათავიანი და ბანჯგვლიანი ბაყბაყები კი არ გეგონოთ. ისინი კეთილი და მხიარული დევები არიან. და(ახლა მათ სახელებს არ იკითხავთ? მელანია, მიგრი, ბაჭიჭაური, თადია, ანგელინა... მღერიან, ცეკვავენ, ვიოლინოსა და ჩელოზე უკრავენ, სკოლაშიც დადიან....
აღმოსავლეთ საქართველოს მთის ასულებს, მოგეხსენებათ, კალამიც უჭრით, ენაც და ჭკუაც. ჰოდა, ქალბატონმა მარიამმაც ხევსურეთის არაჩვეულებრივი მითოს-ფოლკლორის ანდრეზული პერსონაჟები თავის შემოქმედებაში მოიხმო, რომ პატარა მკითხველისათვის ყრმობიდანვე ახლობელი ყოფილიყო ყველაფერი მშობლიური. ვის ამბავს არ მოისმენთ ამ ფერადოვან წიგნში, რომელიც მხატვარ დალი მუხაძეს მართლაც ჯადოსნური ფარდაგისათვის დაუმსგავსებია.
მარიამ წიკლაური ყოველდღიურ ყოფას იუმორით უცქერის და მის სახუმარო ლექსებსაც თანამედროევობისათვის დამახასიათებელი ნიშნები აჩნევია:
ახტა-დახტა კალია,
მოცეკვავე ქალია,
რა იცეკვა?
რეპი,
თავს დაესხა რეტი..
მის ლექსებში კუები და კატუნები ჯიპებით და მობილებით დადიან, მხედველობადაქვეითებული ქედანი “ოფთალმიჯის” პაციენტია, დევები ღამით ტყის კლუბში რეპსა და როკ-ენ-როლს ცეკვავენ. ეჰ, რას იზამ, დრო თავის კალაპოტში მიედინება, მოგვიძველდა ტრაქტორები და ოქტომბრელობა, მაგრამ ახალი ავტორების მიღება მაინც უჭირს “წიგნის ბაზარს”. თუმცა მარიამი ამასაც იუმორით უყურებს და ჰყვება, როგორ ჰკითხა ერთხელ ერთმა გამყიდველმა, მის წიგნს რომ დახედა, მთელი სერიოზულობით: “აქედან შენ რომელი ხარო?” არადა, წიგნს ასე ეწრა “მარიამ წიკლაური-ძიძიგური, ბრანდი-ბრუნდი”
ისე, ხუმრობაგაშვებით, ქუდბედი დაჰყოლია ამ ჩვენს საბავშვო ლიტერატურას, ასეთი ავტორები რომ ჰყავს.
ხანგრძლივმა და საინტერესო მასლაათმა თითქმის ორი საათი სრულიად სამართლიანად მიიკუთვნა. პატარა დიქტოფონმაც უამრავი სატკივარი, კრძალული საყვედური და სათხოვარი დაიტია. მარიამი უზარმაზარ ინფორმაციას ფლობს თავის სფეროში, საქართველოს საპატრიარქოს რადიო “ივერიას” ეთერში 3 წელია, რაც ლიტერატურული პროგრამების ფარგლებში გადაცემები მიჰყავს საბავშვო ლიტერატურის შესახებ, სადაც მრავალი საინტერესო სტუმარი და თემა იყო წარმოდგენილი: ავტორები, ლიტერატურათმცოდნეები, გამომცემლები და სხვა. მზად არის ყველა საკიტხზე გესაუბროს პირდაპირ, თამამად, მიკბ-მოკიბვის გარეშე.
მარიამ წიკლაური: ყველა გამომცემლობა, გარდა ზოგიერთი სპეციალიზებული-სა, ძირითადად საბავშვო წიგნებს ეყრდნობა. საერთოდ, მსოფლიო პრაქტიკაში (თუ მსოფილო წიგნის ბიზნესში) ეს არის ძალზე მომგებიანი და აპრობირებული საქმე, რომელიც(რომელიც კი არა რაც) ჩვენმა თანამემამულე გამომცემლებმა საკმაოდ კარგად შეისწავლეს და აქტიურად მოჰკიდეს ხელი. ბუნებრივია, დღეს არც ერთი საქმე კომერციის გარეშე არ არსებობს. მაგრამ წიგნი ხომ სულ სხვაა, ეს ხომ ბენზინისა და “კეტჩუპის” ბიზნესი არაა, მეყსეულ ფინანსურ უკუგებაზე რომ იფიქრო?
სამწუხარო ის არის, რომ საბავშვო წიგნსა და საბავშვო ლიტერატურას შორის წყალგამყოფი ხაზი ფაქტობრივად არ არსებობს. არადა, საბავშვო წიგნი სულ სხვა რამაა, რაც საკუთარ თავში აერთიანებს ბევრ ძალიან კარგ შემეცნებით გამოცემას - ენციკლოპედიებს, ლექსიკონებს, უბრალოდ, კარგად დასურათხატებულ თუ სათამაშო წიგნებს, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ბავშვთა ასაკის სპეციფიკიდან გამომდინარე, საბავშვო წიგნები მრავალგვარია. მე, როგორც ავტორს, და ყველა ჩემს კოლეგას, რომელნიც ცოცხალი ლიტერატურული პროცესის უშუალო ავტორები არიან და ქმნიან ლექსებს, პიესებს, ზღაპრებს, მოთხრობებს და იგავ-არაკებს პატარა მკითხველისათვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთგვარად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. არ მინდა მკითხველმა ისე გაიგოს, თითქოს პრეტენზიებსა და საყვედურს გამოვთქვამდე, მაგრამ გამომცემლები უპირატესად წიგნის ბაზრის დაკვეთაზე მუშაობენ. რასაკვირველია, გასაგებია მათი მდგომარეობა. ნაკლებად ცნობილი ავტორის გამოცემა და “გაპიარება”, ახალი საილუსტრაციო მასალებისა და მხატვრების მოზიდვა, ჰონორარების გაცემა რთულია და ფინანსურ რისკთანაა დაკავშირებული მაშინ, როდესაც ე.წ. “ქოფირაითის” მეშვეობით ისინი უკვე მზამზარეულ წიგნს იძენენ. დიდი ლოდინის და წვალების შემდგომ მოწყალებას ჩვენთვისაც გაიღებენ ხოლმე. რასაკვირველია, მწერალი ცდილობს, მსოფლიოს უამრავი ავტორის კონკურენციას გაუძლოს, ვინაიდან ქართული წიგნის ბაზარი აბსოლუტურად ღიაა უცხოური ლიტერატურისთვის, მეტიც, გაჯერებულია ამ ლიტერატურით. ვისურვებდი, რომ უდიდესი ტრადიციების მქონე ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის, რომლის საგანძურში არაერთმა გენიალურმა საბავშვო ავტორმა შეიტანა თავისი წვლილი, უფრო ხშირად ეწყობოდეს ლიტერატურული კონკურსები და წესდებოდეს პრემიები ამ სფეროს წახალისებისთვის. მოხარულნი ვიქნებოდით, თუკი მოზრდილთათვის განკუთვნილი ლიტერატურული კონკურსების ორგანიზატორები ნომინაციათა გრძელ ნუსხაში საბავშვო წიგნის ერთ ნომინაციას მაინც ჩართავენ, როგორც მაგალითად, “გალამ” შარშან დააწესა საგანგებო ჯილდო საბავშვო ლიტერატურისათვის. პირველად ასეთი კონკურსი 1996 წელს ჩაატარა გამომცემლობა “დიოგენემ” პროზაში, შემდგომ 2004 წელს “დილამ” ჟურნალის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით და მას “ახალი სახეები ქართულ საბავშვო ლიტერატურაში” უწოდა, სულ ახლახან კი გია ქარჩხაძის გამომცემლობამ – სახელწოდებით “ოქროს ბუმბული” (მკითხველს კარგად ახსოვს წინა ნომერში გამოქვეყნებული გია ქარჩხაძის ინტერვიუ, სადაც ამაზეც იყო საუბარი). თუმც ყველა ამ ღონისძიებას ერთჯერადი სახე ჰქონდა და ეს ტრადიციად, სამწუხაროდ, ვერ ჩამოყალიბდა. ამას გარდა ამ სფეროში არავითარი მსგავსი ღონისძიება აღარ გამართულა, რაც, თავისთავად, პირდაპირ ვიტყვი, უდიდესი სირცხვილია ჩვენი კულტურული ცხოვრებისა. კიდევ ერთი სერიოზული ხინჯია საბავშვო პერიოდიკის არარსებობა, რომელიც სერიოზულად აფერხებს ჩვენი სათქმელის, ჩვენი შემოქმედების მკითხველამდე მიტანას. სამწუხაროდ, აღარ გამოიცემა საყმაწვილო ჟურნალი “დილა”, რომელიც კეთილ ქართულ საქმეს ემსახურებოდა და საგამომცემლო სახლმა მხოლოდ წიგნების გამოცემას მოჰკიდა ხელი. ამჟამად გამოდის თავის დროზე დიდი იაკობ გოგებაშვილისა და მისი თანამოაზრეების მიერ დაფუძნებული ჟურნალი “ჯეჯილი”, ჯურნალი “ნაკადული”, თუმცა ეს საკმარისი როდია. ბაზარზე კი უხვად არის წარმოდგენილი ფერად-ფერადი საბავშვო გამოცემები, მაგრამ არც საბავშვო ლიტერატურასთან და არც კალმოსნობა - სიტყვაკაზმულობასა თუ გემოვნებასთან მათ არავითარი კავშირი არა აქვთ. საბავშვო საქმის კეთება მხოლოდ კომერციის მიზნით, დანაშაულად უნდა აღიქმებოდეს. ფონდმა “ლიბომ” 2006-2007 წ.წ. როგორღაც თავი მოუყარა ცნობილი და ახალი ავტორების შემოქმედებას და ალმანახის სახით გამოსცა. შევეცადეთ ყველა ჟანრისათვის დაგვეთმო ადგილი. სამწუხაროდ, სულ სამიოდ ნომერი გამოიცა და ისიც სახალხო ბანკის დახმარებით.
რეცენზიათა და ობიექტური კრიტიკის, ანუ როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, “გულშემატკივრის მიერ კეთილი განზრახვით მოწოდებული სარკის” უქონლობას, ძალიან განიცდის თანამედროვე საბავსვო მწერლობა. თუმცაღა, სადაც პერიოდიკა არ არის, იქ რეცენზიაც ქაჩალის სავარცხელია. სამწუხაროა, რომ ქართველ მშობელს სპეციალისტის მიერ განსაზღვრული ორიენტირის ქონის ფუფუნება არ აქვს. არ აქვს საშუალება იცოდეს, რა გამოიცემა კარგი, ვინ არის რიგიანი და მაღალი დონის ავტორი, რა მიაწოდოს ბავშვს, როგორ დაიცვას შვილი მდარე ქმნილებათა მოძალებისაგან და მისთ. სამწუხაროა, რომ მიდიან ძველი თაობის სპეციალისტები და სულ უფრო ნაკლები ადამიანია დაკავებული საბავშვო ლიტერატურის შესწავლით. ერთადერთი გამონაკლისი გახლავთ ახალგაზრდა ლიტერატურათმცოდნე ნინო ჩხიკვიშვილი, რომელიც არ დაგვაზრდა და ჩვენი თხოვნით ენთუზიაზმით შეუდგა საბავშვო ლიტერატურის, მისი სპეციფიკისა და პრობლემების შესწავლას. ახლა მის რეცენზიებს აქვეყნებს ჟურნალი “ჩვენი მწერლობა”და ალბათ მალე ქალბატონი ნინო საზოგადოებას შესთავაზებს საბავშვო მწერლობაზე წიგნსაც, რომელშიაც ცოცხალ ლიტერატურულ პროცესსაც შეეხება. ეს ალბათ ნაწილობრივ მაინც შეავსებს არსებულ დეფიციტს და ოდნავ მაინც ასწორებს იმ არაჯანსაღ ტენდენციებს, როცა ავტორი თავად უხმობს რეცენზენტებს (თუ მწე-მაქებრებს) მის თხზულებაზე აზრის გამოსათქმელად, მაგრამ ეს ხომ ობიექტური შეფასება არ არის? მიუხედავად საბავშვო ლიტერატურაზე მოთხოვნისა, ჯეროვანი ყურადღება მას არ ექცევა. ევროპის ქვეყნებში არსებობს წიგნისა და კითხვის მიმართ გარკვეული პოლიტიკა, რაც მეტ-ნაკლებად აგვარებს ბავშვისა და წიგნის ურთიერთობებს. წიგნის მიმართ ასეთი მიდგომა იწვევს პატივისცემას და ინტერესს პატარა მკითხველებში. გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში მუდმივად ეწყობა წიგნის ფესტივალები, ლიტერატურული კონკურსები, დაჯილდოებები, ავტორებთან შეხვედრები, მხატვრული კითხვის კვირეულები და არაერთი საინტერესო ღონისძიება რომლებშიც მონაწილეობისთვისაც ავტორებს ჰონორარს უხდიან სკოლები თუ კლუბები და ამ ყველაფერში მწერლებთან ერთად მონაწილეობას იღებენ ცნობილი ადამინები: მსახიობები, სპორტსმენები, ბანკირები, პოლიტიკოსები. ჩვენთან კი რა ხდება? ოდესმე გინახავთ ეკრანზე საბავშვო მწერლები? ზოგადად მწერლები? (ერთადერთი გამონაკლისი გასულ წელს საპატრიარქოს ეთერით გასული რამდენიმე გადაცემა “ლიბო” აღმოჩნდა, რომლის ავტორებიც ისევ და ისევ ამ ფონდის დამაარსებლები გახლდნენ). ყველგან შოუბიზნესის წარმომადგენლები ან პოლიტიკოსები ჩანან. ისევ ჩვენ ვეხმარებით ერთმანეთს, თორემ არც მწერალთა კავშირი, არც კულტურის სამინისტრო და არც გამომცემლები ჩვენთვის დიდად თავს არ იტკიებენ. მეტიც, ჩვენი არსებობაც კი არ იციან, მაგრამ ეს მათი პრობლემაა, ჩვენ სახვეწარი და სამტკიცებელი არავისთან არაფერი გვაქვს. დე, ყველა საქმემ გამოაჩინოს”- ამბობს ქალბატონი მარიამი.
გამომცემლების ტრივიალური თავის მართლება “ბიზნესინტერესი” საშინლად აღიზიანებს და ამას არც მალავს. სამარცხვინოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ ყველაზე ტიტულოვანი და სახელმოხვეჭილი გამომცემლებიც კი, ბედავენ და ყოველგვარი მორიდების გარეშე აცხადებენ, რომ მათთვის პრიორიტეტი არ არის ვთქვათ, პოეზიის გამოცემა და ცდილობენ “სირთულეებს” თავი აარიდონ. არაფრად უღირთ, რომ ქართველ ავტორს დედამიწის ზურგზე სხვა ვერავინ გამოსცემს მათ გარდა და ვითომ ვერც ხვდებიან, რა სამარცხვინოა სინამდვილეში ასეთი უყურადღებობა საკუთარი მწერლების მიმართ. ეს უბრალოდ, პროფესიული ღირსების საქმეაო, დასძენს. ამის თქმასა და აფიშირებას ვერც უნდა ბედავდნენ, წესით, ნორმალურ ქვეყანაში მართლაც ავტორიტეტული გამომცემლებიო.
ასევე აღელვებს შემოქმედთა საავტორო უფლებების უხეში დარღვევა.
საქმეს ისიც ართულებს, რომ საზოგადოებას ახალი ავტორების მიღება-გათავისება ძალიან უჭირს. რატომაა, რომ ამ ბოლო დროს წიგნის გარეკანებზე ავტორის ვინაობას არ წერენ? სრულიად კონკრეტული ინტერესის გამო: ქართველები ახალ სახელებს მაინცდამაინც კეთილგანწყობილად არ ხვდებიან. მე აქ, ალბათ მიმიხვდით, ვიწრო ლიტერატურულ წრეებს კი არა, ფართო მასას ვგულისხმობ.”
პირველი წიგნი 1997 წელს გამოსცა. ნაომარ საქართველოში ბნელი და უკუნი რომ იყო, როცა არც სტამბა მუშაობდა, არც გამომცემლობები, როცა საგამომცემლო საქმე ძლივს ბჟუტავდა. ამ პატარა წიგნს საოცრად თბილი სახელი “დედის ნამღერი ლექსი” ერქვა. მას მერე, 2000 წლიდან ათასნაირი ხერხებით, ხან ოჯახის, ხან ახლობელ-მოკეთეების დახმარებით კიდევ გამოსცა რამდენიმე წიგნი, მისი თქმით “სადიდოცა” და “საბალღოც”. ლირიკული კრებული “შეხვედრა”, შემდეგ “წიკო-მიკო” საბავშვო კრებული, “შემომძახიან ლექსები”, “ბრანდი-ბრუნდი”, “ნისლის ფრთას გავშლი”, ბოლოს კი, სულ ახლახან, დიდებისათვის “მეფარნე”. “ჩემთვითონ გამოვეციო”- ღიმილითა და სიამაყით მითხრა. მხოლოდ წელს, ივლისის ბოლოსთვის გამომცემლობა “პეგასმა” და მარინე ცხადაიამ თავს იდეს მისი ორი წიგნის: საბავშვო კრებულის “ნატვრისთვალო მზისაოს” და “ნანინების” დაბეჭდვა. ორივე კრებულს თან დაერთვება აუდიოვერსიები, სადაც ნანინების ტექსტებს მსახიობი ელდინო საღარაძე წაიკითხავს (მუსიკალური რედაქტორი ზურაბ მჟავია). ამ კრებულებში იქნება ის, რაც ასე დამახასიათებელია მარიამის საბავშვო შემოქმედებისათვის ანუ სასულიერო და რელიგიური თემატიკის მიწოდება პატარებისათვის.
მუშაობს თარგმანებზეც და ჩვენს პატარებს არაჩვეულებრივი სიმსუბიქით გადმოუქართულა იულიან ტიუვიმის, სპაიკ მილიგანის, აგნია ბარტოს, ვლადიმირ პრიხოდკოს ლექსები. გული სწყდება იმაზეც, რომ ქართველი ავტორების სხვა ენებზე თარგმნა არ ხერხდება. ოტია იოსელიანის “დაჩის ზღაპრებმა” იაპონიამდეც კი მიაღწია, ითარგმნა გურამ პეტრიაშვილი და რეზო ინანიშვილიც, სხვებიც, მაგრამ თანამედროვე მწერლების თარგმნა ახლა თითქმის არ ხერხდება, - სინანულით დასძენს ქალბატონი მარიამი.
დიდი ახირებული ხალხი კია ეს საბავშვო მწერლები, ოღონდ კეთილად, ბავშვურად, გულუბრყვილოდ ახირებული. მოიფიქრეს და დაადგინეს, რომ 27 თებერვალი მაყვალა მრევლიშვილის პატივსაცემად და ხსოვნის უკვდავსაყოფად იწოდებოდეს “მრევლობად” და საგანგებოდ ამ დღისთვის დაწესებული ჯილდო, სიმბოლური მედალი “კიკლი-კიკლი” გადაეცეს რომელიმე ავტორს, რეჟისორს, დრამატურგს, მსახიობს თუ მეიგავეს, ილუსტრატორს თუ კომპოზიტორს, პედაგოგსა თუ ბიბლიოთეკარს, ერთი სიტყვით ადამიანს, ვინც წლის მანძილზე ყველაზე დიდ წვლილს შეიტანს საბავშვო-სალიტერატურო განძთსაცავში. წელს ეს პრემია წილად ხვდათ მაკა მიქელაძეს, თამრი ფხაკაძეს, მანანა ჯოხარიძეს, ვასილ გულეურს, ნინო ჩხიკვიშვილს, ნანა გველესიანს, ელდინო საღარაძეს, მიხო მოსულიშვილს და ეკა ტალახაძეს. ეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ახალი თაობის ადამინები ქართული საბავშვო ლიტერატურისათვის გაღებული ღვაწლის გამო გამოარჩიეს.
მანამდე კი, ოთხი წლის წინ, გამოაცხადეს, რომ ყოველი წლის 27 ოქტომბერი (გოგებაშვილის დაბადების თარიღი) “ქართული საბავშვო წიგნის დღედ” უნდა იწოდებოდესო და აღასრულეს კიდეც! ზღაპრის ჯადოქრებივით არიან: აიქნევენ ჯოხს და ისეთ რაღაცას აჩენენ, თვალები შუბლზე აგივა ადამიანს და ამას ხალისით აკეთებენ, რადგან თვლიან რომ არ ღირს, სხვებს უყურო ხელებში, თუკი შენ თავად შეგიძლია სასწაულების კეთება.
მართლაც და რატომ უნდა იყოს მანჭვა-გრეხვის დედოფლის, მადონას, ესთერის თუ რაც ჰქვია “პიბოდის ვაშლები” ან “ინგლისური ვარდები” უფრო პოპულარული, ვიდრე ქართული “სიზმარას“ სიზმარივით ციცნცხალი და ქართული ქმნილებები? ეჰ, მართალი უთქვამს ქართველ კაცს: “თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო.” ისიც დაუმატებია იქვე “აღდგომა და ხვალეო.” ხვალის იმედი ნუ მოგიშალოთ...