THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ინტერვიუ ქეთევან ჭილაშვილთან

- ქალბატონო ქეთევან, რას იტყოდით საბავშვო მწერლობაზე?
- საბავშვო მწერლობის შესახებ ვაჟა-ფშაველას დიდებულ აზრს, რომელიც გამოთქვა შიო მღვიმელის საიუბილეო დღეებში, მე ვერაფერს დავამატებ და ეს გამონათქვამი საბავშვო ლიტერატურის დვრიტად მიმაჩნია. ვინც ბავშვებს კეთილგონივრულად ზრდის, იგია აღმზრდელი და გამაბედნიერებელი ერისა, ვინაიდან სიყრმის დროს დათესილი თესლი დიდობაში უხვად გამოიღებს ნაყოფს... ნურავის ჰგონია ადვილი იყოს საბავშვო ლექსის და მათი მოთხრობის დაწერა. ყველაზე ძნელი სწორედ ესაა. და თუ არა ღვთიური ნიჭით მირონცხებულს და სულით მდიდარს, რაიც ერთგვარად 5-6 წლის ბავშვს უახლოვებს 40 წლის ადამიანს, არ შეუძლიან გახდეს საბავშვო მწერალი (1915წ.)
- როგორ დაიწყო თქვენი, როგორც მწერლის გზა?
- ჩემი პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ ''დილაში'', სადაც ჯერ კიდევ თანამშრომლობდნენ ნინო ნაკაშიძე, ანა ხახუტაშვილი (ცქვიტი), მარიჯანი, ილია სიხარულიძე. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ადამიანების გაცნობა და სიახლოვე, იმიტომ რომ ისინი პირადად იცნობდნენ ქართველ კლასიკოსებს: ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, ყაზბეგს, ვაჟა-ფშაველას, შიო მღვიმელს, იაკობ გოგებაშვილს, ხალხოსან მწერლებს და იყვნენ იმდროინდელი საზოგაოების ღირსეული წარმომადგენლები. თავისი მოგონებებით გვაახლოვებდნენ ძვირფას წინაპრებს.
ჟურნალი `დილა~ იმდროინდელი საბავშვო ჟურნალ `ნაკადულის~ მემკვიდრე იყო, რომელსაც დღემდე აფენია მათი მადლი. ჩემს მოკრძალებულ პატივს მივაგებ ამ ჟურნალის ყველა მოამაგეს, მათ შორის რევაზ მარგიანს, რომლის რედაქტორობის დროსაც დაიბეჭდა ჩემი პირველი მოთხრობები, პოეტ მაყვალა მრევლიშვილს, ჟურნალის მთავარ მხატვარს შალვა ცხადაძეს და მთლიანად იმ მრევლს, რომელიც შემოკრეფილი იყო ამ ჟურნალის გარშემო.
- ცნობილია, რომ თქვენ დაარსეთ `ძია შიოს დარბაზი~. გვიამბეთ, რა საქმიანობას ეწეოდა დარბაზი...
- საბავშვო წიგნს სჭირდება შუამავალი, რომელმაც გონივრულად უნდა წაუკითხოს საბავშვო წიგნი პატარა მკითხველს, შეძლებისდაგავარად გააცნობიერებინოს წაკითხული. ამ მიზნით დავაარსე მწერალთა კავშირში მუშაობის დროს პოპულარული საბავშვო პოეტის შიო მღვიმელის დარბაზი. ამ დარბაზობის მიზანი იყო მოზარდი მკითხველისათვის მიგვეწოდებინა საბავშვო პოეზიისა და პროზის საუკეთესო ნიმუშები, რამელსაც კითხულობდნენ მსახიობები, ავტორები და თავად ბავშვები.
ბავშვები პირადად ეცნობოდნენ მწერლებს, მსახიობებს. პირველი დარბაზობა მიეძღვნა შიო მღვიმელის დაბადების 125 წლისთავს, რომელზეც გადაწყდა ამ დარბაზის დაარსება და შიო მღვიმელის ასულს, საბავშვო მწერალს ქეთევან ქუჩუკაშვილს მიენიჭა ახლად დაარსებული შიო მღვიმელის პრემია - საბავშვო ლიტერატურაში მიღწეული წარმატებებისათვის. ამ დარბაზობას დროდადრო ეთმობოდა გვერდი ''ლიტერატურულ საქართველოში'', სადაც იბეჭდებოდა ახალი საბავშვო ნაწარმოებები.
- დღეს ბავშვი და წიგნი ერთმანეთს დაშორდნენ...
- დიახ, ეს გარემოება ყველასთვის ნათელია, ეს ერთის მხრივ გამოიწვია ტექნიკის წინსვლამ, სოციალურმა პირობებმა. სასიამოვნოა, რომ ამ ბოლო დროს არა ერთი და ორი გამომცემლობა გამოსცემს ფერად ილუსტრირებულ საბავშვო წიგნებს. ვერ ვიტყვი, რომ ყველა პასუხობს საბავშვო წიგნის ბუნებას, მაგრამ ალბათ თანდათან ეს ხარვეზიც გამოსწორდება.
- ახლახან თქვენი მოთხრობების კრებული გამოიცა...
- მადლობელი ვარ გამომცემლობისა `დილა~, რომელმაც გამოსცა ჩემი მოთხრობების კრებული `ჭიავ, ჭიავ, მაპოვნინე~, სერიით `საბავშვო მწერლობა~. მე თავად, როგორც ავტორს, მაინტერესებს მშობლების და ბავშვების შეფასება, თუ ეს პატარა მოთხრობები თავს დაამახსოვრებენ და მათ სასიკეთოდ განაწყობენ, მე თავს ბედნიერ ავტორად ჩავთვლიდი.
- თქვენს ნაწარმოებების თქვენი ქალიშვილი, მხატვარი დარეჯან ჭილაშვილი ასურათებს. როგორია დედა-შვილის შემოქმედებითი თანამშრომლობა?
- ჩემმა ქალიშვილმა ჩემი რამდენიმე წიგნი დაასურათა. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნოა, რადგან ის ჩემი მოთხრობების პირველი მკითხველია და ეს ნახატები ალბათ მისი შთაბეჭდილებების გამოხატულებაა.
- ბავშვობაში რომელი საბავშვო წიგნები გიყვარდათ?
- დღემდე ზეპირად ვიცი ბავშვობაში ნასწავლი ლიდია მეგრელიძის `ქეთოს მერცხალი~, ეკატერინე გაბაშვილის `მაგდანას ლურჯა~, შიო მღვიმელის `პაწია მერცხალი~, ვაჟა-ფშაველას `შვლის ნუკრის ნაამბობი~, ჰარიეტ ბიჩერ სტოუს `ბიძია თომას ქოხი~, ოვანეს თუმანიანის `გიქორი~, ნიკო ლომოურის `ქაჯანა~. რამდენი წმინდა ცრემლი მაღვრევინეს ამ წიგნებმა. სწორედ ეს ცრემლია ძალა, რომელიც მოაქცევს ბავშვს სასიკეთოდ.
ჩემი ხანგრძლივი შემოქმედებითი საქმიანობის დროს არაერთი საბავშვო კრებული გამოვიდა. ვისარგებლებ შემთხვევით და ხმამაღლა გამოვთქვამ მადლიერებას საბავშვო ლიტერატურის განვითარებისათვის მოამაგე ადამიანებისადმი. მათ შორის არიან ჩემი მეგობრები ნინო ბეზრაშვილი და დოდო ვადაჭკორია-ხიმშიაშვილი, რომლებმაც არა მარტო შექმნეს მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, დღემდე იღვწიან საბავშვო წიგნის განვითარებისათვის და დამკვიდრებისათვის.
- როგორ შეაფასებთ საბავშვო ლიტერატურის ფონდის დაარსებას და რას უსურვებდით მას?
- მისასალმებელია საბავშვო ლიტერატურული ფონდის დაარსება, მის განვითარებას, რასაკვირველია ხელს შეუწყობს საგანგებოდ საბავშვო წიგნის დღის დაარსება. კარგია ისიც, რომ ამ დღედ აირჩიეთ დიდი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე. ეს კიდევ ერთი დაფასებაა დიდი პედაგოგის გულმოდგინე მოღვაწეობისა, რაც მან შესძლო თავისი სიცოცხლის მანძილზე.
დიდი ილია ლიტერატურას უწოდებს ჭირნახულს, რომელსაც გაცრა სჭირდება, მერე გაცხრილვა, იმისათვის რომ მან თავისი მოვალეობა შეასრულოს მკითხველთა წინაშე. თუ კი ასე სჭირდება ლიტერატურას, მაშინ საბავშვო ლიტერატურა წმინდა საცერშიც უნდა გაიცხრილოს, გამტკიცული პურის გამოსაცხობლად ფქვილს რამდენჯერმე სცრიან. ასე სჭირდება საბავშვო ლიტერატურასაც.
გილოცავთ ფონდის დაარსებას. იმედს გამოვთქვამ, წარმატებული იქნება თქვენი საქმიანობა.