THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



კიდევ ერთხელ ქართული საბავშვო წიგნის დღეზე

ხათუნა ალხაზიშვილი

საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი "ლიბო" - ლიტერატურული ინოვაციები და ბავშვთა ორიენტირები (დამფუძნებელი ირმა მალაციძე) 2006 წელს შეიქმნა. ის ორმა საბავშვო მწერალმა, ქალბატონებმა ირმა მალაციძემ და მარიამ წიკლაურმა დაარსეს. ფონდი მიზნად ისახავდა თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერლების პოპულარიზაციას, მათ ხელშეწყობას, შემოქმედებითი კავშირების ჩამოყალიბებასა და გაღრმავებას ქართველ და უცხოელ ავტორთა შორის. ამ ფონდის ეგიდით უკვე მეოთხეჯერ აღინიშნა «ქართული საბავშვო წიგნის დღე - 27 ოქტომბერი ». წელს 27-28 ოქტომბერს შვედმა მწერლებმა და ილუსტრატორებმა თბილისში ქართველ კოლეგებთან ერთად გამართეს საბავშვო ლიტერატურის ორდღიანი სემინარი, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ქარტული მხრიდან ფონდი "ლიბო" გახლდათ.


- რამ განაპირობა საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის დაარსება?

- ქართველ თანამედროვე საბავშვო მწერლებს საკმაოდ უჭირთ მკითხველამდე მისვლა, გამომცემლობებთან ურთიერთობა: დაბეჭდვა, საავტორო უფლებების დაცვა და სხვა ბევრი რამ. საგამომცემლო საქმის კომერციულობამ, სახელმწიფო პოლიტიკის შეუმუშავებლობამ ქართული წიგნის მიმართ, ბევრი სირთულის წინაშე დააყენა თანამედროვე ავტორი. ამიტომაც გადავწყვიტეთ საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის დაარსება და საზოგადოების ყურადღების გააქტიურება ამ მიმართულებით.

- რატომ დაუკავშირეთ « ქართული საბავშვო წიგნის დღე » 27 ოქტომბერს და როგორ აღინიშნება ეს თარიღი?

- ქართული საბავშვო ლიტერატურა, მისი განვითარება, ფოლკლორიდან სალიტერატურო სივრცეში გადმონერგვა, უცხოენოვანი ლიტერატურითა და ფოლკლორით გამდიდრება, წიგნებად გამოცემა და ამ ყველაფრის ბავშვთა აღზრდისა და განათლების, მათი წიგნიერების სამსახურში ჩაყენების დიდი სახელმწიფოებრივი საქმე ყველაზე მეტად იაკობ გოგებაშვილის სახელს უკავშირდება. ამან განაპირობა ჩვენი არჩევანი - 27 ოქტომბერი ხომ იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა! ეს დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა საჯარო ბიბლიოთეკაში და მოეწყო ქართული საყმაწვილო წიგნისა და პერიოდიკის მასშტაბური გამოფენა. აღსანიშნავია, რომ ქართულ საყმაწვილო პერიოდიკას უკვე 130 წელი უსრულდება და მდიდარი ტრადიციები გააჩნია. უძველესი გამოცემებიდან თანამედროვე საგამომცემლო პროდუქციის ჩათვლით. მაშინ გამოიფინა უნიკალური საფონდე მასალები: ჩვენი კლასიკოსების პირველი საყმაწვილო წიგნები და უძველესი ჟურნალ-გაზეთები. მათგან უმრავლესობას “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” კუთვნილების აღმნიშვნელი ბეჭედი ჰქონდა. მათ გვერდით იყო გამოფენილი გასული საუკუნის უამრავი საბავშვო წიგნი "საბლიტგამისა" და "ნაკადულის" ლოგოთი და დღეს მომუშავე თითქმის ყველა გამომცელობის პროდუქცია. თუმცა ესეც თვალნათლივ გამოჩნდა, რომ თანამედროვე გამომცემლებს ყველაზე ნაკლებრიცხოვნებით სწორედ საკუთარი ავტორები ჰყავდათ გამოცემული. მომდევნო 2007 წელს - საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საგამოფენო დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი), მოეწყო თითქმის მთელი საგამომცემლო სპექტრის მონაწილეობით საბავშვო წიგნების გამოფენა-გაყიდვა და აქვე შეგროვდა შეწირულობები წიგნების სახით თავად ამავე ცენტრის ბიბლიოთეკისათვის. გამოფენაზე სრულიად განსაკუთრებული იყო მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის ბიბლიოთეკის მიერ წარმოდგენილი უნიკალური ძველი საყმაწვილო წიგნების საგამოფენო სტენდი. 2008 წელს - ფონდის ხელმძღვანელობამ ჟურნალ "ჯეჯილთან" ერთად ეს დღე წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბის საუკუნოვან სკოლაში აღნიშნა, სადაც ჩვენთან ერთად მიწვეული იყვნენ ცნობილი მწერლები დოდო ხიმშიაშვილი, ოტია იოსელიანი, 118 წლის წინ დაარსებული საბავშვო ჟურნალ "ჯეჯილის" ახლანდელი რედაქტორი, ტრისტან ჩიხლაძე და სხვები. წელს, 27-28 ოქტომბერს, შვედმა მწერლებმა და ილუსტრატორებმა საქართველოში გამართეს « საბავშვო ლიტერატურის სემინარი ».

- როგორ აღმოჩნდნენ შვედები ამ დღეს თბილისში ?

- თებერვალში გიოტენბორგიდან აქ ჩამოვიდნენ შვედეთის მწერალთა და ილუსტრატორთა კავშირის წარმომადგენლები. მათ სურდათ, მოემზადებინათ ვორკშოპი ბათუმში. მსგავსი პროექტი მათ გასულ წელს ინდოეთში განახორციელეს : 6-6 მწერალი და ილუსტრატორი ქარტულ-შვედური მხრიდან ერთობლივი მუშაობის შედეგად, გაცვლიდნენ გამოცდილებებსა და შეაგროვებდნენ იდეებს საბავშვო წიგნისათვის. ისინი თბილისში ჩვენი ფონდის საქმიანობასაც გაეცვნენ და ქართული საბავშვო წიგნის ისტორიითა და « ქართული საბავშვო წიგნის დღით » იმდენად დაინტერესდნენ და მნიშვნელოვნად ჩათვალეს (განსხვავებით ქართველებისაგან), რომ ყოველგვარი თხოვნის გარეშე, თავადვე გადაწყვიტეს, ამ დღეს გაემართათ ერთობლივი სემინარი საბავშვო ლიტერატურის საკიტხებზე. “ჩვენი გვერდით დგომითო, იქნებ უფრო მეტი ყურადღება მიიქციოს თქვენმა საქმიანობამო"- აი, ასე თქვეს. ასეც მოხდა: შვედეთის ინსტიტუტის დაფინანსებით ჩამობრძანდა საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია და ყველაფერი მშვენივრად წარიმართა.

- რა სახის სემინარი ჩატარდა ?

- პირველ რიგში ჩატარდა ძალიან მრავალფეროვანი გამოფენა შვედური და ქართული საბავშვო წიგნისა. ამ გამოფენას ისიც სძენდა განსაკუთღებულ ელფერს, რომ წელს 300 წელი შესრულდა საქართველოში პირველი ნაბეჭდი წიგნის გამოცემიდან. მათ ჩამოიტანეს ყველა ასაკისთვის გამოცემული საბავშვო წიგნი, შეადგინეს პროგრამა, იქირავეს დარბაზი თბილისის თოჯინების მუზეუმში, და საშუალება მოგვცეს, გარკვეული დრო გაგვეტარებინა ერთად და გაგვეცნო ერთმანეთისათვის ჩვენი საბავშვო მწერლობის ისტორიაცა და დღევანდელობაც. ასტრიდ ლინდგრენის სამშობლოდან ასეთი სტუმრების მასპინძლობა ორმაგად სასიამოვნო იყო. ბოლოს შვედეთის საელჩოში მოეწყო გულთბილი მიღება სემინარის ორგანიზატორებისათვის და შემდგომ მუშაობა გაგრძელდა ბათუმში, სადაც ქართული მხრიდან შვედებმა შეარჩიეს : ნანა კაციაშვილი, გვანცა ჯობავა, სანდრო ასათიანი, სოფიო კინწურაშვილი, ბონდო მაცაბერიძე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ წავიდა და მის ნაცვლად მაკა მიქელაძე გაიგზავნა და თარჯიმანი თამუნა მაისურაძე, რომელიც მთელ სემინარს უძღვებოდა და უზრუნველყოფდა ჩვენ ურთიერთობებს. ეს ჯგუფი გაზაფხულზე შვედეთს ესტუმრება და იქ განაგრძობს მუშაობას.

- როგორია დამოკიდებულება შვედეთში საბავშვო წიგნის მიმართ ?

- შვედეთი ზოგადად მოწესრიგებული, მშვიდობიანი და ძალიან ძლიერი სახელმწიფოა საქართველოსაგან განსხვავებით. 200 წელია თითქმის, ომი არ ყოფილა. საბავშვო წიგნის ისტორია ორივე ქვეყანას თითქმის ერთნაირი გვაქვს, მაგრამ თუ ჩვენ ლიტერატურის ინსტიტუტში ერთ სექტორსაც ვერსად ნახავ საბავშვო წიგნის კვლევას რომ ემსახურებოდეს, იქ 1965 წელს « საბავშვო წიგნის ინსტიტუტი » დაარსდა განათლების სამინისტროს დაფინანსებით და უზარმაზარი უფასო ბიბლიოთეკით. მარტო მათი საქმიანობა რომ აღვწეროთ ალბათ მთელი საგაზეთო გვერდი არ გვეყოფა. შვედები ატარებენ ძალიან მიზანმიმართულ და სწორ პოლიტიკას საკუთარი 2 მილიონი შვედი ბავშვისთვის. დაბადებისთანავე სახელმწიფოსაგან ბავშვის სახელზე გაიცემა საჩუქარი ბიბლიოთეკიდან: წიგნები !

ყველა კითხულობს, რადგან ეს არის მათი ჩვევა. დიდებიც და ბავშვებიც საოცარ პატივს სცემენ წიგნს. წიგნი დაახლოებით ქართული ფასებით იყიდება, მაგრამ ცხოვრების დონეთა შედარებისას, ხვდები, რომ იქ გაცილებით იაფია წიგნი, ვიდრე აქ. უამრავი ფასიანი და უფასო პრიზით ჯილდოვდება წლის განმავლობაში საბავშვო წიგნი, მწერალი თუ ილუსტრატორი და ყველაზე აქტიური რგოლია საბიბლიოთეკო სექტორი. იქ მწერალი ჰონორარს იღებს წიგნშიაც, სასკოლო შეხვედრებშიაც, რადიოგამოსვლებშიაც და მისი წიგნის ბიბლიოთეკებიდან სარგებლობაშიაც. ანუ თუ წიგნი ბიბლიოთეკიდან გააქვთ და რაც უფრო ხშირად გააქვთ, მით მეტ ჰონორარს იღებს მწერალი ამაში. იქაური მწერალთა და ილუსტრატორთა კავშირები უზრუნველყოფენ შემოქმედთა საავტორო უფლებების დაცვას, იურიდიულ და სოცილაურ პრობლემების მოგვარება

თუ თვალს გადაავლებთ იქაურ საგამომცემლო სპექტრს, ძალიან მცირეა (ჩვენგან განსხვავებით) თარგმნილი და კოპირაიტის წიგნები და ძირითადად წლის განმავლობაში გამოცემული 15-18 ათასი საბავშვო წიგნი ეკუთვნის თავად შვედ ავტორ-ილუსტრატორებს. ყველა ასაკის ბავშვისათვის (18) წლამდე გამოიცემა თანაბრად საინტერესო და მრავალფეროვანი წიგნები. და არცერთი წიგნი არ რჩება რეცენზირებისა და მონიტორინგის გარეშე. მკითხველს უამრავი საორიენტაციო ალმანახი მიეწოდება უფასოდ საბავშვო წიგნების შესახებ.

- "ქართული საბავშვო წიგნის დღის" გარდა, თქვენმა ფონდმა დაარსა სიმბოლური მედალი "კიკლი-კიკლი". მოგვიყევით ამის შესახებაც.

- საქმე ის გახლავთ, რომ ადრე 70-იან წლებში არსებობდა შიო მღვიმელის სახელობის პრემია საბავშვო მწერლობაში გაღებული ღვაწლისათვის. მერე ეს პრემია გაუქმდა. იმის გამო, რომ დღეს არსებული სალიტერატურ კონკურსებში “საბავშვო წიგნის” ნომინაცია თითქმის არსად გვხვდება (კონკურს “გალას” გარდა), ნაკლებად ან თითქმის არ ხმაურდება საინტერესო წიგნების გამოცემები. ეს პრობლემები შეიძლებოდა აღმოფხვრილიყო, რომ ხშირად ტარდებოდეს კონკურსები, მაგრამ ბოლო 19-20 წლის განმავლობაში ასეთი კონკურსი სულ 3-4-ჯერ ჩატარდა: პირველი დამოუკიდებელი კონკურსი იყო 1996 წელ საბავშვო პროზაში ახლადშექმნილი “დიოგენეს” ორგანიზებით, მერე ჟურნალმა “დილამ” ჩაატარა 2004 წელს საკუთარი 100 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად, ერთი ჩატარდა “ჟენევის ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის” გალიტერატურებული ვერსის გამოსავლენად და გასულ წელს გამომცემელ გია ქარჩხაძის და “ბაზისბანკის” ერთობლივ პროექტს, "ოქროს ბუმბულს" თუ არ ჩავთვლით, მეტი არც არაფერი ღირსებიათ ჩვენ საყმაწვილო მწერლებსა და წიგნებს. ჩვენმა ფონდმა სრულიად განსხვავებული რამ შესთავაზა საზოგადოებას: 2009 წლის 27 თებერვალს, ფონდის ინიციატივით, აღინიშნა მაყვალა მრევლიშვილის 100 წლის იუბილე და დავაწესეთ ყოველწლიური დღე - "მრევლობა", რომელზეც სიმბოლური პრემია "კიკლი-კიკლი” გადაეცემათ საბავშვო ლიტერატურაში მოღვაწე მწერლებს, პოეტებს, ილუსტრატორებს, მუსიკოსებს, ბიბლიოთეკარებს, პედაგოგებს, გამომცემლებს, მთარგმნელებს, რეჟისორებს, მსახიობებს, ჟურნალისტებს ანუ ყველა იმ ადამიანს, რომლის მოღვაწეობა დაკავშირებულია საბავშვო საქმესთან და რომელთა საქმე წლის განმავლობასი საინტერესოდ იქნება მიიჩნეული. წელს ეს სიმბოლური მედალი ფონდმა გადასცა მწერლებს: თამრი ფხაკაძეს, მანანა ჯოხარიძეს, ვასილ გულეურს, მაკა მიქელაძეს, დრამატურგ მიხო მოსულიშვილს, ჟურნალისტ ეკა ტალახაძეს, მსახიობ ელდინო საღარაძეს, ლიტერატურატმცოდნე ნინო ჩხიკვიშვილს, კომპოზიტორ ნანა გველესიანს. მათ რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთეს ბავშვებისათვის. ვნახოთ, რა სახეს შეიძენს ჯერჯერობით სიმბოლური მედალი "კიკლი-კიკლი", საბავშვო მწერლებს ძალიან გვიყვარს ოცნება და მჯერა ბევრი ოცნება ახდება კიდეც, თუ მოვინდომებთ. ეს დღე წელიწადში ერთხელ, 27 თებერვალს, მაყვალა მრევლიშვილის დაბადების დღეზე შეკრებს საბავშვო საქმისათვის გულანთებულ ხალხს, უკვდავყოფს დიდი ადამიანის ხსოვნას და საზგადოებას კარგი საქმეებისაკენ უბიძგებს. წელს ამ დღის ჩატარებაში ძალიან დაგვეხმარა პოეტის ქალიშვილი ქალბატონი ალდე კაკაბაძე და მას თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო და მადლობა გადავუხადო. სხვათა შორის, მაყვალა მრევლიშვილის საიუბილეო პლაკატი სტოკჰოლმში გავატანეთ შვედებს. ხოლო ვასილ გულეურს, რომელიც თებერვალში ვერ ჩამოვიდა « მრევლობაზე » გორიდან, სემინარზე გადავეცით ეს მედალი და შვედების ტაში და მილოცვაც დაიმსახურა.

- რამდენად საინტერესო იყო შვედებისათვის ჩვენი გამოცდილების გაზიარება? ფიქრობთ თუ არა, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება?

- ბევრი საქმიანი და უშუალო შეხვედრა გვქონდა ჩვენ კოლეგებთან და ვფიქრობ, რომ საინტერესო იყო, ისინი ძალიან მოწესრიგებული, სერიოზული და საქმიანი ხალხია. გაოცებას ვერ მალავდნენ, როცა აქ, საქართველოში ნახეს, რამდენი ადამიანია დაკავშირებული თურმე საბავშვო წიგნთან. რამხელა ისტორია აქვს საბავშვო წიგნსა და ლიტერატურას. ურთიერთობების დეფიციტი ჩვენც გვაქვსო და ძალიანაც უხაროდათ აქ ყოფნა. ( ისეთი მზიანი დღეები დაემთხვა, ამბობდნენ ზაფხულში მოვხვდითო) მათ გაუჩნდათ სურვილი, რომ საქართველოშიც იყოს აქტიური საბავშვო წიგნის კვლევის საქმე. გააქტიურდეს ბიბლიოთეკები. ვნახოთ რას მოიტანს მომავალi

- და მაინც, რის გაკეთებას ისურვებდით დღეს საქართველოში წიგნის, მწერლის და რაც მთავარია, მკითხველის სასარგებლოდ ?

- ბევრი რამის: ყველა გამომცემელს ღირსების საქმედ უნდა მიაჩნდეს საკუთარი ავტორების კარგი წიგნების გამოცემა, მსოფლიო ბაზარზე გატანა, საერთაშორისო კონკურსებში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა და რაც უმთავრესია ნუ დავტოვებთ უყურადღებოდ სოფლებსა და იქაურ მოსწავლეებს. როგორღაც ვიზრუნოთ ბიბლიოთეკების გაცოცხლებაზე. ჩვენს მოზარდებსაც და მოზრდილებსაც ჩვევაში უნდა გადავუყვანოთ წიგნთან ურთიერთობის სიამოვნება. 27-28 ოქტომბრის გამოფენამ აჩვენა, რომ საკუთარი ავტორებისადმი ინტერესი ღვივდება და სულ უფრო მეტ ქართველ ავტორთა წიგნებს წარადგენენ ხოლმე გამომცემლები. უმნიშვნელოვანესია კვლევა და რეცენზირება იმისა, რასაც გვთავაზობენ გამომცემლები, ავტორთა პოპულარიზაცია, სკოლებთან აქტიური ურთიერთობები, ბიბლიოთეკებში შეხვედრები. მეტი და მრავალფეროვანი წიგნთან დაკავშირებული გამოკითხვები, კონკურსები, პრემიები, ჯილდოები, მხიარული აქციები და სხვა ათასი რამ.

-თქვენთვის რა არის საბავშვო ლიტერატურა ?

- ადრე ვწერდი და აქაც გავიმეორებ: ერთი ფანტასტიური რამ აღმოვაჩინე - საბავშვო ლიტერატურა საერო ლიტერატურის ყველაზე სარწმუნოებრივი დარგია, რადგან იგი დაუეჭვებელი რწმენის მატარებელია სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ბრძოლაში სიკეთის უცილობელი გამარჯვებისა! სადიდო ლიტერატურა კი სულ ეჭვებს ებრძვის და ვერც ამარცხებს ასე პირწმინდად, როგორც საბავშვო.… ადამიანი საბავშვოს წიაღში სულ გამარჯვებულია. ფსიქოლოგიურადაც, სულიერადაც ფანტასტიურად გრძნობს თავს. საბავშვო ისეთივე უძველესი მწერლობაა, როგორც სადიდო. ძველ შუმერებთანაც კი აღმოაჩინეს პერსონაჟი, მაიმუნი ლუსილუსი, ძალიან სასაცილო ვინმე. ცუდი ისაა, რომ ლიტერატურის ეს დარგი რატომღაც ვერა და ვერ აღმოჩნდა ნამდვილი ყურადღების ცენტრში. ადრე იყო და ის იდეოლოგიას ამსახურეს ხელის ბიჭად, ახლაა და კომერცია იმსახურებს ასევე ხელის ბიჭად. ვინ იცის, ის კი იქადნება გულში, დამაცადეთ ერთი გავიზარდოო...